ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016521
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
32
06/09/2019
ვებგვერდი, 11/09/2019
010250050.35.105.016521
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (11/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის დებულება“.
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 დეკემბრის №15 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12 სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება

 


მუხლი 1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციას და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია:  ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №79.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;

ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას;

გ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას;

დ) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

ე) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ვ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

ზ) მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნას;

თ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზებასა და ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენას;

ი) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის    ოფიცერთა,   სერჟანტთა,   კაპრალთა და რიგითთა) აღრიცხვის ორგანიზებას;

კ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის ორგანიზებას;

ლ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვასა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

მ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო- სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

ნ) თეორიული მეცადინეობის მოწყობას თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო სამსახურზე მობილიზაციის დროს;

ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვასა და მათთან მუშაობის ორგანიზებას;

პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზებას;

ჟ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვას, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტას;

რ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს;

ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასა და ოქმის წარმოებას;

გ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნასა და აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქეების ხელახლა სამხედრო აღრიცხვას;

დ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით სააღრიცხვო ანბანური წიგნის შევსებას;

ე) 17    წლის  და უფროსი ასაკის  მოქალაქეთა  პირველად    სამხედრო     აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარებას;

ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ზ) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტ აღრიცხვას;

თ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნას;

ი) წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულებას;

კ) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ანბანურ და საოქმო წიგნში შეტანას;

ლ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზებასა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისიის მიერ ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენას;

მ) გაწვევისაგან გადავადებას ან გათავისუფლებას დაქვემდებარებულ წვევამდელთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლას, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტალურად დადასტურებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემების გამწვევი კომისიისათვის წარდგენას;

ნ) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებების დოკუმენტურ გაფორმებას;

ო) არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენას;

პ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემას იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ანგარიშის მომზადებას;

რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სამობილიზაციო რესურსების რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სამხედრო აღრიცხვის ორგანიზებას;

ბ) რეზერვისტების სპეციალური აღრიცხვის ორგანიზებას;

გ) არასამხედრო ალტერნატიული, შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი მოქალაქეების აღრიცხვის ორგანიზებას;

დ) რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ რეზერვის სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების საჭირო მასალების თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენას;

ე) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევად შერჩეული რეზერვისტების პირადი საქმეების შედგენას;

ვ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტების შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას;

ზ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადებას;

თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურზე მობილიზაციის დროს;

ი) შესაბამისი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს;

კ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში რეზერვისტების შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზებას;

ლ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად სარეზერვო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ანგარიშების მომზადებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.