დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 258 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010040000.22.033.017231 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/08/2019 - 13/03/2020)
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 81 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს. მუხლი 2 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საპასპორტო კონტროლი – საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების შეტანის მიზნით სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროცედურების განხორციელება; ბ) საზღვრის გადაკვეთა – საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ან გასვლა სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით; გ) პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები –„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის ვინაობის დადგენის (იდენტიფიკაციის) ღონისძიებები; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია, აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი; ე) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება – ავტოსატრანსპორტო საშუალება მისაბმელით ან მისაბმელის გარეშე, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად; ვ) M2, M3, N2 და N3 ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები – ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საბაჟო კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3 1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომლებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლებს წარედგინებათ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საზღვრის გადაკვეთა), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დამატებით საქართველოში ყოფნის ნებართვა (საქართველოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან საქართველოში ლტოლვილის მოწმობა). 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადაკვეთისას, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარმოადგინოს: ა) იმ კატეგორიის მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს; ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი; გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების პირის კანონიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტით). 3. საზღვრის გადაკვეთისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე, ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, პირმა უნდა წარადგინოს: ა) იმ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა, რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებასაც მართავს; ბ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა; გ) ლიზინგის გამცემის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება პირს არ წარმოეშობა, თუ შესაბამისი ინფორმაცია ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსათვის ხელმისაწვდომია ელექტრონული სახით, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. 5. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიის შესაბამისი მართვის მოწმობის წარმოუდგენლობის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ ინფორმაცია, სათანადო რეაგირებისათვის, დაუყოვნებლივ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს. მუხლი 4 1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ საპასპორტო კონტროლთან ერთად შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში: ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა. 2. საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკური პირის ფოტოგადაღება ხორციელდება საპასპორტო კონტროლის განხორციელების ადგილზე დამონტაჟებული ფოტო- ან ვიდეოტექნიკის გამოყენებით. 3. პირის ფოტოგადაღებისას გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი გამოყენების მეთოდებმა არ უნდა შელახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ უნდა დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანი არ უნდა მიაყენოს გარემოს. 4. საზღვრის გადაკვეთისას პირის ფოტოგადაღებამ ხელი არ უნდა შეუშალოს საპასპორტო და სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების განხორციელებას. 5. დაუშვებელია გადაღებული ფოტოსურათის შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. თავი II საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მუხლი 5 სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ: ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით; ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში); დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“. ანულირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით ეცნობება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს; ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები; კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 6 1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა (მძღოლებისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე მგზავრების) საპასპორტო კონტროლს და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო საზღვრის გადაკვეთის სხვა შემთხვევებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლს და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული სისტემის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. მუხლი 7 1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის შეუფერხებელი განხორციელების, ავტომობილების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში წარდგენის რიგითობას არეგულირებს შემოსავლების სამსახური, ამ წესის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებების დროებით გაჩერება შესაძლებელია იმ ავტოსადგომებზე (შემდგომში – ავტოსადგომი), რომლებიც აკმაყოფილებენ ,,ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. თავი III შემოსავლების სამსახური მუხლი 8 1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ: ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით; ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; გ) პირის იდენტიფიკაციის საჭიროების წარმოშობისას ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით; დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა” ან „გასვლა”, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების (ანულირების) შესახებ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებისას, ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელს; ე) სამგზავრო დოკუმენტის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ვ) ხორციელდება პირის მიერ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით; ზ) ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა ინფორმირება საზღვრის გადამკვეთ პირთა შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოების, იძულების ღონისძიებების გატარების, ადმინისტრაციული დაკავებისა და საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; თ) საპასპორტო კონტროლის განხორციელებისას სამგზავრო დოკუმენტის ნამდვილობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის უფლებასთან დაკავშირებით გაურკვეველი გარემოებების წარმოშობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ საზღვრის გადაკვეთაზე (გადმოკვეთაზე) გადაწყვეტილების მიღების მიზნით ხორციელდება მათი ინფორმირება; ი) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე ამ მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; კ) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სეს ესნ-ის 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მსუბუქი მისაბმელის (მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხვისას, თუ ვერ ხერხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადგენა (მისი არარსებობის ან დაზიანების გამო), შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით, რომლის მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში. თავი IV ზედამხედველობა და თანამშრომლობა
მუხლი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ წესის შესაბამისად საპასპორტო კონტროლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის: ა) მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხორციელდება სასაზღვრო გამტარი პუნქტის და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების, ან საბაჟო საწყობების უფლებამოსილი პირების დაშვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამ დაშვების გაუქმება; ბ) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გამოსაყენებელი თარიღის შტამპები აღნიშვნებით: „შემოსვლა“, „გასვლა“. მუხლი 10 1. საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 2. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების პროცესის მონიტორინგი და საერთო კოორდინაცია ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მუხლი 11 1. ამ წესის მე-5–მე-8 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში მიღებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიმდინარე რეჟიმში მიწოდებას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის. მუხლი 12 1. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილებისას: ა) სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი ფიზიკური პირი ავსებს „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხას“ (შემდგომში – საქონლის ნუსხა) 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ხოლო მეორე უბრუნდება ფიზიკურ პირს; ბ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსის დალუქვა შესაძლებელია, საქონლის ნუსხით გათვალისწინებული საქონელი განთავსდება სატვირთო სათავსში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს სათავსის ნიშანდებას (დალუქვას) და გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; გ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსის დალუქვა შეუძლებელია, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას), გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) შესახებ ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; დ) თუ სატრანსპორტო საშუალების სატვირთო სათავსის დალუქვა ან/და საქონლის სპეციალურ ტომრებში ნიშანდება (დალუქვა) შეუძლებელია, ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აისახება საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაცია, სხვა შემთხვევებში საქონელი გადაიტვირთება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე. 2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებულ ავტობუსში კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის არსებობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს, რომელიც: ა) ახორციელებს ავტობუსის საბარგო სათავსის ნიშანდებას (დალუქვას); ბ) თუ ავტობუსის საბარგო სათავსის დალუქვა შეუძლებელია, საქონელს ათავსებს სპეციალურ ტომარაში და ახორციელებს ნიშანდებას (დალუქვას); გ) საქონლის ტომარაში დალუქვის შეუძლებლობისას, ფიზიკურ პირს ავსებინებს საქონლის ნუსხას; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახავს გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალების (ლუქის) ან საქონლის ნუსხის შესახებ ინფორმაციას. მუხლი 13 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საბაჟო ორგანო ვალდებულია, სატრანსპორტო საშუალების გაფორმებისას ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში მითითებული, დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან სატრანსპორტო საშუალების წარდგენის თარიღით, ხოლო გრაფაში – „გამოცხადების ვადის გაგრძელება“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (საბაჟო დეკლარაციის ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 14 1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში: ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი: ა.ა) ახორციელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით; ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს გადასცემს სატრანზიტო ან შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშანს და შესაბამის ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ა.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირებზე გასაცემ სატრანზიტო და შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იღებს (იბარებს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო); ა.დ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს (აბარებს) სააგენტოს; ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხავს გადამზიდველის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ასახვა ან/და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შეუძლებელია, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა. მუხლი 15 ამ წესის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით. მუხლი 16 1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სადახლო – საავტომობილო“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. 3. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის №2-I-01 და №2-I-02 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა. 4. ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება. 5. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქონლის გადაზიდვისას, რომელიც, მისი სახეობის გათვალისწინებით, არ განიხილება პრიორიტეტულად გადასაადგილებელ საქონლად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნის შემდეგ. 6. ცალკეულ შემთხვევებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მფლობელის მომართვისას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს №2 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ან სხვა ვადის განსაზღვრითა და „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნით. 7. M2 ან M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტობუსი) ავტოსადგომზე განთავსდება სტიქიური მოვლენის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში. 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ინფორმირებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლისა და მიღებული ქვითრით განსაზღვრული რიგითობის დაცვის პროცედურის შესახებ. 9. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე. 10. ქვითარზე დატანილი მონაცემები მიმდინარე რეჟიმში აისახება შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“. 11. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. 12. საბაჟო გამშვებ პუნქტში ამ მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის დარღვევით გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებული ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას. 13. ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არაუგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 14. ავტოსადგომიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში (რაც დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით) – დაზიანების აღმოფხვრისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას და რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 15. სასაზღვრო გამტარ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს და საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში – წარადგინოს ავტოსადგომში გაცემული ქვითარი. 16. როდესაც დაუძლეველი ძალის მოქმედების (მათ შორის, საქართველოს ან მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებული შეფერხების) გამო ვერ ხერხდება სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას ქვითარზე მითითებული რიგის ნომრის შენარჩუნებით, რის თაობაზეც ეცნობება მძღოლს, ხოლო თუ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა ხორციელდება შეზღუდული რაოდენობით, რიგითობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მისი მოადგილის მიერ. 17. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას. 18. ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია: ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლისას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მიერ ვერ აღიქმება ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაციის მიზნით, სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს; ბ) შლაგბაუმის გაუმართაობის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტოსადგომზე შესვლა-გამოსვლის დარეგულირება; გ) ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის დაზიანების შემთხვევაში, რიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მძღოლს; დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში, ამ წესის დანართის შესაბამისად ინფორმაცია აღრიცხოს „ავტოსადგომზე შესული და ავტოსადგომიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალში“ და მიაწოდოს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ პირს. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია შეიტანოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში; ე) უზრუნველყოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების მუდმივ სამუშაო რეჟიმში ყოფნა და ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება.
დანართი ავტოსადგომზე შესული და ავტოსადგომიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის ჟურნალი
ავტოსადგომის მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი: ____________________
ავტოსადგომის მფლობელის დასახელება: ___________________________________
საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება: __________________________
|
დოკუმენტის კომენტარები