საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 040050000.10.003.021426
411
26/08/2019
ვებგვერდი, 27/08/2019
040050000.10.003.021426
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №411

2019 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 29 მაისის №4615-IIს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  2019 წლის 29 მაისის №4615-IIს საქართველოს კანონის შესაბამისად,  სააგენტო ჩაითვალოს  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის − ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ, მათ შორის, ქონებრივ საკითხებში  და მათი ფუნქციები, უფლებამოსილებანი და მათ სარგებლობაში არსებული ქონება გადაეცეს სააგენტოს.

3. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება“.

4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობამ.

მუხლი 2
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში დანიშნოს სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე/მოადგილე/მოადგილეები.
მუხლი 3
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წლის 15 თებერვლის №5 და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2017 წლის 20 იანვრის №01/105 ბრძანებები.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს დებულება

თავი I

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით.   

2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ახალგაზრდობის სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება − ახალგაზრდობის სააგენტო.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, კანონქვემდებარე აქტებითა და ამ დებულებით.

4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.

6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ემბლემა და ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. ამასთანავე, სააგენტოს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76 ბ.

თავი II

სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს ძირითადი მიზნები, როგორც ეროვნულ, ისე მუნიციპალურ დონეზე, არის:

ა) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

ბ) ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდული საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება და მხარდაჭერა;   

გ) ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და მათი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის ხელშეწყობა;   

დ) ახალგაზრდებისთვის აქტუალურ მიმართულებათა შესაბამისად (გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სხვა),  ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ე) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარება, ახალგაზრდული ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნა, მათი ინიციატივების მხარდაჭერა,  ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;

ვ) ახალგაზრდულ სფეროსთან მიმართებით, ყველა დონეზე სწრაფი რეაგირების უნარის მქონე, ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და წარმომადგენლობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესის უზრუნველყოფა. 

მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. სახელმწიფოს ახალგაზრდულ პოლიტიკაზე დაყრდნობით, მთავრობის ახალგაზრდული სფეროსა და საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება, მათი აღსრულება და შესრულების კოორდინირება სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ს შორის, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება;

ბ) ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და  საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება;  

გ) ახალგაზრდულ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სტანდარტების, ხარისხის კონტროლის მექანიზმების, შედეგების აღიარებისა და სერტიფიცირების წესების, სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

დ) ახალგაზრდული მუშაკის კვალიფიკაციისა და სერტიფიცირების წესის განსაზღვრასა და პროფესიული სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) ახალგაზრდული საქმიანობის საკვანძო კომპეტენციების ჩარჩოს განსაზღვრა, რომელიც ახალგაზრდებს ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად უნდა განუვითარდეთ და მასზე დაყრდნობით ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება; ახალგაზრდული საქმიანობის შედეგად მიღებული გამოცდილებისა და შედეგების აღიარების მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ლობირება;  

ვ) საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

თ) სექტორთაშორისი თანამშრომლობისა და ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავებისა და განვითარების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) კვლევების განხორციელება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და, გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების მიზნით, შესაბამისი პროგრამების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

კ) ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კომპეტენციის, მათ შორის, სამეწარმეო და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპეტენციების განვითარების, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის მიმართულებით პროგრამების მომზადება, მათ განხორციელებაში მონაწილეობა და აღნიშნულ პროგრამებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული ახალგაზრდების (შშმ პირები, „NEET“ ჯგუფები ანუ ის ახალგაზრდები, რომლებიც არც დასაქმებულნი არიან, არც განათლების სისტემაში არიან და არც ტრენინგს გადიან, დევნილები და სხვა) ჩართულობის ხელშეწყობა;

ლ) მხარდამჭერი პროექტების განხორციელება და ფინანსური რესურსით დახმარება კომერციულ თუ სოციალურ საქმიანობაში ახალგაზრდობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციებისათვის (უმეტესწილად ახალგაზრდული შინაარსითა და აუდიტორიითი ღონისძიებების, ახალგაზრდული სტარტაპების, ახალგაზრდა სტარტაპერებისა და მეწარმეების, მიუხედავად მათი იურიდიული სტატუსისა);  

მ) ახალგაზრდული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული პროექტების შექმნის ინიციირება, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სამეწარმეო და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით რეკომენდაციებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

ნ) ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, ეროვნული ღირებულებების განვითარებისა და ახალგაზრდების სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ო) ახალგაზრდებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების, ახალგაზრდებს შორის არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბების, უმცირესობათა წარმომადგენელი და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით,  შესაბამისი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

პ) ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის შესაძლებლობების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების განვითარებისა და ახალგაზრდებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;  

ჟ) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების პროცესში მონაწილეობა, პროგრამ(ებ)ის შექმნა, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის აღიარებისა და წახალისების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების პროცესში მონაწილეობა, საერთაშორისო მოხალისეობის ხელშეწყობა და მოხალისეთა საქმიანობის პოპულარიზაცია;

რ) ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების,  რეკრეაციული ახალგაზრდული საქმიანობისა და კულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვის ხელშემწყობი საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და სხვა მხარდამჭერი და წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის, ბანაკების მოწყობა);

ს) ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი  წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;

ტ) არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების მიმართულებით სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშგება; რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება;

უ) ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ახალგაზრდული (არაფორმალური განათლების) ცენტრების, ახალგაზრდული სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;

ფ) ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტური თვითმმართველობების, ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრეთვე ამ ტიპის ქოლგა ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების, ორგანიზაციული გაძლიერებისა და ახალგაზრდობის განვითარების სფეროში მათი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობების განვითარებას;

ქ) ახალგაზრდების განვითარებისა და სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა;

ღ) ახალგაზრდობის, როგორც სფეროს, ადვოკატირება ეროვნულ, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;

შ) სხვადასხვა მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის (ოკუპირებული ტერიტორიები, დიასპორასთან ურთიერთობა, დანაშაულის პრევენცია და სხვა) განხორციელების ხელშეწყობა;

ჩ) ახალგაზრდული სერვისების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა;

ც) ახალგაზრდობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და შესაძლებლობების ერთიან ონლაინსივრცეში განთავსება; ახალგაზრდობის შემეცნებითი განვითარების მიზნით, სხვადასხვა სახის პერიოდული ან/და ერთჯერადი პუბლიკაციის გამოცემა;

ძ) ახალგაზრდული თემატიკის, სტრატეგიის, პროექტების, საქმიანობის ცნობადობის უზრუნველყოფა და შესაბამისი საკომუნიკაციო ღონისძიებების განხორციელება. ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა;

წ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ჭ) სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ხ) ღონისძიებებისა და აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდულ კავშირებს შორის ურთიერთობების განვითარებას.  

მუხლი 4. სააგენტოს ხელმძღვანელი

1. სააგენტოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს ხელმძღვანელი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;

ბ) ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სააგენტოს საქმიანობას;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში;

დ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ე) სააგენტოს სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად,  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს;

თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და საქმიანობის წესს;

ი) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, სახელფასო ფონდს;

კ) სააგენტოს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ამტკიცებს სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს;

ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

ნ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;

ო) უფლებამოსილია, შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;

პ) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სააგენტოს ხელმძღვანელის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანების  საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი მოადგილე.

თავი III

სააგენტოს მართვა და სტრუქტურა

მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.

2. სააგენტოს ხელმძღვანელს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, 1 პირველი), რომლებსაც სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) პროგრამების მართვის დეპარტამენტი;

გ) ახალგაზრდული პოლიტიკის ანალიზისა და კვლევების  დეპარტამენტი.    

4. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ.

მუხლი 6. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს აქვს ქონება, რომელზეც გააჩნია საკუთრების, სარგებლობის ან/და სხვა სახის უფლება, კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა, ფინანსური რესურსები და არამატერიალური აქტივები.

3. სააგენტოს  დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევით მიღებული საკუთარი შემოსავალი;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

თავი IV

სახელმწიფო კონტროლი და ანგარიშვალდებულება

მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. სააგენტომ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა  და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

მუხლი 8. სააგენტოს წლიური ანგარიში

სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს, რომელსაც წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ასევე ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია

სააგენტოს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 10. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.