„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.021410
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
389
16/08/2019
ვებგვერდი, 20/08/2019
010110020.10.003.021410
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/08/2019 - 31/01/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №389

2019 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2017, 010110020.10.003.019974) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთვის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში (პროგრამული კოდიდან:  31 06 05).“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. დაევალოს ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სსიპ – ეროვნულ საშენ მეურნეობას − ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის:

) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ა(ა)იპ − სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო  (შემდგომში – სააგენტო).“;

ბ) მე-3 მუხლის „ბ“ − „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პოტენციური ბენეფიციარი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს;

გ) ბენეფიციარი − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება;

დ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

ე) სამმხრივი ხელშეკრულება – სააგენტოს, ბენეფიციარსა და მომწოდებელს (პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ახორციელებს საჭირო საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას) შორის გაფორმებული ხელშეკრულება დანართ №3-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესყიდვაზე; 

ვ) იჯარის ხელშეკრულება – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბითა და საძოვრით სარგებლობის შესახებ;

ზ) რძის გადამამუშავებელი საწარმო − ამ პროგრამის მიზნებისთვის,  ნედლი რძის გადამუშავებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით;

თ) აღჭურვილობა – ამ პროგრამის დანართებით: №2-ით, №3-ით, №4-ითა და №5-ით გათვალისწინებული ტექნიკა, დანადგარები და აღჭურვილობა;

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი – სათიბი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაეცემა ბენეფიციარს;

კ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი – საძოვარი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში იჯარით გადაეცემა ბენეფიციარს;“;

გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი თანადაფინანსება და  სახელმწიფო შესყიდვები

1. პროგრამის ფარგლებში სააგენტო განახორციელებს:

ა) დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვას, ამ დანართის შესაბამისად;

ბ) დანართ №3-ით გათვალისწინებული ტექნიკის 90%-იან თანადაფინანსებას, არა უმეტეს 60,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე;

გ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოების ასაშენებლად საჭირო საპროექტო მომსახურების, სამშენებლო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.

 2. დანართ №4-ითა და დანართ №5-ით გათვალისწინებული შესყიდული აღჭურვილობის სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში − ქონების ეროვნული სააგენტო) გადაცემას უზრუნველყოფს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“.

 3. დანართ №4-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემათ ამ პროგრამის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, ხოლო დანართ №5-ით გათვალისწინებული აღჭურვილობა გადაეცემა ყველა ბენეფიციარს, გარდა პროგრამის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღჭურვილობის საკუთრებაში გადაცემა ხდება მისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობის საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისთვისაც ქონების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყველა მეპაიე რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 11 მეპაიე, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, რომელიც მიეკუთვნება იმ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;“;

დ.გ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) თუ ფურები ან/და დეკეულები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიე ფიზიკურ პირთა მფლობელობაშია, ეს მეპაიეები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;“;

დ.დ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შერჩეული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარის უფლებით მისაღები სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1,5 ჰექტარისა და არა უმეტეს 4 ჰექტარისა, რომლებიც რეგისტრირებულია იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი;

ლ) ამ პროგრამით განსაზღვრული სათიბი ან/და საძოვარი ბენეფიციარზე იჯარით გაიცემა მხოლოდ იმ ფურების ან/და დეკეულების რაოდენობის მიხედვით, რომელთა მფლობელი რეგისტრირებულია იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი ან/და რომელიც პოტენციური ბენეფიციარის მფლობელობაშია.“;

დ.ე) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების დასადასტურებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა რეგისტრაციისას სააგენტოს უნდა წარუდგინოს:

ა) ცნობა სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი მეპაიე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და ამავე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მეპაიეთა მფლობელობაში არსებული:

ა.ა) ფურების ან/და დეკეულების შესახებ;

ა.ბ) მსხვილფეხა საქონლის სადგომის/დროებითი სადგომის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი);

გ) ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის თაობაზე;

დ) ცნობა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ;

ე) პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი პიროვნების რეგისტრაციის შესახებ;

ვ) წევრთა რეესტრის ასლი;

ზ) საერთო კრების ოქმი პროგრამაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე.“;

ვ) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-7 მუხლის:

ზ.ა) მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმებამდე სააგენტო განმცხადებლის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციასა (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) და პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. 

2​1. იმ შემთხვევაში, თუ სათიბის ან/და საძოვრის პოტენციური ბენეფიციარისთვის/ბენეფიციარისთვის გადაცემის თაობაზე ქონების ეროვნული სააგენტო საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის  შესახებ მიაწვდის სააგენტოს უარყოფით მოსაზრებას, სააგენტო პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს ამავე პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში სხვა სათიბის ან/და საძოვრის  მოსაძიებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა. თუ პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი  ვერ მოიძიებს სათიბს ან/და საძოვარს, სააგენტო უფლებამოსილია, ამ პოტენციური ბენეფიციარისთვის/ბენეფიციარისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცეს სხვა პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს, ამ პროგრამით დადგენილი წესით.

3. ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება ფორმდება ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოტენციური ბენეფიციარის მიერ მოძიებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის საკითხის შეთანხმების შემდგომ.

4. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარის უფლებით მიღების მიზნით, პროგრამის ბენეფიციარი შესაბამისი განაცხადით, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ბენეფიციარისთვის გადაცემის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობითა და იჯარის უფლებით გადასაცემი სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს ქონების ეროვნულ სააგენტოს.“;

ზ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას სააგენტოსათვის წარდგენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის იჯარით გადაცემა შეუძლებელია, ქონების ეროვნული სააგენტო, ბენეფიციართან  შეთანხმებით, უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის ჩანაცვლებას ან/და კორექტირებას ამ პროგრამით დადგენილი ფართობების ფარგლებში.“;

ზ.გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოს, რომელიც საკითხის ინიციირებას ახდენს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინაშე. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანხმობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარსა/ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და პოტენციური ბენეფიციარი/ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად.

12. თუ სათიბი ან/და საძოვარი ეკუთვნის საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ ტერიტორიას, სააგენტო პოტენციური ბენეფიციარის მიერ რეგისტრაციისას წარდგენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბისა და საძოვრის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი და აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი) წარუდგენს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ამავე სათიბისა და საძოვრის პროგრამის ფარგლებში ტყით სარგებლობის უფლებით გაცემის საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების შესაძლებლობის დადგენის მიზნით. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება ხელშეკრულება და ბენეფიციარი მიმართავს სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.“;

თ) მე-8 მუხლის:

თ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთსა (ხადიკსა) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კოთელიის ადმინისტრაციულ ერთეულში აშენდება რძის გადამამუშავებელი საწარმოები და დაკომპლექტდება დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით. რძის გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობების ფართობები შეადგენს არაუმეტეს 600 მ​2-ს.

 2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების აშენების მიზნით, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ხორციელდება შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოძიება, რომელთა ფართობი შეადგენს 1 ჰექტარს.“;

თ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დმანისის, წალკისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი  საწარმოების  მშენებლობის დასრულებისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობით დაკომპლექტების შემდეგ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, აღჭურვილობასთან ერთად,  პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ ქვეპუნქტებითა და ამ პუნქტით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს:

ა) მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;

ბ) პოტენციური ბენეფიციარის  მეპაიე თითოეულ კოოპერატივს ან/და მათ მეპაიეებს (ერთობლივად) საკუთრებაში ჰყავთ არანაკლებ 200 სული ფური/დეკეული.“;

თ.დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებისას საპრივატიზებო თანხა შეადგენს რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისა და დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შედეგად დაფიქსირებული სახელშეკრულებო ღირებულების 25%-ს, რომლის გადახდა ხდება 8 წლის განმავლობაში, შემდეგი გრაფიკით: პირველ წელს – 0,5%, მე-2   წელს – 1.5%, მე-3 წელს – 4%, მე-4 წელს – 7%, მე-5 წელს – 12%, მე-6 წელს – 18%, მე-7 წელს – 25% და მე-8 წელს – 32%.“;

თ.ვ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გარდა დანართ №2-ით გათვალისწინებული აღჭურვილობისა, ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარებს გადაეცემათ დანართ №4-ით გათვალისწინებული  აღჭურვილობა  მისი ღირებულების 10%-ად, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 

11. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დასადასტურებლად პოტენციური ბენეფიციარის მიერ სააგენტოსათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას, წარდგენის ფორმასა და ვადას განსაზღვრავს სააგენტო.“;

ი) მე-9 მუხლის:

ი.ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთ მუნიციპალიტეტში ერთი წლის განმავლობაში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი. ერთი მუნიციპალიტეტიდან ორი ან მეტი განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში, პირველ რიგში დაკმაყოფილდება იმ კოოპერატივის განაცხადი, რომლის მეპაიეთა საერთო რაოდენობიდან უფრო მეტი მეპაიეა რეგისტრირებული იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელშიც რეგისტრირებულია პოტენციური ბენეფიციარი. თუ ასეთი მეპაიეების რაოდენობა ერთმანეთის ტოლია ან თუ გაკეთებული განაცხადების რაოდენობა აჭარბებს პროგრამისათვის მიმდინარე წელს განკუთვნილი ბიუჯეტის ოდენობას, მაშინ განაცხადები დაკმაყოფილდება უხარვეზო განაცხადების რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის ამოწურვამდე.

21.  მუნიციპალიტეტ(ებ)ში (გარდა მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ერთზე მეტი განაცხადის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი განაცხადი დაკმაყოფილდა (ან არ დაკმაყოფილდა ხარვეზის გამო) და პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტის ფარგლებში შესაძლებელია დამატებით ახალი განაცხადების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, განაცხადების დაკმაყოფილებისას დაცული იქნება რიგითობა ისე, რომ მუნიციპალიტეტებში განაცხადების დაკმაყოფილებისას პროგრამაში ჩასართავი პოტენციური ბენეფიციარების რაოდენობის ზრდა მოხდება თანაბარი (პროპორციული) პრინციპით.“;

ი.ბ)  22,   23  და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

კ) მე-10 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

კ.ბ) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ.გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ლ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101.  თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.“;

მ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 

2. ბენეფიციარმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების  დასადასტურებლად უნდა წარადგინოს სსიპ − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).“;

ნ) მე-12 და მე-13 მუხლები ამოღებულ იქნეს;

ო) დანართი №1 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს, ამ დადგენილების ამოქმედებამდე, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ღონისძიებების/ვალდებულებების განხორციელება, დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ასაშენებელ რძის გადამამუშავებელ საწარმოსთან დაკავშირებით.
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებული პირობები შესაძლებელია, გავრცელდეს პროგრამაში ჩართულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე, მათი მიმართვისა და სააგენტოს მხრიდან თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 4
სააგენტოს საკუთრებაში გადაეცეს თანდართული დანართით გათვალისწინებული ქონება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

10 ტონა რძის საწარმოს აღჭურვილობა

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის   ფასი

ისტორიული ღირებულება

ნარჩენი ღირებულება

1

ყველის გადასატანი ურიკა

6

3060

18360

16891.2

2

რძის ჩამოსასხმელი კომბინირებული ტექნოლოგიური ხაზი (1500 /სთ):  პოლიეთილენის ბოთლების ტრანსპორტიორი, დოზატორი, ბოთლების სტერილიზატორი, მარკირების ლაზერული დანადგარი,  ქილების მოსახუფი დანადგარი, შემგროვებელი მაგიდა

3

574000

1722000

1722000

3

ურიკა პალეტებისთვის

3

1320

3960

3643.2

4

რძის ანალიზატორი

6

1000

6000

6000

5

PH-მეტრი

3

2500

7500

6750

 

არასაცხოვრებელი შენობები

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის   ფასი

ისტორიული ღირებულება

ნარჩენი ღირებულება

1

პროექტი – (რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკა, ხადიკი)

1

39500

39500

39500

2

პროექტი – (რძის გადამამუშავებელი საწარმო დმანისი, სოფ. განახლება)

1

34700

34700

34700

3

პროექტი – (რძის გადამამუშავებელი საწარმო ახალქალაქი ,სოფ. კოთელია)

1

34500

34500

34500

 

მიწა

დასახელება

რაოდენობა კვ . .

ერთეულის   ფასი

ღირებულება

საკადასტრო კოდი

1

მიწა (რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკა, სოფ. ხადიკი)

9350

7.08

66200

85.21.22.010

2

მიწა (რძის გადამამუშავებელი საწარმო დმანისი, სოფ. განახლება)

10000

3.10

30950

82.06.43.128

3

მიწა (რძის გადამამუშავებელი საწარმო ახალქალაქი, სოფ. კოთელია)

10000

4.09

40920

63.06.31.044