„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/7/1304
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 02/08/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016445
1/7/1304
02/08/2019
ვებგვერდი, 14/08/2019
000000000.00.000.016445
„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

 

განჩინება №1/ 7/1304

 

2019 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

 

საქმის დასახელება: „შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ბესიკ ლოლაძე; მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა; მოწმეები – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტი ირინე ვერძეული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ეკატერინე ჭახრაკია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი მაია ქადეიშვილი.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1304) მიმართა „შპს ბლექსი ტელეკომმა“. №1304 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 2 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, №1304 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 12 ოქტომბერს.

2. №1304 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს.

4. №1304 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-16 მუხლი განამტკიცებდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-12 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

6. № 1304 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2007 წლის 4 მაისიდან ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზიას, რომლის მოქმედების ვადაც შეადგენდა 10 წელს. მოსარჩელემ 2017 წლის 14 აპრილს მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდეგში – „კომისია“) ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. კომისიამ საფასურის დადგენისას იხელმძღვანელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით და 3 წლის ვადით ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების საფასურად დაადგინა 2 263 779,91 ლარი.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელების საფასურად განსაზღვროს რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებული საფასურების საშუალო არითმეტიკული. მოსარჩელე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული რეგულაცია არ ითვალისწინებს რაიმე შეზღუდვას ჩატარებული აუქციონის დროსთან დაკავშირებთ და ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების საფასურის გამოთვლა შეიძლება მოხდეს, მათ შორის, იმ აუქციონზე დაფიქსირებული საფასურის საშუალებით, რომლითაც თავად მოსარჩელემ მოიპოვა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება 10 წლის წინ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საფასურის ამგვარად განსაზღვრას მექანიკური ხასიათი აქვს და ამ პროცესში ყურადღება არ ექცევა ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა დროთა განმავლობაში რადიოსიხშირული სპექტრის კონკრეტული ზოლის რენტაბელურობის ცვლილება და ამ ზოლის სამომავლოდ გამოყენების პერსპექტივები. შესაბამისად, ვიღებთ მოცემულობას, რომლის ფარგლებშიც ლიცენზიის მფლობელს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელებისათვის უწევს არაგონივრულად მაღალი საფასურის გადახდა.

8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ადგენს ლიცენზიის გაგრძელების საფასურის გამოთვლის ერთგვაროვან წესს რადიოსიხშირული სპექტრის ყველა ზოლთან მიმართებით, იმისდა მიუხედავად ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბოლო 2), აუქციონის შემდეგ შეიცვალა თუ არა შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის რენტაბელურობა და რეალური საფასური. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს არათანასწორ სუბიექტებს შორის თანაბარ მოპყრობას. შესადარებელ ჯგუფებად კი გამოყოფს: პირებს, რომლებიც სარგებლობენ რადიოსიხშირული სპექტრის იმ ზოლით, რომლის რეალური საფასური, ობიექტურ მიზეზთა გამო, არსებითად შემცირდა სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბოლო 2) აუქციონის ჩატარების შემდეგ და პირებს, რომლებიც სარგებლობენ რადიოსიხშირული სპექტრის იმ ზოლით, რომლის რეალური საფასური არ შემცირებულა სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართული ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბოლო 2) აუქციონის ჩატარების შემდეგ. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით ხდება მითითებული შესადარებელი ჯგუფების თანასწორ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, რაც განაპირობებს მათდამი დისკრიმინაციულ მოპყრობას.

9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მეწარმე სუბიექტია, მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მოგების მიღების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლება იცავს მეწარმეობის იმ ასპექტს, რომელიც მიმართულია მოქმედების თავისუფლების, პიროვნული ავტონომიის, თვითმყოფადობისა და თვითრეალიზაციის გამოხატვისაკენ. მოსარჩელის პოზიციით, რამდენადაც სადავო ნორმა ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის ადგენს რეალურზე მრავალჯერ მაღალი საფასურის გადახდის ვალდებულებას , ამით იზღუდება მისი მოქმედების თავისუფლება ეკონომიკური საქმიანობის შესაბამის სეგმენტში.

10. მოსარჩელე მხარე ასევე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის შედეგად იგი ვერ ახერხებს რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელებას, რაც ნეგატიურად აისახება მის მიერ დაფუძნებულ და წლების განმავლობაში განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე, აზრს უკარგავს მრავალმილიონიან ინვესტიციას და ამ სფეროში მისი საქმიანობის სამომავლო პერსპექტივას. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ საფასურის გადახდის ვალდებულების დაკისრება გავლენას ახდენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრების განკარგვის უფლებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მასზე დაკისრებული ფინანსური ტვირთის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეფასდეს, მათ შორის, საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

11. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელი თანხის განსაზღვრის წესს, რაც ელექტრონული კომუნიკაციების დარგში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისაკენ მიმართული ღონისძიებაა. ლიცენზიის გაგრძელების საფასურის გადახდის გარეშე იგი ვერ განახორციელებს შესაბამის სფეროში სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უფლებას. მოსარჩელის განმარტებით, არაეკვივალენტურად მაღალი საფასურის დაწესება იწვევს მის განდევნას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის გარკვეული სეგმენტიდან და სრულად ერთმევა ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა იწვევს კერძო და საჯარო ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას და ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებს.

13. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, ამა თუ იმ რადიოსიხშირული ზოლის რენტაბელურობა და ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მეწარმე სუბიექტი თავად წყეტს, თუ რომელი რადიოსიხშირული ზოლით ისარგებლებს, რა ბიზნესმოდელს განავითარებს და როგორ დაგეგმავს საკუთარ საქმიანობას. მოპასუხემ განმარტა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ნებისმიერი სუბიექტი, მათ შორის, მოსარჩელე, შეიძლება იყოს როგორც არარენტაბელური, ისე რენტაბელური რადიოსიხშირული ზოლით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი პირი, ხოლო ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების საფასურის გამოთვლა ხდება იმავე რადიოსიხშირულ ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ადრე ჩატარებული აუქციონების შედეგად, რაც იძლევა ფასის სამართლიანად განსაზღვრის შესაძლებლობას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ყველა სუბიექტს აძლევს ლიცენზიის გაგრძელების თანაბარ შესაძლებლობას და არ არსებობს რაიმე დაყოფა შესადარებელ ჯგუფებს შორის. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა არ იწვევს თანასწორობის უფლების შეზღუდვას.

14. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მიმართება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ასპექტები დაცულია იმ კონსტიტუციური უფლებით, რომელიც განამტკიცებს მეწარმეობის თავისუფლებას. საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით კი მოპასუხემ განმარტა, რომ თავად რადიოსიხშირული სპექტრი სახელმწიფოს საკუთრებაა და იგი არ ექვემდებარება მუდმივ სარგებლობაში გადაცემას ან პრივატიზებას. ამასთან, „შპს ბლექსი ტელეკომმა“ ლიცენზიის მოქმედების ვადის ფარგლებში შეუფერხებლად ისარგებლა მის მიერ შეძენილი შესაბამისი მოწყობილობებითა და ინფრასტრუქტურით, ლიცენზიის გაუქმება კი არ ნიშნავს, რომ მას ჩამოერთვა აპარატურით ან ინვენტარით სამომავლოდ სარგებლობის ან მათი განკარგვის უფლება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მეწარმე სუბიექტს ლიცენზიის გაუქმების მიუხედავად, სრულად უნარჩუნდება საკუთრების უფლება მის მიერ მოწყობილ და განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობაზე და, ამ კუთხით, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

15. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის ლიცენზიის გაგრძელება არ არის ამ სფეროში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება. თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ლიცენზიის გაგრძელებისას მას უწევს უსამართლოდ დიდი ფინანსური ტვირთის გაღება, მას შეუძლია, მიმართოს კომისიას ლიცენზიის ხელახალი მოპოვების მოთხოვნით, რა შემთხვევაშიც ლიცენზიის მოპოვების საფასური განისაზღვრება მისი საბაზრო ღირებულებით. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა არ ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას, რადგანაც პირს რჩება სხვა ალტერნატიული გზით ლიცენზიის მოპოვებისა და საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა.

16. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

17. № 1304 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოწმის – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კონსულტანტის ირინე ვერძეულის განმარტებით, კომისია სადავო ნორმით გათვალისწინებული საფასურის გამოთვლის წესს იყენებს მხოლოდ იმ სიხშირულ სპექტრებთან მიმართებით, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი ტექნიკური მახასიათებლები და დანიშნულება. შესაბამისად, ყველა სუბიექტის მიმართ უზრუნველყოფილია სამართლიანი და ერთგვაროვანი მოპყრობა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ რადიოსიხშირული სპექტრი არის ამოწურვადი რესურსი, რომლითაც საზოგადოებამ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა ისარგებლოს. აქედან გამომდინარე, ამ სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების საფასურის განსაზღვრით სახელმწიფო ცდილობს, თავიდან აიცილოს ლიცენზიის იმ პირზე გაცემა, რომელიც ვერ შეძლებს რადიოსიხშირული ზოლის სათანადოდ გამოყენებას და, ამასთან, ეს ფასი იყოს სამართლიანი. ლიცენზიის გაგრძელებისას საბაზრო ფასთან მიახლოებული საფასურის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა ბოლოს ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული ფასების საშუალო არითმეტიკული და ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტის ინტერესების დაცვას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ, თუ მოსარჩელე ლიცენზიის გაგრძელების საფასურს არასამართლიანად მიიჩნევს, მას შეუძლია, ხელახლა მოიპოვოს ლიცენზია, რა დროსაც ლიცენზიის საფასურის გამოთვლა ხდება აუქციონის მეშვეობით და, ამ მხრივ, ლიცენზიის მოპოვება რაიმე დამატებით სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

18. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოწმეებმა – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ეკატერინე ჭახრაკიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსმა მაია ქადეიშვილმა აღნიშნეს, რომ კომისიის მიზანს წარმოადგენს, უზრუნველყოს სახელმწიფო რესურსის ეფექტურად გამოყენება და ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში მაქსიმალურად მოხდეს შესაბამისი რესურსის ათვისება, ტექნოლოგიების განვითარება. მოწმეთა განმარტებით, ლიცენზიის გაცემის, ისევე როგორც მისი გაგრძელების საფასურის გამოთვლისას, კომისია ხელმძღვანელობს საერთაშორისო სტანდარტებით და, ამ კუთხით, სადავო ნორმა სრულად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას და არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. №1304 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 და მე-16 მუხლებთან, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვს.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-16 მუხლი განამტკიცებდა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო მე-12 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინტერესებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.

5.  სადავო ნორმა განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესს ისეთ შემთხვევაში, როდესაც „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაციის პირობებში იგი ვერ ახერხებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს კონკრეტულ სეგმენტში საქმიანობის გაგრძელებას, რადგანაც ლიცენზიის ვადის გახანგრძლივებისათვის ეკისრება შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს მისი პიროვნული განვითარების, საკუთრებისა და სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებებს.

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და „ჰ3“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრი არის ამოწურვადი რესურსი, რომლით სარგებლობისთვისაც გაიცემა ლიცენზია. შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა წარმოადგენს ლიცენზირებულ საქმიანობას, ხოლო დასახელებული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ლიცენზია გაიცემა აუქციონის ან კონკურსის წესით, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებით და ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი. ამასთანავე, ხსენებული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზიდან იკვეთება, რომ პირს უფლება აქვს, ერთი მხრივ, მოიპოვოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია აუქციონის ან კონკურსის წესით, ხოლო ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მიმართოს კომისიას მისი გაგრძელების მოთხოვნით.

7. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის იმ ნორმას, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესებს და მიუთითებს, რომ ამ წესით საფასურის გამოთვლისას მას ეკისრება არაპროპორციულად დიდი ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება და იძულებული ხდება, უარი თქვას საქმიანობის განხორციელებაზე. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიისათვის მიმართვა არის ლიცენზიის მფლობელის უფლება და არა ვალდებულება. ამგვარი უფლების მინიჭებით, კანონი ლიცენზიის მფლობელს, გარკვეულწილად, უმარტივებს შეზღუდული რესურსით სარგებლობის გაგრძელების შესაძლებლობას, რადგანაც მას აღარ უწევს აუქციონში ხელახლა მონაწილეობა, სხვა პირებისათვის კონკურენციის გაწევა და ლიცენზიის მოქმედების და, შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელების წინაპირობად უდგენს, მხოლოდ 1 თვით ადრე, განცხადებით მიმართვისა და საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამასთანავე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესი, რომელიც წინასწარვე ცნობილია ლიცენზიის მფლობელისათვის და მას შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ, სავარაუდოდ, რა ოდენობის საფასურის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი, რომელიც სრულად ინფორმირებულია საფასურის გამოთვლის წესისა და მისი სავარაუდო ოდენობის შესახებ, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგისა და სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, მისთვის მინიჭებული პრივილეგიით სარგებლობა და გამარტივებული წესით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

8. ამასთანავე, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლების გამოუყენებლობა არ აბრკოლებს მას, ხელახლა მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოპოვების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ლიცენზიის მიღების საფუძვლებია - თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება, ხოლო პირის აუქციონში მონაწილეობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით. კომისიისათვის უშუალოდ ლიცენზიის მოპოვების შესახებ განცხადებით მიმართვის პროცედურა, წარსადგენი დოკუმენტაცია და რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესები რეგულირდება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელეს, როგორც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვისას შეუძლია, ერთი მხრივ, ისარგებლოს მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და გამარტივებული წესით მოითხოვოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, ხოლო, მეორე მხრივ, მიმართოს კომისიას და ხელახლა მოიპოვოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება. მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლითაც წარმოაჩენდა, რომ კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე უფლება იცავს მის შესაძლებლობას, ლიცენზია კონკურსის გარეშე მოიპოვოს ან/და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მისთვის სასურველი პირობებით მოითხოვოს. ამდენად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტით განმსაზღვრულია მოსარჩელის მიმართ აღმჭურველი წესი, ლიცენზიის კონკურსის გარეშე გაგრძელების შესაძლებლობა. შესაბამისად, ვერც ლიცენზიის გაგრძელების ღირებულების განმსაზღვრელი წესი იქნება მოსარჩელისათვის უფლებაშემზღუდველი.

10. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელე მხარე არ მიუთითებს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ხელახლა მოპოვება მისთვის რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთანაა დაკავშირებული, აუქციონის საფასური მეტისმეტად მძიმე ტვირთად აწვება ან სხვა პირებთან კონკურენციის პირობებში არსებითად რთულდება უფლების მოპოვება. იმ პირობებში, როდესაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ლიცენზიის მოპოვების და, შესაბამისად, საქმიანობის გაგრძელების რამდენიმე ალტერნატიულ შესაძლებლობას, მოსარჩელე ვალდებულია, კონსტიტუციურ სარჩელში დაასაბუთოს, რომ რომელიმე კონკრეტული გზით, მით უფრო, მისთვის რაიმე პრივილეგიის მიმნიჭებელი საშუალებით უფლების მოპოვება არის მისი კონსტიტუციური უფლების ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი არგუმენტაცია, რომლითაც ცხადი გახდებოდა, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მისთვის საქმიანობის განხორციელების ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობაა ან სხვა საშუალებების გამოყენება მეტისმეტად ურთულებს, ან შეუძლებელს ხდის ელექტრონული კომუნიკაციების კონკრეტულ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს და მისგან მომდინარე უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, 1304 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

12. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ლიცენზიის გაგრძელების საფასურის გამოთვლის ერთგვაროვან წესს რადიოსიხშირული სპექტრის ყველა ზოლთან მიმართებით, იმისდა მიუხედავად, ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში – ბოლო 2) აუქციონის შემდეგ შეიცვალა თუ არა შესაბამისი რადიოსიხშირული ზოლის რენტაბელურობა და რეალური საფასური. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა იწვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების დარღვევას.

13. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლება. თანასწორობის უფლების ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ და წამგებიან მდგომარეობაში აყენებს ან ადგილი აქვს უთანასწორო პირთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.

15. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლის წესს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საფასურის გამოთვლა ხდება იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის მოსაპოვებლად წინათ ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული საფასურების საშუალო არითმეტიკულის გათვალისწინებით. კონსტიტუციური სარჩელიდან დგინდება, რომ მოსარჩელე ფლობდა 3400-3600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში არსებული ზოლით სარგებლობის ლიცენზიას, რომლის მოქმედების გაგრძელების საფასურის განსაზღვრაც მოხდა იმავე სიხშირულ დიაპაზონში (3400-3600 მჰც) ჩატარებულ აუქციონებზე დაფიქსირებული თანხის მიხედვით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებული სიხშირული დიაპაზონის რენტაბელურობა და რეალური ღირებულება ჩატარებული აუქციონების შემდეგ შემცირდა და, ამ წესით, ფასის გამოთვლისას მას ეკისრება არაპროპორციულად დიდი თანხის გადახდის ვალდებულება. ამასთან, არსებობენ პირები, რომლებიც ფლობენ ისეთ სიხშირულ დიაპაზონში არსებული ზოლით სარგებლობის ლიცენზიას, რომლის რენტაბელურობაც ჩატარებული აუქციონების შემდეგ გაიზარდა და ლიცენზიის მოქმედების გასაგრძელებლად, მოსარჩელისგან განსხვავებით, ისინი იხდიან რეალურ ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახელებული პირები, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმყოფებიან სხვადასხვა მდგომარეობაში, ხოლო სადავო ნორმა კი, ამის მიუხედავად, მათ მიმართ ერთგვაროვან რეგულაციას ავრცელებს.

16. მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი პირები ფლობენ სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში არსებულ ზოლებს და, ბუნებრივია, რომ განსხვავებული იქნება თითოეული სიხშირული დიაპაზონის რენტაბელურობა და ამ დიაპაზონით სარგებლობის უფლების მოპოვების საბაზრო ფასი. სიხშირული დიაპაზონის ღირებულება ცვალებადია იმისდა მიხედვით, თუ რა ტექნოლოგიური გამოყენება პოვა მან, რა ინვესტიცია განახორციელა ლიცენზიის მფლობელმა პირმა, როგორია მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები და რამდენად მოთხოვნადია იგი. აქედან გამომდინარე, სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის საბაზრო ღირებულება ვერ იქნება ერთი მუდმივა, დღეს არარენტაბელურად მიჩნეული სიხშირული დიაპაზონი შეიძლება მომავალში გახდეს ყველაზე პერსპექტიული და ამით გაიზარდოს მისი საბაზრო ფასი ან პირიქით, რენტაბელურმა სიხშირულმა დიაპაზონმა დაკარგოს განვითარების შესაძლებლობა.

17. ამ მხრივ, თითოეული მეწარმე სუბიექტი სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის შედეგად თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვება სურს მას და რას მიიჩნევს ყველაზე რენტაბელურად/პერსპექტიულად. ამასთანავე, ლიცენზიის მფლობელი პირისათვის თავისთავად ცხადია, რომ დროთა განმავლობაში, მის მიერ განხორციელებული ინვესტიციებისა თუ სხვა რაიმე გარემო ფაქტორის გამო შეიძლება შეიცვალოს მის სარგებლობაში არსებული სიხშირული დიაპაზონის რენტაბელურობა. სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება მოითხოვს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში თანასწორ ყველა პირს, განურჩევლად მისი რაიმე კუთვნილებისა, გააჩნდეს უფლებათა თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობა და არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია პირთან დაკავშირებული რაიმე კუთვნილების ნიშნით. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებლ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას იწვევს არა მათი ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშანი, არამედ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება მათ სარგებლობაში არსებული სიხშირული დიაპაზონის რენტაბელურობისა და საბაზრო ფასის ცვლილება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არაა პირთან ან მის რაიმე მახასიათებელ ნიშანთან დაკავშირებული მოცემულობა, სიხშირული დიაპაზონის რენტაბელურობა შეიძლება შეიცვალოს იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინაა ან რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი.

18. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შინაარსის არასწორ აღქმას. დასახელებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნა ვერ იქნება  პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენის აკრძალვა რაიმე ცვალებადი ფაქტობრივი მოცემულობის გამო, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ამ პირებს ან მათ ამა თუ იმ კუთვნილებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1304 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1304 („„შპს ბლექსი ტელეკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი