შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6147-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 01/08/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6147-19
01/08/2019
ვებგვერდი, 13/08/2019
შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6147-19

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

2019 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ კრედიტორთა კრებაზე განიხილა შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში. განცხადების მიხედვით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების თანახმად, კომპანიის სახელზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსი“ არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. საწარმოს მიმართ კრედიტორული მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 3 372 537,44 აშშ დოლარს, ხოლო აქტივი – 544,40 ლარს. შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ კრედიტორები არიან პანამური კომპანია „AGALINK INVESTMENT CORP“ – მოთხოვნით 834 914 აშშ დოლარი და ბულგარული კომპანია „NORDINVEST PLC“ – მოთხოვნით 2 537 623,44 აშშ დოლარი. მეურვის მოხსენების თანახმად, საწარმოს ბალანსის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ ვალდებულებები შეადგენს 9 325 354 ლარს. მოვალის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრუნვის ანგარიშზე ფიქსირდება ბუღალტრული დავალიანება უცხოური კომპანია „MONJASA A/S“ მიმართ 22 686 აშშ დოლარის ოდენობით. თუმცა, მოვალის განმარტებით, დავალიანება უნდა იყოს უსაფუძვლო ან ხანდაზმული. ფულადი სახსრების ნაშთი საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის დროისათვის შეადგენს 549 ლარს.

კრედიტორთა კრებაზე ხმთა საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მფლობელმა კრედიტორმა მიუთითა, რომ არ აქვს მოვალის ქონების მოძიების ან/და რაიმე დავის დაწყების ინტერესი და კრედიტორთა კრებამ მხარი დაუჭირა საქმის წარმოების შეწყვეტას.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მეურვის და კრედიტორის განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ მიმართ უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 53 პუნქტის მიხედვით, თუ ქონებაზე არ მიმდინარეობს დავა, მაგრამ ის შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა აღნიშნული ქონება მათი ინტერესის საგანი და დაიწყოს თუ არა დავა სასამართლოში. თუ ეს ქონება მათი ინტერესის საგანია, მასთან დაკავშირებული დავა განიხილება ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული წესით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით: კრედიტორთა კრება ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას არის თუ არა სადავო ქონება ან ქონება, რომელიც შეიძლება გახდეს დავის საგანი, კრედიტორთა ინტერესის საგანი ამ კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მეურვის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე. მოვალის ინფორმაციის და მეურვის მოხსენების მიხედვით, მოვალეს არ გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება. შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 51%-ზე მეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალის ქონების მოძიების ან/და დავის დაწყების ინტერესი არ არსებობს. მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რის გამოც უნდა შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

ამასთან, შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ ფულადი სახსრები 549 ლარის ოდენობით უნდა გადაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასურის ასანაზღაურებლად.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 272-ე, 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ (ს/ნ 405085045) მიმართ შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. შპს „ბლექ სი ტრანსპორტ ალიანსის“ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა 549 ლარი გადაირიცხოს მეურვის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემასა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირების მიერ განიჩნების ჩაბარებიდან ან გაცნობიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                ლაშა ქოჩიაშვილი