შპს „ბლექ სი ინვესტის“ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით გამოსაქვეყნებელი დოკუმენტაცია

შპს „ბლექ სი ინვესტის“ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით გამოსაქვეყნებელი დოკუმენტაცია
დოკუმენტის ნომერი 2/61-17
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 23/07/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/08/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/61-17
23/07/2019
ვებგვერდი, 14/08/2019
შპს „ბლექ სი ინვესტის“ მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და განჩინებით გამოსაქვეყნებელი დოკუმენტაცია
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმის № 080210317001677740

 საქმე №2/61-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ

 2019 წლის 23 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი


კრედიტორთა კრებაზე, ზეპირი მოსმენით განიხილა შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის გეგმის მოწონების და მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

გამოარკვია:

2017 წლის 12 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ბლექ სი ინვესტის“ წარმომადგენელმა დავით ლომოურმა და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით, მომრიგებელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება, შპს ,,ბლექ სი ინვესტის’’ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 60 (სამოცი) დღით განჩინების გამოქვეყნებიდან. 2018 წლის 26 ივლისს დანიშნულ კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადა გაგრძელდა 50 დღით, განჩინების გამოქვეყნებიდან.

2019 წლის 3 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის მმართველის მინდობილმა პირმა დავით ლომოურმა და წარმოადგინა შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის გეგმა, ასევე მომრიგებელი საბჭოს კრების ოქმი, რომელიც შედგენილია 2019 წლის 19 თებერვალს. ოქმის თანახმად, რეაბილიტაციის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა (არსებული პროექტი: მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა), იგივე რეაბილიტაციის გეგმა მოწონებული იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ, რაც დასტურდება კრების ოქმზე ხელმოწერებით. კრედიტორთა კრებაზე ასევე წარმოდგენილი იქნა უზრუნველყოფილი კრედიტორის - შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილი (27.03.2019), რეაბილიტაციის გეგმის მოწონების და დამტკიცების შესახებ. კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებული კრედიტორები ასევე დაეთანხმნენ რეაბილიტაციის გეგმას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მიხედვით, მომრიგებელი საბჭოს მიერ განხილულ და მოწონებულ რეაბილიტაციის გეგმას უზრუნველყოფილი კრედიტორები ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამტკიცებენ მომრიგებელი საბჭოს მიერ რეაბილიტაციის გეგმის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში. რეაბილიტაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭიროა ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის თანხმობა. 2. თუ რომელიმე უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება: ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება; ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად. 3. უზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც ეწინააღმდეგება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, დანარჩენი უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ შეთავაზებული წინადადება. 4. თუ არც ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ეთანხმება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, დანარჩენი კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შესთავაზონ მას ერთ-ერთი შემდეგი წინადადება: ა) უზრუნველყოფილი ნივთების სამეურვეო ქონებიდან გამოყოფა, რეალიზაცია და ამონაგები თანხიდან დაკმაყოფილება; ბ) ვალის გამოსყიდვა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის მონაცემების შესაბამისად. 5. უზრუნველყოფილი კრედიტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებას, ვალდებული არიან მიიღონ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული, დანარჩენი კრედიტორების მიერ შეთავაზებული წინადადება.

ამავე კანონის 50-ე მუხლის მიხედვით, 1. დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელია რეაბილიტაციის მმართველი. 2. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერ კრედიტორს აქვს უფლება, მიიღოს ან/და გაეცნოს მოვალის წლიურ ანგარიშს, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადასა და პირობებს. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია უზრუნველყოფილ კრედიტორებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრულ ვადებში წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ.

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭოს უფლებამოსილება წყდება გაკოტრების თაობაზე ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შემთხვევაში – რეაბილიტაციის გეგმის განხილვისა და მოწონებისთანავე.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განხილული, მოწონებული და დამტკიცებული იქნა შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის გეგმა, შპს ,,ბლექ სი ინვესტის” მომრიგებელ საბჭოს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ხოლო მომრიგებელი საბჭოს 2019 წლის 19 თებერვლის კრების ოქმი, შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის გეგმა, უზრუნველყოფილი კრედიტორის შემოსავლების სამსახურის წერილი რეაბილიტაციის გეგმის მოწონების შესახებ, სასამართლო განჩინებასთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე, ასევე შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის მმართველს უნდა დაევალოს ელეტრონულ სისტემაში გამოაქვეყნოს მომრიგებელი საბჭოს 2019 წლის 19 თებერვლის კრების ოქმი და შპს ,,ბლექ სი ინვესტის” რეაბილიტაციის გეგმა.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 32-ე, 43-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

1. შპს „ბლექ სი ინვესტის” მომრიგებელ საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.

2.. შპს „ბლექ სი ინვესტის” მომრიგებელი საბჭოს 2019 წლის 19 თებერვლის კრების ოქმი, შპს „ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის გეგმა, უზრუნველყოფილი კრედიტორის შემოსავლების სამსახურის წერილი რეაბილიტაციის გეგმის მოწონების შესახებ, სასამართლო განჩინებასთან ერთად გამოქვეყნდეს საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე,

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლო დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე .