ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ

ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/7/1275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 02/08/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016443
1/7/1275
02/08/2019
ვებგვერდი, 07/08/2019
000000000.00.000.016443
ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწვეტილება №1/7/1275   

2019 წლის 2 აგვისტო

ქ. ბათუმი 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – ნანა მაისურაძე, ანი მუხიგულაშვილი, მარიამ ნოზაძე, მარიამ ორჟონია. მოპასუხე მხარის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი – თამარ ხუხუნაიშვილი.

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1275) მომართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/8/1275 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 9 ნოემბერს.

2. №1275 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის (შემდგომში – რეგლამენტი) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ინტერნეტდომენის გამცემს უდგენს ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მიიღოს შესაბამისი ზომები ქსელიდან დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.

4. №1275 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შედეგად, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აგრეთვე აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის კონსტიტუციური უფლება ამჟამად დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-2 პუნქტით.

6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის გამცემის მიერ ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესაძლებლობას, აგრეთვე, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ყველა შესაძლო ზომის მიღებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, არღვევენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას ქსელში განთავსებული დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, მათვე ანიჭებს ფართო დისკრეციას, თავადვე შეაფასონ აღნიშნული პროდუქციის დაუშვებლად მიჩნევის საკითხი.

8. მოსარჩელე მხარე, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნის საპირისპიროდ, ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, რომელიც წარმოადგენს არა კანონს, არამედ კანონქვემდებარე აქტს. ამასთან, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კანონმდებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის არ მოუხდენია გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება.

9. მოსარჩელე მხარის აზრით, კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაშიც კი კომისიას თავად არ ჰქონდა უფლება, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის შესაძლებლობა მიენიჭებინა კერძო პირებისათვის, კერძოდ, ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლისათვის. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, რეგლამენტით განსაზღვრული დაუშვებელი პროდუქციის ცნებაში მოქცეული ტერმინები, კერძოდ, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო პროდუქცია ბუნდოვანი ხასიათისაა და ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ასეთ სიტუაციაში კერძო პირებისათვის უფლებამოსილების მინიჭება, სუბიექტური შეფასების საფუძველზე განსაზღვრონ ინტერნეტში განთავსებული ამა თუ იმ ინფორმაციის დაუშვებელ პროდუქციად მიჩნევის საკითხი, შემდგომში მათ მიერ ამგვარი პროდუქციის დაბლოკვის და გავრცელების შეზღუდვის უფლებით, წარმოადგენს დამატებით არგუმენტს გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად მიჩნევისათვის.

10. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო რეგულაციით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. მოსარჩელე განმარტავს, რომ დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ვებგვერდის დაბლოკვის და ინფორმაციის წაშლის შემდეგაც კი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სხვა ადამიანებისათვის მისი გავრცელების სისწრაფისა და გადმოწერის სიმარტივის გათვალისწინებით. ამასთანავე, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. მოსარჩელე მხარე მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტისა და მთლიანი ინტერნეტგვერდის დაბლოკვაზე უფრო ნაკლებად მზღუდავ საშუალებებად ასახელებს კონკრეტული ბმულის ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც, ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის სანახავად, მოითხოვს მომხმარებლის მხრიდან აქტიურ მოქმედებას.

11. მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმებით არ ირღვევა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაეკისრა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მათ შორის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიას დაევალა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მოხდა უფლებამოსილების დელეგირება კანონის საფუძველზე და ამ დელეგირებით მას მიენიჭა ლეგიტიმაცია, შეემუშავებინა სამართლებრივი აქტები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ იქნებოდა მიმართული.

12. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმები სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მათი შემუშავებისას მოქმედებდა როგორც კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილების კანონისმიერი დელეგირების საფუძველზე. მოპასუხე მხარე თავისი არგუმენტის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს, რომ თავად კანონში დაუშვებელი პროდუქციის ცნება განსაზღვრული არაა, ეს კი, მისი აზრით, კიდევ ერთხელ, ადასტურებს იმას, რომ კანონმდებელმა დელეგირების საფუძველზე სწორედ კომისიას მიანიჭა უფლებამოსილება, თავად განემარტა ამ ტერმინის მნიშვნელობა.

13. მოპასუხე მხარის მტკიცებით, გასაჩივრებული რეგულაციები ემსახურება იმ სიკეთეების დაცვას, რომელთაც თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს. მაშასადამე, მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმებით დაშვებული გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების, ასევე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

14. მოპასუხე მხარე დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ნორმების ფარგლებში, ინტერნეტდომენის გამცემი და მომსახურების მიმწოდებელი, როგორც წესი, თვითნებურად და საკუთარი სუბიექტური შეფასებების საფუძველზე არ მოქმედებენ. აღნიშნული პირები გადაწყვეტილებას იღებენ და შესაბამის ზომებს მიმართავენ მხოლოდ კომისიის ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიმართვის შემდეგ. ამასთან, ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ და ფინანსური პირობების გათვალისწინებით, კომისია აქტიურ რეჟიმში მუშაობს ფილტრაციის თანამედროვე მოდელის დამკვიდრებისათვის.

15. მოპასუხე მხარე იშველიებს არსებულ პრაქტიკას და მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა შეეხება პორნოგრაფიის გავრცელების შეზღუდვას და საავტორო უფლებების დაცვას, რაც მოცემულ საქმეში დავის საგანს არ წარმოადგენს. დაუშვებელი პროდუქციის სხვა კომპონენტების გავრცელების შეზღუდვის თაობაზე მხოლოდ უმნიშვნელო პრაქტიკის არსებობის მიუხედავად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, ასეთი ნორმების არსებობა არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში.

II

სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/8/1275 საოქმო ჩანაწერით №1275 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 10​3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.

3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო გამოხატვის თავისუფლება. ამ კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. გამოხატვის თავისუფლება განმტკიცებულია მოქმედი კონსტიტუციის მე-17 მუხლით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აგრეთვე აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მითითებული დებულებები განამტკიცებს გამოხატვის თავისუფლების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტებს.

6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

7. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს ... დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13).

8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება იცავს „ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

9. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აღიარებს აზრის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას, რაც მოიცავს სასურველი ფორმით და საშუალებებით ინფორმაციის მიმოცვლას განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ პირთა ჯგუფთან.

2. სადავო ნორმის შინაარსი, ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში

10. სადავო ნორმები ადგენს ინტერნეტდომენის გამცემის და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

11. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელ პროდუქციად მიიჩნევა „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“. ამდენად, დაუშვებელი პროდუქცია წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გადაცემული/გადაცემადი ინფორმაციის შინაარსობრივ კლასიფიკატორს. უფრო კონკრეტულად, ინფორმაციის დაუშვებელი პროდუქციისადმი კუთვნილების საკითხი შესაძლოა გაირკვეს მხოლოდ ამ ინფორმაციის შინაარსობრივი ანალიზის და შეფასების შედეგად. კერძოდ, შინაარსობრივ შეფასებას საჭიროებს იმის დადგენა, განეკუთვნება თუ არა ესა თუ ის პროდუქცია პორნოგრაფიას, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემულ სხვა პროდუქციას.

12. დაუშვებელ პროდუქციას მიკუთვნებული ინფორმაცია, შესაძლოა, გავრცელდეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. თუმცა განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ინტერნეტის (გლობალური კომპიუტერული ქსელის) ტექნიკურ საშუალებაზეა კონცენტრირებული. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე არ დავობს დაუშვებელი პროდუქციის ქვეშ მოაზრებული ყოველი შინაარსობრივი კატეგორიის გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობის თაობაზე. სახელდობრ, მოსარჩელისთვის სადავო ნორმები პრობლემურია იმდენად, რამდენადაც შესაძლოა, შეზღუდვას დაექვემდებაროს (სავარაუდოდ) სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმების შემზღუდავ ბუნებას საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ კონტექსტში გამოიკვლევს.

13. რეგლამენტის 103 მუხლი არეგულირებს ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დომენის მფლობელი განსაზღვრულ დროში არ ამოიღებს დომენის რეგისტრატორის მიერ დაუშვებელ პროდუქციად შეფასებულ მასალას, ეს უკანასკნელი ვალდებულია, დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ7  ქვეპუნქტის თანახმად, ვებგვერდი არის „საერთო კომპიუტერული ქსელის ჰიპერტექსტური რესურსი დაწერილი HTML/XHTML ენაზე ან სხვა ვებრესურსების ორგანიზების მეთოდით, რომელიც შედგება თემატურად დაკავშირებული ინტერნეტგვერდებისა და გამოსახულებებისაგან“. უფრო კონკრეტულად, ინტერნეტგვერდი (ვებგვერდი) არის სპეციალური პროგრამული ენ(ებ)ის გამოყენებით შექმნილი ობიექტი, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეს ინტერნეტზე წვდომის მქონე მომხმარებელი და ვიზუალურად ან/და აკუსტიკურად მარტივად აღქმადი ფორმით გაეცნოს მის შინაარსს.

14. ზოგადად, ვებგვერდს შესაძლოა გააჩნდეს მრავალი ფუნქციური დატვირთვა, მათ შორის, საინფორმაციო. საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდები განეკუთვნება ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის ფართოდ გავრცელებულ საშუალებას. როგორც აღინიშნა, დასახელებული სადავო ნორმა ინტერნეტდომენის გამცემს ანიჭებს ვებგვერდის დაბლოკვის უფლებამოსილებას. ვებგვერდის დაბლოკვა გულისხმობს შესაბამის ვებგვერდზე ინტერნეტის გამოყენებით წვდომის შეზღუდვას. სხვაგვარად, ერთი მხრივ, ინტერნეტგვერდის მფლობელს ერთმევა საშუალება, საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით გაავრცელოს ინფორმაცია და, მეორე მხრივ, ინტერნეტთან დაკავშირებული პირი ვეღარ შეძლებს დაბლოკილ გვერდზე წვდომასა და ინფორმაციის მიღებას.

15. ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუშვებელი პროდუქციის მის ქსელში განთავსება და დაუშვებელი პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.

16. ინტერნეტდომენის გამცემისთვის დადგენილი ვალდებულებისგან განსხვავებით, დასახელებული სადავო ნორმები პირდაპირ არ მიუთითებს, რა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უნდა შეზღუდოს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება მომსახურების მიმწოდებელმა. ამ თვალსაზრისით, რელევანტურ ნორმატიული წესს ადგენს რეგლამენტის 101 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, (ინტერნეტ) მომსახურების მიმწოდებელმა უნდა შეიმუშაოს მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, გააუქმოს ან განაკავშიროს მომხმარებელი, თუ ცნობილი გახდა, რომ ის აწარმოებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება/გადამისამართებას.

17. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზოგადად დაუშვებელ პროდუქციად მიჩნეული მონაცემის ფილტრაციისთვის სხვადასხვა ტიპის ტექნიკური გადაწყვეტები არსებობს. მაგალითად, ასეთია ვებგვერდის სრულად ან მასზე განთავსებული კონკრეტული ინფორმაციის დაბლოკვა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ პრაქტიკაში ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები, როგორც წესი, თავიანთი ინიციატივით არ იღებენ გადაწყვეტილებას და ისინი მხოლოდ აღასრულებენ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიმართვებს.

18. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც რეგლამენტის ტექსტიდან, ისე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი განმარტებებიდან იკვეთება, რომ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის თვალსაზრისით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი აღჭურვილია უფლებამოსილებით, მიმართვის საფუძველზე შეზღუდოს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე. იმავდროულად, მართალია, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ინტერნეტმომსახურების პროვაიდერი კომპანიები სადავო ნორმებით მინიჭებულ უფლებამოსილებას თავისი ინიციატივით არ იყენებენ, თუმცა აშკარაა, რომ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ და ვალდებულნიც არიან, მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე შეაფასონ, რამდენად თავსდება განსახილველი ინფორმაცია დაუშვებელი პროდუქციის ცნებაში და დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეზღუდონ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

19. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაციის გარეშე. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგლამენტი განსაზღვრავს დაუშვებელი პროდუქციის ცნებას და, იმავდროულად, ითვალისწინებს ამგვარი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის ვალდებულებებს. სახელდობრ, სადავო ნორმების თანახმად, შეზღუდვას ექვემდებარება სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახავი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი ან უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით.

20. სხვაგვარად, სადავო ნორმები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, კერძოდ, პირს ართმევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი საშუალებით მიიღოს ან/და გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც (სავარაუდოდ) დაუშვებელი პროდუქციის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ კატეგორიებში თავსდება. ამრიგად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-2 პუნქტით აღიარებული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა

21. მოსარჩელე მხარემ ეჭვქვეშ დააყენა სადავო ნორმების შესაბამისობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებთან. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ვერ პასუხობს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ფორმალურ გარანტიებს, ვინაიდან იგი არ არის დადგენილი კანონით და, იმავდროულად, საკანონმდებლო ორგანოს არ მოუხდენია განსახილველი საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე.

3.1. გამოხატვის თავისუფლების კანონის შესაბამისად შეზღუდვის კონსტიტუციური დათქმის არსი და დანიშნულება

22. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და საქართველოს კონსტიტუცია უშვებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია და მისი ძირითადი პრინციპები, მათ შორის, უპირატესად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებას მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). კონსტიტუციითა და მისი ძირითადი პრინციპებით სახელმწიფო ხელისუფლების ბოჭვა, მათ შორის, მოიცავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13). აღნიშნული ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა კი, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

24. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-20).

25. ძირითადი უფლების კანონით შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციური გარანტიები უზრუნველყოფს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზებას, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურად დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი „... როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით... აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6, 7). „ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ. სახელმწიფო ხელისუფლების ამგვარი ინსტიტუციონალიზაციის პირობებში შესაძლებელი ხდება სახელისუფლებლო ძალაუფლების უზურპირების პრევენცია, უზენაესი და წარუვალი კონსტიტუციური ღირებულების – ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2).

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში ეფექტური და სამართლიანი მართვის წინაპირობაა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება იმ ორგანოების მიერ, რომლებიც კომპეტენტური არიან თავიანთი კონსტიტუციური სტატუსით, ფუნქციითა და უფლებამოსილებებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-3). ამასთან, „კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისი კონსტიტუციური ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, ისე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-6).

27. ამგვარად, კონსტიტუციური კომპეტენციები და ამოცანები კონსტიტუციის საფუძველზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა განახორციელოს. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას“, ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელების კონსტიტუციური კომპეტენცია საქართველოს პარლამენტს გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს აქვს ზოგადი უფლებამოსილება, მოაწესრიგოს საზოგადოებრივი ურთიერთობები და შემოიღოს შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესები. ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხების კანონით მოწესრიგების ვალდებულება უზრუნველყოფს იმგვარი სახელისუფლებო არქიტექტურის არსებობას, რომლის ფარგლებშიც ქცევის სავალდებულო წესების მიღება და მათი აღსრულება ხელისუფლების სხვადასხვა შტოს კომპეტენციაა და, ამგვარად, ქმედითი ხდება ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების კონსტიტუციური მექანიზმი.

28. ამავდროულად, უფლების მზღუდავი რეგულირების პარლამენტის მიერ შემოღება ასევე უზრუნველყოფს, რომ უფლება შეიზღუდოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც აქვს ხალხის მიერ მინიჭებული მაღალი ლეგიტიმაცია. საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებისას აქტის მიღება ხდება წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი პროცედურების საფუძველზე. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არის ის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც საკითხს წყვეტს გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცესის საფუძველზე, პოლიტიკური დებატების შედეგად, რაც საფუძველშივე ქმნის დამატებით ფილტრს უფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკების შესამცირებლად. დემოკრატიული ლეგიტიმაცია მიიღწევა სწორედ კომპლექსური საპარლამენტო პროცედურებით, გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების გზით, ინტერესთა დაბალანსების, პოლიტიკური უმრავლესობისა და უმცირესობების თანამონაწილეობის საფუძველზე. მსგავსი წესით აქტის მიღება შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური ნების ფორმირებაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული უმრავლესობის თვითნებური ქმედება. ცხადია, ამგვარი პროცედურა არ უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების დარღვევის სრულფასოვან პრევენციას თუმცა, უდავოდ, მნიშვნელოვნად ამცირებს ძალაუფლების თვითნებურად გამოყენების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს მიღებული აქტის მიმართ მეტ ლეგიტიმაციას და სანდოობას.

29. უფლების კანონის საფუძველზე შეზღუდვის დათქმა, ბუნებრივია, არ გულისხმობს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა შეიძლება შეზღუდოს. ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, მოახდინოს საკითხის მოწესრიგების სხვა სახელმწიფო ორგანოზე დელეგირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საკითხის კანონით მოწესრიგების მოთხოვნასთან „ყოველთვის თავისთავადი წინააღმდეგობა ვერ ექნება პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას სხვა ორგანოზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78).

30. პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია და პრაქტიკული საჭიროებებით არის ნაკარნახევი. კერძოდ, უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს პარლამენტის მიერ მოწესრიგებამ შესაძლოა, საკანონმდებლო ხელისუფლების პარალიზება/შეფერხება გამოიწვიოს და წარმოშვას ინსტიტუციური პრობლემები. საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდეს საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული უზრუნველყოფს, მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა შორის გარკვეული პროცედურით დადგენილი თანხმობის არსებობას. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია, უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, პროცედურული/ტექნიკური საკითხის კანონით მოწესრიგება მოხდეს პარლამენტში დადგენილი პროცედურული წესების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ამა თუ იმ უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური მოთხოვნის მიზანი არ არის უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ფორმალური საკითხების კანონით მოწესრიგება (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-13). შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს კანონშემოქმედებით საქმიანობას და საკანონმდებლო ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო დეტალების მოწესრიგება კი სხვა სახელმწიფო ორგანოებს გადაანდოს.

31. გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ასევე შესაძლოა, გამართლებული იყოს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, საკითხის კანონით დარეგულირება ქმნის სტაბილურობის უფრო მაღალ გარანტიებს, თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოქნილ საკანონმდებლო მექანიზმს. ამ თვალსაზრისით უფლებამოსილების დელეგირება ხელს უწყობს მარტივ ნორმატიულ ცვლილებებს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ხშირ მოდიფიკაციას, გამარტივებული პროცედურების საფუძველზე რეგულირების შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამასთან, მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება შესაძლოა, ასევე, გამართლებული იყოს ამა თუ იმ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მოტივითაც. ამგვარად, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება არის ლეგიტიმური და აუცილებელი.

32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, პარლამენტი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევაში მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება მოახდინოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). მაგალითად, საკუთრების უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური დათქმის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიიჩნია დასაშვებად, საკუთრების უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონით მოსაწესრიგებელ საკითხზე პარლამენტის მიერ უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის.

33. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია გარკვეული პირობები, რომელთა არსებობისას დაუშვებელია უფლებამოსილების დელეგირება. „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ... ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს. აღნიშნული სახეზე იქნება, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუცია აკეთებს კონკრეტულ მითითებას საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით (მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად უთითებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისათვის წარსადგენ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ორგანული კანონით) ან/და საქართველოს პარლამენტი ახდენს მისი უფლებამოსილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას (მაგალითად, საერთოდ არ იღებს საარჩევნო კოდექსს და ა.შ.)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78). შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების დელეგირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის ერთნაირი. გარკვეული კატეგორიის/შინაარსის საკითხების მოწესრიგების დელეგირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად მოსაწესრიგებელი საკითხის არსი განაპირობებს.

34. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით, ერთი მხრივ, ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების იმპლემენტაციის და ტექნიკური აღსრულების წესები. საქართველოს კონსტიტუცია expressis verbis არ კრძალავს პარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის დელეგირებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, სადავო ნორმებით რამდენად არის მოწესრიგებული ისეთი საკითხები, რომლის რეგულირება საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან უფლებამოსილებას წარმოადგენს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე დელეგირება დაუშვებელია. ამ მიზნით, აუცილებელია, გაანალიზდეს გამოხატვის თავისუფლების დანიშნულება და როლი ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში.

3.2. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციით დასაშვები ფარგლები

35. როგორც უკვე აღინიშნა, უდიდესია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. [...] ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ინფორმაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და აზრის შეზღუდვის პირობებში წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-4).

36. მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის უზრუნველყოფა. აღნიშნული უფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავო ნორმების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა ტიპის აზრებისა და ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი. კერძოდ, სადავო რეგულირების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაუშვებლად მიიჩნია და აკრძალა სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის გავრცელება. შესაბამისად, დადგენილია გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, რაც გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გამო. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, მისი შინაარსობრივი რეგულირება, იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

37. ამავდროულად, განსახილველ შემთხვევაში საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ვერ იქნება გამართლებული პერიოდული დაზუსტებისა და მოდიფიცირების მოქნილი მექანიზმის საჭიროებითაც. კერძოდ, გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებით სტანდარტების დადგენა არ საჭიროებს შეცვლილ გარემოებებზე მუდმივ მისადაგებას. შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირება ვერ იქნება განხილული საკითხის ეფექტური რეგულირების მიზნით განხორციელებულ ქმედებად. დასახელებულ შემთხვევაში სწორედ პარლამენტია ის ლეგიტიმური ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ამ უფლებაში ჩარევის კონსტიტუციური სტანდარტების დადგენა. ამავდროულად, აღნიშნული სტანდარტები უნივერსალური ხასიათისაა, არ მოითხოვს შეცვლილ გარემოებებზე მორგებას, ხშირ მოდიფიკაციას და უფლების შეზღუდვის დასაშვები ფარგლების განსაზღვრა განუყოფლად უკავშირდება მყარი კონსტიტუციური სტანდარტების დადგენას, რომელთა ცვლილებაც ასევე საკანონმდებლო დონეზე გამჭვირვალე საკანონმდებლო პროცედურით გადასაწყვეტი საკითხია.

38. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება პარლამენტის უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა და, ამავე დროს, არ მიეკუთვნება საკითხს, რომელიც, თავისი ბუნებით მარტივი საკანონმდებლო მექანიზმის ფარგლებში მოწესრიგების პრაქტიკულ საჭიროებას განაპირობებს. უფრო მეტიც, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი მხარე, ანუ იმის განსაზღვრა, რა ტიპის აზრის გამოთქმა და ინფორმაციის გავრცელებაა დასაშვები, ისეთი საკითხია, რომელიც სტაბილურ საკანონმდებლო გარანტიებს საჭიროებს. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების სხვა ორგანოსათვის გადაცემა შეიძლება ჩაითვალოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი უფლებამოსილების დელეგირებად. გამოხატვის თავისუფლების შინაარსთან დაკავშირებული შეზღუდვების განსაზღვრა და მათი ცვლილება არ უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ნებაზე. მხოლოდ საქართველოს პარლამენტია აღჭურვილი კონსტიტუციური მანდატით, მიიღოს გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც ფუნდამენტურ გავლენას ახდენს კონსტიტუციურ უფლებებზე.

39. ამგვარად, დაუშვებელია, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის დადგენა, ამ უფლებით სარგებლობა და მისი დაცვის პერსპექტივები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ან/და საქართველოს პარლამენტის გარდა ნებისმიერი სხვა ორგანოს მიხედულების ფარგლებზე იყოს დამოკიდებული და უფლებაში ჩარევის სტანდარტები ამ ორგანოების პოზიციის, ფასეულობების, იდეების შესაბამისად ყალიბდებოდეს. ამასთანავე, ბუნებრივია, სამართლებრივი მოწესრიგების კანონმდებლის მიერ დელეგირება არ გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის უპირობო თავისუფლების მინიჭებას. კონსტიტუციის ძირითადი იდეა ადამიანის უფლებების დაცვაა და, შესაბამისად, შეუძლებელია, იგი ორგანოს ანიჭებდეს უპირობო ან/და აბსოლუტურ თავისუფლებას იმ ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, რომლებიც ეხება კონსტიტუციით განმტკიცებულ უმთავრეს ღირებულებებს – ადამიანის ძირითად უფლებებს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილების მქონე ორგანოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, არაგონივრულად, არაპროპორციულად არ შეზღუდოს ესა თუ ის უფლება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ არსებობს შესაძლებლობა, შემოწმდეს მიღებული თითოეული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საფუძველშივე, პრინციპულად არასწორია ამგვარი მნიშვნელობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდეს სათანადო საკანონმდებლო კომპეტენციის არმქონე ორგანო.

40. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

41. ამრიგად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა ინტერესების დაცვა აკისრია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვქვეშ არ აყენებს კომისიის ლეგიტიმურობასა და მის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება გულისხმობს აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გათვალისწინებით. ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაცია და იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინფორმაციის/აზრის გავრცელების შეზღუდვა არის კონსტიტუციურად გამართლებული, კანონის მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი სხვა ორგანოს შემოთავაზებული სტანდარტები თავისთავად არაავტორიტეტულია.

42. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს. კანონით გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დაწესების ლეგიტიმური ალტერნატივა არ არის საკითხის მოწესრიგების დელეგირება. მაშასადამე, საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოს არ აძლევს ზემოთ ხსენებული საკითხის მოწესრიგების ლეგიტიმაციას და იმთავითვე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოა.

43. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები არა მხოლოდ განსაზღვრავს პროდუქციის დაუშვებლობას, არამედ – ადგენს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების აღმოფხვრის აღსრულების წესებსაც. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილია, ერთი მხრივ, გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, მეორე მხრივ, შინაარსობრივი რეგულირების დამდგენი შეზღუდვის აღსრულების წესი. კერძოდ, სადავო ნორმებით შეზღუდულია დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება, ასევე განსაზღვრულია დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის, მასთან დაკავშირებული საიმპლემენტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ურთიერთობები.

44. საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დამდგენი კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილება გადაანდოს სხვა სახელმწიფო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაციისა და აზრების გავრცელებაა დაუშვებელი, ხსენებული მოთხოვნის აღსასრულებლად საიმპლემენტაციო ღონისძიებების მოწესრიგების უფლებამოსილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე დელეგირება შესაძლოა, კანონის მოთხოვნების ეფექტურად შესრულებითაც იყოს ნაკარნახევი. დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შემზღუდველი მექანიზმების განსაზღვრა არ განეკუთვნება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას, მოიცავს მისი რეგულირების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს და საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, მოახდინოს მისი სხვა ორგანოზე დელეგირება.

45. ამდენად, საქმის სრულყოფილად გადასაწყვეტად უნდა გამოირკვეს, არსებობს თუ არა აღნიშნული სადავო საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირების საკანონმდებლო ნორმა. ასევე აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების დელეგირების შინაარსის მატარებელი საკანონმდებლო ნორმები ცხადად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ნორმის, შინაარსიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დელეგირების მიმნიჭებელი სუბიექტის ნება, განსახილველი საკითხის შესაბამისი ორგანოსთვის მოსაწესრიგებლად გადაცემის თაობაზე.

3.3. არსებული კანონმდებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე

46. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა უფლებამოსილების დელეგირების სამართლებრივ საფუძვლად რამდენიმე საკანონმდებლო ნორმაზე, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, 62-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებზე, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე მიუთითა.

47. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველო კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ადგენს ტერმინ „რეგულირების“ საკანონმდებლო დეფინიციას და მისი მოწესრიგების სფერო ამით ამოიწურება. კერძოდ, ხსენებული ნორმის შესაბამისად, რეგულირება არის „შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება“. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებას და მეტიც, მიუთითებს, რომ რეგულირება, მათ შორის, ნიშნავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების მიღებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა“. აღსანიშნავია, რომ არც აღნიშნული ნორმა შეეხება უფლებამოსილების დელეგირების საკითხებს. იგი ადგენს მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებლობის გარანტიას, კერძოდ, მარეგულირებელ ორგანოებს ანიჭებს თავისუფლებას, გადაწყვიტონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები გარე ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული ნორმების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საქართველოს პარლამენტს არ გადაუცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება.

48. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვით. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. არც ხსენებული ორი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების, ამ უფლების შემზღუდველი რაიმე აქტის გამოცემის კომპეტენციის მინიჭებას. იგი მხოლოდ ადგენს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე წარმართვის ვალდებულებას და ამ საკითხზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას ანიჭებს კომისიას. აღნიშნული, ბუნებრივია, არ გულისხმობს სამართლებრივი აქტების მიღების გზით გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმების დადგენის ლეგიტიმაციას.

49. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ საქართველოს პარლამენტმა კომისიას მიანიჭა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ნორმატიული წესრიგის დადგენის უფლებამოსილება.

50. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია, წარმოიშვას არაერთი ერთმანეთისგან განსხვავებული სამართლებრივი დილემა მომსახურების მიწოდების ან/და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონტექსტში. მაგალითად, როგორებიც არის ინტელექტუალურ საკუთრებასთან, პერსონალურ მონაცემებთან და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებული ურთიერთობები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8 პუნქტი და 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ მასში მოაზრებულ იქნეს ელექტრონული მომსახურების მიწოდებასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კომისიისთვის დელეგირება. ამდენად, განსახილველი საქმის მიზნებისთვის აუცილებელია განიმარტოს, რამდენად მოიაზრებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დასახელებული ნორმები ინფორმაციის გავრცელებისა და აზრის გამოხატვის წესების დადგენის უფლებამოსილების კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის დელეგირებას.

51. ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო დეფინიცია არ არსებობს. თუმცა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი აწესრიგებს მომხმარებელთა უფლებებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ზოგად წესებს. ეს მუხლი მეტწილად შეეხება მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობებს, კერძოდ, პირის უფლებას, აირჩიოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება და მიიღოს ინფორმაცია ამგვარი საშუალების ტარიფებისა და მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე. იმავდროულად, განსახილველი მუხლი ადგენს მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დასადები ხელშეკრულებით სავალდებულოდ მოსაწესრიგებელ პირობებს. სხვაგვარად, არცერთი მათგანი, ირიბადაც კი, არ მიუთითებს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაში ან/და მომსახურების მიწოდების პირობებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მოიაზრებს გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას. ამავე დროს, კანონმდებლობაში არ გვხვდება რომელიმე სხვა ნორმა, რომლის საფუძველზე კომისია აღჭურვილია ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილებით.

52. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება არ გადაუცია.

53. როგორც უკვე დადგინდა, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა.

54. ამდენად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 10​3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიემართება რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ ან უზუსტო პროდუქციას.

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1275 („ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

ა) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტდომენის გამცემის უფლებამოსილებას, ინტერნეტგვერდზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა;

ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;

გ) 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობას, შეზღუდოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

 

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი