„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4943-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.019604
4943-Iს
17/09/2019
ვებგვერდი, 01/10/2019
430060000.05.001.019604
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ11“ და „ჰ12“ ქვეპუნქტები:

„ჰ11) პოლარული კოდექსი − პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციის საერთაშორისო კოდექსი, რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.1 რეგლამენტით;

12) პოლარული წყლები − არქტიკული წყლები ან/და ანტარქტიკის არეალი, რომლებიც/რომელიც განსაზღვრულია SOLAS-ის კონვენციის XIV/1.2−XIV/1.4 რეგლამენტებით.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ლოცმანს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში − არანაკლებ 12 სალოცმანო გაცილება. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.“.

3. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტანი, ოფიცერი, რადიოოპერატორი, რომელსაც აქვს კონვენციის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ან აღიარებული სერტიფიკატი (გარდა STCW-ის კოდექსის V/3 რეგლამენტით ან VI თავით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და რომელიც მსახურობს ან აპირებს იმსახუროს გემზე, ვალდებულია ეს სერტიფიკატი 5 წელიწადში ერთხელ განაახლოს. აღნიშნული პირის სერტიფიკატი განახლდება, თუ:

ა) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) პირს აქვს განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა, რაც გულისხმობს, რომ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჯამში არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით ან სერტიფიკატის განახლებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში უწყვეტი 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით;

ბ.ბ) შესრულებული აქვს ამ პუნქტით განსაზღვრული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისთვის სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების ეკვივალენტური ფუნქციები;

ბ.გ) ჩაბარებული აქვს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ.დ) წარმატებით აქვს გავლილი სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი;

ბ.ე) ჯამში არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესრულებული აქვს სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შემსრულებელ პირზე უფრო მაღალი ან უფრო დაბალი რანგის ოფიცრის ფუნქციები და სერტიფიკატი ძალაშია იმ რანგის მიღებამდე, რომლისთვისაც იგი გადის წვრთნას.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პოლარულ წყლებში მცურავ გემზე მუშაობის გასაგრძელებლად კაპიტანი ან ოფიცერი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად 5 წელიწადში ერთხელ დაადასტუროს თავისი განგრძობადი პროფესიული კომპეტენტურობა. ამ მიზნით აღნიშნული პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) უნდა ჰქონდეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამ კანონის 412 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი სერტიფიკატით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებით;

ბ) ჩაბარებული უნდა ჰქონდეს სათანადო გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი აღიარებული საწვრთნელი კურსი.“.

4. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მას საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში გემზე გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა, რომელიც მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერითაა დადასტურებული (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;“.

5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. სამგზავრო გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და გემზე დასაქმებული სხვა პერსონალის დამატებითი სავალდებულო  წვრთნა და კომპეტენცია

1. ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობასა და სანაპირო ნაოსნობაში.

2. პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ აქვს უფლება, იმსახუროს სამგზავრო გემზე.

3. სამგზავრო გემის კაპიტანს, ოფიცერს, რიგითს, გემზე დასაქმებულ სხვა პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო წვრთნა და იგი უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

4. სამგზავრო გემის კაპიტანმა, ოფიცერმა, რიგითმა, გემზე დასაქმებულმა სხვა პირმა, რომელსაც მოეთხოვება სათანადო წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-7−მე-9 პუნქტების შესაბამისად, 5  წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

5. სამგზავრო გემზე დასაქმებული პირი თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

6. სამგზავრო გემზე მგზავრებისთვის მომსახურების გამწევ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს წვრთნა უსაფრთხოების დაცვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

7. STCW-ის კონვენციის II, III და VII თავების შესაბამისად, სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული წვრთნა სამგზავრო გემზე ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

8. სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა ადამიანთა ქცევისა და კრიზისების მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

9. RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმისთვის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან გემის კორპუსის გახსნა-დახურვისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

10. სააგენტო გასცემს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.“.

6. 32-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 და 412 მუხლები:

„მუხლი 411. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტნის, ოფიცრის, რიგითისა და სხვა პერსონალის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები

1. მეზღვაური ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე დასაქმებამდე გაიაროს ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული წვრთნები თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.

2. გემთმფლობელი ვალდებულია აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს გემზე გამწესებამდე გააცნოს შესაბამისი გემი და მისი აღჭურვილობა კონვენციის I/14 რეგლამენტის 1.5 პუნქტის შესაბამისად.

3. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე მომსახურე მეზღვაურს, რომელიც პასუხისმგებელია საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი.

4. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბაზისო წვრთნა.

5. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელ მეზღვაურს აქვს ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების ან მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს კონვენციის V/1-2 რეგლამენტის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

6. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, პირს, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია საწვავისა და საწვავის სისტემების მოვლისა და გამოყენებისთვის, უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატი.

7. აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსის სერტიფიკატის მიღების მსურველს უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გავლილი უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე სამსახურის სპეციალიზებული კურსი და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/3 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს;

ბ) უნდა ჰქონდეს აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე არანაკლებ 1 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომელიც მოიცავს სულ მცირე 3 საბუნკერო ოპერაციას. მათგან 2 ოპერაცია შეიძლება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აღიარებული საბუნკერო ოპერაციების სიმულატორის წვრთნით ჩანაცვლდეს.

8. თუ აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავის მოვლისა და გამოყენებისთვის და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის უშუალოდ პასუხისმგებელ კაპიტანს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს აქვს კომპეტენციის სერტიფიკატი STCW-ის კოდექსის A-V/1-2 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი კომპეტენციის სტანდარტის შესაბამისად და იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს, მიიჩნევა, რომ იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-V/3 რეგლამენტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:

ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

ბ) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან მონაწილეობდა თხევად აირმზიდ ტანკერზე არანაკლებ 3 სატვირთო ოპერაციაში;

 გ) აქვს არანაკლებ 3 თვის ნაოსნობის სტაჟი ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი შემდეგი ტიპის გემზე:

გ.ა) აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემზე;

გ.ბ) ტანკერზე, რომელსაც აირზე ან დაბალი ფეთქებადობის საწვავზე მომუშავე გემის საწვავი ტვირთის სახით გადააქვს;

გ.გ) გემზე, რომელიც აირს ან დაბალი ფეთქებადობის საწვავს საწვავად იყენებს.

9. სააგენტო ვალდებულია გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან უზრუნველყოს მეზღვაურზე გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის სათანადო დადასტურება.

10. მეზღვაურმა, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-3 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს სათანადო წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.

მუხლი 412. პოლარულ წყლებში მცურავი გემის ექსპლუატაციისთვის კაპიტნისა და კაპიტნის (საგემბანე) თანაშემწის წვრთნისა და კვალიფიკაციის მიმართ მინიმალური მოთხოვნები

1. პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

3. პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.

4. პოლარულ წყლებში სპეციალიზებული წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა აკმაყოფილებდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიცირების მოთხოვნებს;

ბ) უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით ან შესრულებული უნდა ჰქონდეს სავახტო ფუნქციები ექსპლუატაციის დონეზე;

გ) გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალიზებული წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.

5. სააგენტო ვალდებულია გასცეს კვალიფიკაციის სერტიფიკატი იმ მეზღვაურზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები 2020 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება იმ მეზღვაურზე, რომელმაც ნაოსნობა 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო, ამასთანავე, აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის ან ექსპლუატაციის დონეზე მოვალეობების შესრულებით;

ბ) გავლილი აქვს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრული საწვრთნელი კურსი პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 412 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები 2020 წლის 1 ივლისამდე არ ვრცელდება იმ მეზღვაურზე, რომელმაც ნაოსნობა 2018 წლის 1 იანვრამდე დაიწყო, ამასთანავე, აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით;

ბ) გავლილი აქვს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეკომენდაციებით განსაზღვრული საწვრთნელი კურსი პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლარულ წყლებში გემის ექსპლუატაციის არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი საგემბანე განყოფილებაში მართვის დონეზე მოვალეობების შესრულებით.

მუხლი 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 სექტემბერი 2019 წ.

N4943-Iს