კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე

კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 201
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/06/2019
დოკუმენტის ტიპი საჯარო გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2019
სარეგისტრაციო კოდი
201
28/06/2019
ვებგვერდი, 01/07/2019
კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საჯარო გადაწყვეტილება №201

2019 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის)  მიწოდების ოპერაციების გადასახადებით დაბეგვრის თაობაზე

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 461 მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „კრიპტოაქტივის და მის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის)  მიწოდების ოპერაციების გადასახადებით  დაბეგვრის თაობაზე“:

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:

ა) კრიპტოაქტივის მიწოდების (ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე გაცვლის ოპერაციის) დღგ-ით დაბეგვრის საკითხს;

ბ) კრიპტოაქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს;

გ) კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციის დღგ-ით  დაბეგვრის და აღნიშნული მიწოდების ოპერაციის განსახორციელებლად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის ჩათვლის საკითხს.

 

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

ამ საჯარო გადაწყვეტილების მიზნისათვის, კრიპტოაქტივი არის ციფრული აქტივი, რომლის შენახვა და გაცვლა ხორციელდება ელექტრონულად, ერთრანგიანი (დეცენტრალიზებული, Peer-to-peer) ქსელით, არ საჭიროებს სანდო შუამავალს, და ფუნქციონირებს კომპიუტერების ქსელში მომუშავე განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (Distributed ledger technology) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. კრიპტოაქტივი წარმოადგენს ღირებულების ციფრულ გამოხატულებას, მისი გამოშვება და გაცვლა ხორციელდება დეცენტრალიზებული კონსენსუსის მექანიზმით, ცენტრალური სანდო ემიტენტი და ზედამხედველი/მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე, ხოლო მასზე საკუთრების უფლება დასტურდება კრიპტოგრაფიული მეთოდებით.

 კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად,  შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. ამავე დროს, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კრიპტოაქტივის მოპოვება გულისხმობს კრიპტოაქტივის პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურების (ბლოკების) შექმნის საქმიანობას, რომლის შედეგადაც ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირი (მაინერი) ჯილდოვდება კრიპტოაქტივით. აღნიშნული ხორციელდება ორი ძირითადი პრინციპით: მაინერი თავის ბლოკში თვითონ ქმნის ახალ კრიპტოაქტივს (კონკრეტული ალგორითმის შესაბამისად) და ამ ბლოკს ადასტურებენ სხვა მაინერები ან/და მაინერი იღებს ჯილდოს ტრანზაქციების განმახორციელებლებისათვის. ასეთი ჯილდოს ოდენობა შეიძლება იყოს წინასწარ განსაზღვრული, გამოიანგარიშებოდეს ალგორითმით ან განისაზღვრებოდეს თავისუფალი ბაზრით. კრიპტოაქტივის მოპოვების საქმიანობა საჭიროებს სპეციფიკურ დანადგარებსა ან/და პროგრამულ  უზრუნველყოფას, ასევე, ინტერნეტთან წვდომას. ამ საქმიანობის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია შესაბამის გამოთვლით სიჩქარეზე.

გამოთვლითი სიჩქარე (სიმძლავრე) არის იმ სიმძლავრის საზომი ერთეული, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერი ასრულებს ოპერაციას.

 

ა) კრიპტოაქტივის მიწოდების (კრიპტოაქტივის ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე გაცვლის ოპერაციის) დაბეგვრა დღგ-ით

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში სსკ) 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

სსკ-ის მე-13 მუხლის შესაბამისად, საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.

სსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს, რომ საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

აღსანიშნავია, რომ ტერმინები „ფული“ და „ვალუტა“ იდენტური შინაარსის ტერმინებია. შესაბამისად, სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი, რომელთა მიხედვით, ფულის მიწოდება და ფულზე საკუთრების უფლების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, თანაბრად ეხება როგორც ლარს - საქართველოში გადახდის ერთადერთ კანონიერ საშუალებას, ისე ნებისმიერ სხვა ვალუტას.

საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა კრიპტოაქტივის ან ვირტუალური ვალუტის ლეგალურ დეფინიციას. ევროპის ცენტრალური ბანკის 2015 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიში (Virtual currency schemes – a further analysis){1} ვირტუალურ ვალუტას განმარტავს როგორც ღირებულების ციფრულ გამოხატულებას, რომლის ემისიაც არ ხდება ცენტრალური ბანკის, საკრედიტო ან ელექტრონული ფულის გამომშვები დაწესებულების მიერ, რომელიც, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ფულის ალტერნატივა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ჩამოყალიბებული ვირტუალური ვალუტის ხსენებულ დეფინიციას, რომელიც მოიცავს კრიპტოაქტივსაც.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ შესაბამისი ვირტუალური საზოგადოების წევრებს შორის კრიპტოაქტივის სანაცვლოდ შესაძლებელია საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების განხორციელება და იგი ფაქტობრივად გამოიყენება, როგორც გადახდის საშუალება. აგრეთვე, შესაძლებელია კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე. 

სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის (ფულზე საკუთრების  გადაცემასთან დაკავშირებული დებულება) მიზანს წარმოადგენს დღგ-ით დაბეგვრის არეალიდან გამორიცხოს ფულის მიწოდების/ფულზე საკუთრების უფლების გადაცემის ოპერაციები, რაც შინაარსით მოიცავს ფულის ალტერნატივის კრიპტოაქტივის  მიწოდების/კრიპტოაქტივზე საკუთრების უფლების გადაცემის ოპერაციებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კრიპტოაქტივის  მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) და მასზე  საკუთრების უფლების გადაცემა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას.

ბ) კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით    

სსკ-ის 79-ე მუხლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს;

სსკ-ის 104-ე მუხლი განსაზღვრავს შემოსავლის სახეების ჩამონათვალს, რომელიც საშემოსავლო/მოგების გადასახადის მიზნებისთვის განიხილება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად.

აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 104-ე მუხლის არც ერთი დებულება კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებულ  შემოსავალს პირდაპირ არ მიაკუთვნებს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კრიპტოაქტივს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, არ მდებარეობს კონკრეტულ ადგილას, არ არის დეპონირებული რომელიმე ანგარიშზე ფინანსურ ინსტიტუტში და, როგორც წესი, მისი ემიტენტის დადგენა შეუძლებელია. ასევე, პრაქტიკულად შეუძლებელია ოპერაციის განხორციელების ადგილის (ტერიტორიის) დადგენა, რადგან  კრიპტოაქტივის მიწოდება და მისი გაცვლა სხვა ვალუტაში ხორციელდება ვირტუალურ სივრცეში, ვირტუალურ საზოგადოების წევრებს შორის, რის გამოც, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ აღნიშნული საქმიანობა არ ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე და ასეთი ოპერაციით მიღებული შემოსავალი არ მიეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 79-ე, 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის და 104-ე მუხლის საფუძველზე, ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

გ) კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა და აღნიშნული მიწოდების ოპერაციის განსახორციელებლად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის თანხის ჩათვლა

სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

სსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,  მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

დღგ-ის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილს განსაზღვრავს სსკ-ის 166-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მომსახურების გაწევის ადგილად დღგ-ის მიზნებისთვის ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან.

აღნიშნული დებულება, ამავე ნაწილის „დ.ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიყენება ისეთი სახის მომსახურებების მიმართ, როგორიცაა ელექტრონულად გაწეული მომსახურება.

სსკ-ის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამავე მუხლის მიზნებისათვის ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას განეკუთვნება:

ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;

გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

დ) მუსიკის, ფილმებისა და თამაშების (აზარტული თამაშების ჩათვლით) მიწოდება, პოლიტიკური, კულტურული, ხელოვნების, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი პროგრამების ტრანსლაცია და გაშუქება;

ე) დისტანციური სწავლების მიწოდება.

ამასთანავე, სსკ-ის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების სახეებისათვის გარკვეულ საქმიანობათა მიკუთვნების კრიტერიუმები.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 491 მუხლის თანახმად, სსკ-ის 166-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის, ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას ასევე განეკუთვნება ელექტრონული გზით გაწეული მომსახურება, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:

ა) მომსახურების გაწევა ხდება ინტერნეტით ან ელექტრონული ქსელით;

ბ) მომსახურების გაწევა ძირითადად ავტომატურად ხდება და ადამიანის მინიმალურ ჩარევას გულისხმობს;

გ) მომსახურების გაწევა შეუძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიის გარეშე.

ამდენად, გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება აკმაყოფილებს ინსტრუქციის 491 მუხლით განსაზღვრულ ყველა პირობას და წარმოადგენს ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას, რადგან აღნიშნული მომსახურება ხორციელდება ავტომატურად, ელექტრონულად ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით  და საჭიროებს ადამიანის მინიმალურ ჩარევას.

სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა სსკ-ის VI კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ და  „ა. გ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება:

„ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;

ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის.“.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

გ.ა)  თუ ელექტრონულად გაწეული მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს, საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება, სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის მიზნებისთვის,  კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაცია (ელექტრონულად გაწეული მომსახურება) ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაწეულად და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

ამასთანავე,  სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,  საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აღნიშნული მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი  დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.

გ.ბ)  თუ ელექტრონულად გაწეული მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება, სსკ-ის  166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის მიზნებისთვის, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაცია (ელექტრონულად გაწეული მომსახურება) ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად და სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განიხილება  დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ამასთანავე,  სსკ-ის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით,  აღნიშნული მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა ექვემდებარება ჩათვლას.

 

3. გადაწყვეტილება

ა) კრიპტოაქტივის მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე)   გათავისუფლებულია დღგ-სგან;

ბ) ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;

გ) კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება:

გ.ა) არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.

ამასთანავე, მომსახურების გამწევ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი  დღგ-ის თანხა.

 გ.ბ) ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.

 ამასთანავე, მომსახურების გამწევ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი  დღგ-ის თანხა.

 

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                                                           ივანე მაჭავარიანი