საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 29/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010060010.70.082.016004
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
29/10/2019
ვებგვერდი, 30/10/2019
010060010.70.082.016004
საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/10/2019 - 26/12/2019)

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №4

2019 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ნოემბრიდან.

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომში – გენერალური პროკურატურა) არის საქართველოს პროკურატურის სისტემის შემადგენელი უმაღლესი ორგანო,  პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.

2. გენერალური პროკურატურის იურიდიული მისამართია: 0114, თბილისი, გორგასლის ქ. №24.

3. გენერალური პროკურატურის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. გენერალურ პროკურატურას აქვს საკუთარი ბალანსი და მინიჭებული აქვს სახაზინო კოდი 33 01, გააჩნია ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და გენერალური პროკურატურის დასახელებით.

5. გენერალურ პროკურატურას  აქვს ლოგო, რომელიც გამოიყენება გენერალური პროკურატურის თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, გენერალური პროკურატურის ბეჭდვით გამოცემებზე, სხვა დოკუმენტებს და საგნებზე.

მუხლი 2. გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპები

გენერალური პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) კანონიერება და სამართლიანობა;

ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;

გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;

დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება;

ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა;

ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.

მუხლი 3. გენერალური პროკურატურის საქმიანობის სფერო

გენერალური პროკურატურა კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას;

დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;

ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ;

ვ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;

ზ) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;

თ) უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ი) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;

კ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, ორგანიზებას უწევს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების და ასეთი მოქმედებების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების თხოვნით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას, ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და სასჯელის მოხდის მიზნით უცხო სახელმწიფოდან საქართველოს მოქალაქის გადმოცემას და ამავე მიზნით უცხო სახელმწიფოსათვის მისი მოქალაქის გადაცემას;

ლ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს;

მ) ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით,  სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

მუხლი 4. გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობა

1. გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობს საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომში – გენერალური პროკურორი),  რომელსაც 6 წლის ვადით საპროკურორო საბჭოს წარდგინებით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, რომლებსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. გენერალური პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

4. გენერალური პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. გენერალური პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 5.გენერალური პროკურატურის სტრუქტურა

1. გენერალური პროკურატურის სტრუქტურა შედგება გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისაგან, რომელთა ამოცანები, ხელმძღვანელობა და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით და გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.

2. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

ბ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

გ) სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი;

დ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ე) საგამოძიებო ნაწილი (დეპარტამენტი);

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი;

ზ) ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ი) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი;

ლ) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;

მ) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ნ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ო) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

პ) ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო;

ჟ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო;

რ) კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველო.

ს) პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი (სამმართველო).

3. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს სამმართველოებად, განყოფილებებად და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად, რომელთა შორის უფლებამოსილებას დებულების შესაბამისად ანაწილებს სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი.

მუხლი 6. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გენერალური პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გენერალური პროკურატურის ურთიერთობების კოორდინაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;

გ) გენერალური პროკურორის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება,  მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიღება-სისტემატიზაცია და ამ განცხადებებზე რეაგირება;

ე) შემოსული დოკუმენტების დროული განხილვისა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზაცია;

ვ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის, დადგენილ ვადაში მათი გავლის, გაფორმებისა და შესრულების კონტროლის რეგულირება;

ზ) საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

თ) საქართველოს პროკურატურის არქივის მუშაობის ორგანიზება.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენა და რეაგირება. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

ბ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური  გადაცდომის, ასევე „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „ი“ და „ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დათხოვნის საფუძვლების გამოვლენის დროს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გენერალური პროკურორისთვის წარდგენა;

გ) პროკურატურის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გენერალური პროკურორისა ან/და პროკურატურის თანამშრომლისთვის  შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;

დ) პროკურატურის ორგანოებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კონტროლის განხორციელება;

ე) პროკურატურის თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოძიების ჩატარება, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა;

ვ) გენერალური პროკურატურის  გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა, გარდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 378-ე, 3781, 3782, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისა;

თ) საპროცესო ხელმძღვანელობის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელთა მიერ არის ჩადენილი; 

ი) პროკურატურის საქმიანობის საჯაროობის, გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;

კ) გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე, მათ შორის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტებზე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ დადგენილ საქმეებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ)  დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ე) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა;

ვ) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.

4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

5. საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) ამოცანებია:

ა) პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების ჩატარება;

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სათანადო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში საქმეებზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება;

გ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის  უზრუნველყოფა;

დ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ე) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიების ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარებისა და გამოძიებისას კანონის მოთხოვნათა ზუსტი და ერთგვაროვანი შესრულების უზრუნველყოფა;

ვ) საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში გამოძიებაზე და პირველი/სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება;

თ) ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და საოლქო პროკურატურების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ი) საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

კ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან ეფექტიანი ბრძოლის წარმართვის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

6. ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

ბ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა პროკურატურის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფის მიზნით;

გ) პროკურატურის საშტატო ნუსხის სისტემატიზაცია და არსებული საჭიროებების აღრიცხვა; საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და მათი განახლების უზრუნველყოფა;

დ) პროკურატურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა, კადრების შერჩევის პროცესის ორგანიზება და მართვა;

ე) პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის მეთოდებისა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანობის რეგულარული შეფასება, მათი სრულყოფის მიზნით;

ვ) პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვა, ამ მხრივ ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა და შესატყვისი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) პროკურატურაში არსებული ადამიანური რესურსის სტაბილურობის ანალიზი, აგრეთვე დინამიკის სტატისტიკური ანალიზი და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება;

თ) სამუშაო პირობების შესახებ პროკურატურის თანამშრომელთა აზრის პერიოდული კვლევა და ანალიზი;

ი) პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის, მათ შორის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ადეკვატურობის ანალიზი და წახალისების სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) პროკურატურაში შეფასების სისტემის დანერგვა;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობა;

მ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის შესაბამისი  მოადგილის ინდივიდუალური აქტების მომზადება და რეგისტრაცია;

ნ) პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმის სრულყოფა;

ო) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემისა და აღრიცხვის ორგანიზება;

პ) შრომითი ხელშეკრულებების დადება;

ჟ) პროკურატურის წარმომადგენლობა სასამართლოში შრომით დავებთან დაკავშირებით;

რ) პროკურატურის სისტემაში სამოქალაქო თავდაცვასა და სამობილიზაციო საქმიანობაზე კონტროლი.

7.  ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ფინანსთა სამინისტროში (გარდა საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) ფინანსთა სამინისტროში (გარდა  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიულ ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) ფინანსთა სამინისტროს (გარდა  საგამოძიებო სამსახურის ტერიტორიული ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოებისა)  მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

8. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემაში  საბიუჯეტო პოლიტიკის  განსაზღვრა;

ბ) პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;

გ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;

დ) არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საბუღალტრო საქმისწარმოების ორგანიზება;

ვ) ლოჯისტიკური საქმიანობის მართვა;

ზ) კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და და შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლი.

9. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) გენერალური პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებულ სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნის გაცემა;

გ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სხვა ორგანოებიდან შესათანხმებლად შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა  სახელმწიფო ორგანოებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან შემოსული მომართვების განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირება;

ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ვ) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა გენერალური პროკურატურის სხვა სტრუქტურული დანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებისა) სასამართლოში პროკურატურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ზ) რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით მსჯავრდებული პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავისა და დაკავშირებული პირის სარგებლობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სარჩელის აღძვრა და სასამართლო პროცესზე წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; აღნიშნულ საქმეებზე საოლქო და რაიონული პროკურორების, აგრეთვე გამომძიებლებისათვის და პროკურატურის სხვა თანამშრომლებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი მითითებებისა და განკარგულებების მიცემა;

თ) სამართლებრივი დახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა შესრულების უზრუნველყოფა;

ი) უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნით საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული პროცედურების განხორციელება;

კ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გაგზავნა;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნასთან და უცხო სახელმწიფოდან მსგავსი მასალების ან მათი დამოწმებული ასლების საქართველოში გადმოგზავნასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება;

მ) საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირთა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება და მათი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსთვის მიწოდება;

ნ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა;

ო) სისხლის სამართლის საქმეთა წარმოების მიზნებისათვის მულტინაციონალურ ინტერნეტსერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ცენტრალური საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება;

პ) ევროინტეგრაციისა და  საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის   სამმართველოს ფუნქციებში შემავალ საკითხებზე კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ჟ) ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

რ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, ასევე საჭიროების შემთხვევაში შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ს) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება  და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება;

ტ) საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის, ინსტიტუციური მოწყობის და პრაქტიკის შესაბამისობის დადგენა და ხარვეზების იდენტიფიცირება;

უ) ამ პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებზე კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების შესწავლა და, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა;

ფ) ამ პუნქტის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე, ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებისა და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი შეფასება;

ქ) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა და ამ ფარგლებში მიღებული დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;

ღ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორის კომისიებში და სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პროკურატურის წარმოდგენა;

ყ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ორგანოებისა და გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებისაგან ინფორმაციის გამოთხოვა.

10. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობა და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

ბ) შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

11. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში;

ბ) საპროკურორო საქმიანობის ანალიზი, ამ საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ზომების მიღება;

დ) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, ამ გზით მიღებული გადაწყვეტილებების პროკურატურის სისტემაში დანერგვა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული „პროკურორთა შეფასების სისტემის“ შესაბამისად;

ვ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის კოორდინაცია და წინადადებების მომზადება აღნიშნული პროგრამის სრულყოფის მიზნით;

ზ) არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის კოორდინაცია;

თ) დანაშაულის ანალიზი;

ი) სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი;

კ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებულ, დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დაწესებულებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ლ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ქართული და უცხოური პრაქტიკის განზოგადება, წინადადებების მომზადება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით;

მ) პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ნ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;

ო) მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა საქმიანობის კოორდინაცია;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გენერალური პროკურორის რეკომენდაციებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, დარღვევების გამოვლენა და წინადადებების მომზადება პროკურორის მიმართ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებაზე;

ჟ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

12. თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან და აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ)  თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ქვემდებარე, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342​​1, 378-ე, 378​​1, 378​​2, 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

13. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

14. საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობების გაღრმავებისა და გენერალური პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ბ)  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის და ჩამოყალიბების მიზნით, საკუთარი კომპეტენციის  ფარგლებში, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება, თემატური მასალების დამუშავება;

გ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ და რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;

ე) გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;

ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა; საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან და სხვა მედიასაშუალებებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;

ზ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით; საზოგადოების ინფორმირებისათვის სოციალური ქსელების გამოყენება და მათი მხრიდან სოციალურ ქსელებში შემოსულ კითხვებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

თ) პროკურატურის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ყოველდღიური მედიამონიტორინგის განხორციელება;

ი) პროკურატურის ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ინფორმაციის მიწოდება გენერალური პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისთვის;

კ) გენერალური პროკურატურის ფოტო- და ვიდეოარქივის შექმნა, დამუშავება და განახლება.

15. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) პროკურატურის ორგანოებში, ასევე დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე შემოსულ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება და მონიტორინგი, წამების, ღირსების შემლახავ და არაჰუმანური მოპყრობისა და დასჯის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

ბ) გენერალური პროკურატურისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დამცველ სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დამცველი სახელმწიფო ორგანოებიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლა და მათზე სათანადო რეაგირება;

დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების შესწავლა, ანალიზი და პროკურორებისათვის რეკომენდაციების შემუშავება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საპროკურორო საქმიანობისას გამოვლენილი დარღვევების მომავალში თავიდან აცილების მიზნით;

ე) შემოსული რეკომენდაციების, განცხადება-საჩივრების და მასალების შესწავლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გამოვლენილი დანაშაულების და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, კონკრეტული წინადადებების შემუშავება და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ვ) ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

ზ) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სასამართლოში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლობა.

16. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანებია:

ა) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ბ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და სასამართლო პროცესების მონიტორინგი;

გ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერ პროკურორთა პროფესიული გადამზადების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;

დ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი და პროკურორებისათვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდებისა და საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სათანადო სტრატეგიის შემუშავების მიზნით;

ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნების პროკურატურების გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში უახლესი მიღწევების დანერგვა;

ვ) გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის დავალებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეებზე   სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ზ) ექვს თვეში ერთხელ გენერალური პროკურორის ან გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

თ) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტური კოორდინაციის მიზნით;

ი)  საჩივრებისა და განცხადებების  განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

17. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის  სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164​1 მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე  და 337-341-ე მუხლებით გათვალისწინებული კორუფციულ და კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ფაქტებზე სრული მოცულობით გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;

ბ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;

გ) სამმართველოს მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

დ) პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიებაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება და პირველი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში  სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;

ე)  საგამოძიებო ორგანოების წარმოებაში არსებულ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების სისტემატიზაცია და ანალიზი ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით;

ვ) კანონით განსაზღვრული ზომების მიღება კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის ფაქტების აღკვეთისა და თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მოქალაქეთა ზეპირი/წერილობითი საჩივრების და განცხადებების განხილვა ცალკეული პირების მიერ კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ფაქტების თაობაზე;

თ) ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფაქტებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული მასალების, სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის, საზოგადოების წარმომადგენელთა შუამდგომლობების, ოპერატიული გზით მოპოვებული ინფორმაციის  განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ი) შესაბამისი ოპერატიული სამსახურებისთვის კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული ცალკეული ფაქტების ოპერატიული გადამოწმებისა და დასაბუთებული ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით კონკრეტული მითითებების მიცემა;

კ) კორუფციასთან  ბრძოლის  მიზნით სახელმწიფო ორგანოების საინფორმაციო სისტემებიდან  ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, შესაბამისი საინფორმაციო სისტემის შექმნა, გამოყენება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისთვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

მ) კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტთან კოორდინაციით, სათანადო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ნ) „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

18. პროგრამული უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრის (სამმართველო) ამოცანებია:

ა) პროკურატურის სისტემის ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სისტემის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;

გ) სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;

დ) ელექტრონულ მონაცემთა ბაზების ფორმირება, სრულყოფაზე ზრუნვა და დაცვა;

ე) პროკურატურის ვებგვერდის მართვა;

ვ) ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება;

ზ) აპარატურისა და სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება;

თ) კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და მათთან თანამშრომლობა;

ი) ვიზუალური კონტროლის საშუალებების ტექნიკური უზრუნველყოფა.

მუხლი 7. გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობანი

გენერალურ პროკურატურას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრებსა და ღონისძიებებში


საქართველოს გენერალური პროკურორიშალვა თადუმაძე