სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-5
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/05/2019
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016058
ნ-5
16/05/2019
ვებგვერდი, 20/05/2019
350080000.64.076.016058
სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-5

2019 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  28-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესი“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



დანართი

 

სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ  სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების პროცედურებს იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 25 ივნისამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები.

მუხლი 2. სტატუსის მინიჭების საფუძველი

1. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭებით დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირმა (შემდგომ - პირი) სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) 2016 წლის 25 ივნისამდე, 7 წლის განმავლობაში გარიგების პარტნიორის სტატუსით,  აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაცია სუბიექტების სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრების, აუდიტორული მომსახურების ხელშეკრულების საგნის და გარიგების პერიოდის მითითებით;

დ) გარიგების პარტნიორის სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომელსაც პირი ადასტურებს განცხადებით თავად (საქმიანობის ინდივიდუალურად განხორციელების შემთხვევაში) ან რომელიც გაცემულია პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონისა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) ან/და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 05 თებერვლის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4(11), 23/02/1999, სარეგისტრაციო კოდი: 350.010.010.05.001.000.488) შესაბამისად რეგისტრირებული  აუდიტორული ფირმის  მიერ;

ე) ინფორმაცია აუდიტორულ ფირმაში მისი ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ 2016 წლის 25 ივნისის შემდგომ პერიოდში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ვ) ინფორმაცია პროფესიულ ორგანიზაციაში წევრობის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. სამსახური უფლებამოსილია, გარიგების პარტნიორის სტატუსით 7-წლიანი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დადასტურების მიზნით,  პირისაგან (საჭიროების შემთხვევაში პროფესიული მომსახურების განმახორციელებელი, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონისა (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.016869) ან/და ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 05 თებერვლის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4(11), 23/02/1999, სარეგისტრაციო კოდი: 350.010.010.05.001.000.488) შესაბამისად რეგისტრირებული აუდიტორული ფირმისაგან, პროფესიული ორგანიზაციისგან ან/და მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოებისაგან) გამოითხოვოს აუდიტის გარიგების დადასტურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.

მუხლი 3. დოკუმენტაციის განხილვა

1. ამ წესის მიზნებისათვის, სამსახურის სისტემაში იქმნება დოკუმენტაციის განმხილველი კომისია.

2. კომისის შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახური.

3. გარდა სამსახურის თანამშრომლებისა, კომისიის შემადგენლობა შესაძლოა დაკომპლექტდეს პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებით და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრებით ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე სხვა პირებით.

4. კომისია იხილავს დოკუმენტაციას და ატარებს  პირთან გასაუბრებას.

5. დოკუმენტაციის განხილვისა და პირთან გასაუბრების შემდეგ, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და სამსახურისათვის წარადგენს რეკომენდაციას.

6. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, სამსახური პირისათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან, ხოლო განცხადების განხილვის ვადის დინების შეჩერების შემთხვევაში, სამსახურის მიერ გათვალისწინებული დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაიზარდოს 3 (სამი) თვემდე.

7. სამსახური/კომისია ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება ობიექტურობის, გამჭვირვალეობის, თანასწორობის და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით.

8. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის განხილვისა და მასზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირს ენიჭება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი.

9. სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს) გასცემს ის პროფესიული ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის პირი.

მუხლი 4. გასაჩივრების წესი

სამსახურის გადაწყვეტილება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების თაობაზე, შესაძლებელია გასაჩივრდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოსა და სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

2018 წლის 1 აპრილამდე გამარტივებული სერტიფიცირების მიზნით სამსახურში წარდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია სამსახურის მიერ მხედველობაში მიიღება პირის მიერ სამსახურისათვის ამ წესის საფუძველზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პირი ვალდებულია დამატებით წარუდგინოს სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.