მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 040010000.10.003.021227
212
30/04/2019
ვებგვერდი, 06/05/2019
040010000.10.003.021227
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №212

2019 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11912 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების თანდართული წესი.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულება

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი (შემდგომში − წესი) არეგულირებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის მიზნით განცხადების წარდგენასთან, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე  შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა წარმოების პროცედურებს.

მუხლი 2. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის პირობები

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი (შემდგომში − სტატუსი) ენიჭებათ:

ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები;

ბ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი ან/და ნაშვილები.

მუხლი 3. კომუნიკაციის სახეები

1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) ან/და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების ან/და განცხადებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განცხადებაში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

2. შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსება დაინტერესებული მხარისათვის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება, რომლის თაობაზეც დაინტერესებული პირის ინფორმირება სავალდებულოა განცხადების წარდგენისთანავე. ეს წესი არ გამოიყენება, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენისას უარს განაცხადებს დოკუმენტის ვებგვერდზე გაცნობაზე.

3. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

მუხლი 4. განცხადების წარდგენის უფლებამოსილება

1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) სტატუსის მაძიებელ პირს;

ბ) მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირის მინდობილ პირს;

დ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

2. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების წარდგენისას, სტატუსის მაძიებელს (განცხადების წარმდგენს) განემარტება განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

მუხლი 5. წარსადგენი დოკუმენტები

1. სტატუსის დადგენის მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტ(ებ)ს:

ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ) სტატუსის მაძიებლის შვილების/ნაშვილები პირების დაბადების მოწმობებს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები;

დ) სხვა ყველა დოკუმენტს, რომლიც აუცილებელია სტატუსის დადგენის ფაქტების უტყუარად დადასტურებისათვის.

2. ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს დამატებით უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. თუ სტატუსის მაძიებლის შვილი/ნაშვილები დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მშობელს/მშვილებელს არ შეუძლია წარადგინოს დაბადების მოწმობა, აღნიშნული დოკუმენტის ნაცვლად შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს, მშობლების ვინაობასა და დაბადების აქტის რეგისტრაციის მონაცემებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა ან/და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

5. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა წარედგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანით. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესრულებული თარგმანი სააგენტოს წარედგინება ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები სააგენტოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით  დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით, დედნის წარდგენის გარეშე, თუ  შესაძლებელია  ამ  დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები   მატერიალური  ან  ელექტრონული ფორმით  უნდა  დაერთოს  შესაბამის საქმისწარმოების მასალებს.  

მუხლი 6. განცხადების განხილვა

1. სტატუსის დადგენის თაობაზე საქმისწარმოების დაწყების საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია, სტატუსის მაძიებლის შვილის/ნაშვილების უცხო ქვეყანაში გაცემულ დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მონაცემების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, სხვა ქვეყნის ან/და საქართველოს უფლებამოსილი ორგანოდან გამოითხოვოს/გადაამოწმოს  შესაბამისი ინფორმაცია.

3. სტატუსის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს წარუდგინოს სტატუსის დასადგენად საჭირო ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ასევე ითანამშრომლოს სტატუსის დადგენის მიზნით საჭირო გარემოებების დასადგენად, დასადასტურებლად და გადასამოწმებლად.

4. ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, სააგენტოს ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს  წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური  მონაცემები), რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სტატუსის დადგენის საკითხის გადაწყვეტაზე.

მუხლი 7. გადაწყვეტილება სტატუსის დადგენის შესახებ

1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს. თუ სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არა უმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე. თუ ამ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტი (ინფორმაცია) ვერ იქნება მიღებული, სააგენტო ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

2. სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილი და სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მოპოვებული დოკუმენტების (ინფორმაციის) საფუძველზე, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური გამოსცემს გადაწყვეტილებას (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სტატუსის მაძიებლისთვის სტატუსის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

3.  გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე. ვებგვერდზე ქვეყნდება ასევე ცნობა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ.

4. მოთხოვნის შემთხვევაში, გადაწყვეტილება/ცნობა გადაეცემა პირადად განმცხადებელს ან მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირს.    

5. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს სტატუსის მაძიებლის იმ შვილის/ნაშვილების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის გამოც პირს დაუდგინდება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი.

მუხლი 8. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება და საქმისწარმოების შეწყვეტა

1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული, თუ:

ა) სტატუსის მაძიებელი არ ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაც საჭიროა სტატუსის დადგენისთვის საჭირო გარემოებების გამოსავლენად;

ბ) უცხო ქვეყნიდან დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, წარმოების დასრულებამდე სამსახურმა ვერ მიიღო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინფორმაცია) და ამის გამო მშობელი ვეღარ აკმაყოფილებს სტატუსის დადგენისათვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;

გ) სტატუსის მაძიებელმა მოითხოვა განცხადების განუხილველად დატოვება.

2. განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერდება და განახლდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

3. სტატუსის დადგენის შესახებ საქმისწარმოება შეწყდება, თუ:

ა) სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა;

ბ) გარდაიცვალა სტატუსის მაძიებლის შვილი/ნაშვილები, რომელთან დაკავშირებითაც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენას და მშობელი ვეღარ აკმაყოფილებს სტატუსის დადგენისათვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;

გ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილება სტატუსის მაძიებლის ან/და მისი შვილის/ნაშვილების გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ და მშობელი ვეღარ აკმაყოფილებს სტატუსის დადგენისათვის კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

მუხლი 9. სტატუსის დადგენაზე უარის თქმის საფუძვლები

1. სტატუსის მაძიებელს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ:

ა) შესაბამისი წესით ბათილად იქნა ცნობილი შვილად აყვანის ფაქტი;

ბ) გაშვილდა ბავშვი, რის საფუძველზეც სტატუსის მაძიებელი ითხოვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენას;

გ) მოძიებულ იქნა სტატუსის მაძიებლის შვილის/ნაშვილების დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც პირი, რომელიც ითხოვს სტატუსის დადგენას, არ ფიქსირდება მშობლად;

დ) სტატუსის მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;

ე) სტატუსის მაძიებელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;

ვ) სტატუსის მაძიებელმა სტატუსის დასადგენად წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ;

ზ) პირი არ აკმაყოფილებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. თუ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეიცვალა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილების გამოტანის დღეს არსებული გარემოებები.

მუხლი 10. სტატუსის გაუქმება

1. პირისათვის ამ წესის შესაბამისად მინიჭებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი უქმდება, თუ დადასტურდება, რომ არსებობს ან თავიდანვე  არსებობდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რაც გამორიცხავს ამ პირისათვის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის არსებობას.

2. სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური წერილობითი ფორმით, შესაბამისი გარემოებების გამოვლენიდან ან განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ სტატუსის გაუქმების შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არა უმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე. თუ ამ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტი (ინფორმაცია) ვერ იქნება მიღებული, სააგენტო ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ დროისათვის შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე.

3. ადმინისტრაციული ორგანოები, თუ მათთვის ცნობილია, ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ სტატუსის გაუქმების საფუძვლების შესახებ და მიაწოდონ სათანადო დოკუმენტ(ებ)ი.

მუხლი 11. სტატუსის გაუქმების წესი

1. სააგენტო უფლებამოსილია, ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-9 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, დაიწყოს წარმოება სტატუსის გაუქმების თაობაზე. წარმოების დაწყების საფუძველი ასევე შესაძლებელია, იყოს დაინტერესებული პირის განცხადება.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია, საკუთარი ინიციატივით საქმისწარმოების დაწყების თაობაზე აცნობოს სტატუსის მქონე პირს (პირის კანონიერ წარმომადგენელს) ან/და მხარდამჭერს და ჩართოს იგი საქმისწარმოებაში. საქმისწარმოების დაწყების შესახებ სამსახური იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. ხოლო, თუ წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე და ითვლება ჩაბარებულად.  დაინტერესებული პირის მოთხოვნით გადაწყვეტილება შეიძლება გადაეცეს პირადად განმცხადებელს ან მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირს.

3. თუ საქმისწარმოებაში ჩართვის მიზნით ვერ ხდება დაინტერესებული პირის მოძიება, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია,  განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი პირის მონაწილეობის გარეშე.

4. თუ სტატუსის მქონე პირი თავს არიდებს სტატუსის გაუქმების თაობაზე საქმისწარმოებაში მონაწილეობას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი დაინტერესებული პირის მონაწილეობის გარეშე.

მუხლი 12. სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების ხელახლა გამოცემა

1. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება ხელახლა გამოიცემა, თუ:

ა) მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირს სურს,  გადაწყვეტილებაში დაემატოს მისი იმ შვილის/ნაშვილების შესახებ მონაცემები, რომელიც არ იყო ასახული გადაწყვეტილებაში;

ბ) შეიცვალა სტატუსის მქონე პირის ან/და მისი შვილის/ნაშვილების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა გარემოება, რომელიც წარმოადგენდა სტატუსის დადგენის საფუძველს.

2. გადაწყვეტილების ხელახლა გამოცემა იწვევს წინა გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას.  

3. თუ გადაწყვეტილების ხელახლა გამოცემის შესახებ წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ახალი გადაწყვეტილება მიიღება 30-ე დღეს.

4. გადაწყვეტილების ხელახლა გამოცემის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იწყებს წარმოებას საკუთარი ინიციატივით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება გამოიცემა 30 დღის ვადაში.

5. ხელახალი გადაწყვეტილების გამოცემისას ვრცელდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი.

მუხლი 13. სტატუსის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისა და გასაჩივრების წესი

1. სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების, საქმისწარმოების შეწყვეტის, სტატუსის დადგენის, სტატუსის დადგენაზე უარის თქმის ან სტატუსის გაუქმების შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სააგენტოში, კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 14. სტატუსის შესახებ ცნობის განმეორებით გაცემის წესი

1. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობა განმეორებით გაიცემა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე. 

2. ცნობის განმეორებით გაცემაზე მოთხოვნის წარდგენისა და ცნობის მიღების უფლებამოსილება გააჩნიათ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

3. ცნობის განმეორებით გაცემაზე მოთხოვნა წარედგინება და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური.

4. ცნობის განმეორებით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობა გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში.

  მუხლი 15. სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა წარმოების წესი

1. მონაცემების წარმოება გულისხმობს შესაბამის ელექტრონულ რეესტრში პირთა შესახებ მონაცემების შეყვანასა და მის წარმოებას. სააგენტო უზრუნველყოფს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა ელექტრონული რეესტრის წარმოებას (რეესტრის ფორმირებას, მასში მონაცემების შეყვანასა და ცვლილებათა ასახვას).

2. სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონულ რეესტრში არსებულ მონაცემებთან დაშვებისა და მათი დამუშავების საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.

3. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის ან/და გაუქმების მიზნებისათვის, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდონ მათთან არსებული პერსონალური მონაცემები.

მუხლი 16. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის ან/და გაუქმების შესახებ ფორმები

1.  მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის ან/და გაუქმების  შესახებ განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

2. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ ცნობის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.