დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4550-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/05/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 150000000.04.001.017919 |
|
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 141 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) უფლებამოსილია, როგორც მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;“. 2. მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო დაწესებულებას ან თანამდებობის პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა; გ) ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე;“. 3. 201 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 201 განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, თანამდებობის პირს, ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს სთავაზობს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მის შედეგად დარღვეული თანასწორობის აღსადგენად ღონისძიებების განხორციელებას მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.“. 4. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადამიანის დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღსადგენად წინადადებები და რეკომენდაციები გაუგზავნოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო დაწესებულებას ან თანამდებობის პირს, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირს, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, პირთა გაერთიანებას იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტს, რომლის მოქმედებამაც გამოიწვია სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;“. 5. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ.“. 6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ფიზიკურ პირზე, სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნზე, პირთა გაერთიანებაზე იურიდიული პირის შეუქმნელად და მეწარმე სუბიექტზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით თავის უფლებამოსილებას ახორციელებს.“. 7. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24 სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებებს ან რეკომენდაციებს მიიღებს, ვალდებულია განიხილოს ისინი და საქართველოს სახალხო დამცველს 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს განხილვის შედეგები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 3 მაისი 2019 წ. N4550-IIს |
დოკუმენტის კომენტარები