დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 199 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/04/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.021214 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/04/2019 - 04/12/2023)
|
დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული – „დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი აგვისტოდან.
|
|
დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობები (შემდგომში – წესი) არეგულირებს დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების პირობებს, მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ამ წესის მიზანია დეკორატიული მცენარეების გასამრავლებელი მასალის (შემდგომში – გასამრავლებელი მასალა) ბაზარზე განთავსებისთვის შესაბამისი პირობების შემუშავება. 2. ეს წესი ვრცელდება ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილ გასამრავლებელ მასალაზე. 3. ეს წესი არ ვრცელდება: ა) გასამრავლებელი მასალის ექსპორტზე; ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ გასამრავლებელ მასალაზე. 4. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება გასამრავლებელ მასალაზე, რომელიც განკუთვნილია: ა) ცდის, სამეცნიერო ან კვლევითი მიზნებისთვის; ბ) გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დეკორატიული მცენარეები – კულტურული და ველური მცენარეების ჯგუფი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით იყოფა რამდენიმე ჯგუფად: ხეები და ბუჩქები, მრავალწლოვანი, ორწლოვანი, ერთწლოვანი, ბალახოვანი, მარცვლოვანი, ბოლქვოვანი და სხვა მცენარეები; ბ) გასამრავლებელი მასალა – დეკორატიული მცენარის ცალკეული ნაწილები ან მთლიანად მცენარეული მასალა, მათ შორის, საძირეები, რომლებიც განკუთვნილია დეკორატიული მცენარეების გამრავლებისთვის, წარმოებისა და ბაზარზე განთავსებისათვის; გ) გამრავლება – დეკორატიული მცენარეების გავრცელება ვეგეტატიური ნაწილებით ან სხვა საშუალებებით; დ) პარტია – ერთი საქონლის საცალო რაოდენობა, რომელიც განსაზღვრულია მისი შემადგენლობისა და წარმოშობის ერთგვაროვნების მიხედვით; ე) კრიტიკული წერტილი – ეტაპი, რომელზეც შესაძლებელია გასამრავლებელ მასალაზე შიდა საწარმოო კონტროლის გამოყენება ფიტოსანიტარიული რისკის თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ვ) ბაზარზე განთავსება – გასამრავლებელი მასალის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება ან მარაგში არსებობა, გაყიდვის მიზნით განთავსება და გასაყიდად შეთავაზება. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 4. გასამრავლებელი მასალისადმი დაწესებული მოთხოვნები 1. გასამრავლებელი მასალა გამოყენების დროს უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესითა და მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ბაზარზე განთავსებისას გასამრავლებელი მასალა: ა) ვიზუალური შემოწმებისას არ უნდა იყოს დასნებოვნებული მავნე ორგანიზმით ან მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს მავნე ორგანიზმებით დაზიანების სიმპტომები; ბ) არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფიზიკური დეფექტი, რომელიც გავლენას იქონიებს მის სიცოცხლისუნარიანობასა და გამრავლების უნარზე; გ) თესლის შემთხვევაში, უნდა იყოს აღმოცენების უნარის მქონე; დ) უნდა იყოს ჯიშობრივად იდენტური და წმინდა, თუ ის ბაზარზე განთავსებულია ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად. 3. ნებისმიერი გასამრავლებელი მასალა, რომელშიც აღმოჩნდება მავნე ორგანიზმები, სათანადოდ უნდა დამუშავდეს ან, საჭიროების შემთხვევაში, განადგურდეს. 4. ციტრუსების შემთხვევაში, გასამრავლებელი მასალა ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მიღებული უნდა იყოს ისეთი საწყისი გასამრავლებელი მასალისაგან, რომელზეც შემოწმების შემდეგ არ გამოვლენილა ვირუსის, ვირუსის მსგავსი ორგანიზმების ან სხვა დაავადებების სიმპტომები; ბ) ბიზნესოპერატორის მიერ უნდა შემოწმდეს და დადგინდეს, რომ გასული წლის ვეგეტაციიდან დაწყებული გასამრავლებელი მასალა პრაქტიკულად თავისუფალია ვირუსების, ვირუსისმაგვარი ორგანიზმების ან სხვა დაავადებებისაგან; გ) დამყნობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ვიროიდებისაგან თავისუფალი საძირე. 5. ყვავილების ბოლქვების გასამრავლებელი მასალა პირდაპირ უნდა იყოს მიღებული ისეთი მასალისგან, რომელიც ვეგეტაციის პერიოდში იყო გამოკვლეული და დადგინდა, რომ ის პრაქტიკულად თავისუფალია რაიმე სახის მავნე ორგანიზმებისაგან, მათი ნიშნებისგან ან სიმპტომებისგან. მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები 1. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორს, თუ მის მიერ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი გასამრავლებელი მასალა აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ბიზნესოპერატორი ვალდებულია: ა) წარმოების პროცესში განსაზღვროს და შეამოწმოს კრიტიკული წერტილები, რომლებიც გავლენას ახდენს გასამრავლებელი მასალის ხარისხზე; ბ) საჭიროების შემთხვევაში, აიღოს ნიმუში აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) უზრუნველყოს, რომ წარმოების პროცესში გასამრავლებელი მასალის პარტიები იყოს იდენტიფიცირებადი; დ) გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსებისას მათი ყიდვა-გაყიდვის თაობაზე აწარმოოს ჩანაწერები და შეინახოს, სულ მცირე, 12 თვის განმავლობაში; ე) აწარმოოს ჯიშების რეესტრი, ჯიშების ჩამონათვალის, მათი დეტალური აღწერილობისა და სახელწოდების მითითებით; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ჩანაწერები ამ პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტიკული წერტილების შემოწმების შედეგების, ჯიშების ჩამონათვალის, მათი დეტალური აღწერილობისა და სახელწოდების შესახებ, მიაწოდოს ინფორმაცია გასამრავლებელი მასალის მოყვანისთვის განკუთვნილ ფართობზე გამოვლენილი რეგულირებადი მავნე ორგანიზმების შესახებ და გაატაროს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები. მუხლი 6. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსება, ეტიკეტირება 1. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსება უნდა მოხდეს პარტიებად. დასაშვებია გასამრავლებელი მასალის სხვადასხვა პარტიის დაჯგუფება და ბაზარზე განთავსება, ამასთან დაკავშირებით ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს და შეინახოს პარტიის შემადგენლობისა და წარმოშობის თაობაზე ჩანაწერები. 2. გასამრავლებელ მასალას ბაზარზე განთავსებისას თან უნდა ახლდეს ეტიკეტი ან „ტექნიკური რეგლამენტის − დაცული ზონისა და მცენარის პასპორტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №591 დადგენილების შესაბამისად – მცენარის პასპორტი. 3. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსება უნდა მოხდეს ჯიშის მითითებით, თუ ეს ჯიში: ა) აკმაყოფილებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, როგორც ახალი ჯიში; ბ) ოფიციალურად რეგისტრირებულია; გ) საყოველთაოდ ცნობილია; დ) შეტანილია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რეესტრში. 4. თუ გასამრავლებელი მასალა ბაზარზე განთავსებულია არა ჯიშის, არამედ მცენარეთა ჯგუფის მიხედვით, ბიზნესოპერატორმა უნდა მიუთითოს მცენარეთა ეს ჯგუფი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ჯიშის სახელწოდების არევა. მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი 1. გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსებისას ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. თუ აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული გასამრავლებელი მასალა არ შეესაბამება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები. 3. საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მოთხოვნებთან გასამრავლებელი მასალის შესაბამისობის შემოწმების მიზნით, აღებული უნდა იქნეს ნიმუშები ლაბორატორიული გამოკვლევებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები