ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/3/1263
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 18/04/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016398
1/3/1263
18/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
000000000.00.000.016398
ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/1263

  2019 წლის 18 აპრილი

  ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის – ირაკლი ხვედელიძის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – გიორგი ჩიფჩიური.

I
აღწერილობითი ნაწილი

1.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1263) მიმართა საქართველოს მოქალაქე ირაკლი ხვედელიძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 9 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2018 წლის 2 მარტის №1/2/1263 საოქმო ჩანაწერით მიიღო საქმე არსებითად განსახილველად. №1263 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 26 აპრილს.

2. №1263 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).

4.  მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

6. №1263 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ირაკლი ხვედელიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 ივნისის დადგენილებით ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, რისთვისაც დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ამავე დადგენილებით მოსარჩელეს განემარტა დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

7. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ირაკლი ხვედელიძეს გაეგზავნა მისი გამოტანიდან მე-12 დღეს. მოსარჩელემ აღნიშნული დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა 2016 წლის 6 ივლისს, ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის დადგენილებით, ირაკლი ხვედელიძის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საჩივრის ავტორს დადგენილება უნდა გაესაჩივრებინა მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, ანუ იმ ვადაში, რომელიც დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით. ვინაიდან საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, პირის მიერ გაშვებულ იქნა საჩივრის წარდგენის ვადა, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლო დავის განმხილველი საბოლოო ინსტანციაა.

8.  მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა ადგენს დადგენილების გასაჩივრების 10-დღიან ვადას. ამავდროულად, გასაჩივრების ვადის ათვლა ხდება არა დადგენილების ჩაბარების, არამედ მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სარეზოლუციო ნაწილში ასახულია მხოლოდ ის, თუ რა სახის სახდელი დაეკისრა სამართალდამრღვევად ცნობილ პირს, ხოლო ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რომლებიც საფუძვლად დაედო პირის სამართალდამრღვევად ცნობას, მოცემულია დადგენილების სამოტივაციო ნაწილში. შესაბამისად, მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ არის სამართალდამრღვევისთვის შესაძლებელი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული საჩივრით და გააქარწყლოს დადგენილების მიღების მოტივები. სადავო ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ სამართალდამრღვევმა სამოტივაციო ნაწილი მიიღოს გასაჩივრების 10-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, როგორც ეს მოსარჩელის შემთხვევაში მოხდა, ხოლო გასაჩივრების ვადის ათვლა უკავშირდება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მხარისთვის ჯერ კიდევ უცნობია დადგენილების მიღების სამართლებრივი დასაბუთება და იგი ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს დასაბუთებული საჩივრით.

9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პირს შეუძლია, გაასაჩივროს დადგენილება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის მოთხოვნას. იმ პირობებში, როდესაც მხარისთვის უცნობია სასამართლოს მოტივაცია და სამართლებრივი არგუმენტაცია, დიდია იმის ალბათობა, რომ იგი ვერ შეძლებს საჩივრის სათანადოდ დასაბუთებას, რაც გამოიწვევს მის დაუშვებლად ცნობას. სხვა შემთხვევაში მხარეს შეუძლია, არ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი დადგენილება მანამ, სანამ არ ჩაბარდება დასაბუთებული დადგენილება. თუმცა ამ დროისათვის შესაძლებელია, გასული იყოს გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადები, რაც ასევე საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში პირი მოკლებულია რეალური გასაჩივრების შესაძლებლობას.

10. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრების უფლება არ არის აბსოლუტური და მისი გონივრული ვადებით შეზღუდვა ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიც არის სამართლებრივი უსაფრთხოება და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამასთან, ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს მისი ბლანკეტური შინაარსი. კერძოდ, ნორმა არ შეიცავს პროცესუალური დაცვის საშულებებს იმგვარ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო თავად არღვევს კანონს და დასაბუთებულ დადგენილებას გასცემს კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

11. მოსარჩელის განმარტებით, მართალია, კანონის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, დადგენილების გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში გასცეს მისი ასლი, თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლების მიერ საპროცესო ვადის დაცვის კონტროლის ეფექტურ და გამჭვირვალე მექანიზმებს. მოსარჩელის პოზიციით, კანონმდებელმა უნდა შექმნას ისეთი რეგულაცია, რომლის პირობებშიც უზრუნველყოფილი იქნება გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია და სასამართლოს მხრიდან საპროცესო ვადის დარღვევა ნეგატიურად არ აისახება მხარის უფლებებზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმით გათვალისწინებული გასაჩივრების 10-დღიანი ვადა ბლანკეტურად უკავშირდება დადგენილების გამოტანის მომენტს და არ ითვალისწინებს ამ ვადის გაგრძელების ან შეჩერების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მხარეს კანონით განსაზღვრულ ვადაში არ ჩაბარდა დასაბუთებული დადგენილება. ხსენებული კი, თავის მხრივ, იწვევს სასამართლოს აქტის გასაჩივრების კონსტიტუციური უფლების დარღვევას.

12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება სასამართლო დარბაზში სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვის მომენტიდან და არა დასაბუთებული დადგენილების მოსარჩელისთვის ჩაბარებიდან. მოსარჩელის პოზიციით, მის პრობლემას ვერ გადაჭრის ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მხარეს დაუდგინოს ხარვეზი და მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი არგუმენტაცია წარადგინოს დადგენილების სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საპროცესო კანონმდებლობა აპელანტს ერთმნიშვნელოვნად აკისრებს ვალდებულებას, მიუთითოს, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა. დასახელებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხარვეზის დადგენა და მხარისათვის დასაბუთების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება კი მხოლოდ ცალკეული მოსამართლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული კი ვერ გახდება მისი უფლებების დაცვის მყარი პროცესუალური გარანტია.

13. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

14. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალდამრღვევი სავალდებულო წესით ესწრება სხდომას, აქედან გამომდინარე, მისთვის ცნობილია ის არგუმენტები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილება. სხდომის პროცესში პირი ისმენს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, ამავდროულად, სხდომის დასრულებისთანავე საქმის განმხილველი მოსამართლე აცხადებს სარეზოლუციო ნაწილს, განუმარტავს მას დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობას და აგრეთვე უფლებამოსილია განუმარტოს, თუ რის საფუძველზე მოხდა მის წინააღმდეგ დადგენილების გამოტანა. აქედან გამომდინარე, არასწორია აპელირება იმაზე, რომ მხარისთვის ცნობილი არ არის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და არ შეუძლია დასაბუთებული საჩივრის წარდგენა.

15. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ საპროცესო ვადების დარღვევა და დასაბუთებული დადგენილების დათქმულ დროში ჩაუბარებლობა გამონაკლისი შემთხვევაა. შესაბამისად, ამ დროს მხარე ვალდებულია, დაიცვას გასაჩივრების ვადები, სავარაუდო არგუმენტაციაზე დაყრდნობით წარადგინოს ნაკლებად დასაბუთებული ან საერთოდაც დაუსაბუთებელი საჩივარი და მიუთითოს, რომ არ ჩაბარებია დასაბუთებული დადგენილება. ასეთ შემთხვევებში სასამართლო ითვალისწინებს ამ გარემოებას და დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არ ცნობს საჩივარს დაუშვებლად დაუსაბუთებლობის მოტივით. აღნიშნული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკაა და სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის დარღვევის შემთხვევაში ნაკლებად დაუსაბუთებელი საჩივრის წარდგენა ნეგატიურად არ აისახება აპელანტის შემდგომ საპროცესო გარანტიებზე.

16. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სასამართლო გადაწვეტილების ეფექტური აღსრულება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და მასზე დროული რეაგირება, რაც, საბოლოოდ, ემსახურება ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებას. ამრიგად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადების ათვლას გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან აქვს მკაფიოდ დადგენილი ლეგიტიმური მიზანი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა და სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალებაა.

17. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

კონსტიტუციური დებულების ცვლილება

1.  №1263 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად გადაწყვეტის მომენტისათვის დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვს.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. აღნიშნული უფლება აღიარებულია საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო

3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

4. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს უფლების დაცვის შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მართლმსაჯულების ინსტიტუციური გარანტიების, საერთო სასამართლოს სისტემის მეშვეობით. აღნიშნული, მათ შორის, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებას საერთო სასამართლოთა სისტემაში, ხოლო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ამავე სისტემის ზემდგომ ინსტანციაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

6. კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა.

7. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.

სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

8. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა).

9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა და კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად კი, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

10. მოსარჩელისთვის პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების წესი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც შეეხება სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების წესს.

11. ამავდროულად, მოსარჩელისათვის პრობლემური არ არის დადგენილების გასაჩივრების კონკრეტული, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადა. იგი ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმის გამო, რომ დადგენილების გასაჩივრების ვადა აითვლება არა დასაბუთებული დადგენილების პირისათვის ჩაბარების, არამედ მისი მიღების, გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმით დადგენილი გასაჩივრების ვადის ათვლის კონსტიტუციურობას სწორედ ამ კონტექსტში შეაფასებს.

12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე გამოკვლეული მასალების, მათ შორის, მოსარჩელის მიმართ მიღებული დადგენილების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შესაძლებელია, გამოცხადდეს მხოლოდ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დადგენილების ასლი 3 დღის ვადაში ჩაბარდება ან გაეგზავნება პირს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება. ამრიგად, შესაძლებელია, გამოცხადდეს მხოლოდ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, პირს დასაბუთებული დადგენილება ჩაბარდება 3 დღის ვადაში.

13.  მოსარჩელის მითითებით, სასამართლო სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, სასამართლო მხარეს დასაბუთებულ დადგენილებას არ აბარებს კანონით განსაზღვრულ ვადაში. ამასთან, დადგენილების გასაჩივრების ვადის დინება იწყება დადგენილების გამოცხადების მომენტიდან და არსებობს შესაძლებლობა, ისე გავიდეს გასაჩივრების ათდღიანი ვადა, რომ პირს არ ჰქონდეს ჩაბარებული მის მიმართ მიღებული დასაბუთებული დადგენილების ასლი. აქედან გამომდინარე, მას ერთმევა შესაძლებლობა, კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული დადგენილების გაცნობის შემდეგ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი.

14. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, დადგენილების გასაჩივრების ათდღიანი ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა, იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა). მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიმართ მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის დადგენილება, რომელშიც განმარტებულია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა ... გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განმარტებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენა სადავო ნორმით დადგენილი ათდღიანი ვადის დარღვევით, გამოიწვევს მის განუხილველად დატოვებას, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოხდა ამ ვადის დარღვევა. ამავე დროს, სასამართლოს მიერ მხედველობაში არ მიიღება ის გარემოება, რომ პირმა დადგენილ ვადაში გასაჩივრება ვერ შეძლო დასაბუთებული დადგენილების ჩაუბარებლობის გამო. ამასთან, დასაბუთებული დადგენილების არარსებობა განაპირობებს ისეთ მოცემულობას, რომ პირი ვერ წარადგენს არგუმენტირებულ სააპელაციო საჩივარს.

16. ამრიგად, დადგენილების გასაჩივრების კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებობს ალბათობა, ისე გავიდეს გასაჩივრების ათდღიანი ვადა, რომ პირს მითითებულ ვადაში არ ჩაბარდეს დასაბუთებული დადგენილება, რაც განაპირობებს იმ გარემოებას, რომ მისთვის უცნობია, თუ რა ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე დაედო ადმინისტრაციული სახდელი. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მხარისათვის პროცესზე დასწრება სავალდებულოა და, შესაბამისად, მას პროცესის განმავლობაში, პოზიციების მოსმენიდან გამომდინარე, გარკვეული წარმოდგენა აქვს, თუ რა საფუძვლებს შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო დადგენილების გამოტანისას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო არ აფიქსირებს მის სამართლებრივ პოზიციას. შესაბამისად, მხარემ, დასაბუთებული დადგენილების გაცნობის გარეშე, შეუძლებელია იცოდეს, თუ რომელი არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ ან რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს დააფუძნა პირის სამართალდამრღვევად ცნობის გადაწყვეტილება.

17. შესაბამისად, არსებობს იმის ალბათობა, რომ სასამართლოს მიერ პირისათვის დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მან დაკარგოს კანონით დადგენილ ვადაში სათანადოდ არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. მოპასუხის მითითებით, ასეთ შემთხვევაში რჩება საშუალება, რომ პირმა გასაჩივრების ვადის გასვლამდე სათანადო არგუმენტაციის გარეშე, ფორმალურად წარადგინოს სააპელაციო საჩივარი და მისთვის დასაბუთებული დადგენილების ჩაბარების შემდგომ დაურთოს შესაბამისი არგუმენტაცია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაბუთების ვალდებულება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ სასამართლოს მიერ საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუსაბუთებლად და დარჩეს განუხილველი. მოპასუხის არგუმენტაციით, ასეთ შემთხვევებში სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს იმ გარემოებას, რომ პირს არ ჩაბარებია დასაბუთებული დადგენილება და არ იტყვის უარს საჩივრის განხილვაზე.

18.  საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან გამოითხოვა სასამართლო პრაქტიკა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამ კატეგორიის საქმეებზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრები მიუჩნევია თუ არა დაუშვებლად დაუსაბუთებლობის მოტივით იმ საფუძვლით, რომ საჩივარი არ შეიცავს მითითებას, რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად, რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი) და მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, ასევე მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) და ზემოხსენებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იყენებს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ ხარვეზის დადგენის ინსტიტუტს. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების პრაქტიკის შესწავლით იკვეთება, რომ საერთო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ სააპელაციო საჩივარზე არ დაუდგენია ხარვეზი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გამოსწორების მიზნით და არც ერთი საჩივარი არ მიუჩნევია დაუშვებლად დაუსაბუთებლობის მოტივით.

19. ამრიგად, სადავო ნორმის, კანონმდებლობისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დადგენილების გასაჩივრების მსურველ პირს გასაჩივრების ვადის გასვლამდე - დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უფლება აქვს, წარადგინოს სააპელაციო საჩივარი სათანადო დასაბუთების გარეშე, ხოლო დასაბუთებული დადგენილების მიღების შემდგომ ეძლევა შესაძლებლობა, დადგენილების დასაბუთებიდან გამომდინარე, წარადგინოს არგუმენტაცია მისი უკანონობის შესახებ.

20. სადავო ნორმით განსაზღვრული წესი ადგენს გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის ხელშემშლელ ბარიერებს, კერძოდ, პირს ართმევს შესაძლებლობას, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს დასაბუთებულ დადგენილებას, მისი შინაარსის მიხედვით გადაწყვიტოს, სურს თუ არა გასაჩივრება და წარადგინოს არგუმენტირებული/დასაბუთებული საჩივარი. სასამართლოს დასაბუთებული დადგენილების გაცნობის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება პირის სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. დასაბუთებული დადგენილების გაცნობისას პირი იღებს ინფორმაციას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება სასამართლოს დადგენილება. დადგენილების დასაბუთებულობის გარეშე შეუძლებელია, პირმა განსაზღვროს სასამართლოს მსჯელობის კანონიერება და მოითხოვოს დაშვებული სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება. ამრიგად, დასაბუთებული დადგენილების გაცნობის შესაძლებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გასაჩივრების უფლების ეფექტურობასა და ქმედითობას, ამასთან, ამარტივებს დადგენილების კანონიერების შემოწმებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული რეგულაციით იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობის შემთხვევაში პირს არ აქვს შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებას, სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და ამის შემდეგ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილების ჩაბარების ვადის დარღვევისას, პირს უწევს ჯერ ფორმალურად წარადგინოს საჩივარი, ხოლო შემდეგ მისი არგუმენტირებული/დასაბუთებული ვერსია შეიტანოს სასამართლოში, რაც გარკვეულწილად აფერხებს გასაჩივრების უფლების ეფექტურ რეალიზაციას და ქმნის ამ უფლებით სარგებლობის დამაბრკოლებელ დამატებით ბარიერს. აქედან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის პროცესისათვის დადგენილი ბარიერი, ვინაიდან პირს არ აქვს შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადის გასვლამდე გაეცნოს დასაბუთებულ დადგენილებას, მისი შინაარსის მიხედვით გადაწყვიტოს, სურს თუ არა გასაჩივრება და წარადგინოს არგუმენტირებული/დასაბუთებული საჩივარი. შესაბამისად, იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი - ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა.

შეფასების ტესტი

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების დიდი მნიშვნელობისა, იგი არ არის აბსოლუტური და „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

ლეგიტიმური მიზანი

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება.

24.  მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, გასაჩივრების ვადის ათვლა დადგენილების გამოტანის თარიღიდან ემსახურება ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი და დროული გამოტანა.

25. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტებია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდან მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

26. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შესაძლებელია, შეიზღუდოს თავად გასაჩივრების მსურველი პირის სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გაუმართლებელია პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მისივე ინტერესებზე მითითებით. როდესაც საქმის განხილვის სწრაფად დასრულება თავად პირის ინტერესებშია, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს საქმის ხელოვნურად გახანგრძლივების მოტივაცია. პირიქით, ასეთ შემთხვევაში იგი თავად უკეთ გადაწყვეტს, მის რომელ ინტერესს მიანიჭოს უპირატესობა და რა მოცულობით ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება საქმეზე „ააიპ „ფრემა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). მოსარჩელის ჩაყენება იმგვარ მდგომარეობაში, რომ მან დაწესებული ბარიერების გამო სრულყოფილად ვერ ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით და მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის მას სწრაფად დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვერ იქნება განხილული როგორც მისი სწრაფი მართლმსაჯულების უფლებიდან მომდინარე მოთხოვნა.

27. ამავე დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება ადგენს არა მხოლოდ სამართალდამრღვევის ვალდებულებას, თუ რა წესით გაასაჩივროს დადგენილება, არამედ ასევე მიემართება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს - სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებითაც ხდება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობა. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების შესაბამისად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. ხელისუფლების ბოჭვის ანალოგიურ დანაწესს ადგენდა 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის რედაქციის მე-7 მუხლი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-5). ამრიგად, სახელმწიფო არა ძირითადი უფლებების სუბიექტია, არამედ - იგი თავად არის ამ უფლებებით შებოჭილი. შესაბამისად, სახელმწიფო ვერ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლების სუბიექტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზანი ვერ გამოდგება სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად.

28. ამასთანავე, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად დასახელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი და დროული გამოტანა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამა თუ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება და მის ჩამდენთათვის პასუხისმგებლობის სწრაფად და დროულად დაკისრება (სახდელის დადება) ემსახურება უაღრესად მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას და ნამდვილად უნდა ჩაითვალოს ისეთ ლეგიტიმურ მიზნად, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.

გამოსადეგობა

29. თანაზომიერების პრინციპის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ უფლებაშემზღუდველი ღონისძიება იყოს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება. „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

30. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმის თანახმად და საერთო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა აუცილებელია, მოხდეს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში, იმის მიუხედავად, ჩაბარდა თუ არა პირს დასაბუთებული დადგენილება. ამასთან, კანონმდებლობისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის გათვალისწინებით, პირისთვის დასაბუთებული დადგენილების დაგვიანებით ჩაბარება გავლენას არ ახდენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლაზე (გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება დასაბუთებული დადგენილების ჩაბარების მომენტიდან). შესაბამისად, გასაჩივრების მსურველი პირი იძულებული ხდება, დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი არგუმენტაციის გარეშე და სათანადო არგუმენტაცია დაურთოს დასაბუთებული დადგენილების ჩაბარების შემდეგ.

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დადგინდეს, რამდენად მიიღწევა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები, კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენცია, სამართალდარღვევებზე დროული და სწრაფი რეაგირება, სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფი და დროული გამოტანა, პირისათვის სააპელაციო საჩივრის 10-დღიან ვადაში წარდგენის ვალდებულების დაკისრებით, მაშინაც კი, თუ მას არ ჩაბარებია სასამართლოს დასაბუთებული დადგენილება.

32. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გამო საჩივრისა და პროტესტის განხილვისას შეამოწმებს მიღებული დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას“. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად საფუძვლიანია საჩივრის ავტორის პოზიცია, რამდენად დასაბუთებული და კანონიერია გასაჩივრებული დადგენილება. სააპელაციო სასამართლო დავას სრულყოფილად ვერ გადაწყვეტს მანამ, სანამ არ გაეცნობა არგუმენტირებულ სააპელაციო საჩივარს და თავად დასაბუთებულ დადგენილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირის მიერ დადგენილ ვადაში არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა გამოწვეულია დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობით, სააპელაციო სასამართლო იძულებული ხდება, დაელოდოს როგორც დასაბუთებული დადგენილების მიღებას, ისე საჩივრის ავტორის პოზიციის წარმოდგენას დადგენილების კანონიერების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო ვერ შეძლებს სრულყოფილად შეაფასოს გასაჩივრებული დადგენილების კანონიერება და დასაბუთებულობა. ამგვარი მოცემულობის არსებობის პირობებში საქმის განხილვა დამოკიდებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული დადგენილების მიღებაზე და სადავო ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება ვერ დააჩქარებს სააპელაციო საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესს. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ემსახურება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილების სწრაფად და დროულად გამოტანას/სამართალდარღვევებზე დროულ და სწრაფ რეაგირებას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სახეზე არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის გამოსადეგი ღონისძიება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თუ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის რომელიმე ელემენტს, სასამართლო ადგენს შეზღუდვის არათანაზომიერებას და აღარ მსჯელობს თანაზომიერების პრინციპის სხვა კომპონენტებთან შესაბამისობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგი ღონისძიება, საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს თანაზომიერების პრინციპის შემდეგ ელემენტებზე, კერძოდ, აუცილებლობასა და ვიწრო გაგებით პროპორციულობაზე.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობისას არათანაზომიერად იზღუდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი - ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით უფლების სრულყოფილად და ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების გადავადება

35. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმ არგუმენტაციით, რომ გასაჩივრების ვადის დადგენილების გამოტანიდან ათვლის გამო დასაბუთებული დადგენილების დროულად ჩაუბარებლობის შემთხვევაში პირს არათანაზომიერად ეზღუდება არგუმენტირებული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობა. ამასთანავე, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებს სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ექნება, გაასაჩივროს სასამართლოს დადგენილება ნებისმიერ ვადაში.

36. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მიღებული სასამართლოს დადგენილების გასაჩივრების ვადებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც, რიგ შემთხვევებში, სწორედ ამ ვადის გასვლასთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლა, მისი სამართლებრივი შედეგები და ა.შ. შესაბამისად, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია, დაზიანდეს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესები.

37. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2019 წლის 1 ივლისიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1.  დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1263 („ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 1 ივლისიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.