წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 22/04/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/04/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016384
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
71/04
22/04/2019
ვებგვერდი, 23/04/2019
220020000.18.011.016384
წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/04/2019 - 27/04/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №71/04

2019 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

 

წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით.  
მუხლი 2
2020 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ივნისის №69/04 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება არეგულირებს წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტს, რომლის მიზანია კომერციული ბანკების აქტივებისა და გარესაბალანსო ოპერაციების შესაბამისი დაფინანსების სტრუქტურის ხელშეწყობა. სტაბილური დაფინანსების სტრუქტურა ამცირებს კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის რისკს. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი ზღუდავს მოკლევადიან დაფინანსებაზე დამოკიდებულებას და ასტიმულირებს დაფინანსების რისკის უკეთეს შეფასებას.

2. ამ დებულებით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი – ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების ფარდობა სტაბილური დაფინანსების საჭიროებასთან;

ბ) კომერციული ბანკი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი, ასევე უცხოური ბანკის ფილიალი საქართველოში;

გ) გაუმჯობესების გეგმა – კომერციული ბანკის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრის საშუალებები/ქმედებები/ვადები;

დ) ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსება (ხსდ) – კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა და ვალდებულებების ელემენტები, რომლებიც გადანაწილდება ცალკეულ ხსდ კატეგორიებში, რის შემდეგაც მათი საბუღალტრო ღირებულებები მრავლდება ამ დებულებით განსაზღვრულ ხსდ განაკვეთებზე;

ე) სტაბილური დაფინანსების საჭიროება (სდს) – კომერციული ბანკის აქტივების და გარესაბალანსო მუხლების ელემენტები, რომლის საბუღალტრო ღირებულებები გადანაწილდება ცალკეულ სდს კატეგორიებში და ენიჭება ამ დებულებით განსაზღვრული სდს განაკვეთები;

ვ) სესხი – განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შემცირებული სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვით;

ზ) ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები - აქტივების და ვალდებულებების კატეგორია, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრულ პირობებს;

თ) საზედამხედველო ქმედება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისათვის სათანადო ზომების მიღების მოთხოვნა, მათ შორის, კომერციული ბანკისათვის ინდივიდუალურად დაწესებული ამ დებულებით გათვალისწინებული მაჩვენებლები/მოთხოვნები;

ი) დერივატივი – გარიგება, რომელიც იძლევა საქონლის ან ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის შეძენის ან გასხვისების უფლებას ან წარმოშობს ვალდებულებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს რეალურ მიწოდებას ან ფულად ანგარიშსწორებას, რომლის ღირებულება და ფულადი ნაკადები, ამ გარიგების პირობების შესაბამისად, დამოკიდებულია საბაზისო  საგანზე;

კ) ნეტპოზიცია – დროის განსაზღვრული მომენტისთვის გარიგების მხარის მიერ მიღებული ყველა მოთხოვნის ოდენობების ჯამს გამოკლებული მის მიერ სხვა მხარის ან მხარეთა სასარგებლოდ განხორციელებული ყველა ვალდებულების ჯამი;

ლ) ნეტინგი (ურთიერთგაქვითვა) – ნეტპოზიციის გამოთვლა ან/და დადგენა, რის შედეგადაც გარიგების მხარეს წარმოეშობა ნეტმოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება ან ნეტვალდებულების დაფარვის მოვალეობა „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანების  შესაბამისად;

მ) გამოუთხოვადი ვალდებულებები – ვალდებულებები, რომელთა ცალმხრივად ვადაზე ადრე გამოთხოვა, კომერციული ბანკის თანხმობის გარეშე, შეუძლებელია;

ნ) მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები – აქტივები, რომელთა ფულად გარდაქმნა ფინანსურ ბაზრებზე შესაძლებელია ადვილად და დაუყოვნებლივ, მცირე დანაკარგებით ან დანაკარგების გარეშე, „კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 15 მაისის №70/04 ბრძანების   შესაბამისად;

ო) სტანდარტული სესხი – განისაზღვრება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად;

პ) რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი (საქართველოს მოქალაქე) და რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ჟ) არარეზიდენტი – იურიდიული პირი/ფილიალი/წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელიც არ არის რეზიდენტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ფიზიკური პირი, რომლის არარეზიდენტობის საკითხს კომერციული ბანკი ადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული მოქალაქეობის მიხედვით;

რ) თავისუფალი აქტივები – აქტივები, რომლებიც თავისუფალია საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და კომერციული ბანკი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა;

ს) დაჯავშნილი აქტივები – აქტივები, რომლებიც არ არის თავისუფალი საკანონმდებლო, საზედამხედველო, სახელშეკრულებო ან სხვა სახის შეზღუდვებისგან და კომერციული ბანკი არ არის უფლებამოსილი შეზღუდვების გარეშე მოახდინოს მათი ლიკვიდაცია, გაყიდვა ან სხვაზე გადაცემა;

ტ) საზედამხედველო კაპიტალი – განისაზღვრება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით;

უ) ფინანსური ინსტიტუტი – განისაზღვრება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით;

ფ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი – საერთაშორისო ორგანიზაციები/ინსტიტუტები და მრავალმხრივი განვითარების ბანკები, რომლებსაც „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანების შესაბამისად  0% რისკის წონა მიენიჭებათ.


მუხლი 3. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი
1. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი განისაზღვრება როგორც კომერციული ბანკის ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების ფარდობა სტაბილური დაფინანსების საჭიროებასთან და უნდა იყოს მინიმუმ 100%.

                   

2. თუ კომერციული ბანკისათვის მოსალოდნელია, რომ კოეფიციენტი ნაკლები იქნება 100%-ზე, კომერციულმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს გაუმჯობესების გეგმა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს შესაბამისი საზედამხედველო ქმედების გატარებისას.

3. კომერციულმა ბანკმა უნდა განახორციელოს დაფინანსების სტრუქტურის რეგულარული მონიტორინგი ვალუტების მიხედვით.


მუხლი 4. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებები
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს კოეფიციენტის ლიმიტები ცალკეული ვალუტების ჭრილში, მათ შორის, ინდივიდუალურად ცალკეულ კომერციულ ბანკებზე.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ დებულების მიზნებიდან გამომდინარე, განახორციელოს მოთხოვნებისა და მითითებების დაწესება კომერციული ბანკების მიმართ.


მუხლი 5. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის გამოთვლა
1. წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის გაანგარიშების მიზნებისათვის, შესაბამისი კატეგორიის აქტივების, ვალდებულებების, საზედამხედველო კაპიტალის და გარესაბალანსო ელემენტების საბუღალტრო ღირებულებებს უნდა მიენიჭოს ამ დებულების შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სტაბილური დაფინანსების განაკვეთები.

2. კომერციულ ბანკს ეკრძალება წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტში შემავალი ელემენტების დუბლირება.


მუხლი 6. დერივატივები
1. დერივატივებზე დადებული ხელშეკრულებების შეფასებისას გამოიყენება ამ ხელშეკრულებების საბუღალტრო ღირებულება. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტაქტის მიხედვით შესაძლებელია ნეტინგი, შეფასება მოხდება ნეტპოზიციით.

2. დერივატივის პოზიციის რისკის შემცირებისთვის მიღებული უზრუნველყოფის ღირებულება აღარ გაითვალისწინება ვალდებულებების ნაწილში ხსდ-ს დაანგარიშებისას.


მუხლი 7. უზრუნველყოფილი დაფინანსების ოპერაციები
უზრუნველყოფილი სესხების ტრანზაქციაში მონაწილე აქტივები და ვალდებულებები ერთ კონტრაჰენტთან გაინეტება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

მუხლი 8. ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები
საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, კომერციულ ბანკს შეუძლია განსაზღვროს ურთიერთდაკავშირებული აქტივების და ვალდებულებების კატეგორია, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი აქტივიდან მიღებული ფულადი ნაკადები მხოლოდ კონკრეტული ვალდებულების დასაფარად გამოიყენება და ეს ვალდებულება არ გამოიყენება სხვა აქტივის დასაფინანსებლად. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ქვევით მითითებული ყველა პირობა ერთად:

ა) ურთიერთდაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები უნდა იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი;

ბ) ასეთი აქტივების და ვალდებულებების ძირის ვადიანობა უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი;

გ) კომერციული ბანკი მხოლოდ შუამავლის ფუნქციას უნდა ასრულებს ამ ოპერაციაში;

დ) ურთიერთდაკავშირებული აქტივების და ვალდებულებების კონტრაჰენტი არ უნდა იყოს ერთი და იგივე პირი.


მუხლი 9. ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გაანგარიშება
1. ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გამოსათვლელად ხდება კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალისა და ვალდებულებების ელემენტების გადანაწილება ცალკეულ ხსდ კატეგორიებში, რის შემდეგაც მათი საბუღალტრო ღირებულებები მრავლდება ამ დებულების შესაბამისი მუხლით განსაზღვრულ ხსდ განაკვეთებზე და ჯამდება მთლიანი ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების გამოსათვლელად.

2. კაპიტალის ან ვალდებულებების ვადიანობის განსაზღვრისას, გამოიყენება რეალური ვადა, რომლის დროსაც ინვესტორებს შეუძლიათ თანხის გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, როდესაც კომერციულ ბანკს გააჩნია შესაბამისი სახელშეკრულებო უფლება/შესაძლებლობა არ დააკმაყოფილოს ინვესტორის მოთხოვნა, გათვალისწინებული უნდა იქნეს რეპუტაციული რისკი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომერციული ბანკის გადაწყვეტილებაზე. თუ საბაზრო ფაქტორების გამო მოსალოდნელია, რომ მოხდება ცალკეული ვალდებულებების ვადაზე ადრე დაფარვა, აღნიშნული კომერციულმა ბანკებმა უნდა გაითვალისწინონ წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის მიზნებისთვის და მიანიჭონ ეს ვალდებულებები შესაბამის ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების კატეგორიას. ვალდებულებების ნარჩენი ვადიანობის განსაზღვრისას, გაითვალისწინება ფულადი ნაკადების შესაბამისი რეალური ვადიანობა და მიენიჭება შესაბამის ხსდ კალათებში.


მუხლი 10. 100% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი
კაპიტალისა და ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 100% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) საზედამხედველო კაპიტალი, გარდა საერთო რეზერვებისა და მეორედი კაპიტალის სხვა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ინსტრუმენტებისა;

ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი ვალდებულებები, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში შემავალი ინსტრუმენტებისა.


მუხლი 11. 95% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი
ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 95% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის რეზიდენტი ფიზიკური პირების გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დეპოზიტები.

მუხლი 12. 50% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი
ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 50% ხელმისაწვდომი დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დაფინანსება, რომელიც მიღებულია სახელმწიფო ან მის კონტროლს დაქვემდებარებული საწარმოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და იურიდიული პირების მხრიდან, გარდა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა;

ბ) 6 თვიდან 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დაფინანსება, მიღებული ცენტრალური ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან;

გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების მთლიანი გამოთხოვადი ან 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის გამოუთხოვადი დეპოზიტები.


მუხლი 13. 0% ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების  განაკვეთი
ვალდებულებების კატეგორიაში, რომლებსაც 0%-იანი ხელმისაწვდომი სტაბილური დაფინანსების განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) ურთიერთდაკავშირებული ვალდებულებები;

ბ) დერივატივებთან დაკავშირებული ვალდებულებები, როგორც განსაზღვრულია ამ წესით, იმ შემთხვევაში, თუ დერივატივის პოზიცია უარყოფითია;

გ) ვალდებულებების და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც არ შედის ამ დებულების მე-10-მე-12 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებში.


მუხლი 14. სტაბილური დაფინანსების საჭიროების გაანგარიშება
1. სტაბილური დაფინანსების საჭიროების დასაანგარიშებლად, კომერციული ბანკის აქტივების და გარაბალანსური მუხლების საბუღალტრო ღირებულებები გადანაწილდება დებულებით განსაზღვრულ სდს კატეგორიებში და ენიჭება შესაბამისი სდს განაკვეთები, რომლებიც ჯამდება და მიიღება ჯამური სტაბილური დაფინანსების საჭიროება.

2. აქტივები უნდა გადანაწილდეს შესაბამის სდს კატეგორებში მათი ნარჩენი ვადიანობის და ლიკვიდობის პოზიციის გათვალისწინებით. ვადიანობის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც კომერციულ ბანკს აქვს უფლება არ დააკმაყოფილოს კლიენტის მოთხოვნა, მისი გამოყენების შესაძლებლობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს რეპუტაციული რისკის არსებობა. თუ საბაზრო ფაქტორების გამო მოსალოდნელია ცალკეული აქტივების დაგრძელვადიანება, კომერციულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ქცევა კოეფიციენტის მიზნებისთვის და ასახოს შესაბამის სდს კატეგორიებში. ვადიანობის კატეგორიებში გადანაწილება ხდება აქტივების ფულადი ნაკადების შესაბამისი რეალური ვადიანობებით.

3. დაჯავშნილ აქტივებს არ უნდა მიენიჭოს მსგავსი თავისუფალი აქტივების სდს განაკვეთზე ნაკლები განაკვეთი.


მუხლი 15. 0% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 0% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) ნაღდი ფული;

ბ) მთლიანი რეზერვები საქართველოს ეროვნულ ბანკში;

გ) 6 თვემდე ფულადი სახსრები განთავსებული საქართველოს ეროვნულ ბანკში, ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გარდა;

დ) ურთიერთდაკავშირებული აქტივები.


მუხლი 16. 5% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 5% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) თავისუფალი პირველი დონის ლიკვიდური აქტივები, გარდა ამ დებულების მე-15 მუხლში შემავალი ინსტრუმენტებისა;

ბ) სესხის გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები.


მუხლი 17. 10% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 10% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული 6 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები, რომელიც უზრუნველყოფილია პირველი დონის ლიკვიდური აქტივებით;

ბ) 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები.


მუხლი 18. 15% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 15% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული 6 თვეზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები, რომელიც არ შედის ზემოაღნიშნულ სდს კატეგორიებში;

ბ) თავისუფალი მეორე დონის ლიკვიდური აქტივები;

გ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის ვაჭრობის დაფინანსების ინსტრუმენტები.


მუხლი 19. 50% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 50% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) 6 თვიდან 1 წლამდე დაჯავშნილი მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივები;

ბ) ფინანსურ ინსტიტუტებსა და ცენტრალურ ბანკებზე გაცემული 6 თვიდან 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის სესხები და დეპოზიტები;

გ) 1 წელზე ნაკლები ნარჩენი ვადიანობის აქტივები, რომლებიც არ აღირიცხება ამ დებულების მე-15-მე-18 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  სდს კატეგორიებში.


მუხლი 20. 65% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 65% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის საცხოვრებელი ქონებით უზრუნველყოფილი მოთხოვნები, რომლებსაც  „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის  №100/04 ბრძანების შესაბამისად 35%-იანი ან ნაკლები წონა ენიჭება;

ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის სხვა სესხები, რომლებსაც 35% ან ნაკლები წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-19 მუხლებით და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  სდს კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა.


მუხლი 21. 85% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 85% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის სტანდარტულად კლასიფიცირებული სესხები, რომლებსაც 35%-ზე მაღალი წონა ენიჭება და არ შედის ამ დებულების მე-15-მე-20 მუხლებით განსაზღვრულ კატეგორიებში, გარდა ფინანსურ ინსტიტუტებზე გაცემული სესხებისა და დეპოზიტებისა;

ბ) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის სტანდარტულად კლასიფიცირებული ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ შედის მაღალი ხარისხის ლიკვიდურ აქტივებში.


მუხლი 22. 100% სდს განაკვეთი
აქტივების კატეგორიაში, რომლებსაც 100% სდს განაკვეთი ენიჭება, შედის:

ა) 1 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის დაჯავშნილი აქტივები;

ბ) დერივატივებთან დაკავშირებული აქტივები, როგორც განსაზღვრულია ამ წესით, იმ შემთხვევაში, თუ დერივატივის პოზიცია დადებითია;

გ) ყველა სხვა აქტივი, რომელიც არ შედის ამ დებულების მე-15-21-ე მუხლებით და ამ მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სდს კატეგორიებში.


მუხლი 23. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშგება
1. კომერციული ბანკი წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის ანგარიშგებას წარმოადგენს ყოველთვიურად, თვის ბოლო დღის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

2. კომერციულმა ბანკებმა რეგულარულად უნდა მოახდინონ ლიკვიდობის რისკის მონიტორინგი და კონტროლი და გაითვალისწინონ საზედამხედველო და ოპერაციული შეზღუდვები ამ მიმართულებით.


მუხლი 24. სანქციები
კომერციული ბანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.