შპს „ეგანატის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

შპს „ეგანატის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6536-19
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 05/04/2019
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
2/6536-19
05/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
შპს „ეგანატის“ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/6536-19

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

კრედიტორები – 1 – საბინე რიტტერი

                             2 – ფრიდრიხ შტოკერი

                             3 – ფრანცისკა კოლკი

                             4 – ბერნჰარდ კოლკი

                             5 – მარტინა კიმენსვენგერი

წარმომადგენელი – გოჩა ოყრეშიძე

მოვალე – შპს „ეგანატ“ (ს/კ 430798336)

მოთხოვნა – შპს „ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გა ნიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გამოარკვია:

2019 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენელმა გოჩა ოყრეშიძემ და მოითხოვა შპს „ეგანატის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენელს გოჩა ოყრეშიძეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დააზუსტოს, შპს „ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას ითხოვს თუ გაკოტრების წარმოებას.

2019 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენელმა გოჩა ოყრეშიძემ და მოითხოვა შპს „ეგანატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენლის გოჩა ოყრეშიძის განცხადება მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ განცხადება; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს განმცხადებლის წარმომადგენელს; დ) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განცხადების შეტანის საფუძველი; ვ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა, ხოლო მეორე ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო თუ განმცხადებელმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, სასამართლოს შეუძლია განმცხადებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები.

მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო მეორე ნაწილით, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლკის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინე კიმესვენგერის წარმომადგენლის გოჩა ოყრეშიძის განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი მიღებულ უნდა იქნეს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, 

დაადგინა:

1. საბინე რიტტერის, ფრიდრიხ შტოკერის, ფრანცისკა კოლის, ბერნჰარდ კოლკის და მარტინა კიმესვენგერის წარმომადგენლის გოჩა ოყრეშიძის განცხადება შპს ეგანატის“ (ს/კ 430798336) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში;

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს;

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით;

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები;

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე;

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით;

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 15 მაისს, 16:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28) შემდეგი დღის წესრიგით:

1. მეურვის ანგარიშის მოსმენა;

2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა;

3. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნა;

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2019 წლის 15 აპრილისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე  –  www.tcc.gov.ge;

12. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                     თამარ ჭუნიაშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.