აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2019
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2019
სარეგისტრაციო კოდი
1-1/155
03/04/2019
ვებგვერდი, 12/04/2019
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა   და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება 1-1/155

2019 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის 5 მარტის №01/1014 განცხადება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობას.

საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტრანზიტული ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარება, მისი სატრანსპორტო კორიდორების გაუმჯობესების გზით. ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას უმთავრესი როლი ენიჭება, ამ მხრივ კი საგზაო ქსელის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორს განაპირობებს.

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობა, რაც გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების შეძლებისდაგვარად მაქსიმალური გვერდის ავლით. განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 14.4 კმ. სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

საპროექტო მონაკვეთი იწყება სამტრედია - გრიგოლეთის გზიდან, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას, ურეკს. კერძოდ, სარკინიგზო სადგურისა და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს. კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, სენაკი - ფოთი-სარფის საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენას) და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას. მთლიანობაში გზის გაყოლებაზე დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფი, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარებისა და წყალგამტარი მილების მოწყობა.

პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების სამშენებლოდ გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შემუშავებულია ,,მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც მოიცავს ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი განსახლების პროცედურებს. დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ნაწილთან მიღწეულია, დეპარტამენტის მიერ გამოსყიდული და ათვისებულია პროექტის ფარგლებში მოქცეული 891 მიწის ნაკვეთი, ჯამში 1,247537.07 მ2. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მაია კუხალაშვილთან მის საკუთრებაში არსებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ N26.28.16.031) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე. აღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას და საავტომობილო გზის მშენებლობას.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტი ახორციელებს E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობას.

ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი (ს/კ 26.28.16.031) მესაკუთრეა მაია კუხალაშვილი (პ/ნ 62001023481). ამასთან, დასახელებული უძრავი ქონება წარმოადგენს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 26 მარტის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება – E-70 ჩქაროსნული საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის (კმ0+000-კმ14+400) მშენებლობის არეალში მოქცეულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ურეკი, საკადასტრო კოდი 26.28.16.031, მესაკუთრე მაია კუხალაშვილი (პ/ნ 62001023481), საექსპროპრიაციო ფართი 200 კვ.მ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მი.ს: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

მინისტრი გიორგი ქობულია.