ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/04/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.016392
12
03/04/2019
ვებგვერდი, 05/04/2019
010260020.35.113.016392
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2019 წლის 3 აპრილი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53-ე პუნქტის, 261-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 6 აპრილის №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/04/2016, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.113.016263).

2. „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის, გარე რეკლამის განთავსების წესის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 მარტის №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/03/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016070).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია



დანართი 
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს, ხოლო გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმების რეგისტრაციის წესი და აღრიცხვასთან დაკავშირებული ურთიერთობები განისაზღვრება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით.

2.  ამ   წესით   დადგენილი   გარე   რეკლამის   განთავსების   ნებართვა   გაიცემა   მხოლოდ   სახელმწიფო   ან ადგილობრივი  თვითმმართველი  ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე   ან   სხვა   ქონებაზე   გარე  რეკლამის   განთავსება   დაიშვება   საქართველოს    კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური  ან  კერძო სამართლის  იურიდიული  პირის  ან საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის  გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან  დადებული   ხელშეკრულებით,   თუ   კანონით   ან   ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება   „მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების გათვალისწინებით.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე რეკლამა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;

ბ) სარეკლამო  საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, სარეკლამო დაფა, მანათობელი სარეკლამო დაფა და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;

გ)   აბრა – დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული;

დ)  ნებართვა – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა; გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით;

ე) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი;

ვ) ნებართვის გამცემი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი;

ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაცია (ორგანიზაციული წარმონაქმნი), რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

თ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი  აქტით გამოცხადებული ვაჭრობა,  რომლის  ჩატარების  მიზანია დადგენილი  ნორმებისა  და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.


თავი II
ზოგადი და სპეციალური მოთხოვნები,

გარე რეკლამის გავრცელების  გეგმა


მუხლი 3. გარე რეკლამა
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.

2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.

3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.

4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.

6. გარე რეკალამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.

7. გარე რეკლამა უნდა აკმაყოფილებდეს „რეკლამის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა ზოგად და სპეციალურ მოთხოვნებს.


მუხლი 4. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  გავრცელების  გეგმას  (სარეკლამო საშუალების განთავსების, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - საკრებულოს განკარგულებით.

2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის  ზომის,  ფორმისა  და  მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:

ა)   საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);

ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – შესაბამისი დასახლებების ტერიტორიებზე;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას;

დ) საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში – ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში;

ე) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ნებართვის გაცემის პროცესში მათი ჩართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


თავი III
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი

მუხლი 5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე სახელმწიფო  ან ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს იმ ნებართვის  მაძიებელს, რომელიც  აიღებს  ვალდებულებას,  დააკმაყოფილოს  გამოცხადებული  სანებართვო  პირობები  და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

2. გარე რეკლამის განთავსებისათვის ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდულური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და მის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული  დადგენილებებით განსაზღვრული წესები.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-სა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გათვალსწინებული ნაგებობის მშენებლობა/ მონტაჟის  შემთხვევაში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელმა განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

ბ) გარე რეკლამის განთავსების ადგილის ტოპოგრაფიული რუკა განთავსების ადგილის ჩვენებით;

გ) ნაგებობის ესკიზური ნახაზი.

7. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.

8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება (კონკრეტულ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაიცეს გარე რეკლამის გავრცელების გეგმის საფუძველზე თუ მის გარეშე და სხვა) დადგენილი წესით მიიღება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.


მუხლი 6. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება   „მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების გათვალისწინებით.

2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების  სამსახურს 3 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);

გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხზე გადაწყვეტილებას (წერილობითი შეთანხმება) იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გარე რეკლამის განთავსების ან განთავსებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური. მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება განმცხადებელს, რომელსაც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თან ერთვის განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მერიის შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული 1 ეგზემპლარი.

4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.


მუხლი 7. აუქციონის ორგანიზება
1. აუქციონი ცხადდება და სანებართვო პირობები დგინდება ნებართვის გამცემის მიერ.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით.

3. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ნებართვის გამცემი ორგანო.

4.  ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვებგვერდი www.eauction.ge, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოშვებაში.

5.  ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის ჩატარება, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება იგივე საინფორმაციო საშუალებით, სადაც გამოცხადებული იყო აუქციონი.

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ნებართვის გამცემის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ)  აუქციონზე გამოტანილი ლოტის დასახელებას (აღწერას), რომელზედაც გაიცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე)  ბეს და ბიჯის სიდიდეს;

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც ნებართვის გამცემი ჩათვლის მიზანშეწონილად.

7.  ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვის გამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.

8. აუქციონის ორგანიზებას უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი აუქციონატორი.


მუხლი 8. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გასაცემი ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ) უფლება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არ არსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში.

5.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ/მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვება დამოუკიდებელი აუდიტის შესაბამისი შეფასებით.

6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.


თავი IV
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე.

ნებართვის გაუქმება


მუხლი 9. გარე რეკლამის განთავსების ნებართვასთან დაკავშირებით დაწესებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები
1. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა არ კრძალავს ამ ადგილების გამოყენებას კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის. გარე რეკლამის ადგილების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ უზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.


მუხლი 10. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1.  სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:

ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;

ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;

გ) გაფრთხილების მიუხედავად, წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;

დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;

ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლის და კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს, წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს, წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.