„ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.021159
144
25/03/2019
ვებგვერდი, 27/03/2019
300280000.10.003.021159
„ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №144

2019 წლის 25 მარტი

   ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 იანვრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/02/2019, 300280000.10.003.021033) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1.  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მომხმარებელი, რომელიც 2018 წლის მონაცემების საფუძველზე აკმაყოფილებს „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს“, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად უნდა დარეგისტრირდეს არაუგვიანეს  2019 წლის 1 მაისისა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი

 

„ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები

 


მუხლი 1

1. ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმები წარმოადგენს იმ მახასიათებლებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებელი წარმოადგენს ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და უნდა დარეგისტრირდეს ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესით.

2. „ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმებში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 2

1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ1ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებელს წარმოადგენს მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო კრიტერიუმებს:

ა) მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების, გადაცემის ან განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან სხვა მომხმარებლის კუთვნილი ქსელ(ებ)იდან, მისი ქსელთან მიერთების წერტილებიდან ერთი მაინც მდებარეობს 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე, აღნიშნული ძაბვის ქსელ(ებ)ზე  მდებარე მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარს არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას. ამასთანავე, მისი მოხმარების არანაკლებ 90% მიღებული აქვს 35-110 კილოვოლტის ძაბვის ქსელზე მდებარე მიწოდების წერტილებიდან; 

ბ) მომხმარებელი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის ელექტროენერგიას (სიმძლავრეს) იღებს წარმოების ლიცენზიატ(ებ)ის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილი 6-10 კილოვოლტის ძაბვის ქსელ(ებ)იდან და აღნიშნული მიწოდების წერტილ(ებ)იდან, ჯამურად, თვეში საშუალოდ მოიხმარს არანაკლებ 5 მილიონ კილოვატსაათ ელექტროენერგიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თვის საშუალო მოცულობა გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ჯამური ოდენობის გაყოფით იმ თვეების რაოდენობაზე, როდესაც განხორციელდა მოხმარება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა ხდება კალენდარული წლის:

ა) შედეგების საფუძველზე − არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;

ბ) საპროგნოზო მოხმარების საფუძველზე − ახალი მომხმარებლის შემთხვევაში.

მუხლი 3. მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისთვის სავალდებულო კრიტერიუმებს, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესის შესაბამისად, უნდა დარეგისტრირდეს საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, როგორც ელექტროენერგიის  პირდაპირი მომხმარებელი, ამ დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 მაისისა;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებამდე.