პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.021146
131
15/03/2019
ვებგვერდი, 18/03/2019
430060000.10.003.021146
პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2019 წლის 15 მარტი

 ქ. თბილისი

 

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესი და პირობები“.

 

მუხლი 2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას დაევალოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრისა.

 

მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ და „ი“ – „ო“ ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-7 – მე-11 მუხლებისა.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „დ“ და „ი“ – „ო“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-7 – მე-11 მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 მაისიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესი და პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) ადგენს იმ სტანდარტებსა და პროცედურას, რომლის დაკმაყოფილება და შესრულება აუცილებელია პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად.

მუხლი 2. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზანი და შინაარსი

1. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზანს წარმოადგენს ფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემა.

2. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით, იქმნება საბჭო. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა ხორციელდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) შექმნილი საბჭოს აპარატის მეშვეობით.

თავი II

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილი სტანდარტები

მუხლი 3. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტი

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს იურიდიული პირი ფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გასაცემად.

მუხლი 4. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილი სტანდარტები

1. დადგინდეს სტანდარტები  ამ წესის დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი  სტანდარტები ეხება:

ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამას;

ბ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს;

გ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ადმინისტრირებას.

თავი III

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესი

მუხლი 5. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პროცესი

1. უფლების მოპოვების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) იურიდიული პირის მიერ ელექტრონული განაცხადის გაკეთება უფლების მოპოვების მიზნით;

ბ) საბჭოს აპარატის მიერ ელექტრონული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვა;

გ) საბჭოს აპარატის მიერ პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ამ წესით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;

დ) საბჭოს აპარატის მიერ დასკვნის მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა;

ე) ზეპირი მოსმენის გამართვა;

ვ) გადაწყვეტილების მიღება, ელექტრონულ სისტემაში ასახვა და მისი გამოქვეყნება.

2. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის წარდგენიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 6. განაცხადის წარდგენა და განხილვა

1. იურიდიული პირი, რომელსაც სურს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესი მტკიცდება სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარდგინების საფუძველზე.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის სახელწოდებასა და სამართლებრივ ფორმას;

ბ) იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) იურიდიული პირის მისამართსა (იურიდიული და ფაქტობრივი) და საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონი და ელ. ფოსტის მისამართი);

დ) იურიდიული პირის საქმიანობის სფეროს, რომელიც განისაზღვრება ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესახებ საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად;

ე) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის სახელწოდებასა და სახეს (პროფესიული მომზადების პროგრამა/პროფესიული გადამზადების პროგრამა);

ვ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ ფორმას, რომელზეც შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა;

ზ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების ადგილს;

თ) მსმენელთა რაოდენობას (მოთხოვნილი რაოდენობის დასაბუთებით);

ი) ინფორმაციას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსისა (განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი) და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი მატერიალური რესურსის შესახებ;

კ) ინფორმაციას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შესახებ;

ლ) ინფორმაციას მსმენელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დასკვნას შენობა-ნაგებობის მდგრადობისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ;

მ) დასაბუთებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების საჭიროების შესახებ;

ნ) ინფორმაციას მსმენელის შერჩევისა და პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურის შესახებ;

ო) ინფორმაციას საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ;

პ) განაცხადს უნდა დაერთოს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საფასური განისაზღვრება სამინისტროს მიერ.

3. საბჭოს აპარატი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, საბჭოს აპარატი განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა საბჭოს აპარატის მიერ იურიდიული პირისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება იურიდიულ პირს.  

მუხლი 7. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ექსპერტთა კორპუსი

1. საბჭოს აპარატი ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ექსპერტის/ექსპერტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ამ წესით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას.

2. ცენტრი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს იურიდიული პირის მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის ცვლილება მე-2 – მე-5 დონის ფარგლებში, რაც აისახება საბჭოს გადაწყვეტილებაში.

3. ცენტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს აპარატის წარდგინების საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექსპერტის იურიდიულ პირთან ვიზიტის განხორციელების ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ვიზიტის განხორციელების შესახებ, რომელიც ეგზავნება იურიდიულ პირს.

4. იურიდიული პირი უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ცენტრში წარადგინოს დასაბუთებული განაცხადი ექსპერტის/ექსპერტების აცილების შესახებ.

5. ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გარდა ექსპერტთა კორპუსის წევრებისა, ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტად მიიწვიოს შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტები, მათ შორის დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლები. 

მუხლი 8. დასკვნის მომზადება

1. იურიდიული პირის მიერ წარდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში კი განხორციელებული ვიზიტის შედეგების გათვალისწინებით, საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის მომზადებას, რომელიც ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხელმისაწვდომია, როგორც იურიდიული პირისთვის, ასევე საბჭოსთვის. 

2. დასკვნის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 9. ზეპირი მოსმენა

1. ზეპირი მოსმენის მიზნით, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრი.

2. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

3. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

5. საბჭოს სხდომა საჯაროა. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ცენტრისა და იურიდიული პირის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.

7. საბჭოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მიწვევა.

8. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

9. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს დასკვნაში მოყვანილი მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

10. საბჭოს აპარატის მიერ წარდგენილი დასკვნისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

11. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 10. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება სამი  წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, სათათბირო ხმის უფლებით საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს სპეციალისტები.

2. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ;

ბ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ.

2. თუ წარდგენილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ სტანდარტებს, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას განხორციელების უფლების მინიჭებისა და მსმენელთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ვერ აკმაყოფილებს ერთ-ერთ სტანდარტს, საბჭო მას განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსასწორებლად არა უმეტეს 1 თვის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.  ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა საბჭოს მიერ იურიდიული პირისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საბჭო იღებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.

3. იურიდიულ პირს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება ენიჭება 3 წლის ვადით.

4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5. საბჭო ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

7. საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილებების ასახვას ელექტრონულ სისტემაში. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭებას.

თავი IV

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე

მუხლი 12. პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების წესი და პირობა

1. ზოგადსაგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში – საგანმანათლებლო დაწესებულება) უფლებამოსილია, დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული.  საგანმანათლებლო დაწესებულება ელექტრონულ განაცხადს აკეთებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. განაცხადი ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა – გ“, „ე – თ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა შეიცავს ინფორმაციას იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამა.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაცხადს უნდა დაურთოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაში ჩართულ მეწარმე სუბიექტთან ან სახელმწიფო ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანამშრომლობის ფორმატის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრაქტიკული კომპონენტის განსახორციელებლად თავად ფლობს შესაბამის რესურსს.  

4. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის შემთხვევაში, განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრება არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა ცენტრის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, განაცხადი დარჩება განუხილველი, რის შესახებაც ეცნობება საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

6. ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასებას შემდეგი მოთხოვნის დაცვით:

ა) მოწმდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შესაბამისობა სამინისტროს მიერ დამტკიცებულ „პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესთან“;

ბ) მოწმდება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შესაბამისობა იმ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია პროგრამა;

გ) განისაზღვრება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონესთან შესაბამისობა.

7. ცენტრი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამით განსაზღვრული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის ცვლილება მე-2   მე-5 დონის ფარგლებში, რაც აისახება  პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის თაობაზე ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

8. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი განაცხადისა და დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, ცენტრი განაცხადის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე. ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებას უარს ეუბნება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ – „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოთხოვნა. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭებას.

9. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა 3 წლის ვადით. თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ამ 3 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, იგი უფლებამოსილია, შეუფერხებლად განახორციელოს შესაბამისი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაც.

მუხლი 13. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების თავისებურებები

1. საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, თუკი საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება  პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამა.

2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მსმენელთა ახალი მიღების გამოცხადებამდე ცენტრს წარუდგინოს შეცვლილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა.

3. ცენტრი განიხილავს შეცვლილ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამას, ადგენს მის შესაბამისობას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებას და იღებს გადაწყვეტილებას შეცვლილი პროგრამის ელექტრონულ სისტემაში ასახვის ან მისი ამოღების შესახებ.  

თავი V

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების პირობების შემოწმება

მუხლი 14. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ცვლილება და გაუქმება

1. იურიდიული პირი, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულება, უფლებამოსილია, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან იმ კვალიფიკაციის ამოღების შემთხვევაში, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა,  შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლა. აღნიშნულ პროგრამაზე იურიდიული პირი, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულება ვეღარ მიიღებს ახალ მსმენელებს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში, იურიდიული პირი, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულება, პროგრამაზე შემდეგი მიღების გამოცხადებამდე ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა. იურიდიული პირი, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მსმენელებს სწავლა დაასრულებინოს იმ პროგრამაზე, რომელზეც ისინი ჩაირიცხნენ, ხოლო ახალი მსმენელები მიიღოს შეცვლილ პროგრამაზე.

3. თუ იურიდიულმა პირმა, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებამ, დაკარგა პროგრამის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია, უკვე ჩარიცხულ მსმენელებს დაასრულებინოს სწავლება არსებული პროგრამით.

მუხლი 15. სტანდარტების შესრულების მონიტორინგი

1. ცენტრი უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობისას შეამოწმოს იურიდიული პირის, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების პროცესი და ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.

2. სტანდარტების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, იურიდიული პირისგან/საგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექსპერტის მიერ მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების ან ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების შესახებ. ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტს/ექსპერტთა ჯგუფს მონიტორინგის ვიზიტის განხორციელების გარეშე დაავალოს დოკუმენტაციის შესწავლა. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მონიტორინგის ვიზიტის შესახებ იურიდიულ პირს/საგანმანათლებლო დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დროს.

3. იურიდიული პირის შემოწმების შედეგად, თუ გამოვლინდა, რომ დარღვეულია ერთ-ერთი სტანდარტი, საბჭო უფლებამოსილია, მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ ან იურიდიულ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მონიტორინგის დასკვნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხელმისაწვდომია იურიდიული პირისა და საბჭოსთვის.

4. საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგად, თუ გამოვლინდა, რომ დარღვეულია ერთ-ერთი სტანდარტი,  ცენტრი მონიტორინგის ფარგლებში მომზადებული დასკვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემიდან პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ამოღებას ან საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არა უმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. მონიტორინგის დასკვნა, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. 

5. ადმინისტრაციული წარმოება სტანდარტების შესრულების მონიტორინგის შესახებ უნდა დასრულდეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. ვადის დინება შეჩერებულად მიიჩნევა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

მუხლი 16. გარდამავალი დებულება

1. ამ წესით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრისა, წარიმართება მატერიალური სახით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. ექსპერტთა კორპუსის ფორმირებამდე ცენტრი უფლებამოსილია, ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად მიიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი ან/და შესაბამისი დარგის წარმომადგენელი.

3. ელექტრონული სისტემის შექმნამდე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის უნიკალური კოდის მინიჭება განხორციელდება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის წარდგენა განხორციელდება მატერიალური სახით, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

5. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაცვლად, რომელიც ეხება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციას ან რეგისტრაციაზე უარს, გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების ან დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ. დადასტურების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე.

6. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპი, რაც გულისხმობს მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში ასახვას, განხორციელდეს ცენტრის მიერ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის გადაწყვეტილების მიწოდების გზით.

7. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ნაცვლად, რომელიც ეხება შეცვლილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემიდან ამოღებას ან ელექტრონულ სისტემაში ასახვას, გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამის შეცვლილი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების შესახებ ან ცვლილებების გათვალისწინებით დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ელექტრონული სისტემის შექმნამდე, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემიდან ამოღების ნაცვლად გამოიცემა ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის დადასტურების გაუქმების შესახებ.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.