„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.061.016261
11
07/03/2019
ვებგვერდი, 12/03/2019
010320040.32.061.016261
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2019 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში („აფხაზეთის საკანონმდებლო მაცნე“, №2. 10.02.2009, მუხლი 2) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესდეს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და მეცნიერება“.

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულება

 

მუხლი 1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია

1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის (შემდგომში – პრემიის) მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განცხადების მიღებისა და განხილვის, კანდიდატთა წარდგენისა და პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია (შემდგომში – კომისია);

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე;

3. კომისიას, 11 წევრის შემადგენლობით მინისტრის წარდგინებით, ყოველი საკონკურსო წლის არაუგვიანეს 15 მარტისა, ამტკიცებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის თავმჯდომარე კომისიის წევრთა შემადგენლობიდან განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში;

4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

5. კომისიის შემადგენლობა კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოების ცერემონიაზე;

6. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, რედაქტორი, გამომცემელი;

7. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ;

ბ) კონკურსზე  წარდგენილი ყველა ნამუშევარი განიხილოს თანაბრად და ობიექტურად;

გ) გაეცნოს საკონკურსოდ წარმოდგენილ ყველა მასალას და აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე, სურვილის ან საჭიროების შემთხვევაში, ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები.

8. კომისია ანგარიშვალდებულია მთავრობის თავმჯდომარის წინაშე;

9. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება;

10. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ დებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე;

11. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არაუმეტეს ორი წარმომადგენლისგან იქმნება კომისიის აპარატი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისია.

მუხლი 2. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი

1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება 2 წელიწადში ერთხელ;

2. პრემიის მოსაპოვებლად კომისია კონკურსს გამოაცხადებს საკონკურსო წლის მაისში, ხოლო მასალებისა და დოკუმენტების მიღება გაგრძელდება პირველ აგვისტომდე;

3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს კომისია;

4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;

5. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად;

6. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;

7. ლიტერატურული, პუბლიცისტური და მეცნიერული ნაწარმოების თუ ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ;

8. ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, თეატრებში, მასმედიის მეშვეობით და ა.შ.);

9. პირს, გარდაცვალების შემდეგ, პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაცვალებამდე იყო წარდგენილი, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი მნიშვნელოვანი ნაწარმოები (ნაშრომი);

10. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი) საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო, ასევე ავტორის წარდგენა განმეორებით შესაძლებელია ახალი ნამუშევრით;

11. საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაწარმოები (ნაშრომი), უნდა ეხმიანებოდეს აფხაზეთის თემატიკას და ემსახურებოდეს ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პოპულარიზაციას;

12. საკონკურსო ნაწარმოები (ნაშრომი) წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან აფხაზურ ენებზე, ასევე ნებისმიერ უცხო ენაზე სრული ქართული თარგმანის თანხლებით;

13. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკურსებს შორის შექმნილი ნამუშევრით;

14. გიორგი შარვაშიძის პრემია პირს ენიჭება მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 3. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია, ცალკეულ საკითხთა შესწავლის, ასევე წარდგენილ ნამუშევართა რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისგან შექმნას ქვეკომისია;

2. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატთა ნაწარმოებს (ნაშრომს) წინასწარ განიხილავს ქვეკომისია, რომელიც კომისიისთვის წარსადგენად ამზადებს საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს წევრთა ხმების უმრავლესობით;

3. კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. კომისიის გადაწყვეტილება, პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და პრემიების მინიჭების შესახებ, მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;

4. საჭიროების შემთხვევაში კომისიას შეუძლია ჩაატაროს სარეიტინგო კენჭისყრა;

5. კომისიაში კენჭისყრა საერთოა (არა დარგობრივი). ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის პირობას, რომ შესაძლებელია გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში;

6. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა კონფიდენციალურია კონკურსის საბოლოო შედეგისა და პრემიის ლაურეატთა სიის ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებამდე;

7. ავტორთა ჯგუფისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში პრემია ავტორთა შორის ნაწილდება თანაბრად;

8. კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.

მუხლი 4. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია და მისი მინიჭების პირობები

1. გიორგი შარვაშიძის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

2. პრემია ენიჭება ლიტერატურის (პოეზია, პროზა, თარგმანი, კრიტიკა), ხელოვნების,  პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში შექმნილ ნაწარმოებს (ნაშრომს), რომელმაც მხატვრულ და სხვა ღირსებათა გამო აღიარება მოიპოვა, განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული და აფხაზური ლიტერატურის, ხელოვნების, აფხაზეთისადმი მიძღვნილი პუბლიცისტიკისა და მეცნიერების დარგებში;

3. პირს, რომელიც პრემიას მოიპოვებს, მიენიჭება გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და ლაურეატის დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.

მუხლი 5. კონკურსის შედეგის გამოცხადების წესი

პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი და პრემიის ლაურეატთა სია, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყნდება არაუგვიანეს 5 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია