დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის პროექტი - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 0 |
დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
მიღების თარიღი | 26/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016483 |
პროექტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’
მუხლი 1. ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (N1775, სსმ, 40,18.07.2005, სარეგისტრაციო კოდი: 300.310.000.05.001.001.914) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 171 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი
1. ლიცენზიის გამცემის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში ლიცენზია შესაძლოა ასევე პირდაპირი წესით გაიცეს:
ა) ამ კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით განსაზღვრულ წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელ პირზე – მომხმარებელთა წყალმომარაგების (სასმელი წყლით) უზრუნველყოფის მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოსაპოვებლად;
ბ) ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის სასარგებლო წიაღისეულის – სამკურნალო ტალახის ან/და გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული წყალმომარაგების ლიცენზიის გაუქმება წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.
3. ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს: კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებისათვის წელიწადში არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) კუბური მეტრის მოპოვების უფლებით.
4. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებისას, ლიცენზიის გამცემს წერილობით წარუდგენს სათანადო განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და მიზნობრიობის შესახებ.
5. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის განცხადებას უნდა დაურთოს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისთვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად აგრეთვე წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებისთვის განცხადებას ასევე უნდა დაურთოს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის წესი განისაზღვრება ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით.
9. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემისათვის ლიცენზიის გამცემი ადგენს:
ა) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;
ბ) დამატებით სალიცენზიო პირობებს ლიცენზიის მაძიებლისათვის.
10. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
2. მე-18 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის საშუალებით აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი აუქციონის ჩატარების თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საკუთარ ვებგვერდზე სავალდებულოდ გამოაქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღის და იმ ვებგვერდის მითითებით, რომელიც გამოყენებული იქნება აუქციონის ჩასატარებლად. ინფორმაციის გავრცელებისათვის შესაძლებელია დამატებით გამოყენებული იქნეს აგრეთვე სხვა საშუალებებიც“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში, ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 10 კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
მოქმედი კანონმდებლობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ხდება აუქციონის წესით. კანონმდებლობა იცნობს ლიცენზიის პირდაპირი წესით (აუქციონის გარეშე) გაცემას, თუმცა ეს გამონაკლისი მოიცავს მხოლოდ ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის გარეგანი მოხმარების მიწისქვეშა მინერალური წყლითა და სამკურნალო ტალახით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობას.
• კანონმდებლობით დასარეგულირებელია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გააჩნიათ შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია. ცნობილია, რომ ამ მიზნით გამოიყენება როგორც ზედაპირული წყლები (ამ ტიპის წყლითსარგებლობა ლიცენზიას არ საჭიროებს), ასევე მიწისქვეშა მტკნარი წყლები, რომელთა სარგებლობისთვისაც კანონმდებლობა ითვალისწინებს ლიცენზიის არსებობას. სარგებლობის ლიცენზიის მიღების აუქციონის წესი აბრკოლებს და საფრთხეს უქმნის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ლიცენზიის მიღების შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული კონკურენციის რისკი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მაღალია და არსებობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიებისათვის წყლითსარგებლობის ლიცენზიის მიღების დაბრკოლების ალბათობა. არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში შესაძლებელია, აუქციონის ფასი გაიზარდოს არაადეკვატურად და საბოლოოდ დასრულდეს უშედეგოდ, ან/და სხვა კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეექმნას მისგან წყლის სასყიდლიანი მიღების აუცილებლობა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე, გამოიწვევს წყალმომარაგების შეფერხებას, წყლის ღირებულების გაზრდას და ა.შ. შესაბამისად, მიზანშეწონილია ასეთი საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებისათვის არსებობდეს სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის გარეშე მოპოვების შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობის წყალმომარაგების შეფერხება. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის ამ ტიპის შემთხვევებისათვის საჭირო იქნება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა. გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების კომპანიებზე ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს, ვინაიდან იგი დაკავშირებულია მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებასთან, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ხსენებულ შემთხვევაშიც ხდებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ.
მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია კანონში გათვალისწინებულ იქნეს საგამონაკლისო შემთხვევებში გარკვეული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობასთან და განმაპირობებელია სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის.
ზემოხსნებული ცვლილების შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნულმა მუხლმა ასევე გაითვალისწინოს თუ რა დოკუმენტაციის წარმოდგენა იქნება სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინტერესებულია გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება. სწორედ ამის გამო ცვლილების პროექტით განისაზღვრა წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელების მიერ 171 მუხლით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება. წყალმომარაგების ლიცენზიანტებისთვის გარკვეული გამონაკლისის დაწესება განპირობებულია სწორედ მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებებით, რაც გულისხმობს მიწისქვეშა მტკნარი წყლის გამოყენებას, კომუნალური და სოფლის წყალმომარაგებისთვის სასმელი წყლის მიწოდებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია განცხადების ავტორმა კომპანიამ დაასაბუთოს, რომ ის ნამდვილად ფლობს წყალმომარაგების ლიცენზიას და ამ მიზნით წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.
• საჭიროა კანონმდებლობით არსებობდეს შესაძლებლობა სუბიექტის მიერ ლიცენზიის მიღების პირდაპირი წესით მიღებისათვის იმ შემთხვევაში, როცა საუბარია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის და ამ მიზნით საჭიროა ცვლილების განხორციელება კანონის 171 მუხლში. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც არსებობს კერძო პირის დაინტერესება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო დანიშნულებით მოპოვებაზე. ამ სუბიექტებს, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, ლიცენზიის მოპოვებისათვის უწევთ აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის პრინციპი ართულებს მეწარმეებისათვის მტკნარი წყლის მოპოვების შესაძლებლობას და ქმნის ბარიერს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აუქციონი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოშობს კონკურენციის რისკს ობიექტთან დაკავშირებით. არსებობს შესაძლებლობა და ალბათობა აუქციონში გაიმარჯვოს სხვა სუბიექტმა. ამ შემთხვევაში შესაძლოა მესაკუთრეს გააჩნდეს უარყოფითი პოზიცია მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე წყლით სარგებლობის უფლების სხვისთვის მინიჭებასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თვითონ გააჩნია აღნიშნული ლიცენზიის ფლობის ინტერესი. ეს პროცედურები წარმოადგენს ხელის შემშლელ გარემოებას როგორც მესაკუთრისათვის, ასევე აუქციონში პოტენციური გამარჯვებულისათვის, რაც აფერხებს როგორც ლიცენზირების პროცესს, ისე სამეწარმეო საქმიანობას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონმდებლობით არსებობდეს შესაძლებლობა კერძო მესაკუთრის დაინტერესების შემთხვევაში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაიცეს ლიცენზია პირდაპირი წესით – აუქციონის გარეშე. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს ლიცენზიის გაცემისას, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წლის განმავლობაში 5 000 კუბურ მეტრამდე მოცულობის წყლის მოპოვების უფლებით. აღნიშნული შეზღუდვის მიზანია, არ მოხდეს წყლის რესურსების შეუზღუდავი, ან/და დიდი მოცულობით ხარჯვა და უზრუნველყოფილ იქნეს მათი რაციონალური გამოყენება.
გარდა აღნიშნულისა, მუხლმა უნდა გაითვალისწინოს სუბიექტის მხრიდან გარკვეული დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, როცა იგი ითხოვს მის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებას. ამ შემთხვევაში, სუბიექტის საგამონაკლისო წესში მოქცევისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ ტერიტორია, სადაც არსებობს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების შესაძლებლობა, მის კერძო საკუთრებაშია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოხსნებული ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ განაპირობა ნორმის სათაურის განახლებული სახით ჩამოყალიბება. გამომდინარე იქედან, რომ უნდა მოხდეს საგამონაკლისო წესით გათვალისწინებული შემთხვევების წრის გაფართოვება, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული სათაურით ნორმის არსებობა გაუმართლებელია სამართლებრივი თვალსაზრისით. მოქმედი რედაქციით არსებული სახელწოდება ვერ დაფარავს მის შინაარსში არსებულ შემთხვევებს. სწორედ ამის გამო, უმჯობესია ნორმის სათაურის გაფართოვებული შინაარსით ჩამოყალიბება, რაც გამორიცხავს ხსენებული ნორმის სათაურსა და შინაარსს შორის არათავსებადობას. სწორედ იმის გამო, რომ ნორმა თავისი შინაარსით უკავშირდება სასარგებლო წიაღისეულის გარკვეული კატეგორიის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემას, მისი სახელწოდება საჭიროა ჩამოყალიბდეს როგორც სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესი.
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილების განხორციელება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში. პუნქტის მოქმედი რედაქცია ავალდებულებს ლიცენზიის გამცემს აუქციონის ჩატარების მიზნით საჭირო ინფორმაცია გამოაქვეყნოს ცენტრალურ პრესაში. ამ მიზნებისათვის ყოველწლიურად საჭიროა დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2009 წლიდან აუქციონის ჩასატარებლად ლიცენზიის გამცემის მიერ გამოყენებულია ელექტრონული ფორმა. ლიცენზიის მაძიებელს აუქციონში მონაწილეობისათვის უწევს ელექტრონულად დარეგისტრირება შესაბამის ვებგვერდზე და სრული სააუქციონო პროცესის ელექტრონულ ფორმატში ჩართულობა. რაც ნიშნავს, რომ ლიცენზიის მიღებით დაინტერესებული პირი, ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებული ინფორმაციით. შემდეგ ამავე ვებგვერდზე რეგისტრაციისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს აუქციონში. როგორც აღნიშნულიდან გამომდინარეობს, არ არსებობს აუქციონის თაობაზე ინფორმაციის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების საჭიროება. წარმოდგენილი ცვლილება არ შეაფერხებს ლიცენზიის მიღებით დაინტერესებულ პირთა წრისათვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას და დაზოგავს ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯებს, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროექტების დასაფინანსებლად. ამ საკითხზე უფრო მეტი სიცხადის შესატანად ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხდა ლიცენზიის მფლობელთა გამოკითხვა (ლიცენზიანტებთან პერიოდულად იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინიციატივების გაზიარება-განხილვის მიზნით. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მოხდა ლიცენზიანტების მოსაზრების გამორკვევა იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმითაა უფრო მოსახერხებელი სარგებლობის ლიცენზიის მიღების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შესახებ ინფორმაციის მიღება – ელექტრონული საშუალებებით თუ ბეჭდური მედიის (ცენტრალური პრესის) საშუალებით. ასი გამოკითხული რესპოდენტიდან მხოლოდ ოთხმა სუბიექტმა განაცხადა, რომ ისურვებდა ორივე (და არა მხოლოდ ბეჭდური მედიით) საინფორმაციო საშუალებით ხდებოდეს ინფორმაციის გამოქვეყნება, დანარჩენმა 96 სუბიექტმა განაცხადა, რომ მათთვის მოსახერხებელია ინფორმაციის გამოქვეყნება ელექტრონული მედიასაშუალებებით. აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ფაინანსური რესურსის დაზოგვის მიზნით აუქციონის ცენტრალურ პრესაში გამოქვეყნების ვალდებულების არარსებობა.
წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის ცვლილება. ნორმის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემის ვალდებულებას ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემით დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება ლიცენზიაში და გასცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა. სამდღიანი ვადა არ არის საკმარისი, ვინაიდან რეესტრში ცვლილების განხორციელებამდე საჭიროა გადამოწმებულ იქნეს ლიცენზიასთან დაკავშირებული მონაცემები (დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თავსებადობა მის მიერვე წინა პერიოდში წარმოდგენილი წლიური ანგარიშგების მონაცემებთან. პრაქტიკაში არსებულმა შემთხვევებმა ცალსახად აჩვენა, რომ ლიცენზიის გადაცემისას აუცილებელი ინფორმაციის სრულყოფილად გადამოწმების მიზნით საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი ვადის გაზრდა. წარმოდგენილი ცვლილებით განსაზღვრული ვადა შეადგენს 10 დღეს, რაც საკმარისი იქნება ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მოამზადოს ადმინისტრაციული აქტის პროექტი და სალიცენზიო მოწმობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტში ცვლილების შეტანა განპირობებულია მოქმედ კანონმდებლობაში ზემოაღნიშნული პრობლემების გამოსწორების მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით შეიქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში, გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისათვის პირდაპირი წესით. წყალმომარაგებისათვის მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის მიზანს წარმოადგენს აუქციონთან დაკავშირებული გართულებული პროცედურების თავიდან აცილება, რათა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს არ შეექმნას ბარიერი წყალმომარაგების ლიცენზიის მიზნებისათვის მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობაში. ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობისათვის გამარტივებული წესის შემოღება, რათა მოხდეს რესურსის ეფექტური გამოყენება სამეწარმეო მიზნით.
კანონპროექტი ასევე უზრუნველყოფს არამიზნობრივი ხარჯების ოპტიმიზაციას. გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი მიმართული იქნება დარგის განვითარებისათვის.
კანონპროექტი აგრეთვე მიზნად ისახავს ლიცენზიის გამცემს მიეცეს ლიცენზიის გადაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად გადამოწმების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფილი იქნება ლიცენზიის გამცემის მიერ ყველა საჭირო მოქმედების განხორციელებისათვის დროის ოპტიმალური პერიოდის არსებობით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ა) წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პირდაპირი წესის სამართლებრივი რეგულირების უზრუნველყოფა;
ბ) პროცედურის გამარტივების მიზნით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებაზე ლიცენზიის პირდაპირი გაცემის წესის გავრცელება. დამატებით პირობად კი, განსაზღვრულია წყლითსარგებლობის წლიური ზედა ზღვარი 5 000 კუბური მეტრის მოცულობით.
ზემოხსენებული ცვლლილებების გათვალისწინებით, კანონის 171 მუხლს ემატება პუნქტები, რომლითაც განისაზღვრება ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია. კანონის მე-6 მუხლის 87-ე პუნქტით განსაზღვრული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელმა სუბიექტმა, რომელიც დაინტერესებულია მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების მიზნით მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებით, საჭიროა ამ მუხლით ჩამოთვლილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად 171 მუხლს დაემატება პუნქტი, რომელიც დამოუკიდებლად გაითვალისწინებს დამატებით დოკუმენტაციას, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც ექნება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების უფლების მიღებით დაინტერესებულ პირს. აღნიშნულმა სუბიექტმა სხვა დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-18 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის თაობაზე ინფორმაციას აუქციონის გამართვამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნებს საკუთარ ან სხვა ვებგვერდზე. ამასთანავე, უცვლელი დარჩება ამავე პუნქტის მეორე წინადადება, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ექნება შესაძლებლობა, ინფორმაციის გავრცელებისათვის გამოიყენოს დამატებითი ტექნიკური საშუალებებიც.
წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით ცვლილება შედის კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვითაც ხდება ლიცენზიის გადაცემისას ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსთვის 10 კალენდარული დღის დაწესება, ნაცვლად სამდღიანი ვადისა. კანონმდებლობა არ უნდა ზღუდავდეს ლიცენზიის გამცემ ორგანოს დროში ისე, რომ მას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, სრულყოფილად მოახდინოს ყველა საჭირო დოკუმენტის გადამოწმება. შესაბამისად, მისთვის ამ მოქმედებების განსახორციელებლად უნდა არსებობდეს დროის ოპტიმალური შუალედი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი უზუსტობა;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
ასეთი არ არსებობს;
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტის ძალაში შესვლა უნდა მოხდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად აღმოიფხვრას ზემოაღნიშნული პრობლემები. რაც შეეხება უკუძალის მინიჭების საკითხს, პროექტი არ ითვალისწინებს ასეთ დანაწესს;
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ასეთი არ არის მოთხოვნილი ;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალთან;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას/დაწესებულებას, ექსპერტს, სამუშაო ჯგუფს მონაწილეობა არ მიუღიათ;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დოკუმენტის კომენტარები