საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4335-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010190030.09.001.016506
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4335-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 22/02/2019
010190030.09.001.016506
საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/02/2019 - 26/07/2021)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი (თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძე

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4335-IIს





საქართველოს პარლამენტის წევრის

ეთიკის კოდექსი

საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის ნორმების დაცვა კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. იგი საზოგადოების წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლებას ემსახურება.

საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის (შემდგომ − კოდექსი) მიზანია, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე საქართველოს პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ თავისი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებას, საქართველოს პარლამენტის წევრის რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვას.

მუხლი 1. კოდექსის მოქმედების სფერო

1. კოდექსი, საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, ადგენს მისი ქცევის სტანდარტს, აგრეთვე განსაზღვრავს ქცევის წესებს, რომლებიც პარლამენტის წევრმა საქმიანობის განხორციელებისას და კოლეგებთან, სხვა თანამშრომლებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს უნდა გაითვალისწინოს.

2. კოდექსის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს  კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.

მუხლი 2. კოდექსის ძირითადი პრინციპები

საქართველოს პარლამენტის წევრი საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით:

ა) კანონიერება და ერთგულება:

ა.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი არის სრულიად საქართველოს წარმომადგენელი; იგი იცავს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ა.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი ზრუნავს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებისთვის და პატივს სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს;

ა.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხალხისა და სახელმწიფოს ერთგულია;

ა.დ) საქართველოს პარლამენტის წევრი თავისი ქმედებით უფრთხილდება ქვეყნის იმიჯს; იგი ხელს უწყობს სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარებისთვის ხელსაყრელი  გარემოს შექმნას;

ბ) თანასწორობა:

ბ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი თანასწორად ეპყრობა ყველა მოქალაქეს, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის განურჩევლად;

ბ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი პატივს სცემს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს; იგი აღიარებს მამაკაცთა და ქალთა თანაბარ უფლებებს;

ბ.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს; იგი რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის ან სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობის მიმართ არ იყენებს სიძულვილის ენას;

გ) კეთილსინდისიერება:

გ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი ადმინისტრაციულ რესურსს პასუხისმგებლობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების გათვალისწინებით იყენებს;

გ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი პირადი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ საპარლამენტო მოვალეობების ობიექტურად შესრულებაზე, მათ შორის, არ ახორციელებს ლობირებას პირადი სარგებლის სანაცვლოდ;

დ) ანგარიშვალდებულება: საქართველოს პარლამენტის წევრი ანგარიშვალდებულია ამომრჩევლის წინაშე; ამომრჩეველს უნდა შეეძლოს პარლამენტის წევრთან დაკავშირება; პარლამენტის წევრი ამომრჩეველს აწვდის ინფორმაციას მისი უფლებებისა და საქართველოს პარლამენტის საქმიანობის თაობაზე, აგრეთვე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობას;

ე) გამჭვირვალობა:

ე.ა) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესს ემსახურება და გამჭვირვალეა;

ე.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ვ) პასუხისმგებლობა:

ვ.ა) საქართველოს პარლამენტის წევრი იცავს და აძლიერებს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას;

ვ.ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი კანონით დადგენილ  ფარგლებში ახორციელებს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ყველა ორგანოს კონტროლს;

ვ.გ) საქართველოს პარლამენტის წევრი ხელს უწყობს საპარლამენტო ეთიკის ნორმების დაცვას.

მუხლი 3. ქცევის წესები

საქართველოს პარლამენტის წევრმა საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა დაიცვას ქცევის შემდეგი წესები:

ა) საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი, ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის „ოჯახის წევრსა“ და „ახლო ნათესავში“ იგულისხმებიან „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე თავისი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს;

გ) საქართველოს პარლამენტის წევრს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე. საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია მიღებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იმ საჩუქრის საჩუქრების რეესტრში დეკლარირება, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ლარს აღემატება. საჩუქრების რეესტრში უნდა მიეთითოს: საჩუქრის მიმღები საქართველოს პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, მჩუქებლის სახელი და გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის სახელწოდება), საჩუქრის მიღების თარიღი, საჩუქრის აღწერა და საბაზრო ღირებულება. საჩუქრების რეესტრი საჯაროა. მას აწარმოებს ეთიკის საბჭოს სამდივნო;

ე) საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის სამეწარმეო საქმიანობასთან ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობასთან შეთავსება დაუშვებელია. აღნიშნული შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით;

ვ) „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში განახორციელოს ლობისტური საქმიანობა;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრმა „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ლობისტისგან არ უნდა მიიღოს საჩუქარი/ჯილდო;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ლობისტთან გამართული საქმიანი შეხვედრის გამჭვირვალობის მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრი უზრუნველყოფს ამ შეხვედრის გამართვის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;

ი) საქართველოს პარლამენტის წევრმა არ უნდა დადოს ისეთი გარიგება, რომელიც მას სადეპუტატო საქმიანობის განხორციელების პროცესში დამოუკიდებლობას უზღუდავს;

კ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;

ლ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში;

მ) საქართველოს პარლამენტის წევრმა ადმინისტრაციული რესურსი პირადი ინტერესებისთვის (მათ შორის, კონკრეტული ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ) არ უნდა გამოიყენოს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

ნ) საქართველოს პარლამენტის წევრმა თანამშრომლებთან ურთიერთობისას არ უნდა მოახდინოს მათი დისკრიმინაცია/გამორჩევა რასის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის ან სხვა ნიშნით; პარლამენტის წევრმა საქართველოს პარლამენტის თანამშრომელს არ უნდა დაავალოს ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც მისი სამუშაოს აღწერილობით გათვალისწინებული არ არის;

ო) საქართველოს პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია სხვისი ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება;

პ) საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურებრივი საკონტაქტო ინფორმაცია;

ჟ) საქართველოს პარლამენტის წევრმა არასამსახურებრივი მიზნით არ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჯარო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.

მუხლი 4. კოდექსის დარღვევის შემთხვევების მონიტორინგი და კოდექსის აღსრულება

1. კოდექსის მე-3 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „კ“−„მ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. კოდექსის მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ზ“−„ი“ და „ნ“−„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქცევის წესების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლის და მონიტორინგს უწევს ეთიკის საბჭო.

3. ეთიკის საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

4. ეთიკის საბჭო თავისი ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე განიხილავს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

5. ეთიკის საბჭოს ჰყავს 2 თანათავმჯდომარე (ერთი − უმრავლესობიდან, ხოლო მეორე − უმცირესობიდან ან იმ ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში). ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეებს ირჩევს ეთიკის საბჭო. ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეთა არჩევის წესი, აგრეთვე მათი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ეთიკის საბჭოს დებულებით.

6. ეთიკის საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა. ეთიკის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. საქართველოს პარლამენტის წევრმა (საქართველოს პარლამენტის წევრებმა) ან პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მის მიმართ დაირღვა კოდექსი, შეიძლება წარადგინოს საჩივარი კოდექსის დარღვევის თაობაზე, რისთვისაც მან უნდა შეავსოს საჩივრის სპეციალური ფორმა.

8. თუ კოდექსის სავარაუდო დარღვევა ეთიკის საბჭოს წევრმა ჩაიდინა, საბჭო შესაბამის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. ამ შემთხვევაში აღნიშნული წევრის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, იგი დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე, ფრაქციის სხვა წევრით შეცვალოს.

9. საჩივრის სპეციალური ფორმის შევსება და საჩივრის წარდგენა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონულად.

10. საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ეთიკის საბჭოს თანათავმჯდომარეები იღებენ გადაწყვეტილებას საჩივრის დასაშვებობის თაობაზე. საჩივარი დასაშვები არ არის, თუ საჩივარში მითითებული საკითხი სცილდება ეთიკის საბჭოს კოდექსით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს,  საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-7 და მე-11 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან/და აღნიშნულ საკითხზე ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. საჩივრის დასაშვებობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომჩივანს.

11. საჩივარი შეიძლება წარდგენილ იქნეს კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგომიდან/გამოვლენიდან არაუგვიანეს 1 თვისა, მხოლოდ შესაბამისი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის მქონე პირის წინააღმდეგ.

12. საქართველოს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ საჩივრის წარდგენის შემთხვევაში მას დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება აღნიშნული საჩივრის თაობაზე და ეძლევა საჩივრის დასაშვებად მიჩნევიდან 10 სამუშაო დღე საჩივარზე საპასუხოდ. ეს ვადა შეიძლება არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს.

13. ეთიკის საბჭო საჩივარს საჩივარზე საპასუხოდ განსაზღვრული ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში განიხილავს.

14. საჩივრის განხილვის პროცესში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოითხოვოს საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

15. საქართველოს პარლამენტის წევრი თანამშრომლობს ეთიკის საბჭოსთან.

16. საქართველოს პარლამენტის წევრმა კოდექსის დარღვევის თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში უნდა დაიცვას კონფიდენციალურობის დაცვისათვის დადგენილი ნორმა და არ უნდა გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც სათანადო წესით არ დადასტურებულა და ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო.

17. ეთიკის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ პარლამენტის წევრის სახელი და გვარი, რომელმაც დაარღვია კოდექსი, აგრეთვე დარღვევის მოკლე აღწერა. საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს.

18. თუ ეთიკის საბჭო დაადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს კოდექსი არ დაურღვევია, მისი სახელი და გვარი, აგრეთვე შემთხვევის მოკლე აღწერა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება მხოლოდ აღნიშნული პარლამენტის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ხოლო მომჩივანს ეცნობება საბჭოს გადაწყვეტილების თაობაზე.

19. ეთიკის საბჭო ამზადებს საბჭოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე.

20. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო ეთიკის საბჭოს სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია გამართოს საჯარო სხდომა. საჯარო სხდომის გამართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეთიკის საბჭო.

21. ეთიკის საბჭოს წევრი, საბჭოს სამდივნოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საჩივრის განხილვის პროცესში.

მუხლი 5. კოდექსის საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის გაცნობა

ყოველი ახალი მოწვევის საქართველოს პარლამენტი შესაბამისი პარლამენტის წევრებისთვის კოდექსის გაცნობის მიზნით უზრუნველყოფს მათთვის ტრენინგის ჩატარებას.

მუხლი 6. გარდამავალი დებულება

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიიღოს ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილება.