დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4313-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/02/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010020000.05.001.019433 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში გამოყენებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დადგენის წესს. 2. ეს კანონი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოებზე. მათი გამოყენების წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად დგინდება საქართველოს ორგანული კანონით. 3. ამ კანონის მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 მუხლების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე. მუხლი 2 ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო − საქართველოს სახელმწიფო გერბი, საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი; ბ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო: ბ.ა) საჯარო დაწესებულების (შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის) ემბლემა; ბ.ბ) საჯარო დაწესებულების დროშა, დროშების ერთობლიობა; ბ.გ) საჯარო დაწესებულების დროშებისა და სიმბოლოების ერთობლიობა; ბ.დ) ინსიგნია; ბ.ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, უწყებრივი ჯილდო; ბ.ვ) საქართველოს სახელმწიფო სამხედრო წოდების, სახელმწიფო სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი; საქართველოს თავდაცვის ძალების სახეობის, სამხედრო დანაყოფის, სამხედრო ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშანი; ბ.ზ) მუნიციპალიტეტის გერბი, მუნიციპალიტეტის დროშა; ბ.თ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანი; ბ.ი) საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ.კ) საჯარო დაწესებულების ბლანკის ნიმუში, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო; ბ.ლ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელზედაც გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება: გ.ა) სამხედრო აღლუმი; გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება; გ.გ) საქართველოს ტერიტორიაზე გამართული სარიტუალო, საერთაშორისო, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს; დ) ემბლემა – საჯარო დაწესებულების, საჯარო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჰერალდიკური ნორმების დაცვით; ე) ინსიგნია − საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობისა და უფლებამოსილებების პირობითი, სიმბოლური გამოსახულება: დროშა, სამკერდე მედალიონი, კვერთხი; ვ) დროშების ერთობლიობა − დროშები, რომლებითაც სიმბოლურად გადმოიცემა საჯარო დაწესებულებისა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან ამ საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იერარქიული ურთიერთდამოკიდებულება; ზ) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო − ორდენი, მედალი, რომლებიც განისაზღვრება კანონით; თ) უწყებრივი ჯილდო − მედალი, მედალიონი, სამკერდე ნიშანი, სიგელი, დიპლომი, რომლებიც მტკიცდება საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით, ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი წესით; ი) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3507 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი II სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცება, აღმართვა, გამოფენა და გამოსახვა მუხლი 3 1. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი. მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო მისი გამოყენების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთანავე, აღნიშნული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები და წესები მტკიცდება (დგინდება) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტთან (შემდგომ − დეპარტამენტი) წინასწარი კონსულტაციებისა და დეპარტამენტის დადებითი დასკვნის საფუძველზე. 2. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს ამ მუხლის პირველი პუნქტის მე-3 წინადადების შესაბამისად ამტკიცებს სათანადო მინისტრი, ხოლო სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სიმბოლოს და მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესს იმავე წინადადების შესაბამისად ამტკიცებს ამ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი დეპარტამენტთან შეთანხმების საფუძველზე დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშანზე. საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნის გაფორმებასა და დიზაინს შეიმუშავებს და საკუთარი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. 4. სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშები დადგენილი წესით თანხმდება დეპარტამენტთან. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1166 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3507 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №814 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
მუხლი 4 1. საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დეპარტამენტთან შეთანხმების მიზნით − მუნიციპალიტეტის მერი წერილობით მიმართავს დეპარტამენტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვა უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების სრულ სახელწოდებას, ხოლო თუ იგი სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებაა, − აგრეთვე ამ დაწესებულების სრულ სახელწოდებას; ბ) დეპარტამენტისთვის მიმართვის საფუძველს; გ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტს; დ) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აღწერილობას. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია საჯარო დაწესებულებას დამატებითი დასაბუთება მოსთხოვოს. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახულების პროექტის განხილვაში და მისი განხილვისას დეპარტამენტს საკუთარი ინიციატივით წარუდგინოს დამატებითი მონაცემები. 4. დეპარტამენტი შესათანხმებლად წარდგენილ სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს აფასებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად. 5. დეპარტამენტი წარდგენილი პროექტის შეთანხმების შესახებ დასკვნას გასცემს ამ პროექტის წარდგენიდან 1 თვეში. თუ დეპარტამენტი ამ ვადაში დასკვნას არ გასცემს, აღნიშნული პროექტი შეთანხმებულად ითვლება. პროექტის შეთანხმების შემდეგ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ხელმძღვანელი პირი ან ორგანო უფლებამოსილია დაამტკიცოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო. 6. საჯარო დაწესებულების მოქმედი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილება დეპარტამენტთან თანხმდება ამ მუხლის პირველი−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების გარდა, წარდგენილი უნდა იქნეს აღნიშნული ცვლილების დასაბუთება. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. მუხლი 5 საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“ თანხმდება დეპარტამენტთან. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. მუხლი 6 დაუშვებელია საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს სხვა საჯარო დაწესებულების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოდ ან მის საფუძვლად გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საჯარო დაწესებულება სხვა დაწესებულების სისტემაში შემავალი, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ან მის მიერ დაფუძნებული დაწესებულებაა. მუხლი 7 1. საჯარო დაწესებულება სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიულ აქტს უგზავნის დეპარტამენტს. დეპარტამენტი ამ ნორმატიულ აქტს 3 სამუშაო დღის ვადაში აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე. 2. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებას ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. მუხლი 8 1. დაუშვებელია დადგენილი წესით დეპარტამენტთან შეთანხმებული და საჯარო დაწესებულების მიერ დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ნიმუშისა და მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილება, აგრეთვე დაზიანებული, სახეცვლილი (შესაბამისი ნიმუშისგან განსხვავებული) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს გამოსახვა, აღმართვა, გამოფენა. 2. დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო ჩამოიხსნება და აღარ აღიმართება, აღარ გამოიფინება, აღარ გამოისახება. 3. საჯარო დაწესებულების დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო დაწესებულება ან მისი ხელმძღვანელი, ხოლო მუნიციპალიტეტის დაზიანებული ან სახეცვლილი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს განადგურების წესს შეიმუშავებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საქართველოს 2025 წლის 6 თებევლის კანონი №269 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. თავი II1 სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4367 – ვებგვერდი, 10.07.2024წ. მუხლი 81 1. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია იმართება მის მიერ თანამდებობის დაკავების წინ, მისი არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში. 2. საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიის საპროტოკოლო ნაწილს განსაზღვრავს, აგრეთვე ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. აღნიშნული ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები ფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4367 – ვებგვერდი, 10.07.2024წ. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 9 1. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო, გარდა საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნისა და ამ კანონის ამოქმედებამდე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოსი, 2027 წლის 1 ივნისამდე ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს ცვლილების საჭიროების შემთხვევაში იგი ხელახლა უნდა დამტკიცდეს ამავე კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2021 წლის 17 დეკემბრის კანონი №1166 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3321 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4178 – ვებგვერდი, 20.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №567 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.
მუხლი 10 დაევალოს საქართველოს მთავრობას, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესი“. მუხლი 11 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 22 თებერვალი 2019 წ. N4313-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები