საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC - სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების შემოღების შესახებ

საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC - სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 89/391/EEC
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 12/06/1989
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი
89/391/EEC
12/06/1989
ვებგვერდი, 15/02/2019
საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC - სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების შემოღების შესახებ
ევროპის გაერთიანებების საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

საბჭოს 1989 წლის 12 ივნისის დირექტივა 89/391/EEC

სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის ღონისძიებების შემოღების შესახებ

ევროგაერთიანებების საბჭომ,

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 118a-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა ევროკომისიის წინადადებას1 , რომელიც შემუშავებული იქნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით2 ,

ითვალისწინებს რა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას3,

ვინაიდან, ხელშეკრულების 118a მუხლში მოცემულია, რომ საბჭომ დირექტივების მეშვეობით უნდა მიიღოს ის მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც საჭიროა გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში, იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უკეთეს დონეზე დაცვა;

ვინაიდან, ეს დირექტივა არ ასაბუთებს ცალკეულ წევრ სახელმწიფოებში უკვე მიღწეული დაცვის დონეების რაიმენარად შემცირებას, იმ სიტუაციაში, როდესაც წევრ სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკისრია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ამ სფეროში პირობების გაუმჯობესებას და მოახდინოს პირობების ჰარმონიზაცია განხორციელებული გაუმჯობესებების შენარჩუნების ფონზე;

ვინაიდან, ცნობილია, რომ მუშაკებზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სამუშაო ადგილზე არსებულმა საშიშმა გარემო ფაქტორებმა მათი სამუშაო ადგილზე ყოფნის განმავლობაში;

ვინაიდან, საერთაშორისო ხელშეკრულების 118a მუხლის თანახმად, ამგვარი დირექტივებით თავიდან უნდა იქნას აცილებული ისეთი ადმინისტრაციული, ფინანსური და სამართლებრივი შეზღუდვების დაკისრება, რომლებიც შეაფერხებენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნასა და განვითარებას;

ვინაიდან, კომისიისგან მიღებული ინფორმაცია მისი პროგრამის შესახებ, რომელიც ეხება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვას,4 ითვალისწინებს ისეთი დირექტივების მიღებას, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მუშაკთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა;

ვინაიდან, საბჭომ, 1987 წლის 21 დეკემბრის საკუთარ რეზოლუციაში სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ5, ყურადღება გაამახვილა კომისიის განზრახვაზე, უახლოეს მომავალში საბჭოსთვის, სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის შესახებ დირექტივის წარდგენასთან დაკავშირებით;

ვინაიდან, 1988 წლის თებერვალში, შიდა ბაზრისა და მუშაკთა დაცვასთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, ევროპარლამენტმა ოთხი რეზოლუცია მიიღო; ვინაიდან, აღნიშნული რეზოლუციებით კომისიას საგანგებოდ ეთხოვა ჩარჩო დირექტივის შემუშავება, რომელიც საფუძვლად დაედებოდა უფრო კონკრეტულ დირექტივებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნებოდა ყველა ის რისკი, რაც დაკავშირებულია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვასთან;

ვინაიდან, წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ მათ ტერიტორიაზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას; ვინაიდან, სამუშაო ადილზე მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ღონისძიებების მიღება ზოგ შემთხვევაში ასევე დაეხმარება მათ, დაიცვან იმ პირების ჯანმრთელობა და შესაძლებელია უსაფრთხოებაც, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ;

ვინაიდან, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო სისტემები ძლიერ განსხვავებულია და საჭიროებენ დახვეწას; ვინაიდან, ამ საკითხთან დაკავშირებულმა ეროვნულმა დებულებებმა, რომლებიც ხშირად მოიცავენ ტექნიკურ სპეციფიკაციებს ან/და თვითრეგულირებად ნორმებს, შესაძლოა გამოიწვიონ უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის განსხვავებული დონეების განვითარება და შესაძლოა დაუშვან კონკურენცია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ხარჯზე;

ვინაიდან, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების მასშტაბი კვლავ ძალიან დიდია; ვინაიდან, პრევენციული ღონისძიებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს შემოღებული ან გაუმჯობესებული იმისათვის, რომ დაცულ იქნას მუშაკთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და უზრუნველყოფილ იქნას დაცვის უფრო მაღალი ხარისხი;

ვინაიდან, დაცვის გაუმჯობესებული ხარისხის უზრუნველსაყოფად მუშაკებს ან/და მათ წარმომადგენლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების და ამ რისკების შემცირების ან აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ; ვინაიდან, მათ ასევე უნდა შეეძლოთ, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად თანაზომიერი მონაწილეობის მეშვეობით, ხელი შეუწყონ იმის წარმოჩენას, რომ აუცილებელი დამცავი ღონისძიებები მიღებულია;

ვინაიდან, სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, დიალოგი და თანაზომიერი მონაწილეობა უნდა განხორციელდეს დამსაქმებლებსა და მუშაკებს, ან/და მათ წარმომადგენლებს შორის, სათანადო პროცედურებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად;

ვინაიდან, სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესება არის მიზანი, რომელიც არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ მოსაზრებებზე;

ვინაიდან, დამსაქმებლები ვალდებული არიან ყოველთვის იქონიონ ინფორმაცია სამუშაო ადგილის დიზაინთან დაკავშირებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და სამეცნიერო მიგნებების შესახებ, მათი საწარმოებისთვის დამახასიათებელი საშიშროებების გათვალისწინებით, და შესაბამისად მიაწოდონ ინფორმაცია მუშაკთა წარმომადგენლებს, რომლებიც იყენებენ ამ დირექტივაში გათვალისწინებულ მონაწილეობის უფლებებს, იმისათვის, რომ მათ შესძლონ მუშაკთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უკეთესი დონის უზრუნველყოფა;

ვინაიდან, ამ დირექტივის დებულებები, გაერთიანების მიმდინარე ან სამომავლო უფრო მკაცრი დებულებების შეუზღუდავად, ეხება ყველა რისკს, ხოლო განსაკუთრებით სამუშაო ადგილზე ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური რეაგენტების გამოყენებისას წარმოშობილ რისკებს, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივაში 80/1107/EEC6, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა დირექტივით 88/642/EEC7;

ვინაიდან, გადაწყვეტილების 74/325/EECანახმად, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის

 დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს კომისია მიმართავს კონსულტაციისთვის ამ სფეროში წინადადებების შემუშავებასთან დაკავშირებით;

ვინაიდან, საჭიროა წევრი სახელმწიფოების მიერ დასახელებული წევრებისგან შემდგარი კომიტეტის შექმნა, რომელიც კომისიას დაეხმარება ამ დირექტივაში გათვალისწინებულ ცალკეულ დირექტივებთან ტექნიკურ ადაპტაციაში.

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

სექცია I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

მიზანი

1. ამ დირექტივის მიზანია იმ ღონისძიებების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას.

2. ამ თვალსაზრისით, იგი შეიცავს ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხება პროფესიული რისკების პრევენციას, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, რისკებისა და უბედური შემთხვევების ფაქტორების აღმოფხვრას, ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციას, თანაზომიერ მონაწილეობას ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად და მუშაკებისა და მათი წარმომადგენლების მომზადებას, აგრეთვე, შეიცავს აღნიშნული პრინციპების განსახორციელებლად საჭირო ზოგად სახელმძღვანელო მითითებებს.

3. წინამდებარე დირექტივით არ იზღუდება არსებული ან სამომავლო ეროვნული და გაერთიანების დებულებები, რომლებიც უფრო ხელსაყრელია სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის.

მუხლი 2

მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა ვრცელდება საქმიანობის ყველა, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე (სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, კომერციული, ადმინისტრაციული, მომსახურების, საგანმანათლებლო, კულტურული, სამუშაოსგან თავისუფალი დრო და ა.შ.).

2. წინამდებარე დირექტივა არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ იგი გარდაუვალ წინააღმდეგობაში მოდის გარკვეული სპეციფიური საჯარო სამსახურის, როგორიცაა: შეიარაღებული ძალები ან პოლიცია, საქმიანობისთვის დამახასიათებელ თვისებებთან, ან სამოქალაქო დაცვის სამსახურების გარკვეულ სპეციფიურ საქმიანობასთან.

ასეთ შემთხვევაში, მაქსიმალურად უზრუნველყოფილ უნდა იქნას მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ამ დირექტივის მიზნებიდან გამომდინარე.

მუხლი 3

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობები გააჩნია:

  1. მუშაკი: ნებისმიერი პირი, რომელიც დასაქმებულია დამსაქმებლის მიერ, მათ შორის, სტაჟიორები და პრაქტიკანტები, მაგრამ არა შინამოსამსახურეები;
  2. დამსაქმებელი: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია შრომითი ურთიერთობა მუშაკთან და პასუხისმგებლობა საწარმოსთან ან/და დაწესებულებასთან დაკავშირებით;
  3. მუშაკთა წარმომადგენელი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებელობა გააჩნია მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით: ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად არჩეული, შერჩეული ან დანიშნული ნებისმიერი პირი, რომელიც არის მუშაკების წარმომადგენელი იმ სიტუაციებში, როდესაც სამუშაო ადგილზე წარმოიშობა მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები;
  4. პრევენცია: ყველა ნაბიჯი ან ღონისძიება, რომელიც გადადგმული ან დაგეგმილია საწარმოში მუშაობის ყველა ეტაპზე იმისათვის, რომ აღიკვეთოს ან შემცირდეს პროფესიული რისკები.

მუხლი 4

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები რათა უზრუნველყონ, რომ დამსაქმებლებმა, მუშაკებმა და მუშაკთა წარმომადგენლებმა დაიცვან წინამდებარე დირექტივის იმპლემენტაციისთვის საჭირო სამართლებრივი დებულებები.

2. კერძოდ, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ადეკვატური კონტროლის მექანიზმი და ზედამხედველობა.

სექცია II

დამსაქმებლების ვალდებულებები

მუხლი 5

ზოგადი დებულება

1. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა სამუშაოსთან დაკავშირებულ ყოველ ასპექტში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მე-7(3) მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ორგანიზაციისთვის მოიზიდავს გარეშე პირის მომსახურებას და აიყვანს კომპეტენტურ გარეშე პირებს, ეს მას არ ათავისუფლებს ამ სფეროში საკუთარი პასუხისმგებლობებისგან.

3. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუშაკთა ვალდებულებები არ ზემოქმედებენ დამსაქმებლის პასუხისმგებლობის პრინციპზე.

4. ეს დირექტივა არ ზღუდავს წევრი სახელმწიფოების არჩევანის საშუალებას, გაითვალისწინონ გამონაკლისი ან შეზღუდვა დამსაქმებლების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, როდესაც შემთხვევები ხდება უჩვეულო და გაუთვალისწინებელი ვითარებების გამო, რომლებიც დამსაქმებელთა კონტროლს მიღმაა, ან გამონაკლისი მოვლენების გამო, რომელთა შედეგები არ შეიძლება ყოფილიყო თავიდან აცილებული სათანადო სიფრთხილის მიუხედავად.

წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა გამოიყენონ პირველ აბზაცში მითითებული ალტერნატივა.

მუხლი 6

დამსაქმებლების ზოგადი ვალდებულებები

1. საკუთარ პასუხისმგებლობათა კონტექსტში, დამსაქმებელმა უნდა მიიღოს საჭირო ღონისძიებები მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, პროფესიული რისკების პრევენციის, ინფორმაციისა და სწავლების მიწოდების, აგრეთვე, საჭირო ორგანიზებისა და საშუალებების უზრუნველსაყოფისთვის.

დამსაქმებელი ყოველთვის კონცენტრირებული უნდა იყოს აღნიშნული ღონისძიებების იმგვარად რეგულირების საჭიროებაზე, რომ შესაძლებელი იყოს ცვლადი გარემოებების გათვალისწინება და არსებული სიტუაციების გაუმჯობესებისთვის მიზნის დასახვა.

2. დამსაქმებელმა უნდა განახორციელოს 1-ლი პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული ღონისძიებები, პრევენციის შემდეგი ზოგადი პრინციპების საფუძველზე:

  1. რისკების თავიდან აცილება;
  2. იმ რისკების შეფასება, რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია:
  3. რისკებთან ბრძოლა მათი წარმოშობის ადგილზე;
  4. სამუშაოს ადაპტირება ცალკეულ ინდივიდზე, განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება სამუშაო ადგილების დიზაინს, ასევე სამუშაო აღჭურვილობის შერჩევა და მუშაობისა და წარმოების მეთოდების შერჩევა, რომლის მიზანია, კერძოდ, მონოტონური სამუშაოს შემსუბუქება და წინასწარ დადგენილი სამუშაო განაკვეთით მუშაობა, ასევე ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი გავლენის შემცირება.
  5. ადაპტირება ტექნიკურ პროგრესთან;
  6. სახიფათოს არასახიფათოთი, ან ნაკლებ სახიფათოთი ჩანაცვლება;
  7. საყოველთაო, თანმიმდევრული პრევენციული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიას, სამუშაოს ორგანიზებას, სამუშაო პირობებს, სოციალურ ურთიერთობებსა და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორების ზემოქმედებას;
  8. კოლექტიური დამცავი ღონისძიებებისთვის უპირატესობის მინიჭება ინდივიდუალურ დამცავ ღონისძიებებთან შედარებით;
  9. მუშაკებისთვის შესაბამისი მითითებების მიცემა.

3. წინამდებარე დირექტივის სხვა დებულებების შეუზღუდავად, დამსაქმებელმა, საწარმოს ან/და დაწესებულების საქმიანობის თვისებიდან გამომდინარე, უნდა:

  1. შეაფასოს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართ არსებული რისკები, მათ შორის, სამუშაო აღჭურვილობის შერჩევისას, გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებთან ან პრეპარატებთან დაკავშირებული რისკები და სამუშაო ადგილების ეკიპირებასთან დაკავშირებული რისკები.

ამ შეფასების შემდეგ და საჭიროებიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები და მუშაობისა და წარმოების მეთოდები უნდა:

  • უზრუნველყოფდეს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის არსებული დონის ამაღლებას,
  • ჩაერთოს საწარმოს ან/და დაწესებულების ყველა საქმიანობაში ყველა იერარქიულ საფეხურზე;
  1. ითვალისწინებდეს , მუშაკისთვის დავალების მიცემისას, მუშაკის შესაძლებლობებს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით;
  2. უზრუნველყოფდეს, რომ ახალი ტექნოლოგიები დაიგეგმება და დაინერგება მუშაკებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, რომლის დროსაც განიხილება აღჭურვილობის შერჩევის შედეგები, სამუშაო პირობები და სამუშაო გარემო მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
  3. ითვალისწინებდეს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, რათა სერიოზული და სპეციფიური საფრთხის არსებობის ადგილებთან წვდომა ჰქონდეთ მხოლოდ იმ მუშაკებს, რომელთაც მიღებული აქვთ ადეკვატური ინსტრუქციები.

4. წინამდებარე დირექტივის სხვა დებულებების შეუზღუდავად, როდესაც სამუშაო ადგილს ინაწილებს რამოდენიმე საწარმო, დამსაქმებლებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და შრომის ჰიგიენის დაცვის დებულებების განსახორციელებლად, ხოლო საქმიანობის თვისების გათვალისწინებით, უნდა შეათანხმონ საკუთარი ქმედებები პროფესიული რისკებისგან დაცვისა და მათი პრევენციის საკითხებში და ერთმანეთს და მათ შესაბამის მუშაკებს ან/და მუშაკთა წარმომადგენლებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ამ რისკების შესახებ.

5. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასთან, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მუშაკთა ფინანსურ ხარჯებში ჩართვას.

მუხლი 7

დაცვისა და აღკვეთის სერვისები

1. მე-5 და მე-6 მუხლებში მითითებული ვალდებულებების შეუზღუდავად, დამსაქმებელმა უნდა დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი მუშაკი, რომელიც განახორციელებს პროფესიული რისკებისგან დაცვასა და მათ აღკვეთასთან დაკავშირებულ საქმიანობას საწარმოსთვის ან/და დაწესებულებისთვის.

2. დანიშნული მუშაკები არ შეიძლება იქნან ჩაყენებული არასახარბიელო მდგომარეობაში მათი იმ ქმედებების გამო, რომლებიც პროფესიული რისკებისგან დაცვასა და მათ აღკვეთას უკავშირდება.

დანიშნულ მუშაკებს უნდა მიეცეთ საკმარისი დრო ამ დირექტივიდან გამომდინარე საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დამცავი და პრევენციული ღონისძიებების ორგნიზება შეუძლებელია საწარმოში ან/და დაწესებულებაში კომპეტენტური პერსონალის ნაკლებობის გამო, დამსაქმებელმა ორგანიზაციაში უნდა მოიზიდოს კომპეტენტური გარე სერვისები და აიყვანოს კომპეტენტური გარეშე პირები.

4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ორგანიზაციაში მოიზიდავს ამგვარ სერვისებს ან აიყვანს ასეთ პირებს, მათ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ცნობილი ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ან არსებობს ეჭვი, რომ გავლენას მოახდენენ მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ასევე მათ უნდა ჰქონდეთ წვდომა მე-10(2) მუხლში აღნიშნულ ინფორმაციაზე.

5. ყველა შემთხვევაში:

  • დანიშნულ მუშაკებს უნდა ჰქონდეთ საჭირო შესაძლებლობები და საჭირო საშუალებები,
  • ორგანიზაციაში მოზიდულ გარე სერვისებს ან აყვანილ პირებს უნდა ჰქონდეთ საჭირო უნარები, ჰყავდეთ საჭირო პერსონალი და პროფესიონალური საშუალებები,
  • დანიშნული მუშაკები და ორგანიზაციაში მოზიდული გარე სერვისები ან აყვანილი პირები უნდა იყვნენ საკმარისი რაოდენობის იმისათვის,

რომ თავი გაართვან დამცავი და პრევენციული ღონისძიებების ორგანიზებას, საწარმოს ან/და დაწესებულების ზომის, ან/და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგანან მუშაკები და მთლიანი საწარმოს ან/და დაწესებულების მასშტაბით ამ საფრთხეების განაწილების გათვალისწინებით.

6. ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებისგან დაცვა და მათი აღკვეთა, რაც ამ მუხლის საგანს წარმოადგენს, უნდა იყოს ერთი, ან ერთზე მეტი მუშაკის, ან ერთი სამსახურის ან ცალკეული სამსახურების პასუხისმგებლობა, საწარმოს ან/და დაწესებულების შიგნით, ან გარეთ.

როცა ეს აუცილებელია, მუშაკ(ებ)მა ან/და სააგენტო(ებ)მა უნდა იმუშაონ ერთად.

7. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ, საქმიანობის თვისებიდან და საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე, საწარმოების კატეგორიები, სადაც დამსაქმებელს, თუ იგი კომპეტენტურია, შეეძლება თავად აიღოს პასუხისმგებლობა 1-ელ პუნქტში მითითებული ღონისძიებების განხორციელებაზე.

8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ მე-5 პუნქტში მითითებული საჭირო შესაძლებლობები და უნარები.

მათ შეუძლიათ დაადგინონ მე-5 პუნქტში მითითებული საკმარისი რაოდენობა.

მუხლი 8

პირველადი სამედიცინო დახმარება, ხანძრის ჩაქრობა და მუშაკთა ევაკუაცია, სერიოზული და მოახლოებული საფრთხე

1. დამქირავებელმა უნდა:

  • მიიღოს საჭირო ზომები პირველადი სამედიცინო დახმარების, ხანძრის ჩაქრობისა და მუშაკთა ევაკუაცისთვის, რომლებიც ადაპტირებულია საქმიანობის მახასიათებელთან და საწარმოს ან/და დაწესებულების სიდიდესთან და რომელშიც გათვალისწინებულია იქ მყოფი სხვა პირები,
  • დაამყაროს საჭირო კავშირები გარე სამსახურებთან, განსაკუთრებით პირველად სამედიცინო დახმარებასთან, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასთან, სამაშველო საქმესა და ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით.

2. 1-ელი პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, პირველადი სამედიცინო დახმარების, ხანძრის ჩაქრობისა და მუშაკთა ევაკუაციისთვის ნიშნავს მუშაკებს, რომლებიც საჭიროა ასეთი ღონისძიებების განსახორციელებლად.

ასეთი მუშაკების რაოდენობა, მათი მომზადების დონე და მათთვის ხელმისაწვდომი აღჭურვილობა უნდა იყოს ადეკვატური, საწარმოს ან/და დაწესებულების სიდიდიდან, ან/და ამ საწარმოში/დაწესებულებაში არსებული სპეციფიკური საფრთხეებიდან გამომდინარე.

3. დამქირავებელმა:

  1. შეძლებისდაგვარად მოკლე დროში, უნდა შეატყობინოს ყველა მუშაკს, ვინც იმყოფება ან შეიძლება იმყოფებოდეს სერიოზული და მოახლოებული საფრთხის წინაშე, არსებული რისკის თაობაზე და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც გადადგმულ უნდა იქნას მათ დასაცავად;
  2. სერიოზული, მოახლოებული და გარდაუვალი საფრთხის შემთხვევაში, იმოქმედოს და მისცეს მითითებები მუშაკებს, რათა მათ შეძლონ სამუშაოს შეწყვეტა ან/და სამუშაო ადგილის დაუყოვნებლივ დატოვება და უსაფრთხო ადგილას გადასვლა;
  3. გარდა იმ განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც გამონაკლისის სახით დაიშვება სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების არსებობისას, თავი შეიკაოს მუშაკებისთვის სამუშაოს განახლების მოთხოვნისგან იმ სამუშაო სიტუაციაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული და მოახლოებული საფრთხე.

4. მუშაკები, რომლებიც სერიოზული, მოახლოებული და გარდაუვასლი საფრთხის შემთხვევაში ტოვებენ საკუთარ სამუშაო ადგილს ან/და სახიფათო ზონას, არ უნდა მოექცნენ არასახარბიელო მდგომარეობაში მათი ქმედების გამო და ისინი დაცულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი საზიანო და გაუმართლებელი შედეგისგან, ეროვნული კანონმდებლობის, ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

5. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, სერიოზული და მოახლოებული საფრთხის შემთხვევაში, საკუთარი ან/და სხვა პირების უსაფრთხოებისთვის, და როდესაც უშუალო უფროსთან, რომელიც ამაზე პასუხს აგებს, დაკავშირება შეუძლებელია, რომ ყველა მუშაკს შეეძლოს სათანადო ნაბიჯების გადადგმა საკუთარი ცოდნის ფარგლებში და მათ ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ამგვარი საფრთხით გამოწვეული შედეგები.

ისინი საკუთარი ქმედებების გამო არ უნდა აღმოჩნდნენ არასახარბიელო მდგომარეობაში, თუ მათი ქმედება არ იყო გაუფრთხილებელი ან დაუდევარი.

მუხლი 9

დამსაქმებლების სხვადასხვა ვალდებულებები

1. დამსაქმებელმა:

  1. უნდა იქონიოს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ შორის რისკებისა, რომლებიც განსაკუთრებული რისკების ქვეშ მყოფ მუშაკთა ჯგუფს ემუქრება;
  2. უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოსაყენებელი დამცავი აღჭურვილობის შესახებ;
  3. უნდა შეადგინოს ჩამონათვალი ისეთი საწარმოო ავარიებისა, რომელთა შედეგად მუშაკი კარგავს მუშაობის უნარს სამზე მეტი სამუშაო დღის განმავლობაში;
  4. პასუხისმგებელი ორგანოებისთვის და ეროვნული კანონმდებლობის, ან/და პრაქტიკის შესაბამისად, უნდა შეადგინოს ანგარიშები მისი მუშაკების მიერ გადატანილი საწარმოო ავარიების შესახებ.

2. საწარმოების საქმიანობის მახასიათებლებიდან და სიდიდიდან გამომდინარე, წევრი სახელმწიფოები განსაზღვრავენ ვალდებულებებს, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიის საწარმოებმა უნდა შეასრულონ 1-ელი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენასთან დაკავშირებით და 1-ელი პუნქტის (c) და (d) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას.

მუხლი 10

მუშაკისთვის საჭირო ინფორმაცია

1. დამსაქმებელმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მუშაკებმა ან/და მათმა წარმომადგენლებმა საწარმოში ან/და დაწესებულებაში, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად, რომლებიც, სხვასთან ერთად შეიძლება ითვალისწინებდეს, საწარმოს ან/და დაწესებულების სიდიდეს, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია შემდეგთან დაკავშირებით:

  1. უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები და დამცავი და აღმკვეთი ღონისძიებები და ქმედებები როგორც, ზოგადად, საწარმოს ან/და დაწესებულებასთან, ისე თითოეული ტიპის სამუშაო ადგილთან ან/და სამუშაოსთან მიმართებაში;
  2. მე-8 (2) მუხლის შესაბამისად გატარებული ღონისძიებები.

2. დამსაქმებელმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა ნებისმიერი გარე საწარმოს ან/და დაწესებულების იმ მუშაკთა დამსაქმებლებმა, რომლებიც ამ დამსაქმებლის საკუთარ საწარმოში ან/და დაწესებულებაში ასრულებენ სამუშაოს, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად, მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია 1-ელი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამის მუშაკებს უნდა მიეწოდოს.

3. დამსაქმებელმა უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები რათა მუშაკებს, რომლებსაც განსაკუთრებული ფუნქცია გააჩნიათ, რაც გამოიხატება მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაში, ან მუშაკების წარმომადგელებს, რომელთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად და ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად, ჰქონდეთ წვდომა:

  1. მე-9(1) მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებული რისკის შეფასებაზე და დამცავ ღონისძიებებზე;
  2. მე-9(1) მუხლის (c) და (d) ქვეპუნქტებში მითითებულ ნუსხასა და ანგარიშებზე;
  3. დამცავი და აღმკვეთი ღონისძიებების შედეგად, საინსპექციო სააგენტოებისა და უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოებისგან მოპოვებულ ინფორმაციაზე.

მუხლი 11

კონსულტაციები და მუშაკების მონაწილეობა

1. დამსაქმებლებმა უნდა გაიარონ კონსულტაცია მუშაკებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან და მისცენ მათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვაში.

ამაში ვარაუდის სახით იგულისხმება:

  • მუშაკთა კონსულტაციები,
  • მუშაკების ან/და მათი წარმომადგენლების უფლება, წამოაყენონ წინადადებები,
  • თანაზომიერი მონაწილეობა ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

2. მუშაკებმა ან მუშაკთა წარმომადგენლებმა, რომელთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, მონაწილეობა უნდა მიიღონ, თანაზომიერი მეთოდით, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად, ან დამსაქმებელმა მათთან წინასწარ, დროულად უნდა გაიაროს კონსულტაცია შემდეგთან დაკავშირებით:

  1. ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც შეუძლია არსებითი გავლენის მოხდენა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე;
  2. მე-7(1) მუხლში და მე-8(2) მუხლში მითითებული მუშაკების დანიშვნა და მე-7(1) მუხლში მითითებული საქმიანობა;
  3. მე-9(1) მუხლში და მე-10 მუხლში მითითებული ინფორმაცია;
  4. საწარმოს ან/და დაწესებულების გარეთ არსებული, სადაც ეს შესაფერისია, კომპეტენტური სამსახურების მოზიდვა ან პირების ორგანიზაციაში აყვანა, როგორც მითითებულია მე-7(3) მუხლში;
  5. მე-12 მუხლში მითითებული მომზადების დაგეგმვა და ორგანიზება.

3. მუშაკთა წარმომადგენლებს, რომელთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, უფლება აქვთ დამსაქმებლისგან მოითხოვონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება და დამსაქმებელს ამ საკითხთან დაკავშირებით წარუდგინონ წინადადებები, რათა მოხდეს მუშაკების წინაშე არსებული საფრთხეების შერბილება ან/და საფრთხის წყაროების აღმოფხვრა.

4. მე-2 პუნქტში მითითებული მუშაკები და მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მუშაკთა წარმომადგენლები არ უნდა იქნან ჩაყენებული არასახარბიელო მდგომარეობაში მათი შესაბამისი ქმედებების გამო, რომლებიც მითითებულია მე-2 და მე-3 პუნქტებში.

5. დამსაქმებლებმა მუშაკთა წარმომადგენლებს, რომელთა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, დასასვენებლად უნდა მისცენ ადეკვატური დრო, გასამრჯელოს შენარჩუნებით და უნდა უზრუნველყონ ისინი საჭირო საშუალებებით, რათა ასეთმა წარმომადგენლებმა შეძლონ ამ დირექტივით მათთვის დადგენილი უფლებებისა და ფუნქციების განხორციელება.

6. მუშაკები ან/და მათი წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად, საჩივარი შეიტანონ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოში, თუ მიიჩნევენ, რომ დამსაქმებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და გამოყენებული საშუალებები არაადეკვატურია სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

მუშაკთა წარმომადგენლებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, საინსპექციო ვიზიტისას საკუთარი დაკვირვების შედეგები წარუდგინონ კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 12

მუშაკთა მომზადება

1. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულმა მუშაკმა გაიაროს ადეკვატური მომზადება უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, კერძოდ, ინფორმაციისა და მითითებების სახით, რაც სპეციფიურია მისი სამუშაო ადგილის ან სამუშაოსთვის:

  • პერსონალის დაკომპლექტების შესახებ,
  • სამუშაოდან გადაყვანის ან სამუშაოს შეცვლის შემთხვევაში,
  • ახალი სამუშაო აღჭურვილობის შემოტანის ან აღჭურვილობის შეცვლის შემთხვევაში,
  • ახალი ტექნოლოგიის შემოტანის შემთხვევაში.

მომზადება:

  • ადაპტირებული უნდა იყოს ახალი ან შეცვლილი რისკების გათვალისწინების მიმართ, და
  • უნდა განმეორდეს პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში.

2. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გარე საწარმოების ან/და დაწესებულებების მუშაკებს, რომლებიც ჩართულნი არიან მისი საწარმოს ან/და დაწესებულების მუშაობაში, მიღებული ჰქონდეთ სათანადო ინსტრუქციები მის საწარმოში ან/და დაწესებულებაში საქმიანობისას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.

3. მუშაკთა წარმომადგენლებს, რომელთა განსაკუთრებულ როლს მუშაკების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, აქვთ უფლება, გაიარონ შესაბამისი მომზადება.

4. 1-ელ და მე-3 პუნქტებში მითითებული მომზადება არ უნდა ჩატარდეს არც მუშაკების და არც მუშაკთა წარმომადგენლების ხარჯზე.

1-ელ პუნქტში მითითებული მომზადება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების განმავლობაში.

მე-3 პუნქტში მითითებული მომზადება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათების განმავლობაში, ან ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, საწარმოში ან/და დაწესებულებაში ან მის გარეთ.

სექცია III

მუშაკთა ვალდებულებები

მუხლი 13

1. თითოეული მუშაკის პასუხისმგებლობაში შედის შეძლებისდაგვარად დაიცვას როგორც საკუთარი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ისე სხვა იმ პირების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რომლებიც ექცევიან მისი აქტივობის ან სამუშაო ადგილზე ჩადენილი ქმედებების გავლენის ქვეშ, დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მომზადებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

2. ამ მიზნით, დამსაქმებლის მიერ მიწოდებული მომზადებისა და ინსტრუქციების შესაბამისად, მუშაკები კერძოდ ვალდებულნი არიან:

  1. სწორად გამოიყენონ მანქანა-დანადგარები, აპარატურა, იარაღი, სახიფათო ნივთიერებები, სატრანსპორტო მოწყობილობები და წარმოების სხვა საშუალებები;
  2. სწორად გამოიყენონ მათთვის მიწოდებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მათი გამოყენების შემდეგ, დააბრუნონ ისინი სათანადო ადგილზე;
  3. თავი შეიკაონ, მაგ., მანქანა-დანადგარებში, აპარატურაზე, იარაღზე, ქარხანასა და შენობებში დამონტაჟებული უსაფრთხოების მოწყობილობების თვითნებური გამორთვის, შეცვლის ან ამოიღებისგან, და გამოიყენონ ასეთი უსაფრთხოების მოწყობილობები სწორად;
  4. დაუყოვნებლივ აცნობონ დამსაქმებელს ან/და სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე მუშაკებს ნებისმიერი ისეთი სამუშაო სიტუაციის შესახებ, როდესაც მათ გააჩნიათ გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ეს სიტუაცია უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს სერიოზულ და მოახლოებულ საფრთხეს და ასევე ნებისმიერი იმ ნაკლოვანების შესახებ, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათგან დაცვის სქემებში;
  5. ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, ითანამშრომლონ დამსაქმებელთან ან/და მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე მუშაკებთან, სანამ ეს საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი დავალების ან მოთხოვნის შესასრულებლად, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დაცულ იქნას მუშაკთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სამუშაო უბანზე;
  6. ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, ითანამშრომლონ დამსაქმებელთან ან/და მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობის მქონე მუშაკებთან, სანამ ეს საჭირო იქნება იმისათვის, რომ დამსაქმებელმა უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო და სამუშაო პირობები, რაც არ შეუქმნის საფრთხეს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას მათი საქმიანობის არეალში;

სექცია IV

სხვადასხვა დებულებები

მუხლი 14

ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი

1. იმისათვის, რომ მუშაკებს ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, რომელიც შეესაბამება ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან სამუშაო ადგილზე, მიღებულ უნდა იქნას ღონისძიებები ეროვნული კანონმდებლობის ან/და პრაქტიკის შესაბამისად.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული ღონისძიებები უნდა იყოს იმგვარი, რაც თითოეულ მუშაკს მისცემს შესაძლებლობას, მისი სურვილის შემთხვევაში, გაიკონტროლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარული შუალედებით.

3. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას როგორც ჯანდაცვის ეროვნული სისტემის ნაწილი.

მუხლი 15

რისკის ჯგუფები

განსაკუთრებით მგრძნობიარე რისკის ჯგუფები დაცულნი უნდა იყვნენ იმ საფრთხეებისგან, რომლებიც კონკრეტულად მათზე ახდენს ზემოქმედებას.

მუხლი 16

ინდივიდუალური დირექტივები – შესწორებები – ამ დირექტივის ზოგადი რეგულირების სფერო

1. საბჭომ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების 118a მუხლის საფუძველზე, კომისიისგან მიღებული წინადადების მიხედვით, უნდა მიიღოს ინდივიდუალური დირექტივები, მათ შორის ისინი, რომლებიც შეეხება დანართში ჩამოთვლილ სფეროებს.

2. ამ დირექტივაში, ტექნიკური კორექტირებების შესახებ მე-17 მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შეუზღუდავად, და ინდივიდუალურ დირექტივებში შესაძლებელია შევიდეს შესწორებები საერთაშორისო ხელშეკრულების 118a მუხლში გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

3. ამ დირექტივის დებულებები სრულად ვრცელდება ინდივიდუალურ დირექტივებში შესულ სფეროებზე, აღნიშნული ინდივიდუალური დირექტივების უფრო მკაცრი ან/და სპეციფიკური დებულებების შეუზღუდავად.

მუხლი 17

კომიტეტი

1. მე-16(1) მუხლში გათვალისწინებულ ინდივიდუალურ დირექტივებში წმინდა ტექნიკური კორექტირებების შესატანად:

  • ტექნიკური ჰარმონიზაციისა და სტანდარტიზაციის სფეროებში დირექტივების მიღების, ან/და
  • ტექნიკური პროგრესის, საერთაშორისო რეგულაციებში ან სპეციფიკაციებში ცვლილებებისა და ახალი აღმოჩენების გათვალისწინებით,

კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაში შედიან წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები და რომელსაც თავმჯდომარეობს კომისიის წარმომადგენელი.

2. კომისიის წარმომადგენელი კომიტეტს წარუდგენს გასატარებელი ღონისძიებების პროექტს.

კომიტეტი საკუთარ მოსაზრებას გასატარებელი ღონისძიებების პროექტის შესახებ გამოსთქვამს თავმჯდომარის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად სასწრაფოა საკითხი.

დასკვნა გაიცემა საერთაშორისო ხელშეკრულების 148(2)-ე მუხლში განსაზღვრული უმრავლესობის მიერ იმ გადაწყვეტილებების შემთხვევაში, რომლებიც უნდა მიიღოს საბჭომ კომისიის წინადადების საფუძველზე.

კომიტეტში წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელთა ხმები უნდა განაწილდეს აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით. თავმჯდომარე კენჭისყრაში არ მონაწილეობს.

3. კომისია იღებს გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ ისინი შესაბამისობაშია კომიტეტის დასკვნასთან.

იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება კომიტეტის დასკვნას, ან თუ დასკვნა არ არის გაცემული, კომისია დაუყოვნებლივ წარუდგენს საბჭოს წინადადებას მისაღები ღონისძიებების შესახებ. საბჭო მოქმედებს კვალიფიციური უმრავლესობით.

იმ შემთხვევაში, თუ საბჭოსთვის მიმართვის თარიღიდან სამი თვის ამოწურვის შემდეგ, საბჭო არ იმოქმედებს, შეთავაზებულ ღონისძიებებს მიიღებს კომისია.

მუხლი 18

დასკვნითი დებულებები

1. წევრმა სახელმწიფოებმა, ამ დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, ძალაში უნდა შეიყვანონ 1992 წლის 31 დეკემბრისთვის.

მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.

2. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა გადაუგზავნონ მათ მიერ უკვე მიღებული ან მისაღები ეროვნული კანონმდებლობის დებულებების ტექსტები, რომლებიც უკვე მიღებულია მათ მიერ ან რომლებსაც ისინი იღებენ იმ სფეროში, რომელიც ამ დირექტივით არის გათვალისწინებული.

3. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში ამ დირექტივის დებულებების პრაქტიკული განხორციელების შესახებ, რომლებშიც უნდა აღინიშნოს დამსაქმებელთა და მუშაკთა მოსაზრებები.

კომისიამ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ევროპარლამენტს, საბჭოს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომიტეტს.

4. კომისიამ ევროპარლამენტს, საბჭოსა და ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს პერიოდულად უნდა წარუდგინოს მოხსენება ამ დირექტივის განხორციელების შესახებ, 1-ელი-მე-3 პუნქტების გათვალისწინებით.

მუხლი 19

ეს დირექტივა მიმართულია წევრი სახელმწიფოებისადმი.

გაფორმდა ლუქსემბურგში, 1989 წლის 12 ივნისს.

 

საბჭოს სახელით

პრეზიდენტი

მ. ჩავეს გონსალესი

 

დანართი

მე-16 (1) მუხლში მითითებული სფეროების ჩამონათვალი  სამუშაო ადგილები

  • სამუშაო აღჭურვილობა
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
  • მუშაობა მონიტორებთან
  • მძიმე ტვირთთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება, რაც ზურგის დაზიანების რისკთან არის დაკავშირებული
  • დროებითი ან მოძრავი სამუშაო უბნები
  • მეთევზეობა და სოფლის მეურნეობა

 



ოფიციალური ჟურნალი No C 141, 30. 5. 1988, გვ. 1

ოფიციალური ჟურნალი No C 326, 19. 12. 1988, გვ. 102 და ოფიციალური ჟურნალი No C 158, 26. 6. 1989.

ოფიციალური ჟურნალი No C 175, 4. 7. 1988, გვ. 22

ოფიციალური ჟურნალი No C 28, 3. 2. 1988, გვ. 3

ოფიციალური ჟურნალი No C 28, 3. 2. 1988, გვ. 1

ოფიციალური ჟურნალი No L 327, 3. 12. 1980, გვ. 8

ოფიციალური ჟურნალი No L 356, 24. 12. 1988, გვ. 74

ოფიციალური ჟურნალი No L 185, 9. 7. 1974, გვ. 15