დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017178
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
42
14/02/2019
ვებგვერდი, 15/02/2019
200090000.22.033.017178
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2019 - 13/11/2020)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №42

2019 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

 

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-9 ნაწილის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი




დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. გადასახადის გადამხდელისათვის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებით დასაბრუნებელი ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატური დაბრუნების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელისათვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ავტომატურად დაბრუნების პირობებს და ამ მიზნით განსახორციელებელ პროცედურას.

2. ამ წესით გათვალისწინებული დებულებები არ ართმევს გადასახადის გადამხდელს უფლებას, ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში - დღგ) თანხა დაიბრუნოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის („გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI თავის მე-18 მუხლის №I-131 დანართი) საგადასახადო ორგანოში წარმოდგენის მომენტისათვის დაწყებულია „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურების და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 19 დეკემბრის №455 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურები, ამ ბრძანებით გათვალისწინებული პროცედურები დაიწყება „ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების დამატებითი პროცედურების და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე“ დასართავი საბუთების ნუსხის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 19 დეკემბრის №455 ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდგომ.

მუხლი 2. ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმა

1. ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმა (შემდგომში – გაანგარიშება) წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს (დანართი №1), რომელშიც აღირიცხება დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხები.

2. გაანგარიშებაში აისახება გადასახადის გადამხდელის მიერ დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც წარმოშობილია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში დღგ-ის დეკლარაციის წარმოდგენის შედეგად და რომელიც მცირდება გადასახადის გადამხდელის სხვა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის, ვალდებულების, რომელიც არ არის აღიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ) თანხით.

მაგალითი 1:

2019 წლის 15 თებერვალს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლითაც შესამცირებლად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ის თანხას აღემატებოდა 200 000 ლარით. ამასთან, საწარმოს ამავე საანგარიშო პერიოდზე 2019 წლის 21 თებერვალს საგადასახადო ორგანოს მიერ დაერიცხა მოგების გადასახადი 50 000 ლარის ოდენობით, რომლის გასაჩივრების ვადა გასული არ არის.

მოცემულ პირობებში:

გადასახადის გადამხდელს, 2019 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით, მაკორექტირებელი გატარების საფუძველზე, გაანგარიშებაში დაუფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა 150 000 ლარის ოდენობით.

3. გაანგარიშებაში მონაცემები აისახება დღგ-ის დასაბრუნებელი თანხის კორექტირების მიზნით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათსა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე არსებული მონაცემების (შემდგომში – ნაერთი ინფორმაციის) გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ისეთი ოპერაციის განხორციელებისას, რაც იწვევს გაანგარიშებაში არსებული მონაცემების (ზედმეტობის) შემცირებას.

მაგალითი 2:

შპს X-მა 2019 წლის 19 იანვარს დააზუსტა 2018 წლის ოქტომბრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი გადასახადის თანხა შეადგენდა 5000 ლარს. ამ მომენტამდე შპს X-ს, ნაერთი ინფორმაციის მიხედვით ერიცხებოდა ზედმეტობა 7000 ლარის ოდენობით, ხოლო გაანგარიშებაში ფიქსირდებოდა ზედმეტობა 6000 ლარის ოდენობით. დღის ბოლოს ნაერთ ინფორმაციაში არსებულმა სალდირებულმა ზედმეტობამ შეადგინა 2000 ლარი.

მოცემულ პირობებში:

 2019 წლის 19 იანვრის დღის ბოლოს გაანგარიშებაში, მაკორექტირებელი ჩანაწერის საფუძველზე, არსებული ზედმეტობის ოდენობა გაუტოლდება 2000 ლარს.

შენიშვნა: დროებითი აღრიცხვის ბარათზე შემცირებით გაანგარიშებული თანხები გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება მათი აღიარების საკითხის გარკვევამდე.

4. გაანგარიშებაში აისახება დღგ-ის ზედმეტობა, რომელიც წარმოშობილია 2019 წლის იანვრის და მის შემდგომ საანაგარიშო პერიოდების მიხედვით წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით (მათ შორის, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე დაზუსტებული დეკლარაციით, ასევე, დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციით).

მაგალითი 3:

შპს X დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 13 მაისიდან.

 შპს X-მა 2019 წლის 11 მარტს წარმოადგინა 2018 წლის იანვრის თვის, 2019 წლის იანვრის თვისა და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები. სამივე დეკლარაციით გადასახადის გადამხდელის შესამცირებლად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა აღემატებოდა ბიუჯეტის კუთვნილ დღგ-ის თანხას. დეკლარაციების დამუშავების შედეგად, 2019 წლის იანვრის საანგარიშო თვის დეკლარაცია შესასწავლად გადაეცა უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს, რომლის დამუშავების პროცესიც 2019 წლის 18 მარტს წარმატებით დასრულდა.

მოცემულ პირობებში:

2019 წლის 11 მარტს გაანგარიშებაში არ აისახება არცერთი დეკლარაცია. ამასთან, 2019 წლის იანვრის თვის დეკლარაციით ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხები გაანგარიშებაში აისახება 2019 წლის 18 მარტს (ვინაიდან დეკლარაციის შესწავლა წარმატებით დასრულდა), ხოლო 2019 წლის თებერვლის თვის დეკლარაცია აისახება 2019 წლის 15 მარტის სავადოთი (სავადო თარიღის გასვლისთანავე). ამასთან, 2018 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია გაანგარიშებაში არ აისახება, ვინაიდან იგი წარმოადგენს 2019 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციას.

მუხლი 3. გაანგარიშებაში მონაცემთა ასახვის ვადები

1. გაანგარიშებაში პირველადი საგადასახადო დეკლარაციით (დღგ-ის დეკლარაციით) დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა აისახება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ანუ ვადის დადგომის თარიღისათვის ავტომატურ რეჟიმში. დეკლარაციის გაანგარიშებაში ასახვა ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით.

მაგალითი 4:

შპს X-მა 2019 წლის 11 თებერვალს წარმოადგინა 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია, რომლის სავადო თარიღიც არის 2019 წლის 15 თებერვალი.

მოცემულ პირობებში:

ვინაიდან იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის სავადო თარიღს წარმოადგენს 15 თებერვალი, აღნიშნული დეკლარაციით მონაცემები გაანგარიშებაში აისახება 15 თებერვალს.

2. დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციების, ასევე, დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი დღგ-ის პირველადი დეკლარაციების მონაცემები გაანგარიშებაში აისახება მათი დამუშავების შემდეგ. დეკლარაციების მონაცემების გაანგარიშებაში ასახვა ხორციელდება ქრონოლოგიური წესით. დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციების, ასევე დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი დღგ-ის პირველადი დეკლარაციების მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია საგადასახადო შეთანხმებით მოცულ პერიოდზე ან/და იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, გაანგარიშებაში არ აისახება.

მაგალითი 5:

შპს X-მა 2019 წლის 11 მარტს წარმოადგინა 2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომელიც დააზუსტა 2019 წლის 12 მარტს. ამასთან, ამავე დღეს წარმოადგინა 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომელიც მანამდე წარმოდგენილი არ იყო (დეკლარაცია წარმოადგინა ვადის დარღვევით).

მოცემულ პირობებში:

2019 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის მონაცემები გაანგარიშებაში აისახება 2019 წლის 15 მარტს, ხოლო იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის მონაცემები - 2019 წლის 12 მარტს.

მუხლი 4. გაანგარიშებაში მონაცემთა ასახვის წესი

1. გაანგარიშებაში აისახება:

ა) პირველადი საგადასახადო დეკლარაციის, დაზუსტებული დეკლარაციის და დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციის მონაცემები, რომლის დამუშავების პროცესიც წარმატებით დასრულდა (შესაბამისი რისკის კრიტერიუმების და უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსთვის დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით) და რომლითაც (დაზუსტებული დეკლარაციების შემთხვევაში, პირველად წარმოდგენილსა და დაზუსტებულ დეკლარაციაში გამოანგარიშებული თანხების სხვაობით) იზრდება გადასახადის გადამხდელის მიერ დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტების მიზნით წარმოდგენილი დაზუსტებული დეკლარაციის მონაცემები, რაც იწვევს აღნიშნული საგადასახადო დეკლარაციით წარმოშობილი დღგ-ის ზედმეტობის შემცირებას, მიუხედავად მისი დამუშავების პროცესის (შესაბამისი რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით) შედეგისა. აღნიშნული ოპერაციის შედეგად, გაანგარიშებაში ფიქსირებული მონაცემი (დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა) არ შეიძლება იყოს 0-ზე ნაკლები;

გ) გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული მონაცემების ცვლილებისას - კორექტირების ოპერაცია, რაც იწვევს გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის თანხის შემცირებას. ამ შემთხვევაში, გაანგარიშებაში ფიქსირებული მონაცემი (დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა) არ შეიძლება იყოს 0-ზე ნაკლები;

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარმოდგენილი მოთხოვნა, გაანგარიშებაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის სპეციალური წესით დაბრუნების თაობაზე, რა დროსაც გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა მცირდება მოთხოვნის შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლის გათვალისწინებით.

მაგალითი 6:

შპს X-მა 2019 წლის 15 მაისს წარმოადგინა აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც შესამცირებლად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა შეადგენდა 200 000 ლარს. აღნიშნული დეკლარაციის დამუშავების პროცესი წარმატებით დასრულდა (შესაბამისი რისკის კრიტერიუმების გათვალისწინებით).

ამავე დღეს შპს X-მა წარმოადგინა აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება 50 000 ლარის ოდენობით. ხოლო, ამავე წლის 20 მაისს, დადგენილი ვადის დარღვევით (პირველადი), წარმოადგინა 2019 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლითაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი დღგ-ის თანხა შეადგენდა 20 000 ლარს, და თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც, შესამცირებლად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს. ორივე ხსენებული დეკლარაცია წარმოდგენის მომენტში დაექვემდებარა დამატებით შესწავლას.

გადასახადის გადამხდელმა, რომელსაც 2019 წლის 21 მაისს გაანგარიშებაში უფიქსირდებოდა 150 000 ლარის ოდენობით ავტომატურ რეჟიმში დაბრუნებას დაქვემდებარებული დღგ-ის ზედმეტობა, მოითხოვა 100 000 ლარის დაბრუნება.

სხვა ოპერაცია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე არ განხორციელებულა.

მოცემულ პირობებში:

2019 წლის 15 მაისს გაანგარიშებაში განხორციელდება 200 000 ლარის გატარება, რომელიც იმავე დღის ბოლოს დაკორექტირდება ნაერთ ინფორმაციაში დაფიქსირებული ნაშთიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა გაუტოლდება 150 000 ლარს (მოგების გადასახადის დარიცხვის გამო). ხოლო რაც შეეხება შესასწავლ დეკლარაციებს, მათი მონაცემების ასახვა გაანგარიშებაში არ განხორციელდება, ვინაიდან წარმოდგენილი დეკლარაციები დაექვემდებარა დამატებით შესწავლას, ამასთან, აღნიშნული დეკლარაციებით ნაერთ ინფორმაციაში დამატებით წარმოიშვა ზედმეტობა და ამ მომენტისთვის შეადგინა 230 000 ლარი.

შესაბამისად, შპს X-ს, 2019 წლის 21 მაისის მდგომარეობით, გაანგარიშებაში დაუფიქსირდება ზედმეტობა 150 000 ლარის ოდენობით, რომლიდანაც ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნა 100 000 ლარი. შესწავლას დაქვემდებარებული დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემების ასახვა ქრონოლოგიური წესით განხორციელდება იმ თარიღში, როდესაც წარმატებთ დასრულდება შესწავლის პროცესი.

მუხლი 5. გაანგარიშებაში შედეგების გამოყვანის წესები

1. გაანგარიშებაში შედეგების გამოყვანა ხდება დღის ბოლოს, არსებული მონაცემების კორექტირების მიზნით, ოპერაციის გატარების თარიღით, გარდა საანგარიშო პერიოდის კუთვნილი სავადო თარიღის დადგომამდე წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დეკლარაციისა, რომლის მონაცემებიც გაანგარიშებაში გატარდება შესაბამისი სავადო თარიღით. გაანგარიშებაში შედეგების გამოყვანა ხდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული ზედმეტობის ოდენობა აღემატება გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობას, გაანგარიშებაში არსებული მონაცემები რჩება უცვლელი.

მაგალითი 7:

შპს X-ს, 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, გაანგარიშებაში უფიქსირდება ზედმეტობა 150 000 ლარის ოდენობით. ამავე დღის მდგომარეობით, ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს აქვს სალდირებული ზედმეტობა 200 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ პირობებში:

2019 წლის 18 თებერვლის დღის ბოლოს არ განხორციელდება კორექტირება, ვინაიდან გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობა ნაკლებია ნაერთ ინფორმაციაში არსებულ ზედმეტობაზე. შესაბამისად, დღის ბოლოს ნაშთები უცვლელი დარჩება.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული ზედმეტობის ოდენობა ნაკლებია გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობაზე, გაანგარიშებაში ხორციელდება მაკორექტირებელი გატარება, რაც გულისხმობს გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის თანხასა და ნაერთ ინფორმაციაში არსებული ზედმეტობის თანხას შორის სხვაობის გატარებას გაანგარიშებაში. აღნიშნულის განხორციელების შედეგად, გაანგარიშებაში დაფიქსირებული ზედმეტობა მცირდება და ნაერთ ინფორმაციასა და გაანგარიშებაში არსებული ზედმეტად გადახდილი თანხების ნაშთები უტოლდება ერთმანეთს.

მაგალითი 8:

შპს X-ს, 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, გაანგარიშებაში უფიქსირდება ზედმეტობა 150 000 ლარის ოდენობით. ამავე დღის მდგომარეობით, ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს აქვს სალდირებული ზედმეტობა 100 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ პირობებში:     

2019 წლის 18 თებერვალს, დღის ბოლოს, განხორციელდება მაკორექტირებელი გატარება, ვინაიდან გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობა მეტია ნაერთ ინფორმაციაში არსებულ ზედმეტობაზე, გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობა შემცირდება სხვაობის თანხით - 50 000 ლარით და დღის ბოლოს ნაშთები ნაერთ ინფორმაციასა და გაანგარიშებაში ერთმანეთს გაუტოლდება.

გ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში ფიქსირდება სალდირებული საგადასახადო დავალიანება (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული), ხოლო გაანგარიშებაში ფიქსირდება ზედმეტობა, გაანგარიშებაში ხორციელდება მაკორექტირებელი გატარება, რის შედეგადაც, გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა ნულს უტოლდება. აღნიშნულის განხორციელების შედეგად გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობა, რომელიც 0-ს გაუტოლდა, უცვლელი რჩება, იმ შემთხვევაში, თუ:

გ.ა) გაიზარდა გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული საგადასახადო დავალიანების ოდენობა (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული);

გ.ბ) შემცირდა გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული საგადასახადო დავალიანების ოდენობა (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული), თუმცა დავალიანება მაინც ფიქსირდება;

გ.გ) გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული საგადასახადო დავალიანების ოდენობა (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული) ნულს გაუტოლდა და ამასთან, დაფიქსირდა ზედმეტობა, რომელიც არ არის წარმოშობილი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციით.

მაგალითი 9:

 შპს X-ს, 2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით, გაანგარიშებაში უფიქსირდება ზედმეტობა 100 000 ლარის ოდენობით. ამავე დღის მდგომარეობით, ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს აქვს სალდირებული ნარჩენი 150 000 ლარის ოდენობით.

მოცემულ პირობებში:

ვინაიდან 2019 წლის 18 თებერვალს ნაერთ ინფორმაციაში ფიქსირდება სალდირებული ნარჩენი, რომელიც აღემატება გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობას, 2019 წლის 18 თებერვალს, დღის ბოლოს, გაანგარიშებაში განხორციელდება მაკორექტირებელი გატარება, რომლითაც გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ოდენობა შემცირდება 100 000 ლარით და 0-ს გაუტოლდება.

მაგალითი 10:

შპს X-ს 2019 წლის 18 თებერვალს, დღის ბოლოს, გაანგარიშებაში უფიქსირდება 0-ის ტოლი ზედმეტობა, ხოლო ნაერთ ინფორმაციაში - 20 000 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება.

2019 წლის 19 თებერვალს გაეზარდა ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული ნარჩენი 20 000 ლარით. ხოლო ამავე წლის 20 თებერვალს ნაერთ ინფორმაციაში სალდირებული ნარჩენი შეუმცირდა 10 000 ლარით, რის შედეგადაც, 2019 წლის 20 თებერვალს, აღნიშნულ ინფორმაციაში სალდირებული ნარჩენი შეადგენდა 30 000 ლარს.

მოცემულ პირობებში:

ვინაიდან 2019 წლის 19 და 20 თებერვალს გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში ფიქსირდება სალდირებული ნარჩენი, გაანგარიშებაში არ განხორციელდება მაკორექტირებელი გატარება და მასში არსებული 0-ის ტოლი ზედმეტობა უცვლელი დარჩება.

მაგალითი 11:

2019 წლის 18 თებერვალს შპს X-ის გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა შეადგენდა 0 ლარს. ამავე დღის მდგომარეობით, ნაერთი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდებოდა სალდირებული ნარჩენი 150 000 ლარის ოდენობით.

2019 წლის 19 თებერვალს შპს X-ს შეუმცირდა ნაერთ ინფორმაციაში არსებული სალდირებული ნარჩენი და წარმოეშვა ზედმეტობა 20 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოიშვა მოგების გადასახადის დეკლარაციით.

მოცემულ პირობებში:

ვინაიდან 2019 წლის 19 თებერვალს ნაერთ ინფორმაციაში არსებული ზედმეტობა 20 000 ლარის ოდენობით წარმოშობილია მოგების გადასახადის დეკლარაციით, გაანგარიშებაში არ განხორციელდება მაკორექტირებელი გატარება და მასში არსებული 0-ის ტოლი ზედმეტობა უცვლელი დარჩება.

მუხლი 6. გაანგარიშების წარმოება საწარმოთა რეორგანიზაციისას

1. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ბარათების შემოწმების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) გაანგარიშებაში არსებული მონაცემები გადაიტანება უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) გაანგარიშებაში რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან).

2. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) გაანგარიშებაში მონაცემების კორექტირების მიზნებისათვის, გამოიყენება ამ წესის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დებულებები.

მუხლი 7. გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის დაბრუნების პროცედურა

1. გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობა, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მომენტისათვის არსებული მდგომარეობით და ფარგლებში, ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნებას, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №I-131 დანართით გათვალისწინებული „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენის გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელისათვის დასაბრუნებელი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის ოდენობა, აღნიშნული თანხის დაბრუნების მოთხოვნის მომენტისათვის, განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით.

3. გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ მოქმედებათა საფუძველზე განსაზღვრულ ფარგლებში, გამოიწერება საგადახდო დავალება, მოთხოვნის წარმოდგენისთანავე, რაც ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სახაზინო სამსახურს, რომელიც ახორციელებს თანხის დაბრუნების შესაბამის ღონისძიებებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაში აღნიშნული თანხა აღემატება საგადახდო დავალების გამოწერის დღისთვის გაანგარიშებაში ასახული ზედმეტობის მაჩვენებელს, საგადახდო დავალება გამოიწერება გაანგარიშებაში არსებული ზედმეტობის ფარგლებში.

მუხლი 8. გარდამავალი დებულებები

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელების გაანგარიშებაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ნაშთების გადმოტანა ხორციელდება 0-ის ტოლი თანხის გატარებით, მიუხედავად იმისა, გადასახადის გადამხდელის ნაერთ ინფორმაციაში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიქსირდება ზედმეტობა თუ სალდირებული საგადასახადო დავალიანება (მათ შორის, დავალიანება, რომელიც არ არის აღიარებული).

 დანართი №1

ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაანგარიშების ფორმა

ოპერაციის თარიღი

ოპერაციის შინაარსი

დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი

დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის ზრდა

დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის შემცირება

დასაბრუნებელი დღგ-ის თანხის ნაშთი

1

2

3

4

5

6