ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ

ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1999/44/EС
დოკუმენტის მიმღები ევროპარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/1999
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი
1999/44/EС
25/05/1999
ვებგვერდი, 12/02/2019
ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ
ევროპარლამენტი

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე:

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC

ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებენ რა ევროგაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 95-ე მუხლს,

ითვალისწინებენ რა კომისიის წინადადებას1,

ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას2,

მოქმედებენ რა დამფუძნებელი ხელშეკრულების 251-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის, რომელიც შეეხება შემთანხმებელი კომიტეტის მიერ 1999 წლის 18 მაისს დამტკიცებულ ერთობლივ ტექსტს 3,

  1. ვინაიდან, დამფუძნებელი ხელშეკრულების 153-ე მუხლის 1-ლი და მე-3 მუხლები უზრუნველყოფენ, რომ ევროგაერთიანებამ წვლილი უნდა შეიტანოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მიღწევაში მის მიერ 95-ე მუხლის თანახმად მიღებული ზომებით;
  2. ვინაიდან, შიდა ბაზარი მოიცავს არეალს შიდა საზღვრების გარეშე, რომელშიც გარანტირებულია საქონლის, პირთა, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება; ვინაიდან, საქონლის თავისუფალი გადაადგილება ეხება არა მხოლოდ ბიზნესში მოქმედ პირთა გარიგებებს, არამედ ასევე კერძო ინდივიდთა მიერ განხორციელებულ გარიგებებს; ვინაიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ ერთ წევრ სახელმწიფოში მცხოვრებ მომხმარებელს შეუძლია საქონლის შეძენა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის მარეგულირებელი სამართლიანი წესების ერთიანი მინიმალური ნაკრების საფუძველზე;
  3. ვინაიდან, წევრი სახელმწიფოების კანონები, რომლებიც ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციას ეხება, გარკვეულწილად უთანასწოროა, რის შედეგადაც ფართო მოხმარების საქონლის ეროვნული ბაზრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და რეალიზატორებს შორის არსებული კონკურენცია შესაძლებელია დაირღვეს;
  4. ვინაიდან, მომხმარებელი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სარგებელი ფართო ბაზრიდან, საკუთარი საცხოვრებელი სახელმწიფოს გარდა, სხვა წევრ სახელმწიფოში საქონლის შეძენით, ასრულებს ფუნდამენტურ როლს შიდა ბაზრის ჩამოყალიბების დასრულებაში; ვინაიდან, თავიდან უნდა იქნას აცილებული საზღვრების ხელოვნური რეკონსტრუქცია და ბაზრების დაყოფა; ვინაიდან, მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს სხვა წევრ სახელმწიფოებსა და მესამე ქვეყნებში დისტრიბუციის სისტემების თავისუფალ ხელმისაწვდომობას; ვინაიდან, ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის მარეგულირებელი წესების მინიმალური ჰარმონიზაციის არარსებობის ფონზე, ახალი დისტანციური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქონლის რეალიზაციის განვითარება დაბრკოლების რისკის ქვეშაა;
  5. ვინაიდან, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მინიმალური წესების საერთო კრებულის შექმნა, რომლებიც კანონიერად მოქმედებენ იმის მიუხედავად, ევროგაერთიანების ფარგლებში, თუ რა ადგილას არის საქონელი შეძენილი, გააძლიერებს ნდობას მომხმარებლებში და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალურად აითვისონ შიდა ბაზარი;
  6. ვინაიდან, ძირითადი სირთულეები, რომლებსაც მომხმარებლები აწყდებიან და გამყიდველებთან დავების ძირითადი წყარო ეხება საქონლის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობას; ვინაიდან, შესაბამისად მიზანშეწონილია ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ამ მხრივ დაახლოება, სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებებთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობების დებულებებისა და პრინციპების ხელყოფის გარეშე;
  7. ვინაიდან, საქონელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეესაბამებოდეს სახელშეკრულებო მახასიათებლებს; ვინაიდან, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის პრინციპი შესაძლებელია ჩაითვალოს საერთოდ სხვადასხვა ეროვნული სამართლებრივი ტრადიციებისთვის; ვინაიდან, გარკვეულ ეროვნულ სამართლებრივ ტრადიციებში შესაძლებელია, რომ მომხმარებლის დაცვის მინიმალური დონის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ამ პრინციპზე დაყრდნობა შეუძლებელი იყოს; ვინაიდან, ასეთი სამართლებრივი ტრადიციების ფარგლებში, კერძოდ, დამატებითი ეროვნული დებულებები შესაძლებელია სასარგებლო იყოს მომხმარებლის დაცვის უზრუნველსაყოფად ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარეები არ არიან შეთანხმებული კონკრეტულ სახელშეკრულებო პირობებზე, ან როდესაც მხარეებს დადებული აქვთ სახელშეკრულებო პირობები ან შეთანხმებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უარყოფენ მომხმარებლის უფლებებს, ან ზღუდავენ მათ, ან რომლებიც, არ არის სავალდებულო მომხმარებლისთვის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებები წინამდებარე დირექტივიდან გამომდინარეობს;
  8. ვინაიდან, ხელშეკრულებასთან შესაბამისობის პრინციპის გამოყენების ხელშესაწყობად, რეკომენდირებულია ხელშეკრულებასთან ერთად დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ისეთი სადავო პრეზუმფციის დანერგვა, რომელიც მოიცავს ყველაზე გავრცელებულ სიტუაციებს; ვინაიდან, აღნიშნული პრეზუმფცია არ ზღუდავს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს; ვინაიდან, ამასთან ერთად, კონკრეტული სახელშეკრულებო პირობების არარსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება მინიმალური დაცვის დათქმა, აღნიშნულ პრეზუმფციაში ნახსენები ელემენტები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქონლის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის დასადგენად; ვინაიდან, ხარისხი და შესრულება, რომლის საფუძვლიანი მოლოდინი მომხმარებლებს შეიძლება გააჩნდეს, დამოკიდებული იქნება მათ შორის იმაზე, არის თუ არა საქონელი ახალი ან მეორადი მოხმარების; ვინაიდან, პრეზუმფციაში ნახსენები ელემენტები კუმულაციურია; ვინაიდან, თუ შემთხვევის გარემოებანი რომელიმე კონკრეტულ ელემენტს აშკარად შეუფერებლად მიიჩნევს, პრეზუმფციის დარჩენილი ელემენტების მოქმედება შეწყდება;
  9. ვინაიდან, გამყიდველი მომხმარებლის წინაშე პირდაპირ უნდა იყოს პასუხისმგებელი საქონლის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაზე; ვინაიდან, ეს არის გადაჭრის ტრადიციული გზა, რომელიც დაცულია წევრ სახელმწიფოთა მართლწესრიგში; ვინაიდან, მიუხედავად ამისა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, გამყიდველი უნდა იყოს თავისუფალი, რათა გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები მწარმოებლის, ხელშეკრულებათა ერთსა და იმავე ჯაჭვში არსებული წინა გამყიდველების, ან სხვა შუამავლების წინააღმდეგ, თუ მას უარი არ განუცხადებია ამ უფლებაზე; ვინაიდან წინამდებარე დირექტივას არ აქვს გავლენა გამყიდველს, მწარმოებელს, წინა გამყიდველსა და სხვა შუამავალს შორის დადებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე; ვინაიდან, წესები, რომლებიც არეგულირებენ, თუ ვის წინააღმდეგ და როგორ უნდა გამოიყენოს გამყიდველმა აღნიშნული დაცვის საშუალებები, უნდა განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
  10. ვინაიდან, საქონლის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოხმარებლებს უფლება აქვთ უსასყიდლოდ აღადგენინონ საქონლის შესაბამისობა ხელშეკრულებასთან, მისი შეკეთების ან ჩანაცვლების არჩევით, ან აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეამცირებინონ ფასი, ან გააუქმებინონ ხელშეკრულება;
  11. ვინაიდან, მომხმარებელმა, პირველ რიგში, შესაძლებელია გამყიდველს მოსთხოვოს საქონლის შეკეთება ან ჩანაცვლება, თუ აღნიშნული საშუალებები შეუძლებელი ან არაპროპორციული არ არის; ვინაიდან, ობიექტურად უნდა განისაზღვროს არის თუ არა საშუალება არაპროპორციული; ვინაიდან, საშუალება ჩაითვლება არაპროპორციულად, თუ იგი, სხვა საშუალებასთან შედარებით, ახდენს არაგონივრული ხარჯების დაკისრებას; ვინაიდან, იმის დასადგენად, არის თუ არა ხარჯები არაგონივრული, ერთი საშუალების ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს მეორე საშუალების ღირებულებას;
  12. ვინაიდან, შეუსაბამობის შემთხვევებში, გამყიდველს შეუძლია მომხმარებელს ყოველთვის შესთავაზოს ნებისმიერი არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალება, მორიგების გზით; ვინაიდან, მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული წინადადების მიღებაზე ან უარყოფაზე;
  13. ვინაიდან, იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მიიღონ სარგებელი შიდა ბაზრიდან და სხვა წევრ სახელმწიფოში შეიძინონ ფართო მოხმარების საქონელი, რეკომენდირებული უნდა იყოს, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წევრ სახელმწიფოში ბაზარზე გატანილი ფართო მოხმარების საქონლის მწარმოებლებმა პროდუქციას დაურთონ ნუსხა, სულ მცირე ერთი საკონტაქტო მისამართით თითოეულ წევრ ქვეყანაში, რომლის ბაზარზეც არის აღნიშნული პროდუქცია გატანილი;
  14. ვინაიდან, მიწოდების დროსთან დაკავშირებული მითითებები არ გულისხმობს იმას, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეცვალონ საკუთარი წესები რისკის გადასვლის შესახებ;
  15. ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელია უზრუნველყონ მომხმარებლისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ანაზღაურების შემცირება, რათა გათვალისწინებული იქნეს მომხმარებლის მიერ საქონლის მიღების შემდეგ მისი მოხმარება; ვინაიდან, დეტალური შეთანხმებები, რომელსაც გავლენა აქვს ხელშეკრულების გაუქმებაზე, შეიძლება განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში;
  16. ვინაიდან, მეორადი მოხმარების საქონლის სპეციფიკური ხასიათი შეუძლებელს ჰხდის მათ ჩანაცვლებას; ვინაიდან, მომხმარებლისთვის აღნიშნული საქონლის ჩანაცვლების უფლება ზოგადად არ არის ხელმისაწვდომი; ვინაიდან, ასეთი საქონლისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა მხარეებს შეიძლება მისცენ უფლება, რათა ისინი დაეთანხმონ ვალდებულების შემცირებულ პერიოდს;
  17. ვინაიდან, მიზანშეწონილია იმ პერიოდის დროში შეზღუდვა, რომლის დროსაც გამყიდველი პასუხისმგებელია საქონლის მიწოდებისას არსებულ შეუსაბამობაზე; ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა ასევე შესაძლებელია უზრუნველყონ იმ პერიოდის შეზღუდვა, რომლის დროსაც მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ საკუთარი უფლებები, თუ ასეთი პერიოდი არ ამოიწურება მიწოდების დროიდან ორი წლის განმავლობაში; ვინაიდან, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, დრო, როდესაც ხანდაზმულობის ვადა იწყება, არ არის საქონლის მიწოდების დრო, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის სრული ხანგრძლივობა არ უნდა იყოს მიწოდების დროიდან ორ წელზე ნაკლები;
  18. ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელია განსაზღვრონ ისეთი პერიოდის შეჩერება ან შეწყვეტა, რომლის დროსაც უნდა გამოვლინდეს ნებისმიერი შეუსაბამობა, ასევე შესაბამის შემთხვევებში, ხანდაზმულობის ვადის შეჩერება ან შეწყვეტა, საკუთარი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხდება შეკეთება, ჩანაცვლება, ან გამყიდველსა და მომხმარებელს შორის საქმის მორიგებით მოგვარების მიზნით მოლაპარაკების შემთხვევაში;
  19. ვინაიდან, წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ იმ ვადის დადგენის საშუალება, რომლის დროსაც მომხმარებელი ვალდებულია გამყიდველს აცნობოს შეუსაბამობის შესახებ; ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა მომხმარებლისთვის უნდა უზრუნველყონ დაცვის უფრო მაღალი დონე იმ მეთოდის გამოყენებით, როდესაც ასეთი ვალდებულების შემოტანა არ ხდება; ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, ევროგაერთიანების ფარგლებში მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ორი თვე, რათა აცნობონ გამყიდველს არსებული შეუსაბამობის შესახებ;
  20. ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პერიოდისგან დაცვა, რომელიც საზღვრებს შორის მოვაჭრე მომხმარებლებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს; ვინაიდან, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს კომისიას მათ მიერ აღნიშნული დებულების გამოყენების შესახებ; ვინაიდან, კომისიამ უნდა განახორციელოს აღნიშნული დებულების მომხმარებლებზე და შიდა ბაზარზე სხვადასხვაგვარი გამოყენების გავლენის მონიტორინგი; ვინაიდან, ინფორმაცია წევრი სახელმწიფოს მიერ აღნიშნული დებულების გამოყენების შესახებ ევროგაერთიანების ფარგლებში სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის, მომხმარებლებისთვის და მომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს; ვინაიდან, სიტუაციის შეჯამება ყველა წევრ სახელმწიფოში შესაბამისად უნდა იყოს გამოქვეყნებული ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში;
  21. ვინაიდან, გარკვეული კატეგორიის საქონლისთვის, გამყიდველებისა და მწარმოებლებისთვის მიმდინარე პრაქტიკას წარმოადგენს საქონელზე გარანტიების შეთავაზება ნებისმიერი ისეთი წუნის დასაფარად, რომელიც დროთა განმავლობაში ვლინდება; ვინაიდან, ეს პრაქტიკა იწვევს კონკურენციის სტიმულირებას; ვინაიდან, რამდენადაც ასეთი გარანტიები წარმოადგენენ მარკეტინგის კანონიერ საშუალებებს, მათ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი; ვინაიდან; იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებელი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი, გარანტიები უნდა მოიცავდეს გარკვეულ ინფორმაციას, მათ შორის განცხადებას იმის შესახებ, რომ გარანტია გავლენას არ ახდენს მომხმარებლის კანონიერ უფლებებზე;
  22. ვინაიდან, საერთო თანხმობით, მხარეებს უფლება არ აქვთ, შეზღუდონ ან უარი თქვან მომხმარებელთათვის მინიჭებულ უფლებებზე, რადგან სხვაგვარად, უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვა ჩაიშლება; ვინაიდან აღნიშნული პრინციპი ასევე უნდა გავრცელდეს მუხლებზე, რომლებიც გულისხმობს, რომ მომხმარებელმა იცოდა ფართო მოხმარების საქონლის არსებული შეუსაბამობის შესახებ, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის; ვინაიდან, მომხმარებლისთვის წინამდებარე დირექტივით მინიჭებული დაცვა არ უნდა შემცირდეს იმ საფუძვლით, რომ შერჩეულ იქნა არაწევრი სახელმწიფოს კანონმდებლობა, როგორც კანონმდებლობა, რომელიც ვრცელდება ხელშეკრულებაზე;
  23. ვინაიდან, სხვადასხვა წევრ სახელმწიფოში ამ სფეროში არსებული კანონმდებლობა და პრეცედენტული სამართალი გვიჩვენებს, რომ არსებობს მზარდი ინტერესი მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით; ვინაიდან, ამ ტენდენციისა და წინამდებარე დირექტივის განხორციელებისას მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო ღრმად ჩამწვდომი ჰარმონიზაციის გათვალისწინება, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ მწარმოებელს დაეკისროს უშუალო პასუხისმგებლობა იმ წუნზე, რომელზეც იგი თავად არის პასუხისმგებელი;
  24. ვინაიდან, წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ, ამ დირექტივით განსაზღვრულ სფეროში, უფრო მკაცრი დებულებების მიღების ან განხორციელების საშუალება, მომხმარებელთა დაცვის უფრო მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
  25. ვინაიდან, მომხმარებელთა დავების სასამართლოსგარეშე მორიგებაზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის დადგენილი პრინციპების შესახებ კომისიის 1998 წლის 30 მარტის რეკომენდაციის მიხედვით4, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ შექმნან ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჩივრების მიუკერძოებელ და ეფექტურ განხილვას ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო კონტექსტში და რომელთა მედიატორებად გამოყენებაც შეეძლებათ მომხმარებლებს.
  26. ვინაიდან, მომხმარებელთა საერთო ინტერესების დასაცავად, მიზანშეწონილია წინამდებარე დირექტივა დაემატოს მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად სასამართლო აკრძალვის ღონისძიებების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 1998 წლის 19 მაისის დირექტივის 98/27/EC5 დანართში მოცემულ დირექტივათა ნუსხას,

მიიღეს წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

მოქმედების სფერო და განმარტებები

1. წინამდებარე დირექტივის მიზანია ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლის დაცვის ერთიანი მინიმალური დონე შიდა ბაზრის კონტექსტში.

2. ამ დირექტივის მიზნებისთვის:

  1. მომხმარებელი: ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ხელშეკრულებებში მოქმედებს იმ მიზნებისთვის, რომლებიც არ უკავშირდება მის სავაჭრო საქმიანობას, ბიზნესსა თუ პროფესიას;
  2. ფართო მოხმარების საქონელი: ნიშნავს ნებისმიერ მატერიალურ მოძრავ ნივთს, გარდა:
  • აღსრულების გზით, ან სხვაგვარად კანონის ძალით გაყიდული საქონლისა,
  • წყლისა და გაზისა, როდესაც ისინი არ იყიდება შეზღუდული მოცულობით, ან დადგენილი რაოდენობით,
  • ელექტროენერგიისა;
  1. გამყიდველი: ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, ხელშეკრულების საფუძველზე, ყიდის ფართო მოხმარების საქონელს საკუთარი ვაჭრობის, ბიზნესის ან პროფესიის ფარგლებში;
  2. მწარმოებელი: ნიშნავს ფართო მოხმარების საქონლის მწარმოებელს, ევროგაერთიანების ტერიტორიაზე ფართო მოხმარების საქონლის იმპორტიორს, ან ნებისმიერ პირს, რომელიც მიიჩნევა მწარმოებლად საკუთარი სახელის, სასაქონლო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის ფართო მოხმარების საქონელზე განთავსების გზით;
  3. გარანტია: ნიშნავს მომხმარებლის წინაშე, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, გამყიდველის ან მწარმოებლის მიერ აღებულ ვალდებულებას, აანაზღაუროს გადახდილი საფასური, ან ჩაანაცვლოს, შეაკეთოს ან დაამუშაოს ფართო მოხმარების საქონელი ნებისმიერი მეთოდით, თუ იგი არ აკმაყოფილებს საგარანტიო განცხადებაში ან შესაბამის რეკლამაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
  4. შეკეთება: ნიშნავს, შეუსაბამობის შემთხვევაში, ფართო მოხმარების საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანას.

3. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელია განსაზღვრონ, რომ ტერმინი „ფართო მოხმარების საქონელი“ არ მოიცავდეს საჯარო აუქციონზე გაყიდულ მეორადი მოხმარების საქონელს, როდესაც მომხმარებლებს აქვთ გაყიდვაზე პირადად დასწრების შესაძლებლობა.

4. იმ ფართო მოხმარების საქონლის მომარაგების შესახებ ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა დამზადდეს ან წარმოებულ იქნას, ასევე წარმოადგენენ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის.

 

მუხლი 2

ხელშეკრულებასთან შესაბამისობა

1. გამყიდველმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს საქონელი ნასყიდობის ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში.

2. ფართო მოხმარების საქონელი ითვლება ხელშეკრულებასთან შესაბამისად, როდესაც ის:

  1. შეესაბამება გამყიდველის მიერ მოცემულ აღწერას და გააჩნია საქონლის ის თვისებები, რომელიც გამყიდველმა მომხმარებელს მიაწოდა ნიმუშის ან ეტალონის სახით;
  2. შეესაბამება ნებისმიერ კონკრეტულ მიზანს, რომლისთვისაც იგი მომხმარებელს სჭირდება და რომელიც მან გამყიდველს აცნობა ხელშეკრულების დადებისას და რომელსაც გამყიდველი დასთანხმდა;
  3. შეესაბამება იმ მიზნებს, რომლებისთვისაც იმავე ტიპის საქონელი ჩვეულებრივ გამოიყენება;
  4. გვიჩვენებს იმ ხარისხსა და შესრულების დონეს, რომელიც ნორმალურია იმავე ტიპის საქონლისთვის და რომელსაც მომხმარებელი გონივრულად ელოდება, საქონლის თვისების მიხედვით და გამყიდველის, მწარმოებლის ან მისი წარმომადგენელის მიერ საქონლის კონკრეტული თვისებების შესახებ რეკლამირებისას ან ეტიკეტირებისას გაკეთებული საჯარო განცხადების გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის, შეუსაბამობა ითვლება არარსებულად, თუ ხელშეკრულების დადების დროს, მომხმარებელმა იცოდა, ან შეიძლება გონივრული საფუძვლებით სცოდნოდა შეუსაბამობის შესახებ, ან თუ შეუსაბამობა წარმოშობილია მომხმარებლის მიერ მოწოდებული მასალიდან.

4. გამყიდველი არ უნდა იყოს შეზღუდული საჯარო განცხადებებით მე-2 პუნქტის (d) ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ იგი:

  • მიუთითებს, რომ მან არ იცოდა, ან გონივრულად ვერ ეცოდინებოდა აღნიშნული განცხადების შესახებ,
  • მიუთითებს, რომ კონტრაქტის დადების დროისთვის, განცხადება იქნა შესწორებული, ან
  • მიუთითებს, რომ განცხადებას ვერ ექნებოდა გავლენა ფართო მოხმარების საქონელის შეძენის გადაწყვეტილებაზე.

5. ფართო მოხმარების საქონლის არასწორი მონტაჟით გამოწვეული შეუსაბამობა მიჩნეულია ფართო მოხმარების საქონლის შეუსაბამობის ექვივალენტურად, თუ მონტაჟი წარმოადგენს საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილს და თუ საქონელი დამონტაჟებულია გამყიდველის მიერ, ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს ფაქტი თანაბრად ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელმა უნდა დაამონტაჟოს, დამონტაჟებულია მომხმარებლის მიერ და მისი არასწორი მონტაჟი გამოწვეულია დამონტაჟების ინსტრუქციებში არსებული ხარვეზის გამო.

მუხლი 3

მომხმარებლის უფლებები

1. გამყიდველი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე ნებისმიერ შეუსაბამობაზე, რომელიც არსებობს საქონლის მიწოდების დროს.

2. შეუსაბამობის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს უსასყიდლოდ აღუდგეს საქონლის შესაბამისობა მისი მე-3 პუნქტის შესაბამისად შეკეთების ან ჩანაცვლების გზით, ან აღნიშნული საქონელთან მიმართებით შესაბამისად შეუმცირდეს ფასი, ან გაუუქმდეს ხელშეკრულება, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.

3. პირველ რიგში, მომხმარებელს შეუძლია გამყიდველს მოსთხოვოს საქონლის შეკეთება ან მისი ჩანაცვლება, ორივე შემთხვევაში უსასყიდლოდ, თუ ეს არ არის შეუძლებელი, ან არათანაზომიერი.

საშუალება შესაძლებელია მიჩნეული იყოს არათანაზომიერად, თუ იგი გამყიდველს უწესებს ხარჯებს, რომლებიც, ალტერნატიულ საშუალებასთან შედარებით, არაგონივრულია გათვალისწინებულია რა:

  • ღირებულება, რომელიც საქონელს შეიძლება ჰქონოდა, შეუსაბამობის არარსებობის შემთხვევაში,
  • შეუსაბამობის მნიშვნელოვნება, და
  • შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული საშუალების განხორციელება, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნის გარეშე.

ნებისმიერი სახის შეკეთება ან ჩანაცვლება უნდა განხორციელდეს გონივრული ვადის ფარგლებში და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნის გარეშე, საქონლის ხასიათისა და იმ მიზნების გათვალისწინებით, რისთვისაც მომხმარებელმა მოითხოვა საქონელი.

4. მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემული ტერმინი „უსასყიდლო“ გულისხმობს აუცილებელ ხარჯებს, კერძოდ, საფოსტო, შრომით და მასალების ხარჯებს, რომლებიც გაწეულია საქონლის შესაბამისობაში მოსაყვანად.

5. მომხმარებელმა შესაძლებელია მოითხოვოს ფასის შესაბამისი შემცირება, ან ხელშეკრულების გაუქმება:

  • თუ მომხმარებელს არ აქვს არც შეკეთების და არც ჩანაცვლების მოთხოვნის უფლება, ან
  • თუ გამყიდველმა არ შეასრულა საშუალება გონივრული ვადის განმავლობაში, ან
  • თუ გამყიდველმა არ შეასრულა საშუალება მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტის შექმნის გარეშე.

6. მომხმარებელს არ აქვს უფლება გააუქმებინოს ხელშეკრულება, თუ შეუსაბამობა არის მცირე.

 

მუხლი 4

გამოსწორების უფლება

როდესაც საბოლოო გამყიდველი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე მწარმოებლის, ხელშეკრულების იმავე ჯაჭვიდან წინა გამყიდველის, ან სხვა რომელიმე შუამავლის მოქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეულ შეუსაბამობაზე, საბოლოო გამყიდველს უფლება აქვს გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები იმ პირის ან პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სახელშეკრულებო ჯაჭვში. პასუხისმგებელი პირი, ან პირები, რომელთა წინააღმდეგაც საბოლოო გამყიდველს უფლება აქვს გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები, შესაბამის ქმედებებთან და გამოყენების პირობებთან ერთად, განისაზღვრება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

 

მუხლი 5

ვადები

1. გამყიდველი უნდა იყოს პასუხისმგებელი მე- 3 მუხლის შესაბამისად, როდესაც შეუსაბამობა ხდება აშკარა, საქონლის მიწოდებიდან ორი წლის განმავლობაში. თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული უფლებები ექვემდებარება ხანდაზმულობის პერიოდს, აღნიშნულ პერიოდს არ გასდის ვადა მიწოდების დროიდან ორი წლის განმავლობაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, რომ მომხმარებელმა, იმისათვის რომ სარგებელი მიიღოს საკუთარი უფლებებისგან, აცნობოს გამყიდველს შეუსაბამობის შესახებ, აღნიშნული შეუსაბამობის დადგენის თარიღიდან ორი თვის განმავლობაში.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას მათ მიერ ამ პუნქტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კომისიამ მონიტორინგი უნდა გაუწიოს წევრი სახელმწიფოებისთვის აღნიშნული ალტერნატივის არსებობის ზემოქმედებას მომხმარებლებსა და შიდა ბაზარზე.

არაუგვიანეს 2003 წლის 7 იანვრისა, კომისია ამზადებს ანგარშს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ პუნქტის გამოყენების შესახებ. ანგარიში ქვეყნდება ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში.

3. თუ სხვაგვარად არ არის დადასტურებული, ნებისმიერი შეუსაბამობა, რომელიც ხდება აშკარა საქონლის მიწოდებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა იყოს მიჩნეული, რომ არსებობდა მიწოდების დროსაც, თუ აღნიშნული პრეზუმფცია არ შეეთავსება საქონლის თვისებას, ან შეუსაბამობის ხასიათს.

 

მუხლი 6

გარანტიები

1. გარანტია არის იურიდიულად სავალდებულო სამართალდამრღვევისთვის, საგარანტიო განცხადებასა და მასთან დაკავშირებულ რეკლამირებაში მოცემული პირობების შესაბამისად.

2. გარანტია:

  • აღნიშნავს, რომ მომხმარებელს გააჩნია სამართლებრივი უფლება მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც არეგულირებს ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციას და ასევე განსაზღვრავს, რომ გარანტიას არ აქვს გავლენა აღნიშნულ უფლებებზე,
  • აყალიბებს მარტივ, გასაგებ ენაზე, გარანტიის შინაარსს და გარანტიის ფარგლებში მოთხოვნის წაყენებისთვის აუცილებელ არსებითი დეტალებს, კერძოდ, გარანტიის ხანგრძლივობასა და მის ტერიტორიულ ფარგლებს, ასევე გარანტიის გამცემის სახელსა და მისამართს.

3. მომხმარებლის მოთხოვნით, გარანტია ხელმისაწვდომი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ან აღიბეჭდოს სხვა, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ, ხანგამძლე მატარებელში.

4. საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, წევრმა სახელმწიფომ, რომლის ბაზარზეც გატანილია ფართო მოხმარების საქონელი, დამფუძნებელი ხელშეკრულების წესების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს, რომ გარანტია შედგენილ იქნას ერთ ან მეტ ენაზე, რომლებსაც იგი განსაზღვრავს გაერთიანების სახელმწიფო ენებს შორის.

5. იმ შემთხვევაში, თუ გარანტია არღვევს მე-2, მე-3 ან მე-4 პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებს, ამან არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქონიოს გავლენა აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადაზე, ხოლო მომხმარებელს კვლავ უნდა შეეძლოს დაეყრდნოს გარანტიას და მოითხოვოს მისი პირობების შესრულება.

 

მუხლი 7

სავალდებულო ხასიათი

1. ნებისმიერი სახელშეკრულებო პირობა ან შეთანხმება, რომელიც დადებულია გამყიდველთან მანამ, სანამ შეუსაბამობა გამყიდველის ყურადღების ქვეშ მოექცევა, რაც პირდაპირ თუ ირიბად უარყოფს ან ზღუდავს წინამდებარე დირექტივიდან გამომდინარე უფლებებს, არ არის სავალდებულო მომხმარებლისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში.

წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, რომ მეორადი მოხმარების საქონელის შემთხვევაში, გამყიდველმა და მომხმარებელმა შესაძლებელია შეათანხმონ სახელშეკრულებო პირობები ან შეთანხმებები, რომელთაც გააჩნიათ გამყიდველის პასუხისმგებლობის უფრო მცირე ვადა, ვიდრე მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტშია მოცემული. ასეთი ვადა არ შეიძლება იყოს ერთ წელზე ნაკლები.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მომხმარებლებს არ ჩამოერთვათ წინამდებარე დირექტივით უზრუნველყოფილი დაცვა, იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ირჩევენ არაწევრი სახელმწიფოს კანონმდებლობას იმ კანონმდებლობად, რომელიც ვრცელდება ხელშეკრულებაზე, როდესაც ხელშეკრულებას გააჩნია მჭიდრო კავშირი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიასთან.

 

მუხლი 8

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა და მინიმალური დაცვა

1. წინამდებარე დირექტივიდან გამომდინარე წარმოშობილი უფლებები გამოიყენება სხვა უფლებების შეზღუდვის გარეშე, რომლებიც მომხმარებელმა შესაძლებელია გამოიყენოს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ ან კანონიერ ძალაში შეინარჩუნონ უფრო მკაცრი დებულებები, რომლებიც შეესაბამება დამფუძნებელ ხელშეკრულებას წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სფეროში, მომხმარებლის დაცვის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით.

▼M1

მუხლი 8a

მოთხოვნები ანგარიშგების მიმართ

1. როდესაც, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წევრი სახელმწიფო იღებს მომხმარებელთა დაცვის უფრო მკაცრ დებულებებს, ვიდრე მე-5 მუხლის 1-ელიდან მე-3 პუნქტებში და მე-7 მუხლის 1-ელ პუნქტშია მოცემული, იგი ამ ფაქტის და ასევე ნებისმიერ თანმდევი ცვლილებების შესახებ აცნობებს კომისიას.

2. კომისია უზრუნველყოფს, რომ 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებელთათვის და მოვაჭრეთათვის, მათ შორის, ხელმისაწვდომი იყოს საამისოდ განკუთვნილ ვებგვერდზე.

3. კომისია 1-ელ პუნქტში მითითებულ ინფორმაციას უგზავნის სხვა წევრ სახელმწიფოებსა და ევროპარლამენტს. კომისია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კონსულტაციას გადის დაინტერესებულ მხარეებთან.

▼B

მუხლი 9

წევრი სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს იმისათვის, რომ აცნობონ მომხმარებლებს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში წინამდებარე დირექტივის გადმოტანის შესახებ,ხოლო საჭიროების შემთხვევაში და სადაც ეს შესაფერისია, ხელი შეუწყონ პროფესიულ ორგანიზაციებს, გააცნონ მომხმარებლებს საკუთარი უფლებები.

 

მუხლი 10

დირექტივის 98/27/EC დანართი უნდა შედგეს შემდეგნაირად:

10. ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999 წლის 25 მაისის დირექტივა 1999/44/EC ფართო მოხმარების საქონლის რეალიზაციის გარკვეული ასპექტებისა და მათთან დაკავშირებული გარანტიების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 171, 07.07.1999, გვ. 12).

 

მუხლი 11

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა

1. წევრმა სახელმწიფოებმა ძალაში უნდა შეიყვანონ წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობისთვის აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები არაუგვიანეს 2002 წლის 1 იანვრისა. მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.

წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღებისას, მათში გათვალისწინებული უნდა იყოს მითითება წინამდებარე დირექტივაზე, ან ოფიციალური გამოქვეყნების დროს, მათ თან უნდა ერთოდეს აღნიშნული მითითება. აღნიშნული მითითებისთვის პროცედურა მიღებულ უნდა იქნას წევრი სახელმწიფოების მიერ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებები, რომლებსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 12

განხილვა

კომისიამ, არაუგვიანეს 2006 წლის 7 ივლისისა, უნდა განიხილოს წინამდებარე დირექტივის გამოყენება და ევროპარლამენტსა და საბჭოს წარუდგინოს ანგარიში. ეს ანგარიში მათ შორის უნდა განიხილავდეს მწარმოებლის უშუალო ვალდებულების შემოღების შემთხვევას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მას უნდა ერთოდეს წინადადებები.

 

მუხლი 13

ძალაში შესვლა

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროგაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების დღეს.

 

მუხლი 14

ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

 


1ოფიციალური ჟურნალი C 307, 16.10.1996, გვ. 8 და ოფიციალური ჟურნალი C 148, 14.05.1998, გვ. 12.

2ოფიციალური ჟურნალი C 66, 03.03.1997, გვ. 5.

3ევროპარლამენტის 1998 წლის 10 მარტის მოსაზრების (ოფიციალური ჟურნალი C 104, 06.04.1998, გვ. 30), საბჭოს 1998 წლის 24 სექტემბრის საერთო პოზიციის (ოფიციალური ჟურნალი C 333, 30.10.1998, გვ. 46) და ევროპარლამენტის 1998 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების. ოფიციალური ჟურნალი C 98, 09.04.1999, გვ. 226). ევროპარლამენტის 1999 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების. საბჭოს 1999 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

4ოფიციალური ჟურნალი L 115, 17.04.1998, გვ. 31.

5ოფიციალური ჟურნალი L 166, 11.06.1998, გვ. 51.