საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC - სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 95, 21.04.1993, გვ. 29)

საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC - სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 95, 21.04.1993, გვ. 29)
დოკუმენტის ნომერი 93/13/EEС
დოკუმენტის მიმღები ევროპის გაერთიანებების საბჭო
მიღების თარიღი 21/11/2011
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2019
სარეგისტრაციო კოდი
93/13/EEС
21/11/2011
ვებგვერდი, 12/02/2019
საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC - სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 95, 21.04.1993, გვ. 29)
ევროპის გაერთიანებების საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებულ ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

 

 

წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და შესაბამის უწყებებს არ ეკისრებათ რაიმე პასუხისმგებლობა მის შინაარსთან დაკავშირებით

►B საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC

სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ

(ოფიციალური ჟურნალი L 95, 21.04.1993, გვ. 29)

 

შესწორებები შევიდა:

 

 

ოფიციალური ჟურნალი

 

 

N

გვერდი

თარიღი

►M1

ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 25 ოქტომბრის დირექტივა 2011/83/EU

L 304

64

22.11.2011

 

საბჭოს 1993 წლის 5 აპრილის დირექტივა 93/13/EEC

სამომხმარებლო ხელშეკრულებების უსამართლო პირობების შესახებ

ევროგაერთიანებების საბჭო,

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების მე-100 A მუხლს,

ითვალისწინებს რა კომისიის წინადადებას1,

ევროპარლამენტთან თანამშრომლობით2,

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას3,

ვინაიდან საჭიროა ზომების მიღება შიდა ბაზრის თანდათანობით შესაქმნელად 1992 წლის 31 დეკემბრამდე; ვინაიდან შიდა ბაზარი მოიცავს შიდა საზღვრების არმქონე ზონას, რომელშიც საქონელი, ადამიანი, მომსახურება და კაპიტალი თავისუფლად გადაადგილდება;

ვინაიდან, ერთი მხრივ, საქონლის გამყიდველს ან მომსახურების მიმწოდებელს და, მეორე მხრივ, მათ მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონები შეიცავს ბევრ განსხვავებას, რის შედეგადაც ეროვნული ბაზრები, სადაც მომხმარებელი იძენს საქონელსა და მომსახურებას, ერთმანეთისგან განსხვავდება და გამყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის შეიძლება ჰქონდეს ადგილი კონკურენციის დარღვევას, განსაკუთრებით, როდესაც გაყიდვა ან მიწოდება სხვა წევრ სახელმწიფოებში ხორციელდება;

ვინაიდან განხვავებები განსაკუთრებით შეიმჩნევა სამომხმარებლო ხელშეკრულებებში უსამართლო პირობებთან დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონებში;

ვინაიდან წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებები არ შეიცავდეს უსამართლო პირობებს;

ვინაიდან, ზოგადად, მომხმარებლები არ იცნობენ სამართლებრივ ნორმებს, რომლებიც, მათი საკუთარის გარდა, სხვა წევრ სახელმწიფოებში არეგულირებს საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეკრულებებს; ვინაიდან ცნობიერების ნაკლებობამ შეიძლება მათ ხელი შეუშალოს სხვა წევრ სახელმწიფოში საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული პირდაპირი გარიგების განხორციელებაში;

ვინაიდან, რათა ხელი შეეწყოს შიდა ბაზრის შექმნას და მოქალაქე დაცული იყოს როგორც მომხმარებელი, როდესაც ის საქონელს ან მომსახურებას იძენს ხელშეკრულებით, რომელიც რეგულირდება სხვა წევრი სახელმწიფოს კანონებით, აუცილებელია ასეთი ხელშეკრულებიდან უსამართლო პირობების გამორიცხვა;

ვინაიდან საქონლის გამყიდველებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, შესაბამისად, ხელი შეეწყობათ საქონლის გაყიდვასა და მომსახურების მიწოდებაში როგორც სახლში, ისე მთლიანად შიდა ბაზარზე; ვინაიდან ამგვარად მოხდება კონკურენციის წახალისება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს გაერთიანების მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, არჩევანის გაზრდას;

ვინაიდან გაერთიანების მომხმარებელთა დაცვისა და საინფორმაციო პოლიტიკის ორმა პროგრამამ4 ხაზი გაუსვა მომხმარებელთა დაცვის მნიშვნელობას ხელშეკრულების უსამართლო პირობების საკითხში; ვინაიდან აღნიშნული დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონებითა და რეგულაციებით, რომლების ჰარმონიზებაც ხდება გაერთიანების დონეზე ან რომლებიც უშუალოდ ამ დონეზე მიიღება;

ვინაიდან, იმ პრინციპის შესაბამისად, რომელიც მოცემულია სათაურის „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა” ქვეშ, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნულ პროგრამებში: „საქონლისა და მომსახურების შემძენი სასურველია, დაცული იყოს გამყიდველის ან მიმწოდებლის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან, კერძოდ, კაბალური ტიპური ხელშეკრულებებისა და ხელშეკრულებებში განუყოფელი უფლებების უსამართლო გაუთვალისწინებლობისგან”;

ვინაიდან მომხმარებლის უფრო ეფექტური დაცვა შეიძლება მიღწეული იქნეს უსამართლო პირობებთან დაკავშირებით ერთიანი სამართლებრივი ნორმების მიღებით; ვინაიდან აღნიშნული ნორმები სასურველია, ვრცელდებოდეს ყველა ხელშეკრულებაზე, რომელიც იდება გამყიდველსა ან მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის; ვინაიდან, ამის შედეგად, დასაქმებასთან, სამემკვიდრეო უფლებებთან, საოჯახო სამართლით გათვალისწინებულ უფლებებსა და კომპანიის დაარსებასა და ორგანიზაციულ უზრუნველყფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, ასევე პარტნიორობის ხელშეკრულებები, უნდა გამოირიცხოს წინამდებარე დირექტივიდან;

ვინაიდან მომხმარებელმა უნდა მიიღოს თანაბარი დაცვა როგორც ზეპირი ფორმით დადებული, ისე წერილობითი ხელშეკრულებებით, მიუხედავად იმისა ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები მოცემულია ერთსა თუ მეტ დოკუმენტში;

ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული კანონები იძლევა მხოლოდ ნაწილობრივი ჰარმონიზაციის გათვალისწინების საშუალებას; ვინაიდან, წინამდებარე დირექტივა ეხება მხოლოდ იმ სახელშეკრულებო პირობებს, რომლებიც ინდივიდუალურად არ იქნა შეთანხმებული; ვინაიდან წევრ სახელმწიფოებს სასურველია, ჰქონდეთ არჩევანი, ხელშეკრულების სათანადოდ გათვალისწინებით, შეძლონ მომხმარებელთა მაღალ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა ეროვნული დებულებების მეშვეობით, რომლებიც წინამდებარე დირექტივის დებულებებზე მკაცრია;

ვინაიდან წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ან მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, განსაზღვრავს სამომხმარებლო ხელშეკრულებების პირობებს, როგორც ივარაუდება, არ ეხება უსამართლო პირობებს; ვინაიდან საჭირო არ არის განსახილველად ისეთი პირობების წარმოდგენა, რომლებიც ასახულია სავალდებულო საკანონმდებლო და მარეგულირებელ დებულებებსა და საერთაშორისო კონვენციების პრინციპებსა და დებულებებში, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოები ან გაერთიანება; ვინაიდან, ამ თვალსაზრისით, ფორმულირება „სავალდებულო საკანონმდებლო და მარეგულირებელი დებულებები”, რომელიც 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტშია მოცემული, ასევე მოიცავს წესებს, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა გამოიყენებოდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის სხვა არანაირი შეთანხმება არ არსებობს;

ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უსამართლო პირობები არ შევიდეს ხელშეკრულებებში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წინამდებარე დირექტივა ასევე ვრცელდება საზოგადოებრივი ხასიათის მქონე კომერციულ საქმიანობაზე, ბიზნესსა და პროფესიებზე;

ვინაიდან საჭიროა, ზოგადი წესით დაწესდეს სახელშეკრულებო პირობების უსამართლო ხასიათის შესაფასების კრიტერიუმები;

ვინაიდან შერჩეული ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით, სახელშეკრულებო პირობების უსამართლო ხასიათის შეფასებას, განაკუთრებით, ისეთი კოლექტიური მომსახურების უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი ხასათის მქონე გაყიდვისას ან მიწოდებისას, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებელთა შორის სოლიდარობას, უნდა დაემატოს სხვადასხვა ინტერესების საერთო შეფასების საშუალებაც; ვინაიდან ეს წარმოადგენს კეთილსინდისირების მოთხოვნას; ვინაიდან კეთილსინდისიერების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხარეების საქმიანი პოზიციის სიმყარეს და იმას, გააჩნდა თუ არა მომხმარებელს მოტივი დასთანხმებოდა პირობას და, ასევე, იმას, საქონელი ან მომსახურება მიეყიდა ან მიეწოდა თუ არა მომხმარებელს სპეციალური შეკვეთით; ვინაიდან კეთილსინდისიერების მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილებული იქნეს მყიდველის ან მიმწოდებლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ ის სამართლიანად და პატიოსნად ურთიერთობს მეორე მხარესთან, ვისი კანონიერი ინტერესებიც მან უნდა გაითვალისწინოს;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, დანართში მოცემული სახელშეკრულებო პირობების ჩამონათვალი შეიძლება იყოს მხოლოდ საცნობარო ხასიათის და, დირექტივის დებულებების მინიმალური ხასიათიდან გამომდინარე, ამ პირობების შინაარსი შეიძლება დაექვემდებაროს წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარ ეროვნულ კანონებში განვრცობას ან შეზღუდვას;

ვინაიდან საქონლის ან მომსახურების ბუნება სასურველია, ახდენდეს გავლენას სახელშეკრულებო პირობების უსამართლობის შეფასებაზე;

ვინაიდან, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, არ უნდა შეფასდეს იმ პირობების უსამართლო ხასიათი, რომლებიც აღწერს ხელშეკრულების საგანს და არც მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ხარისხის/ფასის თანაფარდობა; ვინაიდან ხელშეკრულების საგანი და ფასის/ხარისხის თანაფარდობა შეიძლება მაინც მიღებული იქნეს მხედველობაში სხვა პირობების სამართლიანობის შეფასებისას; ვინაიდან აქედან გამომდინარეობს, რომ, სხვებთან ერთად, დაზღვევის ხელშეკრულებების პირობები, რომლებიც ნათლად განსაზღვრავს ან ადგენს დაზღვეულ რისკს და მზღვეველის ვალდებულებას, არ უნდა დაექვემდებაროს ამგვარ შეფასებას, რადგან აღნიშნული შეზღუდვები მიიღება მხედველობაში მომხმარებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაანგარიშებისას;

ვინაიდან ხელშეკრულებები უნდა შედგეს მარტივ და გასაგებ ენაზე, მომხმარებელს სასურველია, ფაქტობრივად მიეცეს ყველა პირობის შესწავლის შესაძლებლობა და, ეჭვის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელი განმარტება მიიჩნევა იპირატესად.

ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გამყიდველმა ან მიმწოდებელმა მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში არ გამოიყენოს უსამართლო პირობები და, თუ ასეთი პირობები მაინც გამოიყენება, მათ არ უნდა დაავალდებულონ მომხმარებელი, შეასრულოს აღნიშნული პირობები, ხოლო ხელშეკრულება იმ შემთხვევაში დაავალდებულებს მხარეებს, შეასრულონ აღნიშნული პირობები, თუ ხელშეკრულების არსებობა შესაძლებელი იქნება უსამართლო დებულებების გარეშე;

ვინაიდან არსებობს რისკი იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელი შეიძლება მოკლებული იყოს წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ დაცვას არაწევრი ქვეყნის კანონის ხელშეკრულების მიმართ მოქმედ კანონად განსაზღვრის შემთხვევაში; ვინაიდან, შესაბამისად, წინამდებარე დირექტივაში უნდა შევიდეს დებულებები, რომელიც გამიზნული იქნება ამ რისკის თავიდან ასაცილებლად;

ვინაიდან ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, თუკი ისინი წევრი სახელმწიფოს კანონით ჩაითვლებიან ამ საკითხში კანონიერი ინტერესის მქონეებად, უნდა გააჩნდეთ საშუალებები, სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილები საჩივრებზე ან დაიწყოს შესაბამისი სამართალწარმოება, აღძრან საქმე მომხმარებლებთან დადებული ხელშეკრულებების იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც დგება საერთო გამოყენებისთვის, კერძოდ კი, უსამართლო პირობებთან დაკავშირებით; ვინაიდან აღნიშნული შესაძლებლობა არ მოიცავს კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებში მოქმედი ზოგადი პირობების წინასწარ გადამოწმებას;

ვინაიდან წევრი სახელმწიფოების სასამართლოებს ან ადმინისტრაციულ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ სამომხმარებლო ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების უწყვეტი გამოყენების თავიდან აცილების სათანადო და ეფექტური საშუალებები,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

მუხლი 1

1. წინამდებარე დირექტივის მიზანია გამყიდველსა ან მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების უსამართლო პირობებთან დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების კანონების, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოება.

2. წინამდებარე დირექტივის დებულებები, განსაკუთრებით, ტრანსპორტირების სფეროში, არ ვრცელდება სახელშეკრულებო პირობებზე, რომლებიც ასახავს სავალდებულო საკანონმდებლო და მარეგულირებელ დებულებებს და იმ საერთაშორისო კონვენციების პრინციპებსა და დებულებებს, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოები ან გაერთიანება.

 

მუხლი 2

წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის:

  1. „უსამართლო პირობები“ ნიშნავს მე-3 მუხლით განსაზღვრულ სახელშეკრულებო პირობებს;
  2. „მომხმარებელი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ქმედება ამ დირექტივით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შემთხვევაში ემსახურება მიზნებს, რომელიც არ არის კავშირში მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან ან პროფესიასთან;
  3. „გამყიდველი ან მიმწოდებელი“ არის იფიზიკური ან იურიდიულ პირი, რომელიც ამ დირექტივით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შემთხვევაში მოქმედებს ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მის კომერციულ საქმიანობასთან, ბიზნესთან ან პროფესიასთან, მიუხედავად იმისა ეს საჯარო თუ კერძო საკუთრებაა.

 

მუხლი 3

1. სახელშეკრულებო პირობა, რომელიც ინდივიდუალურად არ არის შეთანხმებული, ითვლება უსამართლოდ იმ შემთხვევაში, თუ, კეთილსინდისიერების მოთხოვნის საპირისპიროდ, ის, მომხმარებლის საზიანოდ, იწვევს მნიშვნელოვან შეუსაბამობას ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებში.

2. პირობა ყოველთვის ჩაითვლება არაინდივიდუალურად შეთანხმებულად, თუ ის დგება წინასწარ და, შესაბამისად, მომხმარებელს არ ჰქონდა პირობის შინაარსზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, განსაკუთრებით, წინასწარ შედგენილი ტიპური ხელშეკრულების კონტექსტში.

ის ფაქტი, რომ რომელიმე ან ერთი კონკრეტული პირობის გარკვეული ასპექტები ინდივიდუალურად იქნა შეთანხმებული, არ გამორიცხავს წინამდებარე მუხლის ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილის მიმართ გამოყენებას, თუ ხელშეკრულების საერთო შეფასებიდან გამომდინარეობს, რომ ის მაინც წარმოადგენს წინასწარ შედგენილ ტიპურ ხელშეკრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი ან მიმწოდებელი აცხადებს, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობა ინდივიდუალურად იქნა შეთანხმებული, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი მას უნდა დაეკისროს.

3. დანართი შეიცავს იმ პირობების მიახლოებით და არასრულ ჩამონათვალს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს უსამართლოდ.

 

მუხლი 4

1. მე-7 მუხლის შეზღუდვის გარეშე, სახელშეკრულებო პირობის უსამართლო ხასიათი უნდა შეფასდეს იმ საქონლისა და მომსახურების ბუნების გათვალისწინებით, რომლისთვისაც დაიდო ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადების დროს ყველა თანმხლები გარემოებისა და მოცემული ან სხვა ხელშეკრულების ყველა დანარჩენი პირობის მითითებით, რომელზეც ის დამოკიდებულია.

2. პირობების უსამართლო ბუნების შეფასება არ უნდა უკავშირდებოდეს, ერთი მხრივ, არც ხელშეკრულების საგნის შინაარსს და არც ფასისა და ანაზღაურების შესაბამისობას და, მეორე მხრივ, სანაცვლოდ მისაწოდებელი საქონლის ან მომსახურების ოდენობას, თუ ეს პირობები ჩამოყალიბებულია მარტივ და გასაგებ ენაზე.

 

მუხლი 5

იმ ხელშეკრულებების შემთხვევაში, რომლებშიც მომხმარებლისთვის შეთავაზებული ყველა ან ცალკეული პირობა არის წერილობითი ფორმით, ამგვარი პირობები ყოველთვის უნდა ჩამოყალიბდეს მარტივი და გასაგები ენით. იმ შემთხვევაში, თუ პირობის შინაარსთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი, უპირატესობა ენიჭება მომხმარებლისთვის ყველაზე ხელსაყრელ განმარტებას. განმარტებასთან დაკავშირებული ეს წესი არ გამოიყენება მე-7(2) მუხლით განსაზღვრულ პროცედურებთან მიმართებაში.

 

მუხლი 6

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, რომ მომხმარებელსა და გამყიდველს ან მიმწოდებელს შორის დადებულ ხელშეკრულებებში გამოყენებული უსამართლო პირობები, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ უნდა ავალდებულებდეს მომხმარებელს და რომ ხელშეკრულება უნდა განაგრძობდეს მხარეების დავალდებულებას, შეასრულონ ეს პირობები, თუ ხელშეკრულების არსებობა შესაძლებელი იქნება უსამართლო პირობების გარეშე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებელმა არ დაკარგოს წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული დაცვა არაწევრი ქვეყნის კანონის ხელშეკრულების მიმართ მოქმედ კანონად არჩევით, თუ არაწევრ ქვეყანას ახლო კავშირი აქვს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასთან.

 

მუხლი 7

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ, მომხმარებლებისა და კონკურენტების ინტერესებიდან გათვალისწინებით, გამყიდველსა ან მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებულ ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების უწყვეტი გამოყენების თავიდან ასაცილებლად არსებობდეს სათანადო და ეფექტური საშუალებები.

2. 1-ელ პუნქტში მითითებული საშუალებები მოიცავს დებულებებს, რომელთა თანახმად ფიზიკურ პირებს ან ორგანიზაციებს, რომლებსაც ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით აქვთ მომხმარებელთა დაცვის კანონიერი ინტერესი, შესაბამისი ეროვნული კანონის თანახმად შეუძლიათ აღძრან საქმე სასამართლოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებში იმის დასადგენად, არის თუ არა საერთო გამოყენებისთვის შედგენილი სახელშეკრულებო პირობები უსამართლო, რათა მათ შეძლონ სათანადო და ეფექტური საშუალებების გამოყენება ამგვარი პირობების უწყვეტი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

3. ეროვნული კანონების სათანადოდ გათვალისწინებით, მე-2 პუნქტში მითითებული სამართლებრივი დაცვის საშუალებები შეიძლება ცალ-ცალკე ან ერთად იქნეს მიმართული ერთ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი რამდენიმე გამყიდველის ან მიმწოდებლის ან მათი გაერთიანებების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებენ ან რეკომენდაციას უწევენ იმავე ზოგადი სახელშეკრულებო პირობების ან მსგავსი პირობების გამოყენებას.

 

მუხლი 8

მომხმარებლის დაცვის მაქსიმალური დონის უზრუნველსაყოფად, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ ან ძალაში დატოვონ უმკაცრესი დებულებები, რომლებიც ხელშეკრულებასთან შესაბამისობაშია წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

▼M1

მუხლი 8a

1. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფო იღებს დებულებას მე-8 მუხლის შესაბამისად, მან ამის შესახებ, ასევე ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ, უნდა შეატყობინოს კომისიას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები:

  • ავრცობს უსამართლო ხასიათის შეფასებას ინდივიდუალურად შეთანხმებულ სახელშეკრულებო პირობებზე ან ფასისა და ანაზღაურების შესაბამისობაზე; ან
  • შეიცავს სახელშეკრულებო პირობების ჩამონათვალს, რომლებიც უსამართლოდ ითვლება.

2. კომისია უზრუნველყოფს, რომ 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაცია იყოს იოლად ხელმისაწვდომი მომხმარებლებისა და მოვაჭრეებისთვის, მათ შორის, სპეციალურ ვებგვერდზეც.

3. კომისიამ უნდა გაუგზავნოს 1-ელ პუნქტში მითითებული ინფორმაცია სხვა წევრ სახელმწიფოებსა და ევროპარლამენტს. კომისიამ დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციაზე უნდა გაუწიოს კონსულტაცია.

▼B

მუხლი 9

კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის გამოყენებასთან დაკავშირებით მე-10(1) მუხლში მითითებული თარიღიდან არაუგვიანეს ხუთი წლისა.

 

მუხლი 10

1. წევრმა სახელმწიფოებმა წინამდებარე დირექტივასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის საჭირო კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები ძალაში უნდა შეიყვანონ არაუგვიანეს 1994 წლის 31 დეკემბრისა. ისინი ამის შესახებ მაშინვე აუწყებენ კომისიას.

აღნიშნული დებულებების მოქმედება ვრცელდება 1994 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დადებულ ყველა ხელშეკრულებაზე.

2. წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღებისას, მათში უნდა მიეთითოს ეს დირექტივა ან, ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში, მათ თან უნდა ახლდეს ამგვარი მითითება. მითითების გაკეთების მეთოდები განისაზღვრება წევრი სახელმწიფოს მიერ.

3. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა აცნობონ ეროვნული კანონმდებლობის ძირითადი დებულებები, რომლებსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 11

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

 

 

დანართი

მე-3(3) მუხლში მითითებული პირობები

1. პირობები, რომელთაც აქვთ მიზანი ან ძალა:

  1. გამორიცხონ ან შეზღუდონ გამყიდველის ან მიმწოდებლის იურიდიული პასუხისმგებლობა მათი ქმედებით ან უმოქმედობით გამოწვეული მომხმარებლის სიკვდილის ან ფიზიკური ან მორალური ზიანის შემთხვევაში;
  2. არასათანადოდ გამორიცხონ ან შეზღუდონ მომხმარებლის იურიდიული უფლებები გამყიდველის, მიმწოდებლის ან სხვა მხარის მიმართებაში გამყიდველის ან მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, გამყიდველის ან მიმწოდებლის ვალის დაფარვის პირობის ჩათვლით ნებისმიერი მოთხოვნის სანაცვლოდ, რაც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს მის მიმართ;
  3. გახადოს შეთანხმება მომხმარებლისთვის შესასრულებლად სავალდებულო, მაშინ, როცა მომსახურების მიწოდება გამყიდველის ან მიმწოდებლის მიერ ექვემდებარება პირობას, რომლის შესრულებაც მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული;
  4. ნება დართოს გამყიდველს ან მიმწოდებელს, დაიტოვოს მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როცა ეს უკანასკნელი გადაწყვეტს, არ დადოს ან არ შეასრულოს ხელშეკრულება ისე, რომ არ უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ გამყიდველსა თუ მიმწოდებლისგან ეკვივალენტური ოდენობის კომპენსაციის მიღება, როცა ეს უკანასკნელი წარმოადგენს ხელშეკრულების გამწყვეტ მხარეს;
  5. მოითხოვოს ნებისმიერი მომხმარებლისგან, რომელიც ვერ შეასრულებს ვალდებულებას, გადაიხადოს არაპროპორციულად მაღალი თანხა;
  6. უფლებამოსილება მიანიჭოს გამყიდველს ან მიმწოდებელს, დისკრეციულ საფუძველზე გაწყვიტოს ხელშეკრულება, მაშინ, როცა მომხმარებელს არ ეძლევა იგივე საშუალება, ან ნება დართოს გამყიდველს ან მიმწოდებელს, დაიტოვოს მომსახურებისთვის გადახდილი თანხა, რომელიც ჯერ არ მიუწოდებია, იმ შემთხვევაში, თუ სწორედ გამყიდველი ან მიმწოდებელი წყვეტს ხელშეკრულებას;
  7. საშუალება მისცეს გამყიდველს ან მიმწოდებელს, შეწყვიტოს განუსაზღვრელი ვადის ხელშეკრულება გონივრულ ვადაში შეტყობინების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს;
  8. ავტომატურად გააგრძელოს განსაზღვრული ვადის ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ მიუთითებს სხვაგვარად, როცა მომხმარებლისთვის დადგენილი ბოლო ვადა, გამოთქვას ხელშეკრულების არგაგრძელების სურვილი, არაგონივრულად მოკლეა;
  9. საბოლოოდ დაავალდებულოს მომხმარებელი, შეასრულოს პირობები, რომლებთანაც გაცნობის საშუალება ხელშეკრულების დადებამდე მას არ ჰქონია;
  10. საშუალება მისცეს გამყიდველს ან მიმწოდებელს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები ხელშეკრულებით განსაზღვრული საპატიო მიზეზის გარეშე;
  11. საშუალება მისცეს გამყიდველს ან მიმწოდებელს, საპატიო მიზეზის გარეშე შეცვალოს მისაწოდებელი პროდუქტის ან მომსახურების ნებისმიერი მახასიათებელი;
  12. უზრუნველყოს საქონლის ფასის მისი მიწოდების დროს განსაზღვრა ან საშუალება მისცეს საქონლის გამყიდველს ან მომსახურების მიმწოდებელს, გაზარდოს მისი ფასი ისე, რომ არცერთ შემთხვევაში არ მისცეს მომხმარებელს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თუ საბოლოო ფასი ძალიან მაღალია იმ ფასთან მიმართებაში, რომელიც ხელშეკრულების დადების დროს შეთანხმდა;
  13. მისცეს გამყიდველს ან მიმწოდებელს უფლება, განსაზღვროს, არის თუ არა მიწოდებული საქონელი და ფასი ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში, ან მისცეს მას ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის განმარტების ექსკლუზიური უფლება;
  14. შეზღუდოს მყიდველის ან მიმწოდებლის ვალდებულება, პატივი სცეს მისი წარმომადგენლის მიერ ნაკისრ ვალდებულებას ან დაუქვემდებაროს მისი ვალდებულება კონკრეტულ ფორმალობას;
  15. დაავალდებულოს მომხმარებელი, შეასრულოს ყველა ვალდებულება, მაშინ, როცა გამყიდველი ან მიმწოდებელი არ ასრულებს თავისას;
  16. მისცეს მყიდველს ან მიმწოდებელს შესაძლებლობა, მოახდინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა, როცა ეს შეიძლება ემსახურებოდეს მომხმარებლისთვის გარანტიების შემცირებას ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე;
  17. გამორიცხოს ან ხელი შეუშალოს მომხმარებლის უფლებას, მიმართოს სასამართლოს ან ისარგებლოს სამართლებრივი დაცვის სხვა საშუალებით, კერძოდ მოსთხოვოს მომხმარებელს სადავო საკითხის არბიტრაჟში წარდგენა, რაც არ არის გათვალისწინებული სამართლის ნორმებით, უსამართლოდ შეუზღუდოს მოხმარებელს ხელმისაწვდომი მტკიცებულება ან დააკისროს მტკიცების ტვირთი, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეკისრება ხელშეკრულების მეორე მხარეს.

2. (g), (j) და (l) აბზაცების მოქმედების სფერო

  1. აბზაცი (g) ხელს არ უშლის იმ პირობებს, რომლითაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეწყვიტოს განუსაზღვრელი ვადის ხელშეკრულება შეუტყობინებლად პატივსადები მიზეზის არსებობისას, იმ პირობით, რომ მიმწოდებელს მოეთხოვება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სხვა ხელშემკვრელ მხარეს ან მხარეებს.
  2. აბზაცი (j) ხელს არ უშლის იმ პირობებს, რომლითაც ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, შეცვალოს მომხმარებლის გადასახდელი პროცენტის განაკვეთი ან იმ პროცენტის განაკვეთი, რომელიც უნდა მიიღოს ამ უკანასკნელმა, ან მიღებული ფინანსური მომსახურებისთვის დაკისრებული სხვა გადასახადი, შეუტყობინებლად პატივსადები მიზეზის არსებობისას, იმ პირობით, რომ მიმწოდებელს მოეთხოვება, ამის შესახებ შეატყობინოს სხვა ხელშემკვრელ მხარეს ან მხარეებს პირველივე შესაძლებლობისას და რომ ამ უკანასკნელს ჰქონდეს ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლება.

აბზაცი (j) ხელს არ უშლის იმ პირობებს, რომლითაც გამყიდველი ან მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეცვალოს განუსაზღვრელი ვადის ხელშეკრულების პირობები, იმ პირობით, რომ მას მოეთხოვება, ამის შესახებ მომხმარებელს შეატყობინოს გონივრულ ვადაში და რომ მომხმარებელს ჰქონდეს უფლება, გაწყვიტოს ხელშეკრულება.

  1. აბზაცების (g), (j) და (l) მოქმედება არ ვრცელდება:
  • გარიგებებზე მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სხვა პროდუქციაზე ან მომსახურებაზე, როდესაც ფასი დაკავშირებულია საფონდო ბირჟის კოტირების, ინდექსის ან საფინანსო ბაზრის განაკვეთის ცვლილებასთან, რასაც გამყიდველი ან მიმწოდებელი არ აკონტროლებს;
  • უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტებზე, სამგზავრო ჩეკებზე ან საერთაშორისო ფულად გადარიცხვებზე, რომლებიც გამოხატულია უცხოურ ვალუტაში;
  1. აბზაცი (l) ხელს არ უშლის ფასების ინდექსაციასთან დაკავშირებულ დათქმებს, თუ ისინი კანონიერია, იმ პირობით, რომ ფასების ცვლილების მეთოდი მკაფიოდ არის აღწერილი.

 


1 ოფიციალური ჟურნალი C No 73, 24.03.1992, გვ. 7.

2 ოფიციალური ჟურნალი C No 326, 16.12.1991, გვ. 108 და ოფიციალური ჟურნალი No C 21, 25.01.1993.

3 ოფიციალური ჟურნალი C No 159, 17.06.1991, გვ. 34.

4 ოფიციალური ჟურნალი C No 92, 25.04.1975, გვ. 1 და ოფიციალური ჟურნალი C No 133, 03.06.1981, გვ.1.