განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია

განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია
დოკუმენტის ნომერი UNESCO-1960-12-14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/1960
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 04/02/1993
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016560
UNESCO-1960-12-14
14/12/1960
ვებგვერდი, 05/02/2019
480610000.03.030.016560
განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
  
  

გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული  ორგანიზაცია

 

განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენცია

მიღებულია გენერალური კონფერენციის მიერ

კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე,

პარიზი, 14 დეკემბერი 1960

 

გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური კონფერენცია, შეიკრიბა რა პარიზში, 14 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე, კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე, 

იხსენიებს რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია  განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა პირს აქვს განათლების მიღების უფლება,

ითვალისწინებს, რომ დისკრიმინაცია განათლებაში არის იმ უფლებების დარღვევა, რომლებიც გაცხადებულია ამ დეკლარაციაში,

ითვალისწინებს, რომ მისი წესდების პირობების თანახმად, გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაციას აქვს მიზანი, დანერგოს თანამშრომლობა ერებს შორის, რათა ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობის თანასწორობას,

აღიარებს, რომ გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაცია, პატივს სცემს რა, ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემების მრავალფეროვნებას, ამავდროულად აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ უკანონოდ გამოაცხადოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია განათლებაში, არამედ, ასევე, წაახალისოს განათლებაში შესაძლებლობისა და მოპყრობის თანასწორობა ყველასთვის,

აქვთ რა, წინადადებები განათლებაში დისკრიმინაციის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით, რომლებიც შეადგენენ სესიის დღის წესრიგის 17.1.4 პუნქტს,

გადაწყვიტეს რა, კონფერენციის მეათე სესიაზე, რომ ეს საკითხი უნდა გახდეს როგორც  საერთაშორისო კონვენციის, ისე წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციების საგანი,

მიიღეს ეს კონვენცია 1960 წლის დეკემბრის მეთოთხმეტე დღეს. 


მუხლი 1

1. ამ კონვენციის მიზნებისთვის, ტერმინი „დისკრიმინაცია“ მოიცავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორიცხვას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, კანის ფერზე, სქესზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ ან სხვა მოსაზრებაზე, ეროვნულ ან სოციალურ წარმომავლობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობასა ან დაბადებაზე, რომელიც მიმართულია ან ზემოქმედებს განათლებაში მოპყრობის თანასწორობის გაბათილებაზე ან შესუსტებაზე, განსაკუთრებით:

(ა) ნებისმიერი პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის ნებისმიერი სახის ან ნებისმიერ დონის განათლებაზე წვდომის ხელყოფა;

(ბ) ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის შეზღუდვა დაბალი სტანდარტის განათლებით;

(გ) ამ კონვენციის მეორე მუხლის დებულებების გათვალისწინებით, პირებისთვის ან პირთა ჯგუფებისთვის განცალკევებული საგანმანათლებლო სისტემების ან დაწესებულებების შექმნა ან უზრუნველყოფა;

(დ) პირის ან პირთა ჯგუფის ისეთ პირობებში ჩაყენება, რომელიც შეუთავსებელია ადამიანის ღირსებასთან.

2. ამ კონვენციის მიზნებისთვის, ტერმინი „განათლება“ შეეხება ყველა სახისა და დონის განათლებას, ასევე მოიცავს განათლებაზე წვდომას, განათლების სტანდარტსა და ხარისხს, და იმ პირობებს, რომლის ფარგლებში ხორციელდება განათლების მიცემა.

 

მუხლი 2

როდესაც ნებადართულია სახელმწიფოში, ამ კონვენციის პირველი მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, შემდეგი სიტუაციები არ უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციის შემცველად:

(ა) ორი სქესის მოსწავლეებისთვის განცალკევებული საგანმანათლებლო სისტემების ან დაწესებულებების შექმნა ან უზრუნველყოფა, თუ ეს სისტემები ან დაწესებულებები სთავაზობენ თანაბარ წვდომას განათლებაზე, უზრუნველყოფენ სასწავლო პერსონალს ერთნაირი სტანდარტის კვალიფიკაციით, ასევე უზრუნველყოფენ სასკოლო შენობებისა და აღჭურვილობის ერთნაირ ხარისხს, და სთავაზობენ ერთნაირი ან თანაბარი სასწავლო კურსების მიღების შესაძლებლობას;

(ბ) რელიგიური ან ლინგვისტური მიზეზებით განცალკევებული საგანმანათლებლო სისტემების ან დაწესებულებების შექმნა ან უზრუნველყოფა, რომელიც სთავაზობს განათლებას მოსწავლეთა მშობლების ან მათი კანონიერი მზრუნველების სურვილისამებრ, თუ ამგვარ სისტემებში მონაწილეობა და დაწესებულებებში დასწრება არის არჩევითი და უზრუნველყოფილი განათლება შეესაბამება ისეთ სტანდარტებს, რომელიც შეიძლება დადგენილ ან დამტკიცებულ იქნეს კომპეტენტური სახელისუფლებო ორგანოების მიერ, განსაკუთრებით იმავე დონის განათლებისთვის;

(გ) კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა ან უზრუნველყოფა, თუ დაწესებულებების მიზანს წარმოადგენს არა რომელიმე ჯგუფის გარიყვა, არამედ, საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა იმაზე დამატებით, რასაც უზრუნველყოფს საჯარო ხელისუფლება, თუ დაწესებულებები საქმიანობენ ამ მიზნის შესაბამისად, და უზრუნველყოფილი განათლება შეესაბამება ისეთ სტანდარტებს, რომელიც შეიძლება დადგენილ ან დამტკიცებულ იქნას კომპეტენტური სახელისუფლებო ორგანოების მიერ, განსაკუთრებით, იმავე დონის განათლებისთვის. 

 

მუხლი 3

ამ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში დისკრიმინაციიის აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ:

(ა) გააუქმონ ნებისმიერი სადამფუძნებლო დებულებები და ნებისმიერი ადმინისტრაციული ინსტრუქციები და შეწყვიტონ ნებისმიერი ადმინისტრაციული პრაქტიკა, რაც იწვევს დისკრიმინაციას განათლებაში;

(ბ) უზრუნველყონ, სადაც აუცილებელია, საკანონმდებლო წესით, რომ მოსწავლეების საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებისას არ იყოს დისკრიმინაცია;

(გ) არ დაუშვან განსხვავებები მოპყრობაში მოქალაქეებს შორის საჯარო ხელისუფლების მიერ, გარდა იმისა, რომლებიც გამომდინარეობენ დამსახურებიდან ან საჭიროებიდან, სასკოლო გადასახადის და სტიპენდიის მიღების საქმეში ან მოსწავლეებისთვის დახმარების სხვა ფორმების, საჭირო ნებართვების და შეღავათების საქმეში, რაც საჭიროა უცხო ქვეყნებში სწავლების განსახორციელებლად;

(დ) არ დაუშვან საჯარო ხელისუფლების მიერ ნებისმიერი სახის დახმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ნებისმიერი შეზღუდვების ან უპირატესობების დაწესება, რომლებიც ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ მოსწავლეები მიეკუთვნებიან რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს;

(ე) მისცენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იგივე წვდომა განათლებაზე, რაც გააჩნიათ მათ საკუთარ მოქალაქეებს.

 

მუხლი 4

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ვალდებულებას ჩამოაყალიბონ, განავითარონ და გამოიყენონ ისეთი ეროვნული პოლიტიკა, გარემოებებსა და ეროვნულ გამოყენებასთან შესაბამისი მეთოდების მეშვეობით, რომელიც მიმართული იქნება განათლების საქმეში შესაძლებლობისა და მოპყრობის თანასწორობის ხელშეწყობისკენ, განსაკუთრებით:

(ა) გახადონ დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო; გახადონ საშუალო განათლება მის სხვადასხვა ფორმაში შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველასთვის; გახადონ უმაღლესი განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის ინდივიდუალური შესაძლებლობის საფუძველზე; უზრუნველყონ, რათა ყველამ დაიცვას ვალდებულება დაესწროს კანონით გათვალისწინებულ სასკოლო სწავლებას;

(ბ) უზრუნველყონ, რომ თანაბარი დონის საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში იყოს განათლების თანასწორი სტანდარტები, და რომ განათლების უზრუნველყოფის ხარისხთან დაკავშირებული პირობები ასევე იყოს თანაბარი;

(გ) შესაბამისი მეთოდებით ხელი შეუწყონ და გააძლიერონ იმ პირთა განათლება, რომლებსაც არ მიუღიათ დაწყებითი განათლება ან რომლებსაც არ დაუსრულებიათ დაწყებითი განათლების სრული კურსი და განაგრძონ მათთვის განათლების მიცემა ინდივიდუალური შესაძლებლობის საფუძველზე;

(დ) დისკრიმინაციის გარეშე პედაგოგიური პროფესიის ტრეინინგის უზრუნველყოფა.

 

მუხლი 5

1. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან რომ:

(ა) განათლება მიმართული იქნება ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისკენ და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისკენ; ის ხელს შეუწყობს ერებს, რასობრივ ან რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას და მეგობრობას, და ხელს შეუწყობს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შენარჩუნებისთვის;

(ბ) არსებითი არის მშობლების და სადაც საჭიროა, კანონიერი მზრუნველების თავისუფლების პატივისცემა, პირველ რიგში, აირჩიონ მათი ბავშვებისთვის სხვა დაწესებულებები, ვიდრე საჯარო ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი, რომლებიც შეესაბამება განათლების მინიმალურ სტანდარტებს, რაც შეიძლება დადგენილ ან დამტკიცებულ იქნეს კომპეტენტური სახელისუფლებო ორგანოების მიერ და, მეორე რიგში, უზრუნველყონ ბავშვების რელიგიური და მორალური განათლება მათი საკუთარი რწმენის შესაბამისად, სახელმწიფოში მოქმედი კანონის გამოყენებისთვის საჭირო პროცედურების დაცვით; და არცერთი პირი ან პირთა ჯგუფი არ უნდა იქნეს იძულებული, მიიღოს რელიგიური ინსტრუქცია, რომელიც შეუსაბამოა მის ან მათ რწმენასთან;

(გ) არსებითი არის აღიარებულ იქნეს ეროვნული უმცირესობების წევრთა უფლება, თავისით განახორციელონ საგანმანათლებლო საქმიანობები, სკოლების უზრუნველყოფის და თითოეული სახელმწიფოს საგანმანათლებლო პოლიტიკის გათვალისწინებით, მათი საკუთარი ენის გამოყენებისა ან სწავლების ჩათვლით, თუმცა, უზრუნველყოფილი იმგვარად:

  1. რომ ეს უფლება არ განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც ხელს შეუშლის ამ უმცირესობებს გაიგონ ადგილობრივი მოსახლეობის ენა და კულტურა და მონაწილეობა მიიღონ მათ საქმიანობებში, ან რაც ეჭვქვეშ აყენებს ეროვნულ სუვერენიტეტს;
  2. რომ განათლების სტანდარტი არ არის უფრო დაბალი, ვიდრე ზოგადი სტანდარტი, რომელიც დადგენილი ან დამტკიცებულია კომპეტენტური სახელისუფლებო ორგანოების მიერ; და
  3. რომ ასეთ სკოლებში დასწრება არის არჩევითი. 

 

2. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, გაატარონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებული პრინციპების გამოყენება.

 

მუხლი 6

ამ კონვენციის გამოყენებისას მისი მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ, დიდი ყურადღება მიაქციონ გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის მიერ მიღებულ ნებისმიერ რეკომენდაციას, რომელიც განსაზღვრავს განათლებაში სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ მისაღებ ზომებს და მიზნად ისახავს განათლებაში შესაძლებლობისა და მოპყრობის თანასწორობის უზრუნველყოფას.

მუხლი 7

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებმა თავის პერიოდულ ანგარიშებში, რომლებსაც წარუდგენენ გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურ კონფერენციას, ვადებში და განსაზღვრული ფორმით უნდა ასახონ ინფორმაცია ამ კონვენციის გამოყენებისთვის მიღებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომებისა და გატარებული სხვა ქმედებების თაობაზე, იმ ზომების ჩათვლით, რომლებიც მიღებულია მეოთხე მუხლში განსაზღვრული ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, ისევე როგორც ამ პოლიტიკის გამოყენებისას, მიღწეული შედეგებისა და წარმოქმნილი სირთულეების შესახებ.

 

მუხლი 8

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ კონვენციის ნებისმიერ ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც არ მოგვარდება მოლაპარაკებით, ასევე დავის მოგვარების სხვა საშუალებებით, დავის მონაწილეების მოთხოვნით უნდა გადაეცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის.

 

მუხლი 9

ამ კონვენციაზე დათქმების გაკეთება არ არის ნებადართული.

 

მუხლი 10

ამ კონვენციამ არ უნდა შეასუსტოს ის უფლებები, რომლებითაც შესაძლოა ისარგებლონ ინდივიდებმა ან ჯგუფებმა, ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმებების ძალით, როდესაც ეს უფლებები არ მოდის წინააღმდეგობაში ამ კონვენციის დებულებებსა და სულისკვეთებასთან.

 

მუხლი 11

ეს კონვენცია შედგენილი არის ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, ოთხივე ტექტს აქვს თანაბარი ძალა.

 

მუხლი 12

1. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას ან მიღებას გაერთიანებული ერების საგანმანათლბლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ, მათი შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურების თანახმად.

2. რატიფიკაციის ან მიღების სიგელი დეპონირებული უნდა იქნეს გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან.

 

მუხლი 13

1. ეს კონვენცია გახსნილი იქნება შეერთებისთვის გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის ყველა არაწევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც მოწვეულ იქნება შესაერთებლად ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ.

2. შეერთება ძალაში შევა გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, შეერთების სიგელის დეპონირებით.

 

მუხლი 14

ეს კონვენცია ძალაში შევა მესამე სარატიფიკაციო, მიღების ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს შესაბამისი სიგელის დეპონირება ამ თარიღში ან ამ თარიღამდე. კონვენცია ძალაში შევა ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართ სარატიფიკაციო, მიღების ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

 

მუხლი 15

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ კონვენცია გამოიყენება არა მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას პირდაპირდაქვემდებარებული ტერიტორიების, არამედ ყველა არა-თვით-მმართველი, მინდობილი, კოლონიალური და სხვა ტერიტორიების მიმართ, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე ისინი არიან პასუხისმგებლები; ისინი ვალდებულები არიან, თუ არის აუცილებელი, კონსულტაცია გაიარონ ამ ტერიტორიების მთავრობებთან ან კომპეტენტურ სახელისუფლებო ორგანოებთან რატიფიცირებისას, მიღებისას ან შეერთებისას ან მანამდე, რათა უზრუნველყონ კონვენციის გამოყენება ამ ტერიტორიებზე, და აცნობონ გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს იმ ტერიტორიების შესახებ, რომელთა მიმართაც გამოიყენება ეს კონვენცია, ეს ცნობა ძალაში შევა მისი მიღების თარიღიდან სამი თვის შემდეგ.

 

მუხლი 16

1. ამ კონვენციის თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს კონვენციას საკუთარი სახელით ან ნებისმიერი იმ ტერიტორიის სახელით, რომლის საერთშორისო ურთიერთობებზეც ის არის პასუხისმგებელი.

2. დენონსირების შესახებ უნდა ეცნობოს სიგელის მეშვეობით, წერილობით, რომელიც დეპონირებული უნდა იქნეს გაერთიანებული ორგანიზაციების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან.

3. დენონსაცია ძალაში შევა დენონსაციის სიგელის მიღებიდან თორმეტი თვის შემდეგ.

 

მუხლი 17

გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა უნდა მოახდინოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების, მეცამეტე მუხლში აღნიშნული არაწევრი სახელმწიფოების, ასევე გაერთიანებული ერების ინფორმირება მეთორმეტე და მეცამეტე მუხლებით უზრუნველყოფილი ყველა სარატიფიკაციო, მიღების და შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ, ამასთან, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე მუხლებით უზურნველყოფილი ცნობებისა და დენონსირებების შესახებ.

 

მუხლი 18

1. ეს კონვენცია შეიძლება გადაისინჯოს გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის მიერ. თუმცა, ნებისმიერი ამგვარი გადასინჯვა იმოქმედებს იმ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომლებიც გახდებიან გადასინჯული კონვენციის მონაწილეები.

2. თუ გენერალური კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც გადასინჯავს ამ კონვენციას მთლიანად ან ნაწილობრივ, მაშინ, მანამ სანამ ახალი კონვენცია სხვაგვარად არ უზრუნველყოფს, გადასინჯული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან ეს კონვენცია აღარ იქნება ღია რატიფიცირებისთვის, მიღებისთვის ან შეერთებისთვის.

 

მუხლი 19

გაერთიანებული ერების წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, ეს კონვენცია უნდა დარეგისტრირდეს გაერთიანებული ერების სამდივნოში, გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოთხოვნით.

შესრულებული არის პარიზში, 1960 წლის თხუთმეტ დეკემბერს, ორ ავთენტურ ასლად, რომელსაც ახლავს გენერალური კონფერენციის მეთერთმეტე სესიის პრეზიდენტისა და გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ხელმოწერები, რომლის დამოწმებული ნამდვილი ასლები გადაეცემა მეთორმეტე და მეცამეტე მუხლებში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს, ისევე როგორც გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას.

ზემოაღნიშნული არის კონვენციის ავთენტური ტექსტი, სათანადოდ მიღებული გაერთიანებული ერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის მიერ, მის მეთერთმეტე სესიაზე, რომელიც ჩატარდა პარიზში და გამოცხადდა დახურულად 1960 წლის 15 დეკემბერს.

აღნიშნულის დასტურად, თან ვურთავთ ჩვენს ხელმოწერებს 1960 წლის 15 დეკემბერს.

 

გენერალური კონფერენციის პრეზიდენტი                                                                      გენერალური დირექტორი