ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
დოკუმენტის ნომერი 48099/08
დოკუმენტის მიმღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2019
სარეგისტრაციო კოდი
48099/08
31/05/2018
ვებგვერდი, 16/01/2019
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

(მეხუთე სექცია)

გადაწყვეტილება

საქმეზე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

(ჩივარი 48099/08)

 სტრასბურგი

2018 წლის 31 მაისი

წინამდებარე გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.

 

საქმეზე „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:

იონკო გროზევი, თავმჯდომარე,

გაბრიელ კუჩკო-შტადლმაიერი,

ლადო ჭანტურია, მოსამართლეები,

და მილან ბლაშკო, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

2018 წლის 7 მაისის დახურული თათბირის შემდეგ გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:

 

პროცედურა

1. საქმეს საფუძვლად დაედო საქართველოს მოქალაქის, ბ-ნ შალვა რამიშვილის („მომჩივანი“) მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის („კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 30 სექტემბერს საქართველოს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივარი (№48099/08).

2. მომჩივანს წარმოადგენდნენ ქ-ნი ს. ჯაფარიძე, ქ-ნი თ. ხიდაშელი, ქ-ნი თ. აბაზაძე, ქ-ნი ნ. ჯომარჯიძე და ქ-ნი თ. დეკანოსიძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან (საია). საქართველოს მთავრობას („მთავრობა“) წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.

3. საჩივრის შესახებ მთავრობას ეცნობა 2016 წლის 14 სექტემბერს.

 

ფაქტები

I. საქმის გარემოებები

4. მომჩივანი დაიბადა 1971 წელს და ცხოვრობს თბილისში.

5. 2006 წლის 29 მარტს მომჩივანი გასამართლებული იქნა გამოძალვისთვის და  სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. 2006 წლის 30 ივნისს სააპელაციო სასამართლომ სასჯელი  უცვლელად დატოვა. საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის  მე-2 ნაწილისა და კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომჩივანს, როგორც მსჯავრდებულ პატიმარს, აეკრძალა ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა.

6. 2007 წლის 25 ივლისს მომჩივანმა დააყენა საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის  მე-2 ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხი, კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით. მან მიუთითა პატიმართა ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე და განაცხადა, სხვა საკითხებთან ერთად, რომ ის ვერ შეძლებდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

7. 2008 წლის 31 მარტს საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივარი მიუღებლად ცნო კონსტიტუციაში არსებული იდენტური შეზღუდვის გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ:

„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სადავო დებულების [საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი] გაუქმება აბსოლუტურად უშედეგო იქნებოდა, რადგან ეს არ გაათავისუფლებს მომჩივანს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვისაგან. ამის მისაღწევად [ამ უკანასკნელი შედეგის] აუცილებელია კონსტიტუციის შესაბამის ნორმაში ცვლილების განხორციელება, რაც სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას...

...საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილში პირდაპირ გადაიტანა კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აკრძალვა [შესაბამისად] გასაჩივრებული ნორმა, კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ნორმის ანალოგიურია და მისი კონსტიტუციურობა - რაც გულისხმობს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას - „არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.“

8. შედეგად, მომჩივანმა ვერ შეძლო 2008 წლის 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა.

 

II. შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა

A. პატიმართა ხმის მიცემის უფლება

9. კონსტიტუციის (1995 წ.) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რა ფორმითაც იგი ჩამოყალიბებული  იყო მოცემულ დროს, ითვალისწინებდა,  რომ  „არჩევნებსა და  რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს,  რომელიც ... სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.“ .

10. საარჩევნო კოდექსის (2001 წ.) მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი მატერიალურ დროს, შეიცავდა იდენტურად ჩამოყალიბებულ დებულებას.

11. 2011 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში შემდეგი ცვლილება შევიდა:  „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება  არა  აქვს მოქალაქეს, რომელიც...სასამართლოს განაჩენით  იმყოფება  სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში,  გარდა იმ პირისა,  რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.“ იმავე დღეს პარლამენტმა მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი (2011 წ.), რომელიც შეიცავდა იდენტურ ფორმულირებას.

 

B. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია

12. კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ა" და "ვ" ქვეპუნქტების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს „კონსტიტუციასთან,  კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკისა  და  აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის  საკითხებზე“   და  „პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე   თავით  აღიარებული ადამიანის ძირითად  უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.“.

 

კანონმდებლობა

I. კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევა

13. კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლზე დაყრდნობით მომჩივანი დავობდა, რომ იგი, როგორც მსჯავრდებული პატიმარი, მოკლებული იყო 2008 წლის 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას. კონვენციის აღნიშნულ დებულებაში ვკითხულობთ:

„მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.“.

14. მთავრობამ სადავო გახადა აღნიშნული არგუმენტი.

 

A. მისაღებობა

1. მხარეთა არგუმენტები

15. მთავრობამ  განაცხადა,  რომ  საჩივარი   მიუღებელია კონვენციის  35-ე  მუხლის  პირველ პუნქტში განსაზღვრულ ექვსთვიან წესთან შეუსაბამობის გამო. კერძოდ, მომჩივნის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში  შეტანილი  საჩივარი არ  იყო სამართლებრივი   დაცვის ქმედითი საშუალება  იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის საკონსტიტუციო    გადასინჯვისთვის  მიმართვა, ფაქტობრივად უტოლდება კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პატიმრის ხმის მიცემის უფლებების აკრძალვაში ცვლილების განხორციელების   მოთხოვნას,  რაც ცალსახად  არ   შედის   საკონსტიტუციო  სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მომჩივნისთვის ცნობილი გახდა არჩევნებში მისი მონაწილეობის შეუძლებლობის შესახებ, ხოლო ბოლო ვადა არის დღე, როდესაც მომჩივანმა კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა 2007 წლის 25 ივლისს.

16. მომჩივანმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა, მას მისცემდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

2. სასამართლოს შეფასება

17. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმის დაშვებითაც კი, რომ საკონსტიტუციო  სასამართლოს ჰქონდა  საარჩევნო კოდექსის სადავო დებულების გაუქმების იურისდიქცია, მომჩივანს მაინც არ ექნებოდა საპარლამენტო არჩევნებში  მონაწილეობის   მიღების შესაძლებლობა, კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2  პუნქტით გათვალისწინებული იდენტური  ხასიათის  ცალსახა კონსტიტუციური აკრძალვის გამო, რომლის გაუქმება არც მომჩივანს მოუთხოვია და აღნიშნული არც საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში შედის (იხილეთ პარაგრაფები 7 და 12 ზემოთ). შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის გამოყენებული საშუალება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არც კომპენსაციის მიღების შესაძლებლობად და არც წარმატების გონივრულ პერსპექტივად, მომჩივნის მიერ დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ საჩივართან მიმართებით და, აქედან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისათვის.

18. სასამართლო ასევე იმეორებს, რომ, როგორც წესი, ექვსთვიანი ვადა იწყება დაცვის შიდასამართლებრივი  საშუალებების ამოწურვის პროცესში საბოლოო   გადაწყვეტილების  მიღების დღიდან. როდესაც თავიდანვე ცხადია, რომ მომჩივანს არ მიუწვდება ხელი სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე, ვადის ათვლა იწყება გასაჩივრებული ქმედების ჩადენის ან ზომების განხორციელების დღიდან, ან იმ დღიდან, როცა ცნობილი გახდა აღნიშნული  ქმედების  ან მისი შედეგის, ან  ამ ქმედებით მომჩივნისთვის მიყენებული ზიანის შესახებ (იხილეთ Varnava and Others v. Turkey [GC], nos. 16064/90 და სხვა 8 საქმე, § 157, ECHR 2009, და Dennis and Others v. the United Kingdom (dec.), no. 76573/01, 2002 წლის 2 ივლისი). საქმეებზე, რომლებიც ხასიათდება განგრძობადი სიტუაციით, ექვსთვიანი პერიოდი არ გამოიყენება და დროის ათვლა იწყება მხოლოდ ამ გარემოების დასრულების შემდეგ (იხილეთ Sabri Güneş v. Turkey [GC], no. 27396/06, § 54, 2012 წლის 29 ივნისი, და Anchugov and Gladkov v. Russia, nos. 11157/04 და 15162/05, § 73, 2013 წლის 4 ივლისი).

19. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივანი ასაჩივრებდა 2008 წლის 21 მაისს ჩატარებულ კონკრეტულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობას. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ მიუწვდებოდა ხელი სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებაზე მის საჩივართან მიმართებით (იხილეთ პარაგრაფი 17 ზემოთ), ექვსთვიანი ვადის ათვლა დაიწყო შესაბამისი არჩევნების ჩატარების დღიდან: ქმედება, რომელიც მოხდა დროის მოცემულ მომენტში (იხილეთ Anchugov and Gladkov მითითებული ზემოთ, § 75).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და წინამდებარე საჩივრის წარდგენის თარიღის (2008 წლის 30 სექტემბერი) გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია დაასკვნას, რომ საჩივარი წარდგენილია ვადის გადაცილებით.

21. სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ საჩივარი არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (ა) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში, ან მიუღებელი რაიმე სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივარი უნდა გამოცხადდეს მისაღებად.

 

B. არსებითი მხარე

22. მომჩივანმა განაცხადა, რომ მისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შედეგად დაირღვა დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი, რადგან მან ვერ შეძლო 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ასევე განაცხადა, რომ მისი საქმე იყო Hirst v. the United Kingdom (no. 2) [GC], no. 74025/01, ECHR 2005-IX) საქმის მსგავსი, რადგან მის მიმართ გამოყენებული პატიმართა ხმის მიცემის უფლების აკრძალვა იყო აბსოლუტური ხასიათის და ვრცელდებოდა ყველა პატიმრის მიმართ, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა ან სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად.

23. მთავრობამ არ წარადგინა თავისი პოზიცია საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით.

24. სასამართლო უთითებს  პრეცედენტული სამართლით დადგენილ, მსჯავრდებული პატიმრებისთვის  სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებზე, (იხილეთ სამართლის სხვა წყაროებთან ერთად, Hirst (no. 2) [GC], მითითებული ზემოთ, § 82; Scoppola v. Italy (no. 3) [GC], no. 126/05, §§ 81-87, 2012 წლის 22 მაისი; და Anchugov and Gladkov, მითითებული ზემოთ, §§ 93-100).

25. სასამართლო უბრუნდება წინამდებარე საქმის გარემოებებს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პატიმართა ხმის მიცემის უფლების აკრძალვა იყო ზოგადი, ავტომატური და განურჩეველი ხასიათის, რომელიც ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულ პირზე, მიუხედავად მათი სასჯელის ხანგრძლივობისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა (იხილეთ პარაგრაფი 9 ზემოთ). შედეგად, მომჩივანმა მონაწილეობა ვერ მიიღო 2008 წლის 21 მაისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში.  მოგვიანებით, 2011 წელს, კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს მიეცათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება (იხილეთ პარაგრაფი 11 ზემოთ), თუმცა ამ ცვლილებს არ მოუხდენია  გავლენა 2008 წლის 21 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით მომჩივნის მდგომარეობაზე.

26. ზემოაღნიშნული გარემოებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას.

 

II. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება

27. კონვენციის 41-ე მუხლში ვკითხულობთ:

„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“ .

 

A. ზიანი

28. მომჩივანმა მოითხოვა 1 500 ევრო მორალური ზიანისთვის.

29. მთავრობამ განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე საქმეზე დადგინდება მომჩივნის უფლებების დარღვევა, უბრალოდ დარღვევის დადგენაც საკმარისი იქნება.

30. სასამართლო  მიიჩნევს,  რომ დარღვევის დადგენა განსახილველ საქმეში წარმოადგენს მომჩივნისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას (იხილეთ Firth and Others v. the United Kingdom, nos. 47784/09 და 9 სხვა, § 18, 2014 წლის 12 აგვისტო, საქმეში არსებული სხვა მითითებებით).

 

B. სასამართლო ხარჯები

31. მომჩივანს არ წარუდგენია ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო არ მიაკუთვნებს მას რაიმე თანხას.


ამ მოტივით სასამართლო ერთხმად,

1. აცხადებს, საჩივარს მისაღებად.

2. ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის დარღვევას.

3. ადგენს, რომ დარღვევის დადგენა თავისთავად წარმოადგენს მომჩივნისთვის მიყენებული მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და წერილობით ეცნობა მხარეებს 2018 წლის 31 მაისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

 

მილან ბლაშკო                                                                                იონკო გროზევი

სექციის განმწესრიგებლის                                                                              თავმჯდომარე

          მოადგილე