„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 384
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016884
384
15/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
040030000.22.027.016884
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №384

2019 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება წარდგენილია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“.

2. წესის მე-11 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. წარმომადგენლობა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი უფლებამოსილია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთან ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიმართვის საფუძველზე, თუ ამ ურთიერთობის მარეგულირებელი საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

„მუხლი 191. დაბადების რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაბადების რეგისტრაცია განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით, თუ ბავშვის დაბადების ფაქტი დასტურდება უფლებამოსილი ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული აქტის/დოკუმენტის საფუძველზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემულ აქტში/დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.“.

4. წესის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირველად გაცემულ მოწმობაში მითითებული დაბადების ადგილის შეუსაბამობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაბადების ადგილად განისაზღვროს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირველად გაცემულ მოწმობაში მითითებული დაბადების ადგილი, თუ პირს აქვს ამის სურვილი და კანონიერი ნდობა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირველად გაცემულ მოწმობაში მითითებული მონაცემების მიმართ, ამასთან, მოწმობაში მითითებული დაბადების ადგილი ემთხვევა იმ ადგილს, რომლის არჩევის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა დაბადების დროს მოქმედი რეგულაცია და პირი წარმოადგენს მოწმობაში მისათითებელ ადგილას მისი დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

5. წესის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 32. შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველი

 შვილად აყვანის რეგისტრაციის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ.“.

6. წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლოს მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახდენს შვილად აყვანის რეგისტრაციას გადაწყვეტილებაში მითითებულ მონაცემებზე დაყრდნობით.“.

8.  წესის 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 35. ნაშვილების მონაცემების შეცვლა

1. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით, ნაშვილების დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა, ან შეცვლილი მონაცემებით დაბადების ხელახალი რეგისტრაცია დასაშვებია, თუ აღნიშნულის შესახებ პირდაპირ მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

2. ნაშვილების შესახებ მონაცემის (მონაცემების) შეცვლის შემთხვევაში ხორციელდება ნაშვილების დაბადების ხელახალი რეგისტრაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 36. შვილად აყვანის ბათილად ცნობა/შვილად აყვანის გაუქმება

1. შვილად აყვანის ბათილად ცნობის/გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანისა და დაბადების აქტის ჩანაწერებში შეაქვს შესაბამისი აღნიშვნები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

2. შვილად აყვანასთან დაკავშირებით შეცვლილი მონაცემების ბათილად ცნობის შედეგად დაბადების აქტის ჩანაწერში უნდა აღდგეს ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული ნაშვილებისათვის მონაცემების შენარჩუნების/აღდგენის საკითხი, მას უნარჩუნდება არსებული მონაცემები, გარდა მშობლების შესახებ მონაცემებისა.

3. თუ შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვის მიზნით ნაშვილების მიმართ შედგენილი იყო დაბადების აქტის ახალი ჩანაწერი, შვილად აყვანის ბათილად ცნობის/გაუქმების შემთხვევაში ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ძალაში რჩება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბადების სამოქალაქო აქტის ახალი ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი, ნამდვილად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბათილად ცნობს დაბადების სამოქალაქო აქტის ახალ ჩანაწერს და არ განსაზღვრავს სხვა რომელიმე ჩანაწერის ნამდვილობას, ნამდვილად მიიჩნევა ჩანაწერი, რომელში მითითებული მონაცემებიც სასამართლომ აღადგინა.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს შვილად აყვანის ბათილად ცნობის/გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების წარდგენიდან არაუგვიანეს 30-ე კალენდარული დღისა. ნაშვილების ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით, ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული ვადის ამოწურვამდე.“.

9. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:

„მუხლი 391. ქორწინების რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ქორწინების რეგისტრაცია განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული განქორწინების და ასევე ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი აქტის/დოკუმენტის გამოყენებით, თუ ეს უკანასკნელი ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) რეგისტრირებული წინა ქორწინების შეწყვეტის ფაქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემულ აქტში/დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცულია მოქმედი ხელახალი რეგისტრაციის წესით რეგისტრირებული შესაბამისი ქორწინების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.“.

10. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

„მუხლი 431. განქორწინების რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, თუ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს საერთო სასამართლოს ან/და უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.“.

11. წესის 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე-671 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას.“;

ბ)  მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განცხადებას გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ იხილავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.“.

12. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი:

461. მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირები

სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს:

ა) 16 წელს მიღწეულ პირს პირადად, გარდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. ორივე მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად. 

ბ)  16 წლამდე პირის შემთხვევაში მის ერთ-ერთ მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, მეორე მშობლის და 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობით. მშობლის თანხმობა საჭირო  არ არის, თუ არსებობს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოება.“.

13. წესის 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„მუხლი 47. სახელის და/ან გვარის შეცვლისათვის წარსადგენი საბუთები

განცხადებას სახელის და/ან გვარის შეცვლის შესახებ უნდა ერთოდეს:

 ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);

გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი), თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;

დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;

ე) ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;

ვ) მეორე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი 16 წლამდე პირის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელია.

ზ) 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობა;

თ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე-67-ე მუხლებით განსაზღვრული ერთ-ერთი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები.“.

14. წესის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

15. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 521 მუხლი:

„მუხლი 521. გარდაცვალების რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით

 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია საქართველოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტით/დოკუმენტით, თუ პირის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება უფლებამოსილი ლეგიტიმური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის/დოკუმენტის საფუძველზე და ამ მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ გამოცემულ აქტში/დოკუმენტში მითითებული ინფორმაცია/მონაცემები შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ინფორმაციის/მონაცემების სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოში დაცული მონაცემებით.“.

16. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:

„მუხლი 691. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტის/დოკუმენტის გამოყენება

დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას, მშობლის/მშობლების მონაცემების დადგენისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული ქორწინების ან/და განქორწინების ფაქტის დამადასტურებელი აქტი/დოკუმენტი.“.

17. წესის 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2024 წლის 1 იანვრამდე იმ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაცია, რომელსაც  მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და მისი მონაცემები ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ამ წესის VIII თავით დადგენილი ზოგადი წესის გარდა, აგრეთვე, შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად შედგენილი ოქმის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაბადებული და გარდაცვლილი პირების მიმართ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის მიზნებისათვის.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი