დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 08/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210040.10.003.021015 |
|
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/12/2013, 010210040.10.003.017475) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 272 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის თანდართული დებულება.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის დებულება“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო რწმუნებულის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. სახელმწიფო რწმუნებულის დებულების რეგულირების სფერო სახელმწიფო რწმუნებულის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს. მუხლი 2. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და თანამდებობაზე დანიშვნა 1. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა. 2. სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და წარდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის საფუძველზე. 3. სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურების საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 4. სახელმწიფო რწმუნებული თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია, დაიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დელეგირებული უფლებამოსილებები განახორციელონ ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით. 6. სახელმწიფო რწმუნებული ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე. მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: ა) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ბ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; გ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; დ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ე) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს; ვ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ზ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; თ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს; ი) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს. მუხლი 4. სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დაფინანსების წყარო სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თავი II სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი და სამართლებრივი აქტი მუხლი 5. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი სახელმწიფო რწმუნებული: ა) საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს; ბ) საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში; გ) საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად, ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; დ) საქართველოს მთავრობის დავალებით ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან; ვ) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას; ზ) საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ; თ) კანონის შესაბამისად, ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო ზედამხედველობას; ი) საქართველოს მთავრობის დავალებით ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ხელს უწყობს სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას; ნ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საერთო მზადყოფნასა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ო) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; პ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს მოსახლეობის ევაკუაციას, ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; ჟ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე რეაგირების ძალების საქმიანობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; რ) კანონით დადგენილი წესით, ქმნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ ცენტრებს, გეგმავს და ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რისკის მართვის გეგმებსა და საგანგებო მართვის გეგმებს; ს) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, აწესებს და ხსნის ვეტერინარიულ და მცენარეთა კარანტინს ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით; ტ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულებას; უ) უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ფ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს; ქ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ღ) საქართველოს მთავრობის დავალებათა შესასრულებლად, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად უფლებამოსილია, შექმნას დროებითი კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები; ყ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსა და საქართველოს მთავრობის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 6. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტი 1. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ამ აქტებით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
თავი III სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტატუსი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი მუხლი 7. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. სახელმწიფო რწმუნებულს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული. 2. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებული. 3. სახელმწიფო რწმუნებულის არყოფნისას ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე. 4. სახელმწიფო რწმუნებული კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით. მუხლი 8. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია 1. სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით, რომლის საშტატო ნუსხასა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული. 2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პირდაპირი დაქვემდებარების პრინციპით შექმნილ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული. 3. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. მუხლი 9. ადმინისტრაციის სტრუქტურა ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური; გ) რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური. მუხლი 10. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია 1. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება; გ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება; ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა; ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ; თ) სახელმწიფო რწმუნებულის დავალებათა შესრულების კონტროლი; ი) სახელმწიფო რწმუნებულთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის საბჭოების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა; ლ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი; მ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ნ) ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება; ო) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; პ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება; ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება; დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; ვ) საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება. 3. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ფუნქციებია: ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში, სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება; ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; გ) საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ე) სახელმწიფო რწმუნებულსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა; ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება; ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ერთზე მეტ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარიულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა. მუხლი 11. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სახელმწიფო რწმუნებულის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს; გ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაცია; ვ) უფლებამოსილია, წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 12. სახელმწიფო რწმუნებულის სათათბირო ორგანოები 1. სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, შექმნას სახელმწიფო რწმუნებულის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო რწმუნებულის კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანო). 2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ ადმინისტრაციის მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი თანხმობით – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. 3. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული ან მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესი, განსახილველ საკითხთა ნუსხა, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები