დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 689 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 31/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.021013 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (08/01/2019 - 17/05/2019)
|
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების (შემდგომში − კომპანიის ხელშეკრულება) ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. სსიპ − შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 2. სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი − უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი − უწყებათაშორისი კომისიის მდივანი. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 7. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – უწყებათაშორისი კომისიის წევრი. 10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი − უწყებათაშორისი კომისიის წევრი. |
მუხლი 2 |
დაევალოს უწყებათაშორის კომისიას, კოორდინაცია გაუწიოს კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს. |
მუხლი 3 |
საქართველო-რუსეთს შორის 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების“ შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობას, უწყებათაშორისი კომისიის წევრებთან კონსულტაციის გზით, განსაზღვრავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან ან სამუშაო ჯგუფის წევრებიდან. |
მუხლი 4 |
დამტკიცდეს კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიულ კომპანია Société Générale de Surveillance SA SGS-ს შორის 2017 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების (შემდგომში − კომპანიის ხელშეკრულება) ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − უწყებათაშორისი კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. თავის საქმიანობაში უწყებათაშორისი კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2. უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა 1. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები ან წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები. 3. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება უწყებათაშორისი კომისიის წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით. მუხლი 3. უწყებათაშორისი კომისიის ამოცანები უწყებათაშორისი კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) უზრუნველყოს კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი განხორციელება; ბ) კოორდინაცია გაუწიოს კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს; გ) კომპანიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის მიზნით, პრობლემური საკითხების გამოვლენა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარმოდგენა; დ) კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 4. უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; ბ) შეიმუშაოს/მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები, კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით; გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მუხლი 5. სამუშაო ჯგუფები და დამოუკიდებელი ექსპერტები 1. უწყებათაშორისი კომისია, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე კომპანიის ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის, ქმნის სამუშაო ჯგუფებს. საჭიროების შემთხვევაში, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი. 2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. 3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს უწყებათაშორისი კომისია. როგორც წესი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. 4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს. 5. დამოუკიდებელ ექსპერტად შეიძლება მოწვეულ იქნეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი, სათანადო კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე პირი. 6. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობის ინტენსივობას, მასზე დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს უწყებათაშორისი კომისია. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზება 1. უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 2. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრი. 3. უწყებათაშორისი კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ. 4. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ვადამდე მოწვევა უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ. 5. უწყებათაშორის კომისიასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ხელმძღვანელობს უწყებათაშორისი კომისიის მდივანი. უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი. 6. უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. 7. უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მომხსენებელსა და ექსპერტს. 8. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 9. უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ან წევრთა გამოკითხვის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის ხმა. 10. უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 11. უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო ვალდებულია, სხდომის ოქმი გადაუგზავნოს უწყებათაშორისი კომისიის წევრებს, სამუშაო ჯგუფის წევრებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს. მუხლი 7. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი უწყებათაშორისი კომისიის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |
დოკუმენტის კომენტარები