„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 685
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.021001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
685
31/12/2018
ვებგვერდი, 31/12/2018
400010020.10.003.021001
„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2018 - 27/09/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №685

2018 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საზღვაო კოდექსის   27-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული გემისა და ნავსადგურის უშიშროების გეგმის სერტიფიკატი ძალაშია მათი ვადის გასვლამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი“
თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. რეგულირების სფერო

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს:

ა) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების ოფიცრის უფლებებსა და მოვალეობებს;

ბ) გემისა და ნავსადგურის უშიშროების მიმართ მოთხოვნების დანერგვის უზრუნველყოფის ზომებს;

გ) გემისა და ნავსადგურის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ ინციდენტებზე რეაგირების წესებსა და პროცედურებს.

მუხლი 2. გამოყენების სფერო

1. წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში და უცხო ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან განზრახული აქვთ გაემართონ საქართველოს იმ ნავსადგურისკენ, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, მათ შორის:

ა) სამგზავრო გემები, სწრაფმავალი სამგზავრო გემების ჩათვლით;

ბ) 500 და მეტი საერთო ტევადობის (GT) სატვირთო გემები, მათ შორის სწრაფმავალი გემი;

გ) მცურავი პლატფორმა.

2. წესის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემებზე, დამხმარე სამხედრო გემებსა და სახელმწიფო გემებზე, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისთვის.

3. წესის მოქმედება ვრცელდება ნავსადგურზე, რომელიც იღებს ან ამყარებს ურთიერთკავშირს (interface), ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ გემებთან.

მუხლი 3. ტერმინების განმარტება

1. ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გამშვები პუნქტი – სასაზღვრო ან საბაჟო გამშვები პუნქტი. გემის შემთხვევაში – სპეციალურად განსაზღვრული შემოსასვლელი, საიდანაც ხდება ვიზიტორების დაშვება.

ბ) ფიზიკური უშიშროება (physical security) – ფიზიკური უშიშროება მოიცავს პირების, სერვერების, ინფორმაციის, შენობა-ნაგებობების დაცვას ფიზიკური ქმედებებისგან – ბუნებრივი კატაკლიზმი, ტერორიზმი, ვანდალიზმი და ა.შ.

გ) მუდმივი მომხმარებელი – დამფრახტველი, მათ შორის ბერბოუტ-ჩარტერით დამფრახტველი და გემის მმართველი, მათი მომსახურეები და აგენტები; აღიარებული აგენტი, შემმოწმებელი (სურვეიერი).

დ) მომსახურე პერსონალი – ნავსადგურის ან გემის მომსახურე პერსონალი.

ე) კომპანია – გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია ან პირი, როგორიც არის გემის ოპერატორი ან ბერბოუტ ჩარტერერი, რომელმაც გემთმფლობელისგან აიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელიც ასეთი პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა რომ აეღო ყველა მოვალეობა და პასუხისმგებლობა დაკისრებული ISPS კოდექსის, წინამდებარე წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

ვ) უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი/პერსონალი – ნავსადგურის სანავსადგურე ობიექტის კომპანიის უშიშროების ოფიცერი და უშიშროებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „გემებისა და ნავსადგურების უშიშროების საერთშორისო კოდექსის“ (ISPS Code), ცვლილებათა გათვალისწინებით (შემდგომში – უშიშროების კოდექსი) და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 4. ურთიერთკავშირი გემსა და ნავსადგურს შორის

გემსა და ნავსადგურს შორის ურთიერთკავშირი არის ფიზიკური კავშირი, რომლის დროსაც გემი და სანავსადგურე ობიექტი ჩართულია სანავსადგურე ოპერაციაში.

მუხლი 5. საერთაშორისო ხელშეკრულებები

უშიშროების კოდექსის A და B ნაწილები, როგორც განსაზღვრულია 1974 წლის „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ (SOLAS) კონვენციის XI-2 თავში, არის სავალდებულო სახელმძღვანელო, რომელიც ადგენს ამ წესის გამოყენების მინიმალურ სტანდარტებს. 

 

თავი II

ნავსადგურების უშიშროების ეროვნული უწყება

მუხლი 6. ნავსადგურების უშიშროების ეროვნული უწყება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ნავსადგურის უშიშროების ეროვნული უწყება, რომელიც ახორციელებს ამ წესის დანერგვასა და შესრულებაზე ზედამხედველობას.

მუხლი 7. სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) შეაფასოს და გაავრცელოს ნავსადგურის უშიშროებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებზე;

ბ) შეიმუშაოს ნავსადგურში არსებული უშიშროების არსებულ რისკებზე რეაგირების გეგმები და პოლიტიკა;

გ)უზრუნველყოს ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემოწმება, დამტკიცება და გემებზე და ნავსადგურებში უშიშროების საერთაშორისო კოდექსთან შესაბამისობის დოკუმენტის გაცემა 5 წლის ვადით;

დ) უზრუნველყოს ამ წესებითა და ნავსადგურის უშიშროების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევებზე რეაგირების კონტროლი.

ე) ჩაუტაროს ინსპექტირება, გაუწიოს ზედამხედველობა და დარწმუნდეს, რომ ნავსადგურების უშიშროების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა პერიოდულად მოწმდება შესაბამისი სამსახურის მიერ და იმყოფება გამართულ მდგომარეობაში და ხდება მისი რეგულარული ტესტირება.

ვ) გაუწიოს ზედამხედველობა და წინასწარ განსაზღვროს ნავსადგურის უშიშროების დაცვა და ადექვატურობა;

ზ) განსაზღვროს უშიშროების დონეები;

თ) განსაზღვროს რეგულირებადი ნავსადგური და დაამტკიცოს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი;

ი) უზრუნველყოს უშიშროების შეფასება, გეგმების დამტკიცება და მათში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;

კ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) მიაწოდოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ნავსადგურის უშიშროების სფეროში.

ლ) შეამოწმოს ნებისმიერი რეგულირებადი ნავსადგური/ტერმინალი ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;

მ) დანერგოს ნავსადგურების, ტერმინალების, ნაოსნობის და ტვირთის წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შეგროვების, ინტეგრირებისა და ანალიზის სისტემა;

ნ) უხელმძღვანელოს საჭირო დამატებითი უშიშროების ზომების დანერგვას, რათა თავიდან იქნას აცილებული სავარაუდო თუ გარდაუვალი/მოახლოებული უკანონო ჩარევის საფრთხე იმ გემებსა და აღჭურვილობებეზე, რომლებზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება.

2. სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს ნავსადგურის უშიშროებასთან დაკავშირებული საკითხების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით.

 

თავი III

 ნავსადგურის უშიშროების ორგანიზება

მუხლი 8. ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი

საქართველოს ყველა ნავსადგურში ინიშნება ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების განხორციელებას და ადმინისტრირებას.

მუხლი 9. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის უფლებები და მოვალეობები

1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი:

ა) უზრუნველყოფს ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავებას, სააგენტოსათვის წარდგენას, მის დანერგვას და პერიოდულ შემოწმებას;

ბ) ატარებს ნავსადგურის უშიშროებასთან დაკავშირებულ სწავლებასა და წვრთნებს;

გ) ატარებს ნავსადგურის უშიშროების რეგულარულ ინსპექტირებას და ნავსადგურის უშიშროების გეგმის განახლებას;

დ) უზრუნველყოფს ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკულ და თეორიულ წვრთნას ნავსადგურის უშიშროების საკითხებში;

ე) აწარმოებს და ინახავს ჩანაწერებს ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ვ) დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის უწყებათა წარმომადგენლებს და სამაშველო სამსახურებს ნავსადგურის უშიშროების დარღვევის ფაქტებს;

ზ) უზრუნველყოფს ამ წესით განსაზღვრული უშიშროების ყველა საკითხის სათანადოდ დანერგვას და შესრულებას.

2. ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს ნავსადგურში მყოფი გემების ინსპექტირება ამ წესების მოთხოვნების შესასრულებლად;

ბ) განახორციელოს კონტროლი ნავსადგურში მყოფ გემებზე და მოითხოვს გემებისგან უშიშროების დეკლარაციები საჭიროებისამებრ;

გ) შეასრულოს ამ წესებით განსაზღვრული უშიშროების ყველა ზომა და წესი.

მუხლი 10. ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება

საჭიროების შემთხვევაში ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს უფლება აქვს დროებით გადასცეს ამ წესებით მისთვის მინიჭებული უფლებები და ფუნქციები სრულად ან ნაწილობრივ ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელ სხვა თანამშრომელს.

მუხლი 11. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი

სანავსადგურე ობიექტში შეიძლება დანიშნული იყოს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი, რომელიც ფუნქციონალურად უნდა ექვემდებარებოდეს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს ამ წესების მოთხოვნათა შესრულებისათვის. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერს ნიშნავს ნავსადგურის ადმინისტრაცია ან სააგენტო.

მუხლი 12. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის უფლებები და მოვალეობები

1. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი: 

ა) ათანხმებს უშიშროების ზომებს სანავსადგურე ობიექტში შემოსულ გემებთან;

ბ) უზრუნველყოფს სავალდებულო უშიშროების გეგმების შემუშავებას, წარდგენას და განხორციელებას;

გ) ახორციელებს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ვარჯიშებს შესაბამისი უწყებების მონაწილეობით;

დ) ატარებს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირებას;

ე) უზრუნველყოფს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების პერსონალის წვრთნას;

ვ) აწარმოებს და ინახავს ჩანაწერებს ამ წესით დადგენილი წესის მიხედვით;

ზ) უზრუნველყოფს ნებისმიერი სავალდებულო უშიშროების დეკლარაციის გაცემას;

თ) აცნობებს შესაბამის უწყებებს და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს სანავსადგურე ობიექტის უშიშროების დარღვევის შესაბამის ფაქტებზე;

ი) უზრუნველყოფს ამ წესებით დადგენილი უშიშროების ყველა ზომისა და წესის დანერგვას და შესრულებას.

2. სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცერი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს სანავსადგურე ობიექტში მყოფი გემების შემოწმება ამ წესების თანახმად.

ბ) განახორციელოს სანავსადგურე ობიექტში მყოფი გემების კონტროლი და გააფორმოს მათთან უშიშროების დეკლარაციები საჭიროებისამებრ; 

გ) განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული უშიშროებასთან დაკავშირებული საქმიანობა

მუხლი 13. ნავსადგურის უშიშროების კომიტეტი

სააგენტო საჭიროებისამებრ, ან წელიწადში მინიმუმ ერთხელ იწვევს ნავსადგურის უშიშროების კომიტეტს, რომელიც შედგება კონკრეტული ნავსადგურის უშიშროების პროცედურებში მონაწილე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისაგან.

მუხლი 14. ნავსადგურის უშიშროების კომიტეტის უფლებები და მოვალეობები

1. ნავსადგურის უშიშროების კომიტეტი:

ა) განიხილავს ნავსადგურის ინფრასტრუქტურისა და საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტებს;

ბ) განიხილავს ნავსადგურში არსებულ უშიშროებასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) განიხილავს პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგიასა და განხორციელების მეთოდებს;

დ) აძლევს რჩევებს და ეხმარება ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს უშიშროების შეფასების და უშიშროების გეგმის შემუშავებაში.

2. ნავსადგურის უშიშროების კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) შევიდეს ნავსადგურში საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად;

ბ) შეამოწმოს ნავსადგურის უშიშროებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ჩანაწერები და გეგმები;

გ) შეამოწმოს ნავსადგურის უშიშროების აღჭურვილობა;

დ) დახმარება გაუწიოს ნავსადგურს უშიშროებასთან დაკავშირებული წვრთნებისა და ვარჯიშების დაგეგმარებასა და განხორცილებაში.

3. კომიტეტის შეხვედრა ფორმდება შესაბამისი ოქმით.

 

თავი IV

გემის უშიშროების ორგანიზება

მუხლი 15. კომპანიის უშიშროების ოფიცერი

კომპანია ნიშნავს გემის უშიშროებაზე პასუხისმგებელ პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ამ წესების შესრულებისა და ადმინისტრირებისთვის.

მუხლი 16. კომპანიის უშიშროების ოფიცრის უფლებები და მოვალეობები

1. კომპანიის უშიშროების ოფიცერმა უნდა:

ა) უზრუნველყოს უშიშროების შეფასების აქტის შევსება და პერიოდული შემოწმება;

ბ) უზრუნველყოს გემის უშიშროების სავალდებულო გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება და პერიოდული შემოწმება;

გ) უზრუნველყოს გემის უშიშროების ვარჯიში;

დ) უზრუნველყოს გემის უშიშროების ინსპექტირება;

ე) უზრუნველყოს კომპანიის პერსონალის უშიშროების საკითხებზე ტრეინინგები;

ვ) აწარმოოს და შეინახოს ჩანაწერები ამ წესების მოთხოვნათა შესაბამისად;

ზ) აცნობოს შესაბამის უწყებებს და სამაშველო სამსახურებს გემის უშიშროების დარღვევის ფაქტები;

თ) უზრუნველყოს, ამ წესებით განსაზღვრული უშიშროების ყველა ზომის დაცვა.

2. კომპანიის უშიშროების ოფიცერი უფლებამოსილია:

ა) ეწვიოს გემებს ამ წესებით გათვალისწინებული გამოკითხვების, ინსპექტირებისთვის;

ბ) დანერგოს და განახორციელოს უშიშროების ყველა ზომა და წესი, როგორც ამ წესებით არის გათვალისწინებული.

მუხლი 17. გემის უშიშროების ოფიცერი

კომპანია, ნიშნავს გემის უშიშროების ოფიცერს მისი ოპერირების ქვეშ მყოფ ყოველ გემზე, რომელზეც ვრცელდება უშიშროების დაცვის მოთხოვნები. გემის უშიშროების ოფიცერი პასუხისმგებელია გემზე ამ წესების მოთხოვნების დანერგვაზე.

მუხლი 18. გემის უშიშროების ოფიცრის უფლებები და მოვალეობები

1. გემის უშიშროების ოფიცერი:

ა) კოორდინირებას უწევს უშიშროების ზომების დაცვას ნავსადგურთან გემის კავშირის დროს;

ბ) უზრუნველყოფს გემის უშიშროების გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას;

გ) ატარებს გემის უშიშროების ვარჯიშებს;

დ) უზრუნველყოფს გემის უშიშროების ინსპექტირებას;

ე) უზრურნველყოფს გემის ეკიპაჟის უშიშროების საკითხებზე ტრენინგებს;

ვ) აწარმოებს და ინახავს ჩანაწერებს ამ წესებით გასაზღვრული წესით;

ზ) უზრუნველყოფს ნებისმიერი სავალდებულო უშიშროების დეკლარაციის შესრულებას;

თ) აცნობებს კომპანიის უშიშროების ოფიცერს და ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს გემზე მომხდარი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ შემთხვევების/საფრთხეების შესახებ;

2. გემის უშიშროების ოფიცერს უფლება აქვს, განახორციელოს გემის უშიშროების ფიზიკური კონტროლი.

 

თავი V

უშიშროების უზრუნველსაყოფი დოკუმენტაცია

მუხლი 19. უშიშროების შეფასება

უშიშროების შეფასებისას ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ ელემენტებს:

ა) უშიშროების აღჭურვილობას;

ბ) უშიშროების დაცვის პროცედურებს;

გ) კომუნიკაციას;

დ) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას;

ე) საყოფაცხოვრებო/კომუნალურ ინფრასტრუქტურას;

ვ) ნებისმიერ სხვა ასპექტს, რომლის დაზიანების ან უკანონოდ გამოყენების შემთხვევაში წარმოშობს რისკს ნავსადგურის ან იქ მყოფი გემის საქმიანობისთვის და ასევე იქ მყოფი პირებისა და ქონებისთვის.

მუხლი 20. უშიშროების გეგმები

1. უშიშროების გეგმების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) უშიშროების წინააღმდეგ მიმართული შემთხვევები და სრულფასოვანი საპასუხო მოქმედებები/პროცედურები;

ბ) იარაღის და საშიში ნივთების აკრძალვა;

გ) დაშვების პროცედურები;

დ) საევაკუაციო გეგმა/პროცედურები;

ე) უშიშროების თანამშრომლების ვალდებულებები;

ვ) უშიშროების გეგმის პერიოდული გადახედვის, შემოწმების და განახლების პრ ოცედურები;

ზ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საკონტაქტო ინფორმაცია;

თ) უშიშროების გეგმის დაცვის ზომები;

ი) ტვირთის უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები;

კ) უშიშროების დონის განსაზღვრის /დადგენის პროცედურები;

ლ) გემის უშიშროების საკომუნიკაციო პროცედურები;

მ) საზოგადოებრივი საფრთხის გამოცხადების პროცედურები;

ნ) გემსა და სანავსადგურე ობიექტს შორის მიმდინარე ოპერაციების უზრუნველყოფის პროცედურები.

2. ნავსადგურში, უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეო მეთვალყურეობის და სიგნალიზაციის სისტემების, მათი სერვერების, სამონტაჟო ანძების, ვიდეო მეთვალყურეობის განათების სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვერების, ტურნიკეტების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების თუ სხვა დამხმარე ტექნიკური მოწყობილობების მომსახურებას ახორციელებენ ის პირები, რომელთაც გააჩნიათ მომსახურების შესაბამისი უფლება, მინიჭებული სარეჟიმო ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიცია) უფლებამოსილია, განახორციელოს კონტროლი ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 21. უშიშროების გეგმის დაცვა

უშიშროების გეგმა წარმოადგენს საიდუმლო დოკუმენტს და უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილას მხოლოდ უფლებამოსილი პირების წვდომით.

მუხლი 22. გემებსა და ნავსადგურებში უშიშროების საერთაშორისო კოდექსთან შესაბამისობის სერტიფიკატი

სააგენტო გამოსცემს გემებსა და ნავსადგურებში უშიშროების საერთაშორისო კოდექსთან შესაბამისობის სერტიფიკატს (შემდგომში-შესაბამისობის სერტიფიკატი) იმ ნავსადგურებსა და გემებზე, რომლებიც შეესაბამებიან უშიშროების მოთხოვნებს და ადგენს:

ა) უშიშროების გეგმის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან;

ბ) შესაბამისობის სერტიფიკატის მოქმედების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

მუხლი 23. უშიშროების დეკლარაცია

1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა მოითხოვოს შემოსული გემებისგან უშიშროების დეკლარაცია, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული გემისა და ნავსადგურის უშიშროების ვალდებულებები, რა დროსაც:

ა) ნავსადგურში გამოცხადებულია უშიშროების უფრო მაღალი დონე, ვიდრე გემზე;

ბ) ნავსადგურში ან გემზე გამოცხადებულია უშიშროების დონე 2 ან 3;

გ) გემის/ნავსადგურის კავშირი შეიცავს კონკრეტულ რისკს სანავსადგურე ნაგებობებისთვის ან იქ მყოფი პირებისათვის;

დ) გემმა განახორციელა სატვირთო ოპერაცია იმ გემთან, რომელზეც არ ვრცელდება SOLAS-ის კონვენციის მოქმედება ან მაღალი რისკის შემცველ გემთან;

ე) გემმა განახორციელა ოპერაცია ისეთ ნავსადგურში, რომელიც არ შეესაბამება ISPS კოდექსის მოთხოვნებს;

ვ) ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი მიიჩნევს, რომ უშიშროების დეკლარაციის წარმოდგენა აუცილებელია ნავსადგურის უშიშროების უზრუნველსაყოფად;

ზ) გემს არ აქვს მოქმედი გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობა (ISSC).

2. გემმა შეიძლება მოითხოვოს უშიშროების დეკლარაცია, რა დროსაც:

ა) გემზე გამოცხადებულია უშიშროების უფრო მაღალი დონე, ვიდრე ნავსადგურში ან იმ გემზე, რომელთანაც ხორციელდება გემიდან გემზე ოპერაცია;

ბ) ნავსადგურს ან გემს, რომელთანაც ხორციელდება გემიდან გემზე ოპერაცია არ მოეთხოვებათ უშიშროების გეგმის ქონა;

გ) როდესაც ასეთი ქმედება გამართლებულია არსებული გარემოებებით.

 

თავი VI

უშიშროების დონეები

 

მუხლი 24. უშიშროების დონეები

1. სააგენტო ადგენს საქართველოს ნავსადგურებში უშიშროების დონეებს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შესაბამის პირებსა და უწყებებს.

2. უშიშროების დონის განსაზღვრისას, სააგენტომ უნდა გაითვალისწინოს ზოგადი და კონკრეტული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია. სააგენტომ უნდა დაადგინოს სამი დონიდან ერთ-ერთი, რომელიც გავრცელდება გემებსა და ნავსადგურზე:

ა) უშიშროების დონე 1: ჩვეულებრივი – დონე, რა პირობებშიც გემი ან ნავსადგური ახორციელებს ჩვეულებრივ საქმიანობას;

ბ) უშიშროების დონე 2: გაძლიერებული – დონე, რომელიც ვრცელდება იმ პერიოდზე, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის დადგომის რისკი მაღალია;

გ) უშიშროების დონე 3: განსაკუთრებული – დონე, რომელიც ვრცელდება იმ პერიოდზე, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის დადგომის რისკი განსაკუთრებით მაღალი ან გარდაუვალია.

3. გემის ან კომპანიის უშიშროების ოფიცერს შეუძლია აამაღლოს გემის უშიშროების დონე, თუ ამას აუცილებლად მიიჩნევს უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის აღსაკვეთად ან უშიშროებაზე შექმნილი საფრთხის საპასუხოდ, ხოლო ნავსადგურის შემთხვევაში უშიშროების დონის ამაღლება ხდება სააგენტოს მიერ.

მუხლი 25. უშიშროების დონე 1

უშიშროების დონე 1 ნიშნავს ისეთ დონეს, როდესაც მუდმივად უნდა მოქმედებდეს უშიშროების დაცვის მინიმალური ზომები. უშიშროების დონე 1-ზე ხორციელდება შემდეგი უშიშროების ზომები:

ა) შესასვლელების/გასასვლელების კონტროლი;

ბ) ფიზიკური პირის (მგზავრის) და სატრანსპორტო საშუალებების სკრინინგი და შემოწმება;

გ) აღნიშვნები, რომლებიც ნათლად აჩვენებენ შეზღუდულ ზონებს და მოქმედ უშიშროების ზომებს;

დ) გემის ტვირთისა და მარაგების შემოწმება გემზე დატვირთვამდე;

ე) მგზავრთან ან მგზავრის გარეშე მიღებული ბარგის შემოწმება ჩატვირთვამდე;

ვ) გამშვები პუნქტების, სახმელეთო და წყლის პერიმეტრის, აკრძალული ზონების და გემის ნავსადგურთან დაკავშირების ადგილების მონიტორინგი.

მუხლი 26. უშიშროების დონე 2

უშიშროების დონე 2 ნიშნავს ისეთ დონეს, როდესაც შესაბამისი დამატებითი დაცვითი უშიშროების ზომები უნდა მოქმედებდეს იმ დროის განმავლობაში, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის რისკი მომატებულია. უშიშროების დონე 2-ზე ხორციელდება შემდეგი უშიშროების ზომები :

ა) ხმელეთზე, ზღვაში და გემზე პატრულირების გააქტიურება;

ბ) შეზღუდულ ზონებში შესვლის რაოდენობის შემცირება;

გ) განათების და სათვალთვალო მოწყობილობების გამოყენების და დაფარვის არეალის გაზრდა, არსებული რესურსის ფარგლებში;

დ) ტვირთის, ლუქების, გემის სათავსოების, ტვირთის გადასაზიდი საშუალებების და ტვირთის შესანახი ადგილების შემოწმების ინტენსივობის გაზრდა;

ე) სატვირთო დოკუმენტაციის შემოწმების ინტენსივობის გაზრდა;

ვ) გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ინტენსივობის გაზრდა;

ზ) მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ნებისმიერი ბარგის აპარატზე გაშუქება სულ მცირე ორი მიმართულებით;

თ) ყველა გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაცილება.

მუხლი 27. უშიშროების დონე 3

უშიშროების დონე 3 ნიშნავს ისეთ დონეს, რომლის დროსაც განსაკუთრებული დაცვითი უშიშროების ზომებია მიღებული დროის განსაზღვრული პერიოდის მანძილზე, როდესაც უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის დადგომის ალბათობა მაღალია ან გარდაუვალი. უშიშროების დონე 3-ზე უნდა იქნას განხორციელებული შემდეგი უშიშროების ზომები:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ, გემზე ან ნავსადგურში დაშვების აკრძალვა;

ბ) შესვლის უფლების მინიჭება, მათთვის, ვინც მონაწილეობენ უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტის ან საფრთხის აღმოფხვრაში;

გ) პერსონალის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების შეზღუდვა გემზე ან ნავსადგურში, მთლიანად ან ნაწილობრივ;

დ) გემზე და ნავსადგურში უშიშროების პატრულირების რაოდენობის გაზრდა;

ე) გემზე ან ნავსადგურში საქმიანობის მთლიანად ან ნაწილობრივ აკრძალვა;

ვ) საჭიროებისამებრ, გემის ან ნავსადგურის სრული ან ნაწილობრივი ევაკუაციის განხორციელება;

ზ) საჭიროებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ ბარგის დამუშავების შეზღუდვა.

 

თავი VII

წვრთნა, მომზადება და ვარჯიში

მუხლი 28. წვრთნა

1. სააგენტო პასუხისმგებელია ნავსადგურში, გემზე დასაქმებული პირების და აგენტების უშიშროებაზე ინფორმირების, წვრთნის მოდულების, ასევე, გეგმის შემუშავებისა და დანერგვის მონიტორინგზე.

2. უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაიაროს სპეციალური წვრთნა გემის და ნავსადგურის საბაზისო უშიშროებაში და ISPS კოდექსის განხორციელებასა და ადმინისტრირებაში.

3. უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა და დაცვის პოლიციამ უნდა გაიაროს შემდეგი წვრთნა:

ა) ნავსადგურის /გემის უშიშროების გეგმის შესაბამის დებულებებზე;

ბ) უშიშროების დონეებზე;

გ) საგანგებო პროცედურებზე;

დ) სახიფათო ნივთიერებების და მოწყობილობების ცნობასა და აღმოჩენაზე;

ე) იმ პირების დამახასიათებელი მოქმედების და თვისებების ამოცნობაზე, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან უშიშროებას;

ვ) მათი მოვალეობებისთვის დამახიასიათებელი სხვა კონკრეტული წვრთნები.

მუხლი 29. მომზადება

უშიშროებასთან დაკავშირებული მომზადება უნდა ჩატარდეს არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, უშიშროების გეგმის ცალკეული ელემენტების შესამოწმებლად. მომზადების ჩატარების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უშიშროების შეფასებასა და უშიშროების გეგმაში განსაზღვრულ კონკრეტულ საფრთხეებს და საპასუხო ქმედებებს და იქნეს სათანადოდ დოკუმენტირებული.

მუხლი 30. ვარჯიშები

1. უშიშროების ვარჯიშები უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. ვარჯიშებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, რომელიც შეესაბამება უშიშროების გეგმის ეფექტურობის შემოწმებას. ვარჯიშები უშიშროების ოფიცერს საშუალებას მისცემს განსაზღვროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები. უშიშროების ვარჯიშები შეიძლება იყოს:

ა) სრულმასშტაბიანი;

ბ) სასემინარო;

გ) რეალური მოვლენების საპასუხო.

2. ვარჯიშების სცენარი წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან და კომპეტენტურ პირებთან/უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ვარჯიშში.

 

თავი VIII

უშიშროების პერსონალი

მუხლი 31. ნავსადგურის უშიშროების საბაზისო ცოდნა

უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირი და ორგანიზაცია, რომელზეც ვრცელდება ამ წესების მოქმედება, უნდა ფლობდეს ცოდნას გემისა და ნავსადგურის უშიშროების შემდეგ სფეროებში:

ა) უშიშროების ორგანიზება;

ბ) გემისა და ნაგებობების უშიშროების ზომები;

გ) საგანგებო სიტუაციებისთვის მზადება და მათზე რეაგირება;

დ) უშიშროების აღჭურვილობა და სისტემები;

ე) ინსპექტირების, კონტროლისა და მონიტორინგის ტექნიკა;

ვ) შესაბამისი კანონები და წესები;

ზ) უშიშროების ზომები და პროცედურები;

თ) უშიშროებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია;

ი) უშიშროების კუთხით არსებული საფრთხეები და ტენდენციები;

კ) საშიში ნივთიერებების და მოწყობილობების აღმოჩენა/ამოცნობა და დაფიქსირება;

ლ) იმ პირების დამახასიათებელი ზოგადი თვისებების ამოცნობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უშიშროებას;

მ)უშიშროების ზონების გვერდის ავლის ტექნიკა;

ნ) ფიზიკური შემოწმების ჩატარება;

ო) უშიშროების წვრთნების ჩატარება.

 

თავი IX

ჩანაწერები და შემოწმება

მუხლი 32. ჩანაწერების წარმოება

1. ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა აწარმოოს და შეინახოს უშიშროებასთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერი ექვსწლიანი პერიოდისთვის.

2. გემის უშიშროების საქმიანობის ჩანაწერები, მათ შორის უშიშროების დეკლარაციები და გემის უშიშროების დონის ჩანაწერები, უნდა ინახებოდეს გემზე, მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.

მუხლი 33. შემოწმება

უშიშროების გეგმების შემოწმებას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. უშიშროების გეგმები უნდა გადიოდეს შემოწმებას ყოველწლიურად.

 

თავი X

ნავსადგურის უშიშროების დაცვის პროცედურები ფიზიკური უშიშროება

 

მუხლი 34. შეზღუდული ზონები

ნავსადგურში უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი დახურული საკონტროლო-გამშვები პუნქტები:

ა) ნავმისადგომები;

ბ) სატვირთო ტერმინალები;

გ) სამგზავრო ტერმინალები;

დ) მაღალი რისკის მატარებელი ინფრასტრუქტურა;

ე) უშიშროების ადმინისტრაციული შენობები.

მუხლი 35. განსაზღვრული და მოძრავი კონტროლის ზონები

ნავსადგურს უფლება აქვს დაცვის პოლიციასთან შეთანხმებით თავის მომიჯნავედ ან სიახლოვეს დაადგინოს განსაზღვრული და მოძრავი უშიშროების ზონები უშიშროების კონკრეტული საჭიროების საპასუხოდ.

მუხლი 36. შეზღუდვა შესვლაზე

ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის ნებართვის გარეშე ნავსადგურის შეზღუდულ ზონებში ან უშიშროების ზონებში უცხო პირების შესვლა აკრძალულია.

მუხლი 37. პერიმეტრი

1. ნავსადგურში, შეზღუდული ზონების გარშემო უნდა იყოს განსაზღვრული კონტროლირებადი პერიმეტრი, რომლის დაცვა უნდა განხორციელდეს დაცვის პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ. დაცვის პოლიციასა და ნავსადგურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტროლის ზომები შეიძლება მოიცავდეს ღობეებს, ბუნებრივ ბარიერებს და უნდა:

ა) გამოჰყოს დასაცავი ზონა;

ბ) აღკვეთოს არასანქცირებული შესვლა;

გ) შეაჩეროს არასანქცირებული შესვლა;

დ) განსაზღვროს საკონტროლო გამსვლელი პუნქტები.

2. პერიმეტრის ხელშეუხებლობის დაცულობა უნდა შემოწმდეს მინიმუმ ცვლაში ერთხელ.

მუხლი 38. აღნიშვნები

1. ნავსადგურში უნდა არსებობდეს შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები, რომლებიც შესრულებული უნდა იყოს მინიმუმ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

2. ბანერები უნდა ჩანდეს, როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვის მხრიდან.

მუხლი 39. გამშვები პუნქტები

ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სამსახურები, კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებენ ნავსადგურის ყველა ღია გამშვებ პუნქტს და იცავენ ყველა დახურულ გამშვებ პუნქტს ფიზიკური პირებისა და ავტომობილების ნავსადგურის ტერიტორიაზე არასანქცირებული შესვლის აღკვეთის მიზნით.

მუხლი 40. კავშირგაბმულობა

ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს უნდა ჰქონდეს ეფექტური კავშირის განსახორციელებელი აღჭურვილობა, რომლითაც ატყობინებს გემის და ტერმინალის უშიშროების თანამშრომლებს, შესაბამის უწყებებსა და სამაშველო სამსახურებს ნავსადგურის უშიშროების დონის ცვლილების შესახებ.

მუხლი 41. მეთვალყურეობა

ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა უზრუნველყოს უწყვეტი მონიტორინგი:

ა) ნავსადგურსა და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე;

ბ) ტერიტორიის შიგნით არსებულ შეზღუდულ ზონებზე;

გ) ნავსადგურში მყოფ გემებსა და გემების გარშემო სივრცეებზე.

 

თავი XI

შესვლაზე კონტროლი

მუხლი 42. შესვლაზე კონტროლი

1. ნავსადგურის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება ფიზიკური პირების და ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების კონტროლი და შემოწმება.

2. ნავსადგურმა უნდა დაადგინოს შესვლაზე კონტროლის რეჟიმი უშიშროების გეგმის მიხედვით:

ა) მუდმივი მომხმარებლებისთვის;

ბ) მომსახურე პერსონალისთვის;

გ) გემის ეკიპაჟისთვის;

დ) მგზავრებისთვის;

ე) სტუმრებისთვის;

ვ) სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

ზ) ტვირთისა და გემის მარაგებისთვის;

თ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისათვის.

მუხლი 43. პირთა ამოცნობა

1. უცხო პირთა ნავსადგურში შესვლა და გემზე ასვლა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილებით „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ნავსადგურის მიერ გაცემული საშვი გაუქმდება და გამოითხოვება, თუ:

ა) პირი ბრალდებულია (მსჯავრდებული) მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში;

ბ) სააგენტოფლობს ინფორმაციას, რომ პირი ტერორიზმის საფრთხის მატარებელია;

გ) პირის მოქმედებამ გამოიწვია ნავსადგურის უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტი.

4. ნავსადგურის საშვი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს დაზიანებისაგან და გაყალბებისგან დაცული;

ბ) მასზე დატანებული უნდა იყოს პირის სახელი და გვარი სრულყოფილად (სახელი და გვარი სრულად);

გ) მასზე დატანებული უნდა იყოს ფოტოსურათი ან სხვა მისაღები ბიომეტრიული მონაცემები, რომელიც ზუსტად ასახავს პირის გარეგნობას;

დ) გამცემი უწყების დასახელებას.

მუხლი 44. შესვლაზე კონტროლი – მუდმივი მომხმარებლები

მუდმივმა მოხმარებელმა, რომელსაც აქვს ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) წარუდგინოს საკონტროლო-გამშვები პუნქტების თანამშრომელს მასზე გაცემული საშვი;

ბ) იყოს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ტერიტორიაზე შესვლაზე სადაც იმყოფება;

გ) იმყოფებოდეს ნავსადგურში მხოლოდ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში;

დ) საჭიროებისამებრ, გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკური შემოწმება .

მულხი 45. შესვლაზე კონტროლი – მომსახურე პერსონალი

მომსახურე პერსონალს, რომელთაც აქვთ ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) ჰქონდეს მის სახელზე წინასწარ დაშვებული საშვი;

ბ) ჰქონდეს მიღებული დადასტურებული მოთხოვნა გემის ან ორგანიზაციისგან;

გ) წარადგინოს ძალაში მყოფი პირადობის დამდასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

დ) საჭიროებისამებრ გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკურ შემოწმება;

ე) საჭიროებისამებრ ნავსადგურში ყოფნის მთელი დროს განმავლობაში თან ახლდეს შესაბამისი გემის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მუხლი 46. შესვლაზე კონტროლი – გემის ეკიპაჟი

გემის ეკიპაჟის წევრს, რომელმაც მოიპოვა ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) ჰქონდეს ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი;

ბ) გაიაროს საბაჟო და საიმიგრაციო კონტროლი;

გ) საჭიროებისამებრ, გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკური შემოწმება;

მუხლი 47. შესვლაზე კონტროლი – სტუმრები/ვიზიტორები

პირს, რომელსაც აქვს მინიჭებული ნავსადგურში შესვლის უფლება, უნდა:

ა) ჰქონდეს მის სახელზე წინასწარ დაშვებული საშვი;

ბ) ჰქონდეს ძალაში მყოფი პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი;

გ) საჭიროებისამებრ, გაიაროს სკრინინგი/მეტალოდეტექტორი და/ან ფიზიკური შემოწმება;

დ) იყოს თანმხლებ პირთან ერთად ნავსადგურში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში.

მუხლი 48. შესვლაზე კონტროლი – ავტოსატრანსპორტო საშუალებები

1. ნავსადგურის ტერიტორიაზე შემავალი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყებების კუთვნილი სამსახურეობრივი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, ექვემდებარება შემოწმებას. უნდა შემოწმდეს სულ მცირე შემდეგი ზონები:

ა) კარების პანელები;

ბ) მზისგან დამცავები;

გ) სახელთათმანე და სხვა სათავსები;

დ) უკანა, წინა სავარძლები და სავარძლის ჯიბეები;

ე) სივრცე სავარძლების ქვეშ;

ვ) ძარის იატაკზე ფეხებისათვის არსებული შეღრმავებები;

ზ) საბარგული;

თ) საბურავს ზედა თაღი;

ი) ძრავის ნაკვეთური;

შენიშვნა: აგრეთვე სარკით და ფარანით უნდა შემოწმდეს ავტო სატრანსპორტო საშუალების ძარის (სადაც თვალი ვერ სწვდება) ქვედა ნაწილი და ძრავი.

2. ნებისმიერმა მძღოლმა და მგზავრმა უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 49. შესვლაზე კონტროლი – აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი უწყებები

1. ნავსადგურში შესასვლელად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, უნდა:

ა) რჩებოდეს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) მოახდინოს საკუთარი თავის, როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის იდენტიფიცირება; და

გ) აცნობოს უშიშროებაზე პასუხისმგებელ პერსონალს ნავსადგურის ტერიტორიაზე შესვლის მიზეზი.

2. თუ საქმე არ ეხება საგანგებო სიტუაციას, სამართალდამცავი უწყების ან სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა უნდა წარადგინოს მისი სამსახურის მიერ გაცემული საშვი/საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.

მუხლი 50. უკანონო შესვლაზე რეაგირება

პირი, რომელიც უკანონოდ მოხვდება ნავსადგურში ხმელეთიდან, წყლიდან ან გემიდან, უნდა დაექვემდებაროს შესაბამის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი XII

გემის კონტროლი

მუხლი 51. გემის კონტროლის ზომები

1. გემის უშიშროების ოფიცერმა ან ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა განახორციელოს გემზე კონტროლი, როდესაც:

ა) გემი ვერ აკმაყოფილებს ამ თავის მოთხოვნებს;

ბ) გემი წარმოადგენს უშიშროებისთვის სერიოზულ საფრთხეს;

გ) გემმა ვერ შეძლო წარმოედგინა უშიშროებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. როდესაც ადგილი აქვს ასეთ აშკარა საფრთხის საფუძვლებს, ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა განახორციელოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი საკონტროლო ღონისძიებათაგანი:

ა) გემის ინსპექტირება;

ბ) გემისთვის შეუსაბამობის გამოსწორების მოთხოვნა;

გ) გემის დაყოვნება;

დ) გემის დაკავება;

ე) საქმიანობის აკრძალვა, ნავსადგურის ფარგლებში მოძრაობის ჩათვლით;

ვ) შესაბამისი უწყებიდან მოითხოვოს გემის ნავსადგურიდან გაძევება;

ზ) შესაბამისი უწყებებიდან მოითხოვოს გემისთვის ნავსადგურში შესვლაზე აკრძალვა;

3. ამ წესებიდან გამომდინარე სააგენტომ, გემზე განხორციელებული კონტროლის ნებისმიერ ზომის შესახებ უნდა აცნობოს დროშის სახელმწიფოს და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას.

მუხლი 52. გემზე ასვლის პირობები

ნავსადგურის უშიშროების თანამშრომლის შეფასებით და კონკრეტული უშიშროების დონის გათვალისწინებით, ნავასდგურში შემავალ გემებზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს:

ა) მოძრაობის აკრძალვას;

ბ) გაზრდილი უშიშროების ზომების მიღებას;

გ) უშიშროების დეკლარაციის გაცემას.

მუხლი 53. ინფორმირება

1. გემის კაპიტანი ვალდებულია, ნავსადგურში შესვლამდე მინიმუმ 24 საათით ადრე სააგენტოს და ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობის (ISSC) სტატუსი;

ბ) გემზე მოქმედი უშიშროების დონე;

გ) გემიდან ნავსადგურში და გემიდან გემზე განხორციელებული უკანასკნელი 10 სატვირთო ოპერაციის დეტალები;

დ) გემის მდებარეობა და ნავსადგურში შესვლის წინასწარ განსაზღვრული ვადა;

ე) ეკიპაჟის სია;

ვ) სატვირთო დეკლარაცია;

ზ) მგზავრების სია.

2. ნავსადგურში შემსვლელ გემს უნდა ეცნობოს შემდეგი:

ა) ნავსადგურში მოქმედი უშიშროების დონე;

ბ) ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

თავი XIII

ნავსადგურის საქმიანობა

მუხლი 54. სატვირთო ოპერაციები

1. სატვირთო უშიშროების და კონტროლის ზომების განხორციელება ემსახურება შემდეგ მიზნებს:

ა) თავიდან იქნას აცილებული ტვირთის მთლიანობის დარღვევა;

ბ) ტვირთი მიტანილ იქნას საწყობამდე, შეგროვების ადგილამდე, ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილამდე.

2. კონტეინერების ჩატვირთვის ზონაში მიტანამდე, უნდა შემოწმდეს არის თუ არა კონტეინერები ჩაკეტილი და დალუქულ მდგომარეობაში. ასევე, მოწმდება კონტეინერების ნომრები გემის მიერ გაცემული დეკლარაციის შესაბამისად.

3. ტვირთის მთლიანობის დარღვევის ან დაზიანების ნიშნები უნდა ეცნობოს ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს შემდგომი მოკვლევისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების ინფორმირების მიზნით.

მუხლი 55. გემის მარაგები

გემის მარაგები უნდა:

ა) გაფორმდეს წინასწარ დოკუმენტურად;

ბ) იყოს გემის მოთხოვნის შესაბამისი;

გ) შემოწმდეს ნავსადგურში შესვლისას;

დ) იყოს თანხლების ქვეშ გემზე მიტანის ან გემიდან გადმოტვირთვის დროს;

ე) მიიღოს გემის ეკიპაჟის წევრმა.

მუხლი 56. მგზავრები

მგზავრებმა უნდა:

ა) წარადგინონ მოქმედი ბილეთი ან მგზავრობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

ბ) წარადგინონ ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) გაიარონ საბაჟო და საიმიგრაციო კონტროლი;

დ) დაიცვან აკრძალული ზონების რეჟიმი;

ე) განცალკევდნენ ჩასხდომა/გადმოსხდომის კლასის მიხედვით.

 

თავი XIV

ინციდენტებზე რეაგირება

მუხლი 57. ინციდენტები

1. ნავსადგურის უშიშროების დარღვევად მიიჩნევა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც გამოიწვევს ნავსადგურის უშიშროების წესების დარღვევას მისი გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში.

2. ნავსადგურის უშიშროების დარღვევის ნებისმიერი შემთხვევაზე ნავსადგურის უშიშროების ოფიცერი შესაბამის შეტყობინებას უგზავნის სააგენტოს.

3. ნავსადგურის უშიშროების სერიოზული დარღვევაა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იწვევს ან დიდი ალბათობით გამოიწვევს:

ა) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფ გემზე იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებების ან უშიშროების მიზნებისთვის აკრძალული სხვა ნივთების მოხვედრას;

ბ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფ გემზე ტერორისტების ან სხვა მტრულად განწყობილი პირების შეღწევას;

გ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ მყოფი გემის ან ტვირთის განადგურება ან დაზიანება;

დ) ნავსადგურში ან მის მიმდებარედ გემზე მყოფი პირების არა შემთხვევით გარდაცვალებას ან ფიზიკური ზიანის მიყენებას;

4. ნავსადგურის უშიშროების უმნიშვნელო დარღვევა ეს არის უშიშროების წესების ნებისმიერი დარღვევა, რომელიც არ არის ნავსადგურის უშიშროების სერიოზული დარღევა.

მუხლი 58. მუქარა

უშიშროების სერიოზული დარღვევის მუქარა უნდა ჩაითვალოს უშიშროების სერიოზულ დარღვევად. მუქარა უნდა შეფასდეს ან როგორც „რეალური“, რა დროსაც შესაბამისი საპასუხო ზომები უნდა განისაზღვროს, ან – „ცრუ“, რა დროსაც დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო (გარდა სააგენტოსთვის შეტყობინებისა).

მუხლი 59. შემთხვევების შეტყობინების ვალდებულება

ნავსადგურის მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ნავსადგურის უშიშროების წესების მათთვის ცნობილი ან სავარაუდო დარღვევების და საეჭვო ხასიათის მოქმედებების შესახებ ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს.

მუხლი 60. სერიოზულ შემთხვევებზე რეაგირება

ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პირმა, უშიშროების სერიოზული დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა აცნობოს სააგენტოს და ადგილობრივ უწყებებს და კოორდინაცია გაუკეთოს საპასუხო ზომებს, უშიშროების გეგმის მიერ დადგენილი უშიშროების დარღვევის საპასუხო პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 61. უმნიშვნელო შემთხვევებზე რეაგირება

უშიშროების დარღვევის უმნიშვნელო შემთხვევის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა უნდა განახორციელოს საპასუხო ქმედებები უშიშროების გეგმით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 62. მასობრივი განადგურების იარაღი

ნავსადგურის ტერიტორიაზე, მის მიმდებარედ, ტვირთში ან გემზე მასობრივი განადგურების: ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის არსებობის საფრთხის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ნავსადგურის უშიშროების ოფიცერმა უნდა აცნობოს სააგენტოს და დაიწყოს საგანგებო პროცედურები უშიშროების გეგმით განსაზღვრული პროცედურების თანახმად.

თავი XV

გემის უშიშროების პროცედურები ფიზიკური უშიშროება

მუხლი 63. უშიშროების ზონები

გემზე შეიძლება განისაზღვროს უშიშროების ზონები, სადაც შესვლა შეზღუდულია და რომლებზეც გავრცელდება უშიშროების სპეციალური მოთხოვნები.

მუხლი 64. შეზღუდული ზონა

პირი არ შეიძლება ავიდეს გემზე შეზღუდულ ზონებში ან უშიშროების ზონაში, კომპანიის უშიშროების თანამშრომლის ან გემის უშიშროების ოფიცრის ან მათი წარმომადგენლის მიერ გაცემული თანხმობის გარეშე.

მუხლი 65. შესასვლელი პუნქტები

1. გემის უშიშროების ოფიცერმა უნდა დაიცვას და გააკონტროლოს გემზე არსებული ყველა შესასვლელი ადგილი, მათ შორის:

ა) დერეფნები;

ბ) ტრაპი (საბიჯელა);

გ) შესასვლელი კარები, ფანჯრები და გასასვლელები;

დ) ღუზის ჩასაშვები და ღუზის ჯაჭვი;

ე) ამწეები და ამწის ძრავები/მექანიზმები.

2. გემზე არსებული უშიშროების და შეზღუდული ზონა გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული შესაბამისი ნიშნებით.

მუხლი 66. განათება

გემიდან გემზე და გემიდან ნავსადგურში განხორციელებული სატვირთო ოპერაციების დროს, ან ღუზაზე დგომისას: გემბანი, შესასვლელები და გემის უშუალოდ მომიჯნავე ზონები უნდა იყოს განათებული ღამის საათებში და დაბალი ხილვადობის პერიოდში.

მუხლი 67. მეთვალყურეობა

გემის უშიშროების ოფიცერმა უნდა უზურნველყოს შემდეგი ტერიტორიების უწყვეტი მონიტორინგი:

ა) შესასვლელები;

ბ) გემზე შეზღუდული ზონები;

გ) გემის გარშემო წყლის აკვატორია.

მუხლი 68. გასაღების კონტროლი

იმ შემთხვევაში თუ შესასვლელი წერტილები შეზღუდულ ზონაში არის გასაღებით კონტროლირებადი, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი გასაღების კონტროლს.

მუხლი 69. კავშირგაბმულობა

გემის უშიშროების ოფიცრისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კავშირგაბმულობის საშუალება, რათა დროულად აცნობოს გემზე არსებული საფრთხეების და მათში ცვლილებების თაობაზე გემს, ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს, სამართალდამცავ უწყებებსა და სამაშველო სამსახურებს.

მუხლი 70. განგაშის სისტემა

 SOLAS-ის კონვენციის XI-2 თავის შესაბამისად, გემი, რომელზეც ვრცელდება უშიშროების მოთხოვნები, უნდა იყოს აღჭურვილი განგაშის სიტემით, რომელიც:

ა) შესაძლებელია გააქტიურდეს კაპიტნის ხიდურიდან და მინიმუმ ერთი სხვა ადგილიდან;

ბ) შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სტანდარტებს;

გ) იმდაგვარი ფორმისაა, რომ გამორიცხავს ცრუ განგაშის ჩართვას;

დ) შეუძლია წამოიწყოს და გადასცეს გემი-ნაპირი უშიშროების განგაში სააგენტოს მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ უწყებას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება გემის და მისი მდებარეობის განსაზღვრა და დადგენა, რომ გემის უშიშროება საფრთხის ქვეშაა ან დაზიანებულია;

ე) არ გააგზავნის გემის უშიშროების შეტყობინებას არცერთ სხვა გემზე;

ვ) არ მოაწყობს განგაშს გემის ბორტზე;

ზ) არ შეწყვეტს განგაშის სიგნალს გათიშვამდე და/ან ხელახლა ჩართვამდე.

მუხლი 71. ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა

გემზე უნდა დაინერგოს, შენარჩუნდეს და იმუშაოს ავტომატურმა საიდენტიფიკაციო სისტემამ (AIS) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად. 

მუხლი 72. შორ მანძილებზე/დისტანციური აღმოჩენის და თვალთვალის სისტემა

გემზე, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, უნდა დაინერგოს და ფუნქციონირებდეს შორ მანძილზე/დისტანციური აღმოჩენის და თვალთვალის სისტემა.

თავი XVI

საოპერაციო უშიშროება

მუხლი 73. კაპიტნის გადაწყვეტილება

1. გემის კაპიტანს გააჩნია უპირატესი მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გემის უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2. თუ, კაპიტნის პროფესიული განსჯის მიხედვით, გემზე მოქმედი უშიშროების და უსაფრთხოების მოთხოვნებს შორის წარმოიშობა კონფლიქტი, კაპიტანს შეუძლია უპირატესობა მიანიჭოს უსაფრთხოების ზომებს და მიიღოს ისეთი დროებით უშიშროების ზომები, რომელთაც არსებულ ვითარებაში მიიჩნევს საუკეთესოდ.

3. უშიშროების ყველა დონეზე, უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტისას, კაპიტანს შეუძლია შესაბამის უწყებებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და ცვლილების შეტანა მათ მიერ მოცემულ ინსტრუქციებში, თუ ეს გემს საფრთხეში ადგებს.

მუხლი 74. ნავსადგურის კონტროლთან შესაბამისობა

გემი, რომელზეც ვრცელდება ამ წესის მოქმედება, ვალდებულია შეასრულოს ნავსადგურის უშიშროებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების მითითებები.

მუხლი 75. ეკიპაჟი

გემებზე მუდმივად უნდა იმყოფებოდეს გემის საგანგებო სიტუაციაში მართვისა და ნაოსნობისთვის საკმარისი ეკიპაჟი.

მუხლი 76. შესვლაზე კონტროლი

გემზე უნდა მოქმედებდეს შესვლაზე კონტროლის პროცედურები უშიშროების გეგმის შესაბამისად:

ა) გემის ეკიპაჟისთვის;

ბ) მომსახურე პერსონალისთვის;

გ) მგზავრებისთვის;

დ) სტუმრებისთვის;

ე) ტვირთისა და მარაგებისთვის;

ვ) სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისა და მაშველებისთვის.

მუხლი 77. სატვირთო ოპერაციები

1. ტვირთის უშიშროების და კონტროლის ზომები უნდა განხორციელდეს, რათა:

ა) თავიდან იქნას აცილებული ტვირთის გადახურება;

ბ) გააკონტროლოს ტვირთის ჩატვირთვა და გადმოტვირთვა.

2. კონტეინერების გემზე ჩატვირთვამდე, უშიშროებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კონტეინერები ჩაკეტილია და დალუქულია და შეამოწმონ კონტეინერების ნომრები გემის სატვირთო დეკლარაციის მიხედვით.

3. ტვირთის გადახურების ან დაზიანების ნიშნები უნდა ეცნობოს გემის უშიშროების ოფიცერს, კაპიტანს და ნავსადგურის უშიშროების ოფიცერს, შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული საქმინაობის წარსამართად.

მუხლი 78. მგზავრები

1. რეგულირებად გემზე უნდა იყოს მგზავრების საკონტროლო გასასვლელი.

2. მგზავრმა უნდა:

ა) წარმოადგინოს მოქმედი ბილეთი ან სხვა სატრანსპორტო დოკუმენტი;

ბ) წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასატურებელი მოწმობა;

გ) გაატაროს სკრინინგზე ნებისმიერი ბარგი.

მუხლი 79. გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობა (ISSC)

რეგულირებადი გემი უნდა ფლობდეს გემის უშიშროების საერთაშორისო მოწმობას SOLAS-ის კონვენციის XI-2 თავის შესაბამისად.

 

თავი XVII

ინციდენტებზე რეაგირება

მუხლი 80. უშიშროებასთან დაკავშირებული ინციდენტები

გემის უშიშროების დარღვევის შემთხვევაზე რეაგირება და მართვა უნდა მოხდეს გემის უშიშროების გეგმის შესაბამისად.

მუხლი 81. უნებართვო შესვლა/დარღვევაზე რეაგირება

შეზღუდულ ზონაში უშიშროების დარღვევის შემთხვევაში, გემის უშიშროების ოფიცერმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მოიკვლიოს შემთხვევა და აღადგინოს ხელყოფილი ზონის უშიშროება.

მუხლი 82. არალეგალური მგზავრები (Stowaways)

რეგულირებად გემებზე უნდა იყოს დანერგილი არალეგალური მგზავრობისა და გემზე მოხვედრის პრევენციის , ასევე მგზავრებზე რეაგირების შემდეგი ზომები:

ა) ჩაკეტილი კარები, ხუფები, სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები, ტრიუმები, სამანქანე განყოფილება და ეკიპაჟისა და მგზავრების კაიუტები;

ბ) გემის საცხოვრებელ ნაწილში შემავალი კარები ასევე უნდა იყოს უსაფრთხო და იკეტებოდეს ისე, რომ ტოვებდეს მხოლოდ ერთ ღია შესასვლელს. უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩაკეტილი კარების გასაღები უნდა ინახებოდეს ხელმისაწვდომ ადგილას, რათა შესაძლებელი იყოს კარების გაღება საგანგებო მდგომარეობის დროს;

გ) სათავსოები, აღჭურვილობის შესანახი ოთახები გემბანზე, სამანქანე განყოფილება და კაიუტები ჩაკეტილი უნდა იყოს გემის ნავსადგურში ყოფნის დროს;

დ) დერეფნებზე განხორციელდეს თვალთვალი;

ე) იმ ტერიტორიების შემოწმება, რომელთა რეგულარულად დაკეტვა შეუძლებელია;

ვ. უბილეთო მგზავრის აღმოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ შესაბამის უწყებებს. თუმცა, რადგან ზოგიერთი უბილეთო მგზავრი შეიძლება იყოს საფრთხის წყარო, არ არის რეკომენდირებული პირდაპირი ჩარევა, რათა გემის და ეკიპაჟის უშიშროება არ დადგეს რისკის ქვეშ.