ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 281/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016365
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
281/04
24/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
220010000.18.011.016365
ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/12/2018 - 13/03/2020)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №281/04

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 641 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დებულების მიზანია საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება.

2. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ფიზიკურ პირზე  (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ გაცემულ ყველა სახის სესხზე ან/და თავდებობაზე/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე.  

3. ამ დებულების მოთხოვნები, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ ვრცელდება:

ა)  მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე;

ბ) ფიზიკურ პირზე, რომლის ჯამური სასესხო ვალდებულებები სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ სესხის გაცემის შემდეგ აღემატება 2,000,000 ლარს, ან მის ეკვივალენტს უცხოური ვალუტით; 

გ) იმავე ან სხვა სესხის გამცემ ორგანიზაციაში რესტრუქტურიზებულ სესხზე, თუ ამავდროულად არ ხდება  ვალდებულებების ზრდა. ვალდებულებების ზრდად არ ჩაითვლება სესხზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია და სხვა დაკავშირებული ხარჯი, როგორიცაა ნოტარიუსისა თუ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯი;

დ) დასაკუთრებული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრისათვის ან მისი ოჯახის წევრისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაზე, როდესაც გაიცემა შესაბამისი სესხი;

ე) ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის მიმართ თავდებობაზე/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე, თუ თავდები/უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელი წარმოადგენს ამ იურიდიული პირის მმართველი ორგანოს წევრს/პარტნიორს/აქციონერს ან პარტნიორის/აქციონერის საოჯახო მეურნეობის წევრს;

ვ) ფინანსური ინსტრუმენტებით (მათ შორის,  ფასიანი ქაღალდებით) და/ან ფულადი სახსრებით სრულად უზრუნველყოფილ სესხზე;

ზ) ახალი ბინის შეძენისას, იპოთეკური სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც მსესხებელი ფიზიკური პირი დაფარავს მის საკუთრებაში (ახალი ბინის შეძენამდე) არსებული ბინის რეალიზაციით;

თ) უძრავი ქონების სახით უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელზე, როდესაც მისი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი გაცემულია ამ დებულების მოთხოვნების დაცვით და უზრუნველყოფის საგანი არ წარმოადგენს უზრუნველყოფის მიმწოდებლის საცხოვრებელ ადგილს. საცხოვრებლად გამოყენების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მესაკუთრის წერილობითი განცხადებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით.

4. ამ დებულების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მითითებული კოეფიციენტები არ ვრცელდება:

ა)  სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემულ სესხზე;

ბ) იპოთეკურ სესხზე, როდესაც მსესხებელი შემოსავალს იღებს უცხოეთში და სესხის უზრუნველყოფის 60%-იანი კოეფიციენტის (LTV) დაცვა ხდება ფულადი სახსრების სახით არსებული თანამონაწილეობით.

5. მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემის, მათ შორის,  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სესხის გამცემი ორგანიზაციის საკრედიტო/სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების) განხორციელებით. ეს პუნქტი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილ სესხზე, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის მხრიდან მოხდა უზრუნველყოფის საგნის განზრახ განადგურება/გადამალვა.

6. იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის – 10 წელი,  სატრანსპორტო სესხის – 6 წელი, სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხებისთვის (გარდა რევოლვირებადი პროდუქტებისა) – 4 წელი.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
  1. ამ დებულების მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სესხის გამცემი ორგანიზაცია – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი;

ბ) სესხი – სესხი/კრედიტი/გარესაბალანსო ვალდებულება (გარანტია, აკრედიტივი) და სხვა ვალდებულება;

გ) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთადაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

დ) იპოთეკური სესხი – უძრავი ქონების შეძენა/მშენებლობა/რემონტის მიზნობრიობით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ან მისი რეფინანსირება;

ე)  სატრანსპორტო   სესხი – სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხი;  

ვ) სამომხმარებლო სესხი – ნებისმიერი მიზნობრიობით/დანიშნულებით გაცემული სესხი, გარდა სამეწარმეო (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო) მიზნობრიობის და ამ პუნქტის „დ“და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხისა;

ზ) საოჯახო მეურნეობა – ფიზიკურ პირთა ერთობლიობა, რომლებიც ერთად წარმართავენ ცხოვრებას და დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით. აღნიშნულის განსაზღვრა ხდება სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;

თ) თავდებობა/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდება – სხვა პირის სასარგებლოდ სესხის სანივთო ან/და ვალდებულებითი უზრუნველყოფა;

ი) ყოველთვიური წმინდა შემოსავლები – ფიზიკური პირების ჯამური, დადასტურებული ყოველთვიური შემოსავლები გადასახადებისა და სამეწარმეო (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო) მიზნობრიობის სესხებზე გაწეული გადახდების შემდეგ;

კ) ჯამური ვალდებულებები – საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ხელმისაწვდომი ინფორმაცია მსესხებლის/თანამსესხებლის ყველა არასამეწარმეო მიზნობრიობის მქონე ვალდებულებაზე, გარესაბალანსო, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ონლაინსესხის გამცემი ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიების, სესხის გამცემი სუბიექტების, შიდა განვადების გამცემი პირებისა და სხვა პირების წინაშე არსებული ვალდებულებების ჩათვლით. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები გაითვალისწინება ჯამური ლიმიტების შესაბამისად. ჯამურ ვალდებულებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს  მსესხებლის/თანამსესხებლის თავდებობა და უძრავი ქონების უზრუნველყოფის საშუალებად მიწოდება, გარდა ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვული გამონაკლისებისა;

ლ) ყოველთვიური გადასახდელები – ფიზიკური პირის მიერ ჯამურ ვალდებულებებზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით გამოითვლება. ყოველთვიურ გადასახდელებში არ გაითვალისწინება გადასახდელები მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე, რომელიც დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების) განხორციელებით;

მ) სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI) – მსესხებლის/თანამსესხებლის სესხზე  ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობა;

ნ) სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV) - უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხ(ებ)ის და იმ უძრავი ქონების სახით არსებული უზრუნველყოფის საშუალების საბაზრო ღირებულების თანაფარდობა, რომელიც გამოიყენება  აღნიშნული სესხ(ებ)ის უზრუნველსაყოფად. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის იგულისხმება სესხის გამცემი ორგანიზაციის მხოლოდ პირველი რიგის სამართლებრივი უფლება. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ყველა წინა რიგის სამართლებრივი უფლება ეკუთვნის მომსახურე სესხის გამცემ ორგანიზაციას;

ო) ჰეჯირებული მსესხებელი – პირი ითვლება კონკრეტული ვალუტის მიმართ ჰეჯირებულად, თუ მისი ყოველთვიური წმინდა შემოსავლები არანაკლებია ამავე ვალუტაში სესხის მომსახურებისათვის საჭირო წმინდა შემოსავალზე;  

პ)  საშეღავათო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი/თანამსესხებელი ყოველთვიურად არ იხდის სესხზე დარიცხულ პროცენტს, საკომისიოს სრულად ან/და ძირს და რომელთა გადახდასაც დაიწყებს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის საშეღავათო პერიოდად არ ჩაითვლება სესხზე არსებული განსხვავებული დაფარვის გრაფიკი, თუ აღნიშნული მორგებულია შემოსავლების მიღების ფორმაზე; 

ჟ)  რევოლვირებადი საკრედიტო პროდუქტი – საკრედიტო პროდუქტი, რომელსაც არ აქვს ფიქსირებული გადახდის წინასწარი გრაფიკი და საშუალებას აძლევს მსესხებელს დაფაროს და თავიდან  აითვისოს წინასწარ დამტკიცებული თანხა;

რ) გადახდისუნარიანობის ანალიზი – მსესხებლის/თანამსესხებლის, ასევე თავდების და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების ანალიზი;

ს) რესტრუქტურიზირებული სესხი – განიმარტება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად ან როდესაც მსესხებელი სესხს ვერ ემსახურება ფინანსური სირთულეების გამო (მათ შორის, თუ დარღვეულია ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები);

ტ) რეფინანსირებული სესხი – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება სესხის გამცემ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით;

უ) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო (შემდგომში – ბიურო) – საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს საკრედიტო ინფორმაციას პირის შესახებ;

ფ)  სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხი – სესხი, რომლის მიზნობრიობა ბიზნესსაქმიანობაა, მათ შორის, ვაჭრობის დაფინანსება,  სტარტაპი, სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობა და ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფარვა. იმისათვის, რომ სესხი დაკლასიფიცირდეს სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემულ სესხად, აუცილებელია სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ფინანსური ანალიზის ჩატარება შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად;

ქ) საცალო სესხი – ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი/კრედიტი, გარდა სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხისა.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები

 

1. სესხის გამცემი ორგანიზაცია უნდა ხელმძღვანელობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით: სესხის გაცემა ან/და თავდებობა/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე მოთხოვნა დაუშვებელია გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. გადახდისუნარიანობის  ანალიზი მოიცავს:

ა) პირის შემოსავლების, ხარჯებისა და ჯამური ვალდებულებების დეტალურ ანალიზსა და სესხის საჭიროების შემოწმებას;

ბ) გონივრულობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმებას;

გ) ბიუროში საკრედიტო ისტორიის გადამოწმებას;

დ) ყველა იმ დამატებითი ფაქტორის გათვალისწინებას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე;

ე) მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მსესხებლის მიერ მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების გარეშე სესხის მომსახურების შესაძლებლობის განსაზღვრას.

2. სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ სესხის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული აქტივის ღირებულება აღემატება  სესხის მოცულობას.

3. თუ ფიზიკური პირი წარმოდგენილია თანამსესხებლის ფორმით და წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის წევრს, მაშინ სესხის მომსახურების კოეფიციენტის დაანგარიშებისას გაითვალისწინება ჯამური შემოსავალი.

4. მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და ყოველთვიურ  გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისათვის უნდა აღემატებოდეს სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ (საქსტატი) მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს.

5. საცალო ტიპის სესხზე გადახდები შესაბამისობაში უნდა იყოს მსესხებლის შემოსავლების მიღების პერიოდულობასთან. საშეღავათო პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 (ექვს) თვეს.

6. ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები დაცული უნდა იყოს სესხის დამტკიცების მომენტში ხელმისაწვდომი/არსებული ინფორმაციის მიხედვით.

7. აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს მხოლოდ ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 

 


მუხლი 4. სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები 
1. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია არ გასცეს ისეთი სესხი ან/და არ განახორციელოს თავდებობის ან უზრუნველ­ყოფის საშუალების მიღება, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის/თავდების/უზრუნველ­ყოფის საშუალების მიმწოდებლის სესხის მომსახურების ან/და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი აღემატება ამ დებულების დანართ №1-სა და დანართ №2-ში მოცემულ მაჩვენებლებს, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული გამონაკლისებისა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს მხოლოდ ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას. 

2. ამ დებულების დანართ N№1-ში მოცემული, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი დაცული უნდა იყოს როგორც საკონტრაქტო შენატანების, ასევე მაქსიმალურ ვადიანობაზე გადათვლილი შენატანების შემთხვევაში. სესხის მომსახურების კოეფიციენტი  მაქსიმალურ ვადიანობაზე დაითვლება როგორც ანუიტეტური გადახდები ამ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მაქსიმალურ ვადებზე. რევოლვირებადი პროდუქტების შემთხვევაში გადათვლა უნდა მოხდეს 4 წელზე. თავდებობის/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდების შემთხვევაში, თავდებმა/მიმწოდებელმა უნდა დააკმაყოფილოს ამ დებულების დანართი №1-ში გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტები მხოლოდ საკონტრაქტო ვადიანობისთვის.

 


მუხლი 5. დაანგარიშების პრინციპები 
1. ყოველთვიური წმინდა შემოსავლის დაანგარიშების მიზნებისათვის, როდესაც სახეზეა ყოველთვიურისგან განსხვავებული პერიოდულობის მქონე რეგულარული შემოსავლები, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს მაქსიმალური მნიშვნელობა, შესაბამისი პერიოდის მედიანურ და საშუალო მაჩვენებლებს შორის. 

2. თუ ხელშეკრულებით წინასწარ არის დაგეგმილი სხვადასხვა ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი სესხის ვადის მანძილზე, სესხის მომსახურების კოეფიციენტი დათვლილი უნდა იყოს მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის პირობებში. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს არათანაბარ გადახდებს, მაქსიმალური გადახდა არ უნდა არღვევდეს ამ დებულების დანართ №1-ში მოცემულ სესხის საკონტრაქტო მომსახურების კოეფიციენტებს.

 


მუხლი 6. შემოსავლების შეფასება
ფიზიკური პირის შემოსავლის დასადასტურებლად გამოიყენება სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ცნობა სსიპ – შემოსავლების სამსახურიდან. სხვა შემთხვევაში, თუ არ არსებობს მსგავსი დოკუმენტი, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ფიზიკური პირის შემოსავლის სტაბილურობა უნდა შეისწავლოს და ფინანსური ანალიზი განახორციელოს შიდა პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად (მათ შორის, დასაშვებია რაოდენობრივი/სტატისტიკური მოდელის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდელის მიზანია შემოსავლების შეფასება. აღნიშნული შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან). ამასთან, თუ სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ვერ უზრუნველყოფს მსესხებლის შემოსავლის საკმარისად  გადამოწმება/დადასტურებას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს სესხის გამცემ ორგანიზაციას აღნიშნული პოლიტიკა/პროცედურების დაუყოვნებლივ გაუმჯობესება ან სესხების გაცემის შეჩერება სათანადო პოლიტიკა/პროცედურების შემუშავებამდე.

 


მუხლი 7.  სანქციები
სესხის გამცემი ორგანიზაციის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.

 


მუხლი 8. გარდამავალი დებულებები
1. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებულ სასესხო ნაშთებზე და მათ რეფინანსირებაზე იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება სესხის მოცულობის ზრდა.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული სასესხო პროდუქტისგან განსხვავებული სესხის გაცემის შემთხვევაში, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია პოლიტიკა/პროცედურები წინასწარ შეათანხმოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

3. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე, 2018 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ, უშუალოდ სესხის ხელშეკრულების ოდენობის უზრუნველსაყოფად ფიზიკურ პირთან გაფორმებულ თავდებობაზე/უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე.

4. სტუდენტური და სხვა სესხების გაცემის შემთხვევაში, რომლებსაც ამ დებულებისგან განსხვავებული მხოლოდ საშეღავათო პერიოდი და ვადიანობა აქვთ, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ამ დებულების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობა. თანხმობის მიღებამდე სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განახორციელოს ამ პუნქტით გათვალისწინებული სესხების გაცემა, ამ დებულებისგან განსხვავებული საშეღავათო პერიოდით და ვადიანობით.