ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 588
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020903
588
13/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
240110000.10.003.020903
ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №588

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების  პირობების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი მარტიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი – ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის

 საჭირო მასალების ბაზარზე  განთავსების  პირობები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ტექნიკური რეგლამენტი – „ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალების ბაზარზე განთავსების პირობები“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს ვაზის გასამრავლებელი მასალის ბაზარზე განთავსების  პირობებს,  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მოთხოვნების გათვალისწინებით.

მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისათვის საჭირო ხარისხიანი სარგავი მასალის მიღება, მათი ბაზარზე განთავსებისათვის შესაბამისი პირობების  შემუშავება და შესრულება.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ვაზის ვეგეტატიური გამრავლებისთვის საჭირო მასალებზე (შემდგომში – გასამრავლებელი მასალა), რომელთა ბაზარზე განთავსება ხორციელდება ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება ვაზის გასამრავლებელი მასალის ექსპორტზე.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვაზი – მცენარე, რომელიც  ეკუთვნის Vitis (L) გვარს და განკუთვნილია ყურძნის საწარმოებლად ან ვაზის მცენარეების გასამრავლებლად;

ბ) ჯიში – უდაბლესი კატეგორიის ერთიანი ბოტანიკური ტაქსონის ფარგლებში შემავალი მცენარეების ჯგუფი, რომელიც შეიძლება:

ბ.ა) განისაზღვროს მოცემული გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციის შედეგად მიღებული მახასიათებლების  აღწერით;

ბ.ბ) განსხვავდებოდეს სხვა ნებისმიერი მცენარეების ჯგუფისგან ზემოაღნიშნული, სულ მცირე, ერთი მახასიათებლის აღწერით;  

ბ.გ)  განიხილებოდეს, როგორც ერთიანი ორგანიზმი მისი უცვლელად გამრავლების უნარიდან გამომდინარე;

გ) კლონი –  ჯიშის ვეგეტატიური თაობა, რომელიც სადედე მცენარის იდენტურია და შერჩეულია ჯიშის იდენტურობის, ფენოტიპური მახასიათებლებისა  და სიჯანსაღის მიხედვით;

დ)  გასამრავლებელი მასალა, როგორიცაა:

დ.ა) ახალგაზრდა ვაზის  მცენარეები, მათ შორის:

დ.ა.ა) დაფესვიანებული კალმები – ვაზის რქის ან მწვანე  ყლორტის  დაფესვიანებული ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია დასარგავად ან საძირეების მისაღებად;

დ.ა.ბ) დაფესვიანებული ნამყენები – ვაზის რქის ან მწვანე ყლორტის  მყნობის გზით შეერთებული ნაწილები, რომელთა  ქვედა (მიწისქვეშა) ნაწილი დაფესვიანებულია;

დ.ბ)  ახალგაზრდა ვაზის მცენარეთა ნაწილები, მათ შორის:

დ.ბ.ა)  ვაზის  რქა –  ერთწლიანი  ლიგნიფირებული ნაზარდი;

დ.ბ.ბ) მწვანე ყლორტი – მიმდინარე წლის არალიგნიფირებული ნაზარდი;

დ.ბ.გ) სამყნობი საძირე კალმები – ვაზის რქის ან მწვანე ყლორტის ნაწილები, რომლებიც  ნამყენი ნერგის მომზადების პროცესში განკუთვნილია მიწისქვეშა ნაწილის ჩამოსაყალიბებლად;  

დ.ბ.დ) სანამყენე კალმები – ვაზის რქის ან მწვანე ყლორტის ნაწილები, რომლებიც ნამყენი ნერგის მომზადების პროცესში განკუთვნილია მიწისზედა ნაწილის ჩამოსაყალიბებლად, ან როდესაც  მყნობა  ტარდება  მუდმივ ადგილზე – in situ;

დ.ბ.ე) სანერგის გასამრავლებელი  კალმები – ვაზის რქის ან მწვანე  ყლორტის ნაწილები, რომლებიც განკუთვნილია დაფესვიანებული კალმების   მისაღებად;

ე)  ვაზის სადედე – ვაზის ნარგაობა, რომელიც  განკუთვნილია  სამყნობად ვარგისი საძირე ან/და სანამყენე კალმების, სანერგის გასამრავლებელი  კალმების   საწარმოებლად;

ვ) ვაზის გასამრავლებელი სანერგე – სანერგე, რომელიც განკუთვნილია დაფესვიანებული კალმების ან დაფესვიანებული ნამყენების წარმოებისთვის;

ზ) საწყისი გასამრავლებელი მასალა გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

ზ.ა) დამზადებულია მწარმოებლის პასუხისმგებლობით, ჯიშისა და, საჭიროების შემთხვევაში, კლონის იდენტიფიცირების უზრუნველყოფისა და დაავადებათა პრევენციის მიღებული პრაქტიკების შესაბამისად;

ზ.ბ) განკუთვნილია საბაზისო გასამრავლებელი მასალის ან სერტიფიცირებული გასამრავლებელი მასალის დასამზადებლად;

ზ.გ) აკმაყოფილებს საბაზისო გასამრავლებელი მასალისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11  და მე-12 მუხლებით   განსაზღვრულ    პირობებს;

ზ.დ) სახელმწიფო ზედამხედველობის საფუძველზე, აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტში მითითებულ   პირობებს;

თ) საბაზისო გასამრავლებელი მასალა – გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

თ.ა) დამზადებულია მწარმოებლის პასუხისმგებლობით, აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად, ჯიშისა და, საჭიროების შემთხვევაში, კლონის იდენტიფიცირების უზრუნველყოფისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, და მიღებულია უშუალოდ საწყისი გასამრავლებელი მასალის ვეგეტატიური გამრავლების საშუალებით;

თ.ბ) განკუთვნილია სერტიფიცირებული გასამრავლებელი მასალის დასამზადებლად;

თ.გ) აკმაყოფილებს საბაზისო გასამრავლებელი მასალისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11 და მე-12   მუხლებით    განსაზღვრულ    პირობებს;

თ.დ)სახელმწიფო ზედამხედველობის საფუძველზე, აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტში მითითებულ  პირობებს;

ი) სერტიფიცირებული მასალა – გასამრავლებელი მასალა, რომელიც:

ი.ა) მიღებულია უშუალოდ საბაზისო გასამრავლებელი მასალიდან ან საწყისი გასამრავლებელი მასალიდან;

ი.ბ)  განკუთვნილია:

ი.ბ.ა) ახალგაზრდა მცენარეების ან მცენარეების ნაწილების (სამყნობი კომპონენტების) დასამზადებლად;

ი.ბ.ბ) ყურძნის საწარმოებლად;

ი.გ) აკმაყოფილებს სერტიფიცირებული გასამრავლებელი მასალისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11 და მე-12   მუხლებით    განსაზღვრულ    პირობებს;

ი.დ)  სახელმწიფო ზედამხედველობის საფუძველზე, აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტში მითითებულ  პირობებს;

კ)   სტანდარტული მასალა –  გასამრავლებელი მასალა:

კ.ა) რომელსაც აქვს ჯიშური იდენტურობა და სიწმინდე;

კ.ბ)  რომელიც განკუთვნილია:

კ.ბ.ა) ახალგაზრდა მცენარეების ან მცენარეთა ნაწილების  საწარმოებლად  მათი გამოყენების  მიზნით ყურძნის წარმოებაში;

კ.ბ.ბ) ყურძნის საწარმოებლად;

კ.გ) აკმაყოფილებს სტანდარტული გასამრავლებელი მასალისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-11 და მე-12   მუხლებით    განსაზღვრულ    პირობებს;

კ.დ) სახელმწიფო ზედამხედველობის საფუძველზე, აკმაყოფილებს  ამ ქვეპუნქტში მითითებულ  პირობებს;

ლ) ბაზარზე განთავსება – ვეგეტატიური გასამრავლებელი  მასალის გაყიდვა, გაყიდვის მიზნით ფლობა, გასაყიდად შეთავაზება და ნებისმიერი სახით განკარგვა, მესამე მხარისთვის კომერციული გამოყენების მიზნით გადაცემა ან მიწოდება, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.

მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები ვაზის გასამრავლებელ მასალაზე

1. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი ვაზის გასამრავლებელი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

2. მწარმოებელს უფლება აქვს, ქვეყნის ტერიტორიაზე ბაზარზე განათავსოს გასამრავლებელი მასალის შესაბამისი რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია:

ა)  ცდის ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის;

ბ) სელექციური სამუშაოსთვის; 

გ)  გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

3. ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი ვაზის გასამრავლებელი მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს მის მახასიათებლებთან, შემოწმების ღონისძიებებთან, მარკირებასა და დალუქვასთან დაკავშირებით, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვებისა.

მუხლი 5. სერტიფიცირებული ვაზის გასამრავლებელი მასალის შენახვა და მარკირება

1. ვაზის სამყნობი და სარგავი მასალის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და მას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (შემდგომში – ცენტრი),  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

2. ზრდის პროცესში მყოფი ან სადედე ვაზიდან მოშორების დროს, ან შეფუთვის, შენახვისა და ტრანსპორტირებისას, გასამრავლებელი მასალა უნდა ინახებოდეს ცალკე პარტიებში და მარკირებული იყოს, როგორც ჯიში, ხოლო საწყისი, საბაზისო და სერტიფიცირებული გასამრავლებელი მასალის შემთხვევაში, მარკირებული უნდა იყოს, როგორც კლონი.

მუხლი 6. სერტიფიცირებული ვაზის გასამრავლებელი მასალის შეფუთვა, დალუქვა, ეტიკეტირება

1. ვაზის გასამრავლებელი მასალა რეალიზებული უნდა იქნეს მხოლოდ ერთგვაროვან პარტიებად, დალუქულ შეფუთვაში ან  შეკვრაში, რომელიც იქნება დალუქული და ეტიკეტირებული, როგორც ეს განსაზღვრულია ამ მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებში. შეფუთვა უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში („შეფუთვა“)  დადგენილ პირობებს.

2. საბოლოო მომხმარებელზე მცირე რაოდენობის მიყიდვისას, ასევე  ხის ყუთებით ან ქოთნებით ვაზის რეალიზაციისას არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. ვაზის გასამრავლებელი მასალის შეფუთვა და შეკვრა დალუქული უნდა  იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ზედამხედველობის ქვეშ იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათი გახსნა დალუქვის ან ამ მუხლის მე-4 პუნქტში  მითითებული  ეტიკეტის დაზიანების გარეშე ან, შეფუთვის შემთხვევაში – შეფუთვის დაზიანების გარეშე. სათანადო დალუქვის უზრუნველყოფის მიზნით, დასალუქი მოწყობილობა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე,  ეტიკეტს ან  პლომბს. დამატებითი დალუქვა შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ სააგენტოს მიერ სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელებისას.

4. გასამრავლებელი მასალის შეფუთვებსა და შეკვრებზე  ეტიკეტი უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის შესაბამისად. ეტიკეტის ფერი საწყისი მასალისთვის უნდა იყოს თეთრი, დიაგონალზე იისფერი ზოლით, საბაზისო მასალისთვის – თეთრი, სერტიფიცირებული მასალისთვის – ლურჯი, ხოლო სტანდარტული მასალისთვის –  ყვითელი.

5. მწარმოებელს უფლება აქვს, გაყიდოს ერთისა და იმავე მახასიათებლების მქონე ნამყენი ან დაფესვიანებული ვაზის ერთზე მეტი შეფუთვა ან შეკვრა, რომელიც ეტიკეტირებული იქნება ერთი საერთო ეტიკეტით, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შეფუთვა ან შეკვრა ერთმანეთს უნდა მიემაგროს იმგვარად, რომ განცალკევების შემთხვევაში, ის დაზიანდეს და შეუძლებელი იყოს კვლავ მიმაგრება. ეტიკეტი დაფიქსირდება მიმაგრების გზით. დაუშვებელია განმეორებითი დალუქვა.

6. ეტიკეტები შენახული უნდა იქნეს ვაზის ვეგეტატიური გასამრავლებელი მასალის მიმღების მიერ, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იყოს სააგენტოსთვის.

მუხლი 7.  ვაზის გასამრავლებელი მასალის იდენტურობის დაცვა

1. სადედე ვაზიდან გასამრავლებელი მასალის მოცილებიდან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებამდე პერიოდში,  დაცული და შენარჩუნებული უნდა იქნეს  ვაზის გასამრავლებელი მასალის იდენტურობა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას, სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ვაზის გასამრავლებელ მასალაზე მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, შემდეგი ინფორმაცია:

ა) სახეობა (ბოტანიკური დასახელება);

ბ) ჯიში და, სადაც შესაძლებელია, კლონი; დაფესვიანებული კალმების შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია უნდა ახლდეს როგორც საძირე მასალას, ასევე სანამყენეს;

გ) კატეგორია;

დ) გასამრავლებელი მასალის ბუნებრივი მახასიათებლები;

ე) წარმოების ქვეყანა და მაკონტროლებელი ორგანო;

ვ) გამომგზავნი ქვეყანა, იმ შემთხვევაში, თუ განსხვავდება წარმოების ქვეყნისგან;

ზ) იმპორტიორი;

თ) მასალის რაოდენობა.

მუხლი 8. იმპორტირებული ვაზის გასამრავლებელი მასალის მოწოდებასთან დაკავშირებული გამარტივებული მოთხოვნები

1. ვაზის  გასამრავლებელი მასალის მოწოდებისას  წარმოშობილი დროებითი სირთულის აღმოფხვრის მიზნით, ქვეყნის მთელ  ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიშვება ისეთი კატეგორიისა და იმ რაოდენობის გასამრავლებელი მასალის რეალიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს შედარებით გამარტივებულ მოთხოვნებს.

2. მოცემული ჯიშის გასამრავლებელი მასალის ნებისმიერი კატეგორიისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს სათანადო ფერის  ეტიკეტი. ყველა სხვა შემთხვევაში, ეტიკეტის ფერი უნდა იყოს ყავისფერი. ეტიკეტზე ყოველთვის უნდა იყოს მითითებული, რომ მოცემული გასამრავლებელი ჯიშის გასამრავლებელი მასალა მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელიც აკმაყოფილებს შედარებით გამარტივებულ მოთხოვნებს.

მუხლი 9.  ვაზის იმპორტირებული გასამრავლებელი მასალისადმი დაწესებული მოთხოვნები

1. ცენტრმა  უნდა განსაზღვროს ვაზის გასამრავლებელი მასალის კატეგორიები და ტიპები, რომლებიც შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს სარეალიზაციოდ ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. იმპორტირებული ვაზის გასამრავლებელი მასალა უნდა  შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ქვეყანაში წარმოებულ ვაზის ვეგეტატიურ გასამრავლებელ მასალას. აღნიშნულ იმპორტირებულ ვაზის გასამრავლებელ მასალას თან უნდა ახლდეს დოკუმენტი, სადაც განსაზღვრული იქნება სარეალიზაციოდ განკუთვნილი იმპორტირებული ვაზის გასამრავლებელი მასალისადმი ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მუხლი 10. ლაბორატორიული შემოწმება

1. ბაზარზე განთავსებული ვაზის გასამრავლებელი მასალის  შემდგომი შემოწმებისა და მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული შემოწმება  ტარდება:

ა) იმპორტირებულ გასამრავლებელ მასალაზე;

ბ) ორგანული მეურნეობისთვის განკუთვნილ გასამრავლებელ მასალაზე;

გ) გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით ბაზარზე განთავსებულ გასამრავლებელ მასალაზე.

2. ლაბორატორიული შემოწმება უნდა იქნეს გამოყენებული გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირების ტექნიკური მეთოდების შესამოწმებლად.

მუხლი 11. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსავლიანი ვაზი

1.  მოსავლიანი ვაზი  უნდა იყოს ჯიშურად  იდენტური და წმინდა, საჭიროების შემთხვევაში, იგივე მოთხოვნა ვრცელდება კლონებთან  დაკავშირებით.

2. მოსავლიანი ვაზის ზრდა-განვითარების  პირობები უნდა იძლეოდეს  შესაძლებლობას, რომ შემოწმდეს მისი ჯიშური იდენტურობა და სიწმინდე, საჭიროების შემთხვევაში, კლონების მიხედვით, ასევე მათი სიჯანსაღე.

3. ვენახის ნიადაგი ან ნიადაგის სუბსტრატი თავისუფალი უნდა იყოს მავნე ორგანიზმების ან/და მათი ვექტორებისგან, კერძოდ, ვირუსების გადამტანი ნემატოდებისგან. სადედეები და ნერგის გასამრავლებელი  სანერგეები უნდა მოეწყოს  ისეთ  პირობებში, სადაც მაქსიმალურად იქნება დაცული მავნე ორგანიზმებით კონტამინაციის რისკები. 

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში („მავნე ორგანიზმები“)  ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს  შემდეგი  პირობები:

ა) სანერგის მასალების/მარაგების წარმოებისთვის განკუთვნილი სანერგეები თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში  ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისაგან და მათი შემოწმება უნდა მოხდეს სახელმწიფო ზედამხედველობის გზით, რაც უნდა ეფუძნებოდეს ინდექსაციის გზით  მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების შედეგებს, ან ყველა მცენარის მიმართ გამოყენებულ საერთაშორისოდ მიღებულ ეკვივალენტური შემოწმების  მეთოდს. ეს  შემოწმებები დადასტურებული უნდა იქნეს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ მავნე ორგანიზმებზე ჩატარებულ მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების ტესტირების შედეგებით. დასნებოვნებული მცენარეები უნდა განადგურდეს.  ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანების ან სხვა ფაქტორების მიზეზები შეტანილ უნდა იქნეს ჟურნალში, სადაც ინახება  სანერგის მასალებთან/მარაგებთან დაკავშირებული ჩანაწერები;

ბ) საბაზისო გასამრავლებელი მასალის წარმოებისათვის განკუთვნილი სანერგე სახელმწიფო ზედამხედველობის გზით შემოწმებისას თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისგან, უნდა ეფუძნებოდეს ყველა  მცენარის  სიჯანსაღის შემოწმების შედეგებს. დაწყებული სამწლიანი სანერგის მასალებიდან/მარაგებიდან ეს შემოწმება  უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ ყველა მცენარეზე, ექვსწლიანი სანერგე მასალების/მარაგების ჩათვლით. დაავადებული მცენარეები უნდა განადგურდეს. მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანების მიზეზები ან სხვა ფაქტორები  შეტანილი უნდა იქნეს ჟურნალში, სადაც ინახება  სანერგის მასალებთან/მარაგებთან დაკავშირებული ჩანაწერები;

გ) სერტიფიცირებული მასალის წარმოებისთვის განკუთვნილი სანერგის მასალები/მარაგები სახელმწიფო ზედამხედველობისას თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისგან.  სახელმწიფო ზედამხედველობა  ეფუძნება მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმების შედეგებს, რომლებიც შეესაბამება ანალიზის/კონტროლის პროცედურებს, საყოველთაოდ მიღებულ და სტანდარტულ ნორმებს. ეს შემოწმება  უნდა ჩატარდეს დაწყებული ხუთწლიანი სანერგის მასალებიდან/მარაგებიდან, სულ მცირე, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ.   ყველა მცენარეზე ყოველწლიური სახელმწიფო ზედამხედველობის ჩატარების შემდეგ მცენარეთა სიჯანსაღის შემოწმება უნდა ჩატარდეს  დაწყებული, სულ მცირე, 10-წლიანი სანერგის მასალებიდან/მარაგებიდან, სულ მცირე, ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. სანერგის მასალებში/მარაგებში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს. დასნებოვნებული მცენარეები უნდა განადგურდეს. მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანების მიზეზები ან სხვა ფაქტორები  შეტანილ უნდა იქნეს ჟურნალში, სადაც ინახება  სანერგის მასალებთან/მარაგებთან  დაკავშირებული ჩანაწერები;

დ) სანერგის მასალებში/მარაგებში, რომლებიც განკუთვნილია სტანდარტული მასალის საწარმოებლად, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს. დასნებოვნებული მცენარეები უნდა განადგურდეს. მავნე ორგანიზმებით გამოწვეული დაზიანების მიზეზები ან სხვა ფაქტორები  შეტანილ უნდა იქნეს ჟურნალში, სადაც ინახება  სანერგის მასალებთან/ მარაგებთან  დაკავშირებული ჩანაწერები;

ე) ვაზის გასამრავლებელი სანერგე ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისგან მიიჩნევა თავისუფლად ყოველწლიური სახელმწიფო ზედამხედველობის გზით შემოწმების შემდეგ, რომელიც ეფუძნება ვიზუალურ  დათვალიერებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი  ტესტების ან/და მზარდი კულტურის განმეორებითი  შემოწმების შედეგებს.

5. ვაზის გასამრავლებელი სანერგე არ უნდა იყოს ვენახში ან სადედეთა სანერგეში. ვენახიდან ან სადედეთა სანერგიდან საკალმეთა სანერგეები დაშორებული უნდა იყოს, სულ მცირე, სამი მეტრით.

6. სამყნობი საძირე კალმების, სანამყენის კალმების, სანერგის კალმების, დაფესვიანებული კალმებისა და დაფესვიანებული ნამყენის წარმოებისთვის განკუთვნილი გასამრავლებელი მასალა მიღებული უნდა იქნეს სანერგის მასალებიდან/მარაგებიდან, რომლებიც ექვემდებარება შემოწმებას  სააგენტოს მიერ.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული  შემოწმების პირობების დაურღვევლად უნდა ჩატარდეს გასამრავლებელი მასალის, სულ მცირე, ერთი სახელმწიფო ზედამხედველობა. დავის შემთხვევაში, გასამრავლებელი მასალის დამატებითი  შემოწმება უნდა განხორციელდეს და  გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს გასამრავლებელი მასალისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

მუხლი 12. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გასამრავლებელი მასალა

1. გასამრავლებელ მასალას უნდა ჰქონდეს:

ა) ჯიშობრივი იდენტურობა და სიწმინდე, საჭიროების შემთხვევაში, კლონური სიწმინდე. სტანდარტული მასალის ბაზარზე განთავსებისას დასაშვებია 1%-იანი ცდომილება;

ბ) სულ მცირე , 96%-იანი ტექნიკური სისუფთავე.    

2. ტექნიკურად  დაბინძურებულად მიიჩნევა:

ა) მთლინად ან ნაწილობრივ გამომშრალი გასამრავლებელი მასალა, მათ შორის, გამოშრობის შემდეგ დასველებული;

ბ)  დაზიანებული, მოხრილი ან გაფუჭებული, რაც გამოწვეულია სეტყვით ან ყინვით, აგრეთვე სხვა მიზეზით დამტვრეული ან  გატეხილი გასამრავლებელი მასალა;

გ) მასალა, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

3. სამყნობი კომპონენტები უნდა იყოს საკმაოდ მომწიფებული.

4. მასალაზე მავნე ორგანიზმების არსებობა, რომლებიც ამცირებს გასამრავლებელი მასალის სიჯანსაღეს, უნდა იქნეს  დაყვანილი მავნეობის ქვედა ზღვრამდე. გასამრავლებელი მასალა, რომელსაც აშკარად აქვს მავნე ორგანიზმების ნიშნები ან სიმპტომები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სათანადო დამუშავებას, უნდა განადგურდეს.

5. ვაზის დაფესვიანებული ნამყენი ნერგი, რომელიც წარმოადგენს გასამრავლებელ მასალას, კლასიფიცირდება, როგორც გასამრავლებელი მასალა და უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალურ მოთხოვნებს. კერძოდ, ვაზის დაფესვიანებული ნამყენი ნერგი, რომელიც:

ა) შედგება ერთნაირი კატეგორიის გასამრავლებელი მასალისაგან, კლასიფიცირებული უნდა იქნეს იმავე  კატეგორიაში;

ბ) შედგება სხვადასხვა კატეგორიის გასამრავლებელი მასალისაგან, კლასიფიცირებული უნდა იქნეს უფრო დაბალ კატეგორიაში.

6. მყნობისათვის განკუთვნილი ხარისხიანი საძირე კალმების, სანამყენისა და საკვირტეს დიამეტრი, გარდა მწვანე/გაუმაგრებელი მასალისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სამყნობი საძირე და სანამყენის კალმების დიამეტრი უნდა იყოს 6,5 – 12 მმ;

ბ)   ქვედა ნაწილის მაქსიმალური დიამეტრი – 15 მმ, თუ ეს არ მოიცავს ადგილზე  in situ  მყნობისთვის გამიზნულ სანამყენის კალმებს;

გ) სანერგე კალმების სანამყენის დიამეტრი უნდა იყოს, სულ მცირე, 3,5 მმ.

7. დაფესვიანებული კალმების ხარისხის შეფასება ხდება შემდეგი პარამეტრებით:

ა) დიამეტრი იზომება მუხლთაშორისებს შორის, აქტიური ზრდის პირობებში მთავარი ღეროს გასწვრივ და  უნდა იყოს,  სულ მცირე, 5 მმ-ის ტოლი. ეს მოთხოვნები არ ვრცელდება მწვანე/გაუმაგრებელი გასამრავლებელი მასალის  დაფესვიანებული კალმების მიმართ;

ბ) სიგრძე ფესვის გამოტანის ადგილიდან ბოლო კვირტამდე უნდა იყოს:

ბ.ა) 30 სმ-ზე ნაკლები კალმებისთვის, რომლებიც გამიზნულია სამყნობად;

ბ.ბ) 20 სმ-ზე ნაკლები სხვა დაფესვიანებული კალმისთვის, გარდა მწვანე/გაუმაგრებელი გასამრავლებელი მასალის დაფესვიანებული კალმების შემთხვევისა;

გ) თითოეულ მცენარეს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, სამი კარგად განვითარებული და გაშლილი ფესვი. თუმცა საძირეს  420A  შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი კარგად განვითარებული ფესვი, ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს;

დ) კალმის მოჭრა უნდა განხორციელდეს მუხლიდან 1 სმ-ის მანძილის დაშორებით ქვემოთ ისე, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება;

ე) ამ პუნქტის „ა“ – ბ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება მწვანე/გაუმაგრებელი გასამრავლებელი მასალის  დაფესვიანებული კალმების შემთხვევაში.

8. დაფესვიანებული ნამყენის:

ა) ღეროს სიგრძე უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ, გარდა მწვანე/გაუმაგრებელი გასამრავლებელი მასალიდან მიღებული  დაფესვიანებული კალმებისა;

ბ) თითოეულ მცენარეს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, სამი კარგად განვითარებული და გაშლილი ფესვი. თუმცა, საძირეს 420A  შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ორი კარგად განვითარებული ფესვი, საწინააღმდეგო მხარეს;

გ) თითოეულ მცენარეს უნდა ჰქონდეს ადეკვატური, რეგულარული და მჭიდრო კავშირი;

დ) მოჭრა უნდა განხორციელდეს დიაფრაგმიდან ქვემოთ, ისე, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება, მაგრამ არა უმეტეს  1 სმ-ისა.

მუხლი 13.  მასალის ბაზარზე განთავსება

1. ვაზის გასამრავლებელი მასალა ბაზარზე განთავსებისას უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ეტიკეტზე  დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) წარმოების ადგილი (ქვეყანა);

ა.ბ)  მასერტიფიცირებელი ორგანოს ან სააგენტოს დასახელება;

ა.გ) დალუქვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და მისამართი ან მისი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ა.დ) სახეობები;

ა.ე)  მასალის ტიპი;

ა.ვ) კატეგორია;

ა.ზ) ჯიში და, თუ საჭიროა, კლონი. დაფესვიანებული ნამყენებისათვის ეს მაჩვენებლები გამოიყენება საძირესა და სანამყენესთვის;

ა.თ) პარტიის ნომერი;

ა.ი) რაოდენობა;

ა.კ) სიგრძე – მხოლოდ სამყნობი საძირე კალმებისთვის; 

ა.ლ) ნამყენის გაკეთების წელი;

ბ) ეტიკეტი უნდა შესაბამებოდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ბ.ა) ეტიკეტი ისე უნდა იყოს დაბეჭდილი, რომ იყოს ადვილად აღქმადი და მკვეთრად გამოხატული;

ბ.ბ) ეტიკეტი განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას;

ბ.გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული სხვა წარწერით ან გამოსახულებით;  

გ) საბოლოო მომხმარებლის მიერ მცირე რაოდენობით მოხმარებასთან დაკავშირებით გამარტივებული მოთხოვნა ეხება:

გ.ა)  ამ პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, როდესაც ვაზის გასამრავლებელი მასალა ერთ ერთეულზე მეტია, რაოდენობის მაგივრად უნდა მიეთითოს თითოეული შეკვრის ან კომპლექტის ერთეულში ზუსტი რაოდენობა;

გ.ბ) მხოლოდ ერთი ერთეულის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ინფორმაციის მაგივრად მიეთითება: მასალის ტიპი, კატეგორია, პარტიის ნომერი, რაოდენობა, საძირის სიგრძე, მოსავლის წელი;

დ) გამარტივებული მოთხოვნები ეხება იმ ვაზის მცენარეების  ფესვებს, რომლებიც არის ნებისმიერი სუბსტრატის შემცველ ქოთანში, შეფუთვისთვის განკუთვნილ სტანდარტულ კონტეინერსა და ყუთებში  და მისი შემადგენლობის გამო, ასეთი მასალის შეფუთვა (მათ შორის, ეტიკეტირება) ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე განთავსების მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევებში:

დ.ა) გასამრავლებელი მასალა უნდა ინახებოდეს ცალკე პარტიებად, რომლებიც სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული ყოველი ჯიშის, საჭიროების შემთხვევაში, ყოველი კლონისა და ყოველი ინდივიდის რაოდენობის შესაბამისად;

დ.ბ) ეტიკეტი არ არის სავალდებულო;

დ.გ) გასამრავლებელ მასალას უნდა ახლდეს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში, თანხმლები დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს:

ე.ა)  სულ მცირე, ორ ეგზემპლარად (გამგზავნი და მიმღები);

ე.ბ)  (მიმღების ასლი) გამგზავნის ადგილიდან მიმღების ადგილამდე;

ე.გ) მიწოდებულ თითოეულ ინდივიდუალურ პარტიასთან დაკავშირებით, უნდა მიეთითოს ყველა ინფორმაცია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა  შესაბამისად;

ე.დ) უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, ერთი წელი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის;

ვ) თითოეულ ინდივიდუალურ პარტიას  უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ვ.ა) წარმოშობის ქვეყანა;

ვ.ბ) მასერტიფიცირებელი ორგანოს დასახელება;

ვ.გ) რიგითი ნომერი;

ვ.დ) ტვირთის მფლობელი (მისამართი, რეგისტრაციის №);

ვ.ე) მიმღების მისამართი;

ვ.ვ) სახეობები;

ვ.ზ) მასალის ტიპი;

ვ.თ) კატეგორია;

ვ.ი) ჯიში/ჯიშები და, სადაც  გამოიყენება, კლონი/კლონები,  დაფესვიანებული ნამყენი ნერგები. ეს მითითება გამოიყენება  საძირე და სანამყენე ნაწილებისთვის;

ვ.კ) ყოველ პარტიაში ინდივიდების რაოდენობა;

ვ.ლ) პარტიების მთლიანი რაოდენობა;

ვ.მ) მიწოდების თარიღი.

2. ბაზარზე განთავსებად არ ჩაითვლება ვაზის გასამრავლებელი მასალის ისეთი მიწოდება, რომელიც არ არის კომერციული საქმიანობისთვის გამიზნული. კერძოდ:

ა) გასამრავლებელი მასალის მიწოდება სააგენტოსთვის სახელმწიფო ზედამხედველობით,  შემოწმების მიზნით;

ბ) გასამრავლებელი მასალის მიწოდება პროვაიდერებისათვის  წარმოების ან დაფასოების მიზნით, თუ მომსახურების პროვაიდერები არ მიიღებენ საკუთრებაში  მიწოდებულ მასალას.

დანართი №1

 

მავნე ორგანიზმები

ვაზის მავნე ორგანიზმებია:

ა) ვაზის ინფექციური დაავადებების გამომწვევი ვირუსები:

ა.ა)  Grapevine fanleaf virus (GFLV) – ვაზის მუხლთაშორისების დამოკლების ვირუსი;

ა.ბ) Arabis mosaic virus (ArMV)  არაბისის მოზაიკის ვირუსი;

ბ) ვაზის ფოთლის დახვევის დაავადებები:

ბ.ა) Grapevine leafroll-associated virus 1 (GLRaV-1) – ვაზის ფოთლის დახვევის ვირუსი – 1;

ბ.ბ) Grapevine leafroll-associated virus 3 (GLRaV-3) – ვაზის ფოთლის დახვევის ვირუსი – 3;

გ) ვაზის ლაქიანობის  ვირუსი – Grapevine fleck virus (GFkV) (მხოლოდ საძირესთვის).

დანართი   №2

შეფუთვა

1. შეფუთვის ან შეკვრის შემადგენლობა

1 – ტიპი

2 – ინდივიდების

რ-ბა

3 – მაქსიმალური რაოდენობა

 

დაფესვიანებული ნამყენები

25, 50, 100 ან 100-ის ჯერადი

500

დაფესვიანებული კალმები

50, 100 ან 100-ის ჯერადი

500

სანამყენე კალმები, რომლებიც შეიძლება იყოს:

- სულ მცირე ხუთი სასარგებლო თვალით;

- ერთი სასარგებლო თვალით.

 

100 ან 200

 

500 ან 500-ის ჯერადი

 

200

 

5000

 

სამყნობი საძირე მასალების/მარაგების კალმები

100 ან 100-ის ჯერადი

1000

 სანერგის კალმები

100 ან 100-ის ჯერადი

500

                                                                                                                       

2. სპეციალური მოთხოვნაა, რომ:

ა)   საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია ამ დანართის პირველ  სვეტში ჩამოთვლილი ყველა ტიპისა და კატეგორიის გასამრავლებელი მასალის შეფუთვისა და შეკვრის   ზომა (ინდივიდების რაოდენობა)  მე-2 სვეტში მითითებულ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები იყოს;

ბ) ფესვებიანი ვაზის მცენარეები მოთავსებული უნდა იყოს ნებისმიერი სუბსტრატის შემცველ ქოთანში, შეფუთვისთვის განკუთვნილ სტანდარტულ კონტეინერსა და ყუთებში. ფესვებიანი ვაზის მცენარეების შეფუთვისა და შეკვრის ზომის (ინდივიდების რაოდენობა) და მაქსიმალური ზომის მითითება სავალდებულო არ არის.