შპს „ნიუსტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

შპს „ნიუსტარის“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/33552-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
საქმე №2/33552-18

განჩინება

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2018 წლის 03 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი შპს „ნიუსტარი“

(საიდენტიფიკაციო კოდი 404960556)

დირექტორი – სერგო კაპანაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ერთპიროვნულად განიხილა განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ,

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნიუსტარის“ დირექტორმა სერგო კაპანაძემ და მოითხოვა  მოვალის გაკოტრებულად გამოცხადება რეგისტრაციის გაუქმების გზით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეათა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, შპს „ნიუსტარის“ დირექტორს სერგო კაპანაძეს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა, წარმოედგინა განცხადებაზე თანდართული უცხოენოვანი დოკუმენტების (ს.ფ. 15-18) სახელმწიფო ენაზე სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი.

2018 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ნიუსტარის“ დირექტორმა სერგო კაპანაძემ და ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა განცხადებაზე თანდართული უცხოენოვანი დოკუმენტების (ს.ფ. 15-18) სახელმწიფო ენაზე სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად   არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი  შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს „ნიუსტარს“ არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების  შესახებ’’  საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერც ერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაზე წარმოდგენილი მასალებით შპს ,,ნიუსტარს“ საბანკო ანგარიშებზე არ ერიცხება თანხა, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე (არ არსებობს არანაირი ქონება) ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ხარჯებიც კი, რაც ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად პირველი რიგის მოთხოვნას განეკუთვნება. ზემოაღნიშნული კანონი აწესებს მეურვის სავალდებულო ანაზღაურებას, რაც ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია. 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წარმოების განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-5, მე-7, მე-8, მე-16, მე-19, მე-20, მე-40 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.  შპს „ნიუსტარის“ (ს/ნ 404960556) დირექტორს სერგო კაპანაძეს უარი ეთქვას გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სასამართლოს დაფაზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა 5 დღის ვადაში მხარისათვის განჩინების გადაცემის ან გამოცემის დღიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი).

 

მოსამართლე                                                                                          თამარ ჭუნიაშვილი

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.