პროფესიული კავშირების შესახებ

პროფესიული კავშირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3825-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040040010.04.001.016259
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3825-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
040040010.04.001.016259
პროფესიული კავშირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს ორგანული კანონი

 

პროფესიული კავშირების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ეს კანონი ადგენს პროფესიული კავშირების (პროფკავშირების) შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს.

2. ეს კანონი აწესრიგებს:

ა) პროფესიული კავშირების შექმნასთან, მათი უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს;

ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 2. პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება

1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა.

2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება.

3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე.

4. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება შესაბამისად ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

5. 15 წლის ან 15 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას (მუშაკი) ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვს, შექმნას პროფესიული კავშირი, შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირიდან. დროებით უმუშევარს და პენსიონერს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად.

6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით.

7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ:

ა) საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე შექმნან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები;

ბ) შექმნან ეროვნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები).

8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს.

9. პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 25 პირის ინიციატივით.

10. ყველა პროფესიული კავშირი თანაბარი უფლებებით სარგებლობს.

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7182 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დარგობრივი პროფესიული კავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე, ერთი და იმავე პროფესიის მქონე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

გ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი პროფესიული კავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

დ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ე) პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ვ) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით;

ზ) პროფკავშირული ორგანო – ორგანო, რომელიც შექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად;

თ) პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი) – პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო;

ი) პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, რომელშიც ირიცხება 15 პროფკავშირის წევრზე ნაკლები, და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთა კრების რწმუნებით;

კ) დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი) – ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით), ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი);

ლ) მუშაკი – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას;

მ) პროფკავშირის წევრი – ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფესიული კავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში;

ნ) პროფკავშირული მუშაკი – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს პროფკავშირულ ორგანოში;

ო) კოლექტიური ხელშეკრულება – დამსაქმებელს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას და პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს;

პ) დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა (მეწარმეთა) შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს;

ჟ) გენერალური შეთანხმება – საქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) ყველა საქართველოს მოქალაქეზე და პროფკავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე (ასოციაციაზე);

გ) საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზე.

მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან (კავშირებისგან, ასოციაციებისგან), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას).

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საკუთარი წესდებით.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები.

მუხლი 7. პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიზნები და ამოცანები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრად მიღებისა და წევრობიდან გასვლის წესი, წევრთა უფლებები და მოვალეობები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) სტრუქტურა, უმაღლესი ორგანოებისა და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადები, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროები და გამოყენების წესი, წესდებაში ცვლილების შეტანის პირობები, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები, სახელწოდება, ადგილსამყოფელი და სამოქმედო ტერიტორია, აგრეთვე მისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განისაზღვრება პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდება, წესდებაში შეტანილი ცვლილებები რეგისტრირდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პროფესიული კავშირის რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები არ რეგისტრირდება.

4. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებს მისი წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 8. საქართველოს პროფესიული კავშირების სხვა ქვეყნის პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობა

საქართველოს პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნის პროფესიულ კავშირებთან, იყვნენ საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციათა წევრები, დადონ მათთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 9. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) რეორგანიზაცია ხდება პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად.

2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაცია ხდება:

ა) პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად;

ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

3. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

თავი II. პროფესიული კავშირის ძირითადი უფლებები

მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.

2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები.

3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.

4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.

5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში.

6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.

7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 11. დასაქმების ხელშეწყობის უფლება

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში.

2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამის პროფესიულ კავშირებს წინასწარ – 2 თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან შრომის პირობების გაუარესებას, გათავისუფლებულ მუშაკთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს განსახილველად წარუდგინოს წინადადება მუშაკთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადაწევის ან დროებით შეჩერების თაობაზე.

4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას.

5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან – პროფკავშირის წევრთან – შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ვადაზე ადრე შეიძლება გაუქმდეს შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან (პროფკომიტეტთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო.

7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხის განხილვაში.

მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.

2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 13. ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება

1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია, სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია.

3. პროფესიული კავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარებისას აკრძალულია მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედების განხორციელება.

მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა

პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საწარმოს ადმინისტრაციისგან, დამსაქმებლისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებისგან (კავშირისგან, ასოციაციისგან), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოსგან მიიღოს და განიხილოს მისი საწესდებო საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 15. პროფკავშირული მუშაკის სწავლება (მომზადება) და კვალიფიკაციის ამაღლება, პროფკავშირის წევრის სწავლება

პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია პროფკავშირულ მუშაკთა სწავლებისთვის (მომზადებისთვის) და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და პროფკავშირის წევრთა სწავლებისთვის შექმნას სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები.

მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვის პროფკავშირული კონტროლის უფლება

1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, დამსაქმებელს მოსთხოვოს ამ კანონის დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა.

3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, შრომის კანონმდებლობის დაცვის, აგრეთვე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებისა და გენერალური შეთანხმებების შესაბამისად.

მუხლი 17. გარემოს და შრომის პირობების დაცვაში მონაწილეობის უფლება

1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის, პროფესიული დაავადებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე სახელმწიფო პროგრამების, საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებაში, აგრეთვე საზოგადოებრივი კონტროლი გაუწიოს მათ განხორციელებას.

2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს შრომის პირობების ისეთი დარღვევების აღმოფხვრა, რომლებიც საშიშროებას უქმნის მუშაკის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

3. პროფესიული კავშირი, მისი შრომის დაცვის სამსახურის მუშაკები მონაწილეობენ საწარმოო ტრავმებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევაში.

4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობისა და დანადგარის დაპროექტებისას, მშენებლობისას და ექსპლუატაციაში მიღებისას მოითხოვოს მათი უსაფრთხოების შემოწმებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა.

მუხლი 18. სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება

პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, შრომითი კოლექტივის რწმუნებით ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში შექმნილ სახელმწიფო საკუთრების საპრივატიზაციო კომისიაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 19. საწარმოს მმართველობის კოლეგიური ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა

პროფესიულ კავშირს მუშაკთა, აქციონერთა, პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები საწარმოს მმართველობის კოლეგიურ ორგანოებში (სამეთვალყურეო საბჭოში, საკონსულტაციო საბჭოში, სხვა ორგანოში) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 20. შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში მუშაკთა შრომითი უფლებების, ინტერესების დაცვის და მათი წარმომადგენლობის უფლება

პროფესიულ კავშირს უფლება აქვს:

ა) მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილველ სხვა ორგანოში;

ბ) მუშაკებს – პროფკავშირის წევრებს – გაუწიოს სამართლებრივი დახმარება;

გ) თავისი სტრუქტურის ფარგლებში შექმნას იურიდიული განყოფილებები და კონსულტაციები.

მუხლი 21. პროფესიული კავშირის დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან,  მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან ურთიერთობები

1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობები რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში.

3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან) და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში არსებული მშრომელთა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანო არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული კავშირის კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად.

5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული  კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი III. პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიები

მუხლი 22. პროფესიული კავშირის ქონებრივი და ფინანსური უფლებების გარანტიები

1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) საკუთარი წესდების შესაბამისად ფლობს და განკარგავს მის მიერ შექმნილ ქონებასა და ფულად სახსრებს და სარგებლობს ამ ქონებითა და ფულადი სახსრებით. პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ხელშეუხებელია. არავის არა აქვს უფლება, განკარგოს, ჩამოართვას ან გადასცეს პროფესიული კავშირის ქონება და ფულადი სახსრები ამ პროფესიული კავშირის წესდებით გათვალისწინებული კოლეგიური (არჩევითი) ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. პროფესიული კავშირის ფინანსური სახსრები იქმნება საწევრო ანარიცხებისაგან, ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, შემოწირულებებისაგან, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, საგამომცემლო, სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობის შედეგად მიღებული თანხებისა და სხვა კანონიერი შემოსავლისაგან. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა ქვეყნიდან მიიღოს ქონება და ფულადი სახსრები მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

3. პროფესიულ კავშირს საკუთრებად შეიძლება ჰქონდეს: საწარმოები, წარმოების, ტრანსპორტისა და ინფორმაციის საშუალებები, შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები, აგარაკები, სამკურნალო, დასასვენებელი, კულტურის, განათლების, სპორტული და საბავშვო დაწესებულებები, მატერიალური და სულიერი კულტურის საგნები, ფული და ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე სხვა მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია მისი საწესდებო ამოცანების შესასრულებლად.

4. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწეოდეს სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობას მის მიერ დაფუძნებული საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საშუალებით.

5. სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო ამოცანების შესასრულებლად და არ შეიძლება განაწილდეს პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრ ორგანიზაციებს შორის.

6. პროფესიული კავშირი დამოუკიდებლად განსაზღვრავს მის განკარგულებაში არსებული ქონების, ფულადი სახსრების და მატერიალური ფასეულობების გამოყენების წესსა და მიმართულებებს, მის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრებიდან ადგენს პროფკავშირულ მუშაკთა ხელფასების ოდენობებს და მათი შრომის ანაზღაურების პირობებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. პროფესიულ კავშირს შეუძლია მოაწყოს საქველმოქმედო ღონისძიებები, დააზღვიოს პროფკავშირის წევრები, ეწეოდეს სხვა ჰუმანიტარულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8. პროფესიული კავშირი სამეწარმეო (სამეურნეო) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლიდან კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით იხდის გადასახადებს.

9. საწევრო ანარიცხებიდან, ნებაყოფლობითი შენატანებიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც გამოიყენება პროფესიული კავშირის საწესდებო ამოცანების შესასრულებლად, არ იბეგრება.

10. პროფკავშირულ მუშაკებს ხელფასებზე სპეციალური ფონდების ანარიცხები ერიცხებათ ისევე, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებს.

11. პროფესიული კავშირის მიერ საკუთარი წესდების შესაბამისად განხორციელებული საფინანსო საქმიანობა სახელმწიფო ორგანოების წინაშე ანგარიშგებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონებისა და ფულადი სახსრების გამოყენების წესი განისაზღვრება მისი წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 23. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული და ძირითად სამუშაოზე დასაქმებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები

1. მუშაკს, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში და გათავისუფლებული არ არის ძირითადი სამუშაოდან, შეიძლება მიეცეს საწარმოო საქმიანობისგან თავისუფალი დრო პროფკავშირული მოვალეობის შესრულებისთვის და ხანმოკლე სწავლებისთვის (კვალიფიკაციის ამაღლებისთვის) კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. მუშაკი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან პროფკავშირული კონფერენციის ან ყრილობის დელეგატად, თავისუფლდება საწარმოო საქმიანობისგან კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

3. დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის ან წევრის, პროფორგანიზატორის (პროფჯგუფორგის) სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინური წესით დასჯა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 24. პროფკავშირულ ორგანოში არჩეული, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებული პროფკავშირული მუშაკის დაცვის გარანტიები

1. მუშაკს, რომელიც პროფკავშირულ ორგანოში არჩევის გამო გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ ენიჭება უპირატესი უფლება, დაუბრუნდეს წინანდელ სამუშაოს (თანამდებობას) ან მიიღოს ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა).

2. არ შეიძლება პროფკავშირულ ორგანოში არჩეული მუშაკის დამსაქმებლის ინიციატივით დათხოვნა არჩევით თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის დამთავრებიდან 1 წლის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. პროფკავშირულ ორგანოში არჩეულ, ძირითადი სამუშაოდან გათავისუფლებულ პროფკავშირულ მუშაკს პროფკავშირულ ორგანოში მუშაობის დრო ჩაეთვლება საერთო შრომით სტაჟში.

4. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირის კომიტეტში (პროფკომიტეტში) არჩეული მუშაკი, რომელიც გათავისუფლდა ძირითადი სამუშაოდან, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) განსაზღვრული პირობების შესაბამისად სარგებლობს ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის შესაბამის მუშაკთათვის დადგენილი სოციალური და შრომითი უფლებებით.

მუხლი 25. დამსაქმებლის ვალდებულებები პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად

1. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია არსებული მატერიალური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში შექმნას პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის საჭირო პირობები, პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას სამსახურებრივი სარგებლობისთვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხარჯზე გადასცეს სათავსი, მოწყობილობა, კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მოქმედი პროფესიული კავშირის საქმიანობისთვის სხვა, დამატებითი მატერიალური პირობების შექმნა წესრიგდება კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

3. დამსაქმებელი, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია მუშაკთა – პროფკავშირის წევრთა – პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე ამ მუშაკთა ხელფასიდან ყოველთვიურად რიცხავს პროფკავშირულ საწევრო შენატანებს პროფესიული კავშირის ანგარიშზე კოლექტიური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

თავი IV. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა და პასუხისმგებლობა

მუხლი 26. პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვა

1. სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს პროფესიული კავშირის უფლებათა დაცვას.

2. პროფესიული კავშირისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლების დარღვევის შესახებ საქმეს განიხილავს სასამართლო.

მუხლი 27. პასუხისმგებლობა პროფესიული კავშირის უფლებათა დარღვევისთვის

1. ამ კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას), პროფკავშირის კომიტეტს, პროფკავშირის წევრს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასვას იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი ან სასამართლოში წარადგინოს სარჩელი ან შეიტანოს საჩივარი იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც არღვევს ამ კანონს, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, ნორმატიულ აქტებს, არ ასრულებს გენერალური შეთანხმებებით, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

მუხლი 28. პროფესიული კავშირის პასუხისმგებლობა

ამ კანონით, პროფესიული კავშირების შესახებ სხვა სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, ნორმატიული აქტებით, გენერალური შეთანხმებებით, დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმებებითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის, სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობილი მასობრივი საპროტესტო აქციის მომზადებისა და ჩატარებისთვის პროფესიული კავშირის და მისი ორგანოების ხელმძღვანელებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 29. გარდამავალი დებულება

პროფესიული კავშირი 2019 წლის 3 ივნისამდე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს საწარმოო ობიექტის, მექანიზმის, ხელსაწყოს, დანადგარისა და ინსტრუმენტის უსაფრთხოების ექსპერტიზაში მათი დაპროექტებისას, მშენებლობისას და ექსპლუატაციაში მიღებისას.

მუხლი 30. დასკვნითი დებულებები

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

2. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 3 ივნისიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 26 აპრილი, 1997, გვ. 6).


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3825-Iს