შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის შესახებ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის შესახებ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/31878-18
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/11/2018
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
2/31878-18
22/11/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის შესახებ შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/31878-18

 

განჩი ნე ბა

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

 

2018 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

 

მოვალე - შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯია“

დირექტორი - რევაზ აბესაძე .

 

მოთხოვნა - შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯია“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 

გამოარკვია:

2018 წლის 31 ოქტომბერს შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ სახელით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა კომპანიის დირექტორმა რევაზ აბესაძემ და აღნიშნა, რომ 2016 წლის 18 ნოემბერს შპს „სტარტაპ საქართველოს“ (ს/ნ/ 404515468) და შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ (ს/ნ 405174902) შორის 2016 წლის 11 მაისის მთავრობის 206 დადგენილებით დამტკიცებული „დამწყები საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება N201611-15, რომლითაც განისაზღვრა შემდეგი პირობები: ა) კრედიტორი გახდა მოვალის 31% წილის მესაკუთრე პარტნიორი; ბ) წილის სანაცვლოდ კრედიტორმა განახორციელა ინვესტიცია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით კომპანიის კაპიტალში; გ) პარტნიორთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო ინვესტიციის დაბრუნების პერიოდი და სარგებელი, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში კომპანიას უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს დაებრუნებინა ინვესტიცია, ხოლო კრედიტორი ამ შემთხვევაში ვალდებული იყო დაებრუნებინა წილი. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდგომ 2 წლის განმავლობაში კრედიტორს უჩნდებოდა ინვესტიციის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, სარგებლითურთ; დ) პარტნიორთა შეთანხმების მიხედვით, ინვესტიციის ვადამდელი მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვება შემდგომ შემთხვევებში: I. პარტნიორის/კომპანიის მიმართ დადგა გადახდისუუნარობის გარემოება; II. წარმოიქმნა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობა პარტნიორის/კომპანიის ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ (მათ შორის ვადამდე) მოთხოვნისათვის; III. მოთხოვნილი იქნა კომპანიის/პარტნიორის ნებისმიერი ვალის წინასწარი (ვადამდე) დაფარვა; IV. პარტნიორის/კომპანიის/კომპანიის დირექტორის მიერ დაირღვა კომპანიის წესდება; V. კომპანიის/პარტნიორის მიერ დაირღვა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ან/და მნიშვნელოვნად დაირღვა ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

კრედიტორის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულებები კომპანიის ქონებაზე და კომპანიის პარტნიორების (რევაზ აბესაძე პ/ნ 01026039886), ტარიელ ჩიგოგიძე პ/ნ 010226003258, სანდრო დარსაველიძეს პ/ნ 0100803149) წილებზე.

კომპანიამ 2017 წლის 27 თებერვალს გააფორმა იჯარის ხელშეკრულება სს „ანნაკორთან“ 2018 წლის 3 მარტამდე, ყოველთვიურად გადასახდელი იჯარის თანხა შეადგენდა 1880 (ათას რვაას ოთხმოცი) ლარს. ფართი მდებარეობს ქ. თბილისში, მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ №6/3 ნაკვეთზე განთავსებულ საწარმოო კორპუსის მეორე სართულზე არსებულ არასაცხოვრებელი სასაწყობო-საწარმოო ფართის ნაწილზე, 537 კვ.მ. ფართობით.

2018 წლის მარტში კომპანიამ მიმართა შპს „სტარტაპ საქართველოს“ წერილით, რომელშიც აღწერილი იყო, რომ კომპანიის წარმოებული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული იყო შეეწყვიტა წარმოება. აღნიშნული მომენტისათვის კომპანიას ამოეწურა ფინანსური რესურსები მიმდინარე ხარჯებისათვის, რის გამოც მან გადაიხადა იჯარის ბოლო თვის საფასური, თუმცა ვერ შეძლო ქონების (სამშენებლო ბლოკების დასამზადებელი საამქრო) დემონტაჟი და ფაქტობრივად დარჩა აღნიშნულ ფართში, ხოლო შპს „სტარტაპ საქართველოს“ და კომპანიის მცდელობას მეიჯარესთან სამმხრივი შეთანხმებით მომხდარიყო ქონების რეალიზაცია შედეგი არ მოჰყვა. მეიჯარე უარს ამბობდა ყოველგვარ მოლაპარაკებებზე, თუ შედეგად მისი დაუყოვნებლივი დაკმაყოფილება არ მოხდებოდა. მეიჯარის მიმართ მიწერილ წერილებში, კომპანიამ ნათლად დაუსაბუთა, რომ არ აპირებს მოლაპარაკებების თავის არიდების გზით გაჭიანურებული იჯარის გაზრდილი გადასახადის ცნობას, რომლის პასუხად მეიჯარემ კომპანიას საკუთარ ქონებასთან წვდომის შეზღუდვა დაუდასტურა. აღნიშნულის შემდგომ კომპანიამ და შპს „სტარტაპ საქართველომ“ გააფორმეს ურთიერთშეთანხმება, რომლის მიხედვით კომპანია ცნობს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე და იღებს ვალდებულებას დაიწყოს გადახდისუუნარობის პროცედურა.

შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნია კრედიტორის შპს „სტარტაპ საქართველოს“ მიმართ დავალიანება დასაბრუნებელი ინვესტიციის სახით 115,133 (ას თხუთმეტი ათას ას ოცდაცამეტი) ლარი, აღნიშნულ ოდენობას ემატება ყოველდღიურად წლიური 10%. ამავე დროს კომპანიის ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილია ვალდებულებების შესრულება განთავსებულია მეიჯარის ფართზე.

კომპანიას ასევე გააჩნია საიჯარო დავალიანება სს „ანნაკორის“ მიმართ.

მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება შეფასებულ იქნა კვალიფიციური აუდიტ-შემფასებლის (შპს ,,ეკონომ აუდიტი“ ს/ნ 400107745) მიერ და ჯამში შეადგინა 106,600 (ას ექვსი ათას ექვსასი) ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ქონების რეალიზაციით ვერ ხერხდება არათუ საერთო ვალდებულებების, არამედ თავად კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის დირექტორმა მოითხოვა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება და კრედიტორთა მიმართ ვალდებულების უზრუნველსაყოფად აუქციონზე რეალიზებულ იქნეს კომპანიის მთელი ქონება, რომელიც მდებარეობას სს „ანნაკორის“ კუთვნილ ფართში: ქ. თბილისში, მუხიანის საცხოვრებელი რ-ნის მიმდებარედ №6/3 ნაკვეთზე განთავსებულ საწარმოო კორპუსის მეორე სართულზე არსებულ არასაცხოვრებელი სასაწყობო-საწარმოო ფართის ნაწილზე.

განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან კომპანიის ხელთ არსებული ფულადი რესურსები სრულად არის ამოწურული, პროცესის ხარჯები დაიფაროს ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: ა) განცხადებასთან ერთად სს ,,თიბისი ბანკიდან“ წარმოდგენილი ამონაწერი არ იყო ამომწურავი და არ იძლეოდა სრულყოფილ ინფორმაციას კომპანიის საბანკო ანგარიშების შესახებ, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი ცნობა შემოსავლების სამსახურიდან შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ საბანკო ანგარიშების თაობაზე; ბ) არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფლობს თუ არა კომპანია უძრავ ქონებას ან არის თუ არა იგი რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად; გ) არ იყო წარმოდგენილი ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რეგისტრირებულია თუ არა კომპანიის სახელზე სატრანსპორტო საშუალება; დ) განცხადებაში ერთ-ერთ მოვალედ დასახელებულია სს ,,ანნაკორი“, თუმცა არ იყო მითითებული ვალდებულების მოცულობა, რომელიც კომპანიას გააჩნია კრედიტორის მიმართ; ე) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას თან არ ერთვოდა შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ დირექტორის (და არა პარტნიორთა შეთანხმება) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება; ვ) იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებელი ითხოვდა კომპანიის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებას და არ გაკოტრებას, მას უნდა წარმოედგინა ასევე სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ დირექტორმა და აღნიშნა, რომ მოთხოვნას წარმოადგენს კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. ამასთან მიუთითა, რომ მოვალე ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, რადგან ქონება, რომელიც გააჩნია კომპანიას საკუთრებაში, განთავსებულია ერთ-ერთი კრედიტორის სს ,,ანნაკორის“ კუთვნილ ფართზე და კომპანიას შეზღუდული აქვს მასზე წვდომა, რასაც მეიჯარე თავად ადასტურებს მის მიერ გამოგზავნილ წერილში.

განმცხადებელმა განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადა არის დასრულებული, მისი გაგრძელება კი მხოლოდ მხარეთა მიერ ახალი ხელშეკრულების დადებით იყო შესაძლებელი. უსამართლოა სს ,,ანნაკორის“ მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, მით უმეტეს, რომ მეიჯარე თავისი მოქმედებით ყველანაირად ხელს უწყობდა და უწყობს მოვალის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას. მოვალე თვლის, რომ შპს ,,ეკო ბილს ჯორჯიას“, როგორც მოიჯარის სს ,,ანნაკორის“ მიმართ (ს/ნ 200266666) მიმდინარე დავალიანება შეადგენს აპრილის თვიდან ნოემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო თანხების ჯამს, ხელშეკრულების მიხედვით თვეში გადასახდელი იყო 1 880 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 15 040 (თხუთმეტი ათას ორმოცი) ლარს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ასევე წარმოდგენილი იქნა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ კომპანიას აქვს ერთადერთი მოქმედი ანგარიში სს ,,თიბისი ბანკში’’, რომელზედაც თანხა არ გააჩნია (იხ. ცნობა სს ,,თიბისი ბანკიდან“, ს.ფ. 120). წარმოდგენილია ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომელთა თანახმად შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ასევე კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად.

განცხადებას ერთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმად შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადახდისუუნარობა არის მოვალის უუნარობა, დააკმაყოფილოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნა.

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 18 ნოემბერს შპს „სტარტაპ საქართველოს“ (ს/ნ/ 404515468) და შპს „ეკო ბილდ ჯორჯიას“ (ს/ნ 405174902) შორის გაფორმებული პარტნიორთა შეთანხმება №201611-15, რომლის თანახმად პარტნიორი და კომპანია სოლიდარულად ვალდებულები არიან ამ ხელშეკრულების 7.2. პუნქტში განსაზღვრულ ვადაში, ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში შეისყიდონ ფონდის საკუთრებაში არსებული წილი, ამ ხელშეკრულებით დადგენილი ფასით და პირობით.

ამავე ხელშეკრულების შესაბამისად გაყიდვის ოფციის რეალიზაცია შესაძლოა დაიწყოს ფონდის მიერ კაპიტალშენატანის ნებისმიერი ოდენობით განხორციელების დღიდან ნებისმიერ დროს იმ შემთხვევაში თუ: I. პარტნიორის/კომპანიის მიმართ დადგა გადახდისუუნარობის გარემოება; II. წარმოიქმნა კანონმდებლობით განსაზღვრული პირობა პარტნიორის/კომპანიის ვალდებულების შესრულების დაუყოვნებლივ (მათ შორის ვადამდე) მოთხოვნისათვის; III. მოთხოვნილ იქნა კომპანიის/პარტნიორის ნებისმიერი ვალის წინასწარი (ვადამდე) დაფარვა; IV. პარტნიორის/კომპანიის/კომპანიის დირექტორის მიერ დაირღვა კომპანიის წესდება; V. კომპანიის/პარტნიორის მიერ დაირღვა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ან/და მნიშვნელოვნად დაირღვა ამ ხელშეკრულებების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

როგორც განმცხადებელი განმარტავს, შპს „ეკო ბილდ ჯორჯია“ -ს 2018 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით გააჩნია კრედიტორის შპს „სტარტაპ საქართველო“-ს მიმართ დავალიანება დასაბრუნებელი ინვესტიციის სახით 115,133 (ას თხუთმეტი ათას ას ოცდაცამეტი) ლარი, აღნიშნულ ოდენობას ემატება ყოველდღიურად წლიური 10%. ხოლო მეორე კრედიტორის სს ,,ანნაკორის“ მიმართ (ს/ნ 200266666) დავალიანება ჯამში შეადგენს 15 040 (თხუთმეტი ათას ორმოცი) ლარს. ამასთან კომპანიის აქტივი შეფასებულია 106,600 (ას ექვსი ათას ექვსასი) ლარად.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ეკო ბილდ ჯორჯიას“ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლო წარმოებაში.

2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.

4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება.

5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.

6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.

7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

8. განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2019 წლის 9 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზი №23 (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.

11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ არაუგვიანეს 2018 წლის 6 დეკემბრამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კნ. №6).

 

მოსამართლე                                                                                                                             გენადი მაკარიძე