საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 81801544646
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
81801544646
03/12/2018
ვებგვერდი, 06/12/2018
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე. ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროების ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, წარმოგიდგენთ ერთობლივ ანგარიშს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის №23/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს. აღნიშნული სამმართველოს უფროსად 2017 წლის 1 იანვრიდან განსაზღვრული იყო ნინო გაბრიელაშვილი, ხოლო 2018 წლის 10 ივლისიდან დღემდე განსაზღვრულია მარიამ ძიძიგური. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №03/276 ბრძანებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრული იყო იურიდიული დეპარატმენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო გადილია.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე წარმოდგენილ იქნა 939 განცხადება (საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა), მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობა შეადგენს 363, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში შემოსული განცხადებები, უმეტესწილად, შეიცავდა საჯარო ინფორმაციის ერთზე მეტ, ხშირ შემთხვევაში კი მრავალ მოთხოვნას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ელექტრონული ფორმით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://mes.gov.ge/publicInfo/?page_id=13, http://mcs.gov.ge/Public-Info.asp, mc@culture.gov.ge) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.

წარმოდგენილი განცხადებებიდან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. დასაბუთებული უარი ეთქვა 33 განმცხადებელს, ნაწილობრივ უარი 29 განმცხადებელს (აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს კონსტიტუცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი). 21 განცხადებაზე მიმდინარეობს წარმოება. კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და შენახვას. სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავების და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებული წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაჩივრდა სამინისტროს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამინისტროს დაევალა განცხადებით მოთხოვნილი ნაწილი ინფორმაციის გაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული, ვინაიდან გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

2018 წლის განმავლობაში სამინისტროში წარმოდგენილი იქნა 2 ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. ვინაიდან სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებული იყო შესაბამისი რეაგირება მოთხოვნის ფარგლებში, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ხოლო მეორე ადმინისტრაციულ საჩივარზე მიმდინარეობს წარმოება.

ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.

მიხეილ ბატიაშვილი                                                  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი