დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 355 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016855 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ III, 20/01/2010წ., №6, მუხ. 51) დამტკიცებული ინსტრუქციის 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება უსინათლო, ყრუ, სმენადაქვეითებული ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით 1. გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას. 2. გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე სმენადაქვეითებულმა პირმა თავად უნდა წაიკითხოს გარიგების ტექსტი და მის ბოლოს დამმოწმებელი პირის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, გარიგება შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს მას. 3. გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მოთხოვნით, გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია ხელმოწერის დამოწმებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და რომელიც დაადასტურებს ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ნების შესაბამისობას გარიგების შინაარსთან. ასეთი პირის მონაწილეობას უზრუნველყოფს გარიგების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. სხვა შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება ხორციელდება მის დამმოწმებელსა და წერა-კითხვის მცოდნე ყრუ ან სმენადაქვეითებულ პირს შორის წერილობითი კომუნიკაციის საშუალებით. 4. თუ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება სრულდება წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირის მონაწილეობით, ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია წაუკითხოს მას გარიგების ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს მასში. უსინათლო პირის მოთხოვნის შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე, რომელიც ხელმოწერის დამმოწმებლის თანდასწრებით აცნობს გარიგების ტექსტს უსინათლო პირს. უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით გარიგებაზე ხელის მოწერისას ხელმომწერმა წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სანოტარო დოკუმენტი მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) ნამდვილობის თაობაზე. 5. თუ გარიგების მონაწილე უსინათლოს აქვს ბრაილის შრიფტით კითხვის უნარი, ასეთ შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ შესაძლებელია ამ შრიფტის გამოყენებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმება. ბრაილის შრიფტის გამოყენებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას გამოიყენება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი წესები. გარიგების უსინათლო მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებას ესწრება არანაკლებ ერთი მოწმე. წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს აწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. 6. თუ გარიგებაზე ხელმოწერა მოწმდება წერა-კითხვის არმცოდნე პირის, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის მონაწილეობით, ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია გარიგებაზე ხელმოწერა დაამოწმოს მოწმის ან/და თარჯიმნის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ, ან სმენადაქვეითებული პირის ნებას. აღნიშნულის შესახებ უნდა მიეთითოს გარიგების ტექსტში. მოწმის ან/და თარჯიმნის მონაწილეობას უზრუნველყოფს წერა-კითხვის არმცოდნე, წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული პირი. 7. გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია სათანადოდ დაადგინოს მოწვეული მოწმის ან/და თარჯიმნის ვინაობა. მოწვეული პირი ვალდებულია ხელმოწერის დამმოწმებელს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ ან სმენადაქვეითებული პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ხელმოწერის დამმოწმებელი პირი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, რის თაობაზეც სპეციალურად აღინიშნება გარიგების ტექსტში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული პირის მიმართ მოქმედებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციით თარჯიმნის მიმართ დადგენილი ნორმები. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი. 10. გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი პირი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს გარიგების ტექსტში. 11. თუ გარიგების მონაწილის ნაცვლად ან მასთან ერთად დოკუმენტს ხელს აწერს სხვა პირი ამ მუხლით დადგენილი რომელიმე მიზეზის გამო, ეს პირი შეიძლება იყოს გარიგების მონაწილის ნათესავი ან სხვა პირი, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იყოს გარიგების მეორე მონაწილე. 12. უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული, ან წერა-კითხვის არმცოდნე პირის ნებისა და გარიგების შინაარსის შესაბამისობის დამოწმებისას მოწმის, თარჯიმნის ან სხვა პირის ხელმოწერა განიხილება ამ დამოწმების შემადგენელ ნაწილად და არ შეიძლება განხილულ იქნეს ცალკე მომსახურებად. ასეთ შემთხვევაში საფასური გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირის/პირთა რიცხოვნობის გათვალიწინებით, რომლის/რომელთა კანონიერ ინტერესსაც ემსახურება ეს გარიგება. 13. ამ მუხლით განსაზღვრული წესების მიხედვით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ გარიგების მონაწილე პირებისათვის გასაგებია გარიგების შინაარსი და მისი შედეგები, ასევე მათ მიერ გამოხატული ნების შესაბამისობა იმ ტექსტთან, რომელთან დაკავშირებითაც იქნა იგი გამოვლენილი. გარიგებაზე ხელმოწერის დამმოწმებელი ვალდებულია არ განახორციელოს მომსახურება, თუ ეჭვი ეპარება ამ მუხლით დადგენილი პირობების დაცულობაში და ვერ ადგენს ამ მუხლით გათვალისწინებული პირის ნების გამოვლენის ნამდვილობას.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები