ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 253/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016353
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
253/04
30/11/2018
ვებგვერდი, 30/11/2018
220010040.18.011.016353
ფულადი სახსრების გადარიცხვის და ვირტუალური აქტივის გადაცემის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/11/2018 - 26/06/2019)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №253/04

2018 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება

 


მუხლი 1. დებულების გავრცელების სფერო
1. ამ დებულების მიზანია განისაზღვროს გადარიცხვის ოპერაციაში გადამხდელისა და მიმღების შესახებ ის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელიც თან უნდა ახლდეს აღნიშნულ გადარიცხვას მისი შესრულების ყველა ეტაპზე. ეს დებულება ვრცელდება ისეთ გადარიცხვებზე, რომლის გადამხდელის ან/და მიმღების საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.

2. ეს დებულება ვრცელდება გადარიცხვის ოპერაციებზე ნებისმიერ ვალუტაში, რომელიც იგზავნება, გადაცემულია ან მიღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ.

3. ეს დებულება არ ვრცელდება საგადახდო ბარათის, ელექტრონული ფულის ინსტრუმენტის, მობილური ტელეფონის საშუალებით, ან გადამხდელის სხვა მსგავსი ციფრული ან ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მოწყობილობით (შემდგომში – ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტი) ინიცირებული გადარიცხვის  ოპერაციებზე, თუ სრულდება შემდეგი ორივე პირობა:

ა) ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტის საშუალებით ხორციელდება საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა;

ბ) ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტის ნომერი თან ახლავს გადახდის ოპერაციას მისი შესრულების ყველა ეტაპზე, იმგვარი სახით, რომ შესაძლებელი იყოს გადახდის ოპერაციის დაკავშირება გადამხდელთან.

4. დებულება ასევე არ ვრცელდება შემდეგი გადარიცხვის ოპერაციებზე:

ა) გადამხდელის მიერ საკუთარი ანგარიშიდან თანხის გატანა ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში გადახდის ოპერაცია;

გ) პროვაიდერებს შორის განხორციელებული გადახდის ოპერაციები ან ანგარიშსწორება, რომლებშიც გადამხდელი და მიმღები საკუთარი სახელით მოქმედი პროვაიდერებია.

5. ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება საქონლის ან მომსახურების საფასურის გადარიცხვის ოპერაციებზე, თუ დაცულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) მიმღების და გადამხდელის პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა;

ბ) გადამხდელის პროვაიდერსა და მიმღებს შორის არსებული ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა, რომლის საფუძველზეც ყალიბდება გადახდის ოპერაცია, უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის დანიშნულების დადგენას;

გ) გადამხდელის პროვაიდერს ან/და მიმღების პროვაიდერს მიმღების მეშვეობით აქვს ტრანზაქციის უნიკალური კოდის ან სხვა რეკვიზიტის საშუალებით საქონლის ან მომსახურების მიმღების დადგენის შესაძლებლობა;

დ) ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში.

6. საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესებით შესაძლოა დადგენილი იყოს გადამხდელისა და მიმღებისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა სხვა დამატებითი ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. დებულებაში მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შუამავალი პროვაიდერი – საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რომელიც არ არის გადამხდელის ან მიმღების პროვაიდერი და რომელიც იღებს გადახდის ოპერაციას გადამხდელის ან სხვა შუამავალი პროვაიდერისგან და გადასცემს მას მიმღების ან სხვა შუამავალ პროვაიდერს;

ბ) გადარიცხვა (ან გადარიცხვის ოპერაცია) – გადამხდელის დავალებით/თანხმობით პროვაიდერის მიერ ელექტრონული საშუალებით თანხის გაგზავნა მიმღებისთვის ოპერაციის თანხის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, გადამხდელის და მიმღების სახელზე ანგარიშების გაუხსნელად. გადარიცხვისას, გადამხდელი და მიმღები შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს ან ორივეს ერთი პროვაიდერი უწევდეს საგადახდო მომსახურებას. კერძოდ, გადარიცხვაში შედის:

ბ.ა) საკრედიტო გადარიცხვა;

ბ.ბ) სადებეტო გადარიცხვა (მათ შორის, პირდაპირი დებეტი);

ბ.გ) ფულადი გზავნილები, როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო;

ბ.დ) ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული გადახდის ოპერაცია;

გ) დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციები – ერთსა და იმავე გადამხდელსა და მიმღებს შორის პროვაიდერის მიერ განსაზღვრულ დროის გონივრულ პერიოდში შესრულებული გადარიცხვები. ასევე, პროვაიდერის მიერ პოლიტიკით ან/და პროცედურებით დამატებით განსაზღვრული სხვა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც გადარიცხვის ოპერაციები დაკავშირებულად განიხილება;

დ)  ტრანზაქციის უნიკალური კოდი – პროვაიდერის მიერ საგადახდო სისტემის ან შეტყობინებების გაცვლის სისტემის წესების საფუძველზე, ან/და მისი შიდა სისტემისთვის  განსაზღვრული ასოების, ციფრების, სიმბოლოების ან სხვა მონაცემების კომბინაცია, რომელიც ენიჭება აღნიშნული სისტემებით შესრულებული გადახდის ოპერაციებს და რომელიც უზრუნველყოფს გადახდის ოპერაციის დაკავშირებას გადამხდელსა და მიმღებთან.

2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 22 იანვრის №8/04 ბრძანებით დამტკიცებული „გადახდის ოპერაციის შესრულების წესით“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. გადამხდელის პროვაიდერის ვალდებულება გადარიცხვის თანმხლებ ინფორმაციასთან დაკავშირებით
1. გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გადარიცხვის ოპერაციას თან ახლდეს გადამხდელის და მიმღების შესახებ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

2. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გადარიცხვის ოპერაციას თან ახლდეს:

ა) გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა.ა) გადამხდელის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი);

ა.ბ) გადამხდელის ანგარიშის ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას თან უნდა ახლდეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი);

ა.გ) გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი ან პირის საიდენტიფიკაციო ნომერი ან დაბადების თარიღი და ადგილი;

ბ) მიმღების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) მიმღების სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი);

ბ.ბ) მიმღების ანგარიშის ნომერი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას უნდა გაყვეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი).

3. თუ გადახდის ოპერაციის შესრულებაში მონაწილე ყველა პროვაიდერი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, მაშინ გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გააყოლოს გადარიცხვის ოპერაციას, სულ მცირე, გადამხდელის და მიმღების ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას უნდა გაჰყვეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი). თუ გადარიცხვის ოპერაციის ინიცირება ხორციელდება ელექტრონულად, საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ან სხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, გადამხდელის ვერიფიკაცია დასაშვებია განხორციელდეს იმ პროვაიდერის მიერ, ვისაც გატარებული აქვს ამ გადამხდელის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები. 

4. თუ მიმღების პროვაიდერი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია გააყოლოს გადარიცხვის ოპერაციას სულ მცირე გადამხდელის და მიმღების სახელწოდებები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და ანგარიშის ნომრები (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გადახდის ოპერაციას უნდა გაჰყვეს ტრანზაქციის უნიკალური კოდი).

5. გადამხდელის პროვაიდერმა არ უნდა შეასრულოს გადარიცხვის ოპერაცია, თუ მას გადამხდელის მიმართ არ გაუტარებია  შემოწმების (ვერიფიკაციის) პროცედურები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირის ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან

ბ) გადამხდელისგან თანხის მიღება განხორციელდა ნაღდი ფულით ან ანონიმური ელექტრონული ინსტრუმენტით; ან

გ) არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების  ეჭვი.

6. ამ მუხლით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციებისთვის დადგენილი გადამხდელის შესახებ მონაცემები გადამოწმებული (ვერიფიცირებული) უნდა იყოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტების შესაბამისად.


მუხლი 4. გადამხდელის პროვაიდერის ვალდებულება მიმღების და შუამავალი პროვაიდერების მიმართ 
გადამხდელის პროვაიდერი ვალდებულია, უზრუნველყოს, მიმღების პროვაიდერისგან ან შუამავალი პროვაიდერისგან მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, სამი სამუშაო დღის ვადაში, მათთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:

ა) თუ გადარიცხვის ოპერაციის თანხა ან დაკავშირებული გადარიცხვის ოპერაციების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ – გადამხდელის და მიმღების შესახებ ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის და „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულიდან ერთ-ერთი ინფორმაციის;

ბ) თუ გადარიცხვის ოპერაციის თანხა არ აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში, მაშინ – გადამხდელის და მიმღების სახელწოდებები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) და ანგარიშის ნომრები (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - ტრანზაქციის უნიკალური კოდი).


მუხლი 5. მიმღების  პროვაიდერის ვალდებულება გადარიცხვის თანმხლებ ინფორმაციასთან დაკავშირებით
1. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური პროცედურები, რომელთა საშუალებით განახორციელებს მიღებულ გადარიცხვებში (შემდგომში- ჩარიცხვები) გადამხდელსა და მიმღებზე ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობის შემოწმებას დროის რეალურ რეჟიმში ან შემდგომი მონიტორინგის გზით.

2. მიმღების პროვაიდერმა არ უნდა  დააკრედიტოს მიმღების ანგარიში ან არ უნდა გახადოს ხელმისაწვდომი თანხა მიმღებისთვის, თუ  მას მიმღების მიმართ არ გაუტარებია შემოწმების (ვერიფიკაციის) პროცედურები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირის ვერიფიკაციისა და დოკუმენტაციის/ინფორმაციის შენახვის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ჩარიცხვის თანხა ან დაკავშირებული ჩარიცხვების ჯამური თანხა  აღემატება 1000 ევროს ან 1000 აშშ დოლარს ან 3000 ლარს, ან ამ უკანასკნელის ეკვივალენტს სხვა უცხოურ ვალუტაში; ან

ბ) ფულადი გზავნილის ნაღდი ფულით გატანისას ან ანონიმურ ელექტრონულ ინსტრუმენტზე გადატანისას;

გ) თუ არის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების ეჭვი.


მუხლი 6. შუამავალი პროვაიდერის ვალდებულება გადარიცხვის თანმხლებ ინფორმაციასთან დაკავშირებით
1. შუამავალმა პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს გადახდის ოპერაციაში არსებული გადამხდელის და მიმღების შესახებ ყველა ინფორმაციის გადაცემა მიმღების ან სხვა შუამავალი პროვაიდერისათვის.

2. შუამავალი პროვაიდერი ვალდებულია დანერგოს ეფექტური რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელთა საშუალებით განახორციელებს გადარიცხვებში გადამხდელსა და მიმღებზე ამ დებულებით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობის დადგენას დროის რეალურ რეჟიმში ან შემდგომი მონიტორინგის გზით.


მუხლი 7. გადარიცხვები არასრული თანმხლები ინფორმაციით
1. მიმღების პროვაიდერმა უნდა დანერგოს ეფექტური, რისკზე დამყარებული პროცედურები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რისკზე დამყარებულ მიდგომას და რომლის საფუძველზეც პროვაიდერი განსაზღვრავს არასრული თანმხლები ინფორმაციით მიღებული ჩარიცხვების შესრულების, უკან დაბრუნების ან მიმღების ანგარიშზე ჩარიცხვის/მიმღებისთვის ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის შეჩერების საკითხებს, ასევე აღნიშნულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით პროვაიდერის შემდგომი ქმედებების საკითხებს (მათ შორის, გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერისგან ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვას).

2. რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, მიმღების პროვაიდერი თავად განსაზღვრავს როდის განახორციელებს გადამხდელის ან შუამავალი პროვაიდერისგან ინფორმაციის გამოთხოვას - მიმღების ანგარიშზე თანხის დაკრედიტებამდე/მიმღებისთვის თანხის ხელმისაწვდომობა თუ მას შემდეგ. მიმღების პროვაიდერი ასევე უფლებამოსილია შეაჩეროს ან არ შეასრულოს და უკან დააბრუნოს ჩარიცხვა.

3. რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, შუამავალი პროვაიდერი თავად განსაზღვრავს, როდის განახორციელებს გადამხდელის ან სხვა შუამავალი პროვაიდერისგან ინფორმაციის გამოთხოვას – გადარიცხვის ოპერაციის მიმღების ან სხვა შუამავალი პროვაიდერისთვის გადაცემამდე თუ მას შემდეგ. შუამავალი პროვაიდერი ასევე უფლებამოსილია შეაჩეროს ან არ შეასრულოს და უკან დააბრუნოს გადარიცხვის ოპერაცია.

4. თუ პროვაიდერი არ უზრუნველყოფს გადამხდელის ან მიმღების შესახებ ამ დებულებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდებას, მიმღების ან შუამავალმა პროვაიდერმა ზემოაღნიშნული პროვაიდერის რისკისა და დარღვევის სიხშირის გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მისი გაფრთხილების ან ამ პროვაიდერისათვის ვადის დადგენის შესახებ, რომლის შემდგომაც ინფორმაციის მოწოდების ვალდებულების დარღვევის გამო მიმღების ან შუამავალი პროვაიდერი აღარ მიიღებს მისგან ჩარიცხვებს ან შეზღუდავს ან შეწყვეტს მასთან საქმიან ურთიერთობას.