დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3724-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010020000.04.001.016255 |
|
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ადგენს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებს − საქართველოს სახელმწიფო დროშას, საქართველოს სახელმწიფო გერბს და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს. მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა 1. საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი. ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის ბოლნურ-კაცხური ჯვარი. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და სტანდარტული ზომები განისაზღვრება ამ კანონის №1 და №2 დანართებით. მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო გერბი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო გერბის ფორმითა და მცირე სახელმწიფო გერბის ფორმით. 2. სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები. 3. მცირე სახელმწიფო გერბი არის ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია. 4. სახელმწიფო გერბისა და მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებები განისაზღვრება ამ კანონის №3 დანართით. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა განისაზღვრება ამ კანონის №4 და №5 დანართებით. მუხლი 5. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 14 ნოემბერი 2018 წ. N3724-Iს |
დანართი №1
დანართი №2
დანართი №3
სახელმწიფო გერბი
მცირე სახელმწიფო გერბი
დანართი №4
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი
„თავისუფლება“
ლექსი დავით მაღრაძის
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, განათებული მთა-ბარი, წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება, დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.
დანართი №5
|
დოკუმენტის კომენტარები