დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 549 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.020865 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/11/2018 - 10/02/2020)
|
მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
|
მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მოთხოვნები გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შესახებ (შემდგომში − წესი) ადგენს მოთხოვნებს გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ მათი წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს. მუხლი 2. მიზანი და გამოყენების სფერო 1. ეს წესი მიზნად ისახავს გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მომხმარებელთა უფლებებისა და გარემოს დაცვას. 2. ეს წესი ადგენს გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაციისა და მათზე სახელმწიფო კონტროლის პროცედურებსა და მოთხოვნებს ეტიკეტირების მიმართ. 3. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება: ა) სურსათად გამოსაყენებელ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმზე, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; ბ) სურსათზე, რომელიც შეიცავს ან შედგება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან; გ) სურსათზე, რომელიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან ან შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებულ ინგრედიენტებს; დ) ცხოველის საკვებად გამოყენებულ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმზე, რომელსაც ან რომლის ცალკეულ ნაწილებსაც არ აქვს გამრავლების ან/და გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი; ე) ცხოველის საკვებზე, რომელიც შეიცავს ან შედგება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან; ვ) ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან. 4. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი/ცხოველის საკვები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ორგანიზმი − რეპლიკაციის ან გენეტიკური ინფორმაციის გადაცემის უნარის მქონე ნებისმიერი ბიოლოგიური არსება; ბ) განზრახ გამოთავისუფლება − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმ(ებ)ის ან მათი კომბინაცი(ებ)ის გარემოში ნებისმიერი წინასწარი განზრახვით გამოთავისუფლება, როდესაც მათი ადამიანებსა და გარემოსთან კონტაქტის შეზღუდვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფისათვის არ ხდება არანაირი დაცვითი ზომების გამოყენება; გ) გარემოს მიმართ რისკის (ეკოლოგიური რისკის) შეფასება − გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში განზრახ გამოთავისუფლებით ან ბაზარზე განთავსების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე პირდაპირი ან არაპირდაპირი, მყისიერი ან კუმულაციური რისკების შეფასება; დ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − (შემდგომში − გმო), სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი ორგანიზმი, რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რომლებიც არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი − სურსათი, რომელიც შეიცავს, შედგება ან წარმოებულია გმო-დან; ვ) გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის საკვები − ცხოველის საკვები, რომელიც შეიცავს, შედგება ან წარმოებულია გმო-დან; ზ) სურსათში გამოყენებისთვის განკუთვნილი გმო − გმო, რომელიც შესაძლებელია, უშუალოდ იქნეს გამოყენებული სურსათად ან გამოყენებულ იქნეს სურსათის წარმოებისათვის საწყის ნედლეულად; თ) ცხოველის საკვებში გამოყენებისთვის განკუთვნილი გმო − გმო, რომელიც შესაძლებელია, უშუალოდ გამოყენებულ იქნეს ცხოველის საკვებად ან გამოყენებულ იქნეს ცხოველის საკვების წარმოებისათვის საწყის ნედლეულად; ი) გმო-დან წარმოებული − გმო-დან სრულად ან ნაწილობრივ მიღებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს გმო-ს ან არ შედგება გმო-სგან; კ) საკონტროლო ნიმუში − გმო ან მისი გენეტიკური მასალა (დადებითი ნიმუში) და საწყისი (მშობლიური) ორგანიზმი ან მისი გენეტიკური მასალა, რომელიც გამოყენებულ იქნა გენეტიკური მოდიფიკაციის მიზნით (უარყოფითი ნიმუში); ლ) ჩვეულებრივი (ტრადიციული) ანალოგი − მსგავსი, ანალოგიური სურსათი ან ცხოველის საკვები, რომელიც არ არის წარმოებული გენეტიკური მოდიფიკაციის საშუალებით და რომელსაც აქვს უვნებელი გამოყენების კარგად დასაბუთებული ისტორია; მ) ინგრედიენტი − ნებისმიერი ნივთიერება ან პროდუქტი, მათ შორის, არომატიზატორი, საკვებდანამატი, საკვები ფერმენტი და ასევე შედგენილი ინგრედიენტის ნებისმიერი შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სურსათის წარმოების ან/და დამზადებისას და მზა სურსათში არსებობს საწყისი ან/და შეცვლილი ფორმით. ნარჩენები არ მიეკუთვნება ინგრედიენტს; ნ) ბაზარზე განთავსება − ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება; ო) საზოგადოებრივი კვების ობიექტი − ნებისმიერი დაწესებულება, სატრანსპორტო საშუალებების, სტაციონარული, მობილური ჯიხურის (ფარდული, სავაჭრო დახლი) ჩათვლით (მაგალითად, რესტორანი, სასადილო, სკოლა, საავადმყოფო და სარესტორნო მომსახურება (სურსათის მომზადებისა და მიწოდების სერვისი)), სადაც სავაჭრო-საწარმოო საქმიანობით ხდება საბოლოო მომხმარებლისათვის მზა სურსათის დამზადება; პ) დაფასოებული სურსათი − საცალო ვაჭრობის პუნქტში განთავსებამდე წინასწარ ნაწილობრივ ან მთლიანად შეფუთული ერთეული, რომელიც მიეწოდება საბოლოო მომხმარებელს ან/და საზოგადოებრივი კვების ობიექტს, რომელიც შედგება სურსათისა და შესაფუთი მასალისაგან და რომლის შიგთავსის შეცვლა შეუძლებელია შეფუთვის გახსნის ან შეცვლის გარეშე. დაფასოებულ სურსათს არ განეკუთვნება სურსათი, რომლის შეფუთვა ხდება საცალო ვაჭრობის პუნქტში მომხმარებლის თხოვნით ან წინასწარ დაფასოებულია დაუყოვნებლივ (უშუალოდ) რეალიზაციის მიზნით; ჟ) გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაცია − პროცესი, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მარეგულირებელი სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს მიერ ბაზარზე დაშვებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ავტორიზებული სურსათისა და ცხოველის საკვების სახელმწიფო რეესტრში შეტანასა და საქართველოს ბაზარზე განთავსების დაშვებას; რ) ავტორიზაციის მაძიებელი − გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაციის შესახებ განაცხადის შემტანი ბიზნესოპერატორი; ს) უნიკალური იდენტიფიკატორი − ციფრული ან ანბანურ-ციფრული მარტივი კოდი, რომლითაც შესაძლებელია გმო-სა და მისი მიღებისათვის გამოყენებული ტრანსფორმაციის ავტორიზებული მეთოდის იდენტიფიკაცია, რაც ამ გმო-ს შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა. 2. ამ წესის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სურსათი /ცხოველის საკვები: ა) არ უნდა ახდენდეს მავნე ზეგავლენას ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობაზე ან გარემოზე; ბ) არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი; გ) არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ტრადიციული ანალოგისაგან, ანუ იმ სურსათის/ცხოველის საკვებისგან, რომელთა ჩანაცვლებისთვისაც არის განკუთვნილი, ამასთან, კვებითი ღირებულების თვალსაზრისით, მისი ზომიერი, ჩვეულებრივი მოხმარება უსარგებლო არ უნდა იყოს ადამიანის ან/და ცხოველის კვებისათვის. 2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველის საკვები ზიანს არ უნდა აყენებდეს ან შეცდომაში არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის დამახასიათებელ თვისებებზე მავნე ზემოქმედებით. 3. სურსათში გამოსაყენებლად განკუთვნილი გმო ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სურსათი ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. 4. ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, გამოყენება ან გადამუშავება დასაშვებია მხოლოდ ამ წესით განსაზღვრული ავტორიზაციის პირობების დაკმაყოფილების შემდეგ. 5. სურსათში გამოსაყენებლად განკუთვნილი გმო ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სურსათის, ასევე ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ − „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ცხოველის საკვების ავტორიზაციისათვის აუცილებელია ავტორიზაციის მაძიებლის მიერ შესაბამისად და სრულყოფილად იქნეს დასაბუთებული, რომ აღნიშნული პროდუქტი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაცია ვრცელდება: ა) გმო-სა და სურსათზე, რომელიც შეიცავს ამ გმო-ს ან შედგება ამ გმო-სგან, ასევე სურსათზე, რომელიც წარმოებულია ან შეიცავს ამ გმო-დან წარმოებულ ინგრედიენტებს; ბ) სურსათზე, რომელიც წარმოებულია გმო-დან, ასევე სურსათზე, რომელიც წარმოებულია ან შეიცავს ასეთ სურსათს; გ) ინგრედიენტზე, რომელიც წარმოებულია გმო-დან, ასევე სურსათზე, რომელიც შეიცავს ამ ინგრედიენტს. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაცია ვრცელდება: ა) გმო-სა და ცხოველის საკვებზე, რომელიც შეიცავს ამ გმო-ს ან შედგება ამ გმო-სგან, ასევე ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია ამ გმო-დან; ბ) ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია გმო-დან, ასევე ცხოველის საკვებზე, რომელიც წარმოებულია ან შეიცავს ასეთ ცხოველის საკვებს. 8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ავტორიზაციის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, განახლება, შეცვლა, შეჩერება ან გაუქმება დასაშვებია ამ წესის შესაბამისად. 9. ავტორიზაციის მაძიებელი ან მისი წარმომადგენელი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ავტორიზაციის გავლის შემდეგ რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 5. ავტორიზაციის პირობები და პროცედურები 1. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების ავტორიზაციას, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად, ახორციელებს სააგენტო. 2. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის საკვების ავტორიზაციისათვის ავტორიზაციის მაძიებელი ვალდებულია, სააგენტოში წარადგინოს განაცხადი. განაცხადს თან უნდა ახლდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ავტორიზაციის მაძიებლის გვარი, სახელი, მისამართი; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება, დანიშნულება, მისი მახასიათებლები, გამოყენებული ტრანსფორმაციის შედეგ(ებ)ის ჩათვლით; გ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია, რომელიც უზრუნველყოფს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის“ II დანართით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას; დ) საჭიროების შემთხვევაში, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და დამუშავების მეთოდის დეტალური აღწერის, ხოლო ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, დამატებით, ასევე ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; ე) საჭიროების შემთხვევაში, ყველა სხვა მასალის ასლი, მათ შორის, სადაც შესაძლებელია დამოუკიდებელი, რეცენზირებული კვლევები, რომლითაც დადასტურებული იქნება, რომ სურსათი/ცხოველის საკვები შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ვ) გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათიდან წარმოებული სურსათის ბაზარზე განთავსების შესაბამისი პირობები, მათ შორის, გამოყენებისა და განკარგვის (მოპყრობის) სპეციალური პირობები; ზ) გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების და/ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათიდან/ცხოველის საკვებიდან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების ტრანსფორმაციის შედეგის დეტექციისა და იდენტიფიკაციის მეთოდები და ნიმუშის აღების მეთოდები, ნიმუშის აღების კანონმდებლობით დადგენილი ან სტანდარტული მეთოდების ჩათვლით; თ) სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშები, ასევე ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც ხელმისაწვდომია ეტალონური (რეფერენტული) ნიმუშები; ი) შესაბამისი ინფორმაცია, რითაც დადასტურებულია, რომ სურსათის/ცხოველის საკვების მახასიათებლები არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი ტრადიციული ანალოგის მახასიათებლებისაგან, მათი დასაშვები ბუნებრივი ცვლილებების ზღვრების გათვალისწინებით, ასევე სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტის ნიმუში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; კ) ყველა დასაბუთებული განაცხადი, მათ შორის, ეტიკეტზე, რომ სურსათი/ცხოველის საკვები არ გამოიწვევს რაიმე სახის რელიგიურ ან ეთნიკურ პრობლემას; ლ) საჭიროების შემთხვევაში, წინადადებები სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების შემდგომი მონიტორინგის განხორციელებისათვის; მ) წარდგენილი ინფორმაციის რეზიუმე. 3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი დაკავშირებულია გმო-სთან, რომელიც განკუთვნილია სურსათში/ცხოველის საკვებში გამოყენებისთვის, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სურსათი/ცხოველის საკვები ნიშნავს სურსათს/ცხოველის საკვებს, რომელიც შეიცავს, წარმოადგენს ან წარმოებულია იმ გმო-სგან, რომელზედაც ავტორიზაციის მაძიებელს შეაქვს განაცხადი. 4. გმო-ის შემთხვევაში ან სურსათის/ცხოველის საკვების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს გმო-ს ან შედგება გმო-სგან, ავტორიზაციის განაცხადს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა, თან უნდა ახლდეს: ა) გმო-ს დახასიათება-აღწერა; ბ) გარემოს მიმართ რისკის (ეკოლოგიური რისკის) შეფასების დოკუმენტები; გ) მონიტორინგის გეგმა, გარემოს მიმართ რისკის (ეკოლოგიური რისკის) შეფასების განხორციელებისათვის, დროის იმ პერიოდის მითითებით, რომელშიც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი. 5. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაცია დაკავშირებულია ნივთიერებასთან, რომლის გამოყენება და ბაზარზე განთავსება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მაშინ ავტორიზაციის განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს ამ ნივთიერების სტატუსი, ასევე მისი რეგისტრირებულ ან/და დაშვებულ ნივთიერებათა სიაში შეტანის ან სიიდან ამოღების საჭიროება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 6. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების ავტორიზაციისათვის სააგენტომ უნდა განახორციელოს შემდეგი პროცედურები: ა) დაადასტუროს ამ მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ავტორიზაციის შესახებ განაცხადისა და საჭირო ინფორმაციის მიღება, შესაბამისი თარიღის მითითებით და ავტორიზაციის მაძიებელს არაუგვიანეს 14 დღის ვადაში აცნობოს წერილობით განაცხადის მიღების თაობაზე; ბ) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დამადასტურებელი ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის მიზნით, უზრუნველყოს მოკლე ანგარიშის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება; გ) შეიმუშაოს ავტორიზაციის განაცხადის მომზადებისა და წარდგენის წესები და ასევე გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ერთიანი რეესტრის ფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის. 7. სააგენტომ ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვისა, უნდა უზრუნველყოს განაცხადისა და თანმხლები ინფორმაციის განხილვა. ამ ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია სააგენტოს მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნების შემთხვევაში. 8. სააგენტო ავტორიზაციის მაძიებელს განუსაზღვრავს ვადას დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ და აცნობებს წერილობით. 9. სააგენტოს მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის განხილვა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს დამატებითი ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 10. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისათვის დაშვებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) ავტორიზაციის მაძიებლის გვარი, სახელი, მისამართი; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება, დანიშნულება და ძირითადი მახასიათებლები; გ) ევროკავშირის ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მარეგულირებელი სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს მიერ გმო-სთვის მინიჭებული უნიკალური იდენტიფიკატორი; დ) საჭიროების შემთხვევაში, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის“ II დანართით განსაზღვრული ინფორმაცია; ე) სურსათის და/ან ამ სურსათიდან წარმოებული სურსათის ეტიკეტის, ცხოველის საკვების ეტიკეტის ნიმუშის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი პირობების და/ან შეზღუდვების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებასთან და/ან განსაკუთრებული პირობებისა და შეზღუდვების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ეკოსისტემის/გარემოს ან გეოგრაფიული არეალის დაცვის უზრუნველყოფისათვის მათ გამოყენებასა და უშუალოდ მოპყრობასთან, ასევე ბაზარზე განთავსების შემდგომ მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელიც გამომდინარეობს რისკის შეფასებიდან; ზ) ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის რეფერენტ-ლაბორატორიების მიერ ვალიდური მეთოდების შესახებ ნიმუშის აღებისა და ტრანსფორმაციის იდენტიფიკაციისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, ვალიდური მეთოდების შესახებ სურსათში და/ან ამ სურსათიდან წარმოებულ სურსათსა და ცხოველის საკვებში ტრანსფორმაციის აღმოჩენისა და იდენტიფიკაციისათვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია საჭირო რეფერენტული ნიმუშის ადგილმდებარეობის შესახებ. 11. გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათზე/ცხოველის საკვებზე სააგენტოს მიერ ავტორიზაცია გაიცემა ევროკავშირის ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მარეგულირებელი სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის ვადის შესაბამისად. 12. თუ ავტორიზაცია განხორციელდა იმ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მაშინ მისი ბაზარზე განთავსება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 13. საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობისა და შემდგომი განხილვების მიზნით, სააგენტოს მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება განთავსებულ უნდა იქნეს სააგენტოს ვებგვერდზე 30 დღის განმავლობაში. მუხლი 6. ავტორიზაციის შეცვლა, შეწყვეტა, გაუქმება და განახლება 1. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ავტორიზაციის შეცვლა, შეწყვეტა და გაუქმება ხორციელდება ევროკავშირის ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების მარეგულირებელი სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის შეცვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შესაბამისად. 2. სააგენტოს მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ავტორიზაციის განახლებისათვის ავტორიზაციის მაძიებელმა სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე. ავტორიზაციის განახლება ხორციელდება ევროკავშირის ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაციის განახლების შესაბამისად, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ. მუხლი 7. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირება 1. გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სურსათის ნებისმიერი მახასიათებლის ან თვისების შესახებ, რომელიც ავტორიზაციის პირობებით არის განსაზღვრული, კერძოდ: ა) თუ სურსათი განსხვავდება მისი ტრადიციული ანალოგისაგან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს სურსათის: ა.ა) შემადგენლობა; ა.ბ) კვებითი ღირებულება ან კვებითი ეფექტი (კვებითი დანიშნულება); ა.გ) მიზნობრივი გამოყენება; ა.დ) მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ჯანმრთელობაზე ზეგავლენა; ბ) ეთნიკური და რელიგიური პრობლემები, რომელიც შესაძლებელია, გამოიწვიოს სურსათის მოხმარებამ. 3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველის საკვების ეტიკეტზე მითითებული უნდა იქნეს ცხოველის საკვების ნებისმიერი მახასიათებლის ან თვისების შესახებ, რომელიც ავტორიზაციის პირობებით არის განსაზღვრული, კერძოდ: ა) თუ ცხოველის საკვები განსხვავდება მისი ტრადიციული ანალოგისაგან, ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს ცხოველის საკვების: ა.ა) შემადგენლობა; ა.ბ) კვებითი თვისებები; ა.გ) მიზნობრივი გამოყენება; ა.დ) ცხოველის გარკვეული სახეობებისა და კატეგორიების ჯანმრთელობაზე ზეგავლენა; ბ) ეთნიკური და რელიგიური პრობლემები, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს ცხოველის საკვების გამოყენებამ. მუხლი 8. საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობა 1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ავტორიზაციის განაცხადი, ავტორიზაციის მაძიებლის გვარი, სახელი, ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. 2. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ მიეკუთვნება: ა) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება და შემადგენლობა, საჭიროების შემთხვევაში, სუბსტრატისა და მიკროორგანიზმის მითითება; ბ) გმო-ს ზოგადი დახასიათება და ავტორიზაციის მფლობელის გვარი, სახელი, მისამართი; გ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გმო-ს, სურსათის/ცხოველის საკვების ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური მახასიათებლები; დ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გმო-ს, სურსათის/ცხოველის საკვების ზემოქმედება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე; ე) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გმო-ს, სურსათის/ცხოველის საკვების ზეგავლენა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მახასიათებლებსა და მათ კვებით თვისებებზე; ვ) ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გმო-ს, სურსათის/ცხოველის საკვების გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის/ცხოველის საკვების და/ან გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათიდან/ცხოველის საკვებიდან წარმოებული სურსათის/ცხოველის საკვების ტრანსფორმაციის შედეგის დეტექციისა და იდენტიფიკაციის მეთოდები და ნიმუშის აღების მეთოდები. 3. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ეხება ადამიანის/ცხოველის ჯანმრთელობას ან გარემოს დაცვას. მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათისა და ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ახორციელებენ: ა) სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო; ბ) სსიპ − შემოსავლების სამსახური.
|
დოკუმენტის კომენტარები