ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020857
539
14/11/2018
ვებგვერდი, 14/11/2018
240110000.10.003.020857
ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №539

2018 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის 31-ე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  დამტკიცდეს:

1. ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესი (შემდგომში − წესი) (დანართი №1).

2. ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შემოწმების ოქმის ფორმა, თანდართული სახით (დანართი №2).

3. ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის აღების ფორმა, თანდართული სახით (დანართი №3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი №1
ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესი

თავი I. ბაზარზე ზედამხედველობის წესი


მუხლი 1. ბაზარზე ზედამხედველობის მიზანი

ბაზარზე ზედამხედველობის მიზანია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა (შემდგომში − კოდექსი) და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზარზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ან/და აღკვეთის გზით, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს პროდუქტით გამოწვეული ზიანისგან დაცვა.

მუხლი 2. ბაზარზე ზედამხედველობის პრინციპები

1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება რისკის ანალიზსა და საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით და მოიცავს მხოლოდ იმ პროდუქტებს, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს რისკის ან მათი კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ ინფორმაცია და რომლებიც მაღალი ალბათობით გამოიწვევენ საფრთხეს ან/და ზიანს.

2. ბაზარზე ზედამხედველობა უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, რაც გულისხმობს, რომ შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე გამოვლენილი შეუსაბამობის ტიპის, შესაძლო ზიანისა და საფრთხის სიმძიმის თანაზომიერი.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემზღუდველი ღონისძიებები − სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, ბაზრიდან გამოთხოვისა და განადგურების შესახებ;

ბ) ინფორმაციის წყაროები − საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანო ან/და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო, ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემები, მომხმარებელთა დაცვის ორგანიზაციები, უშუალოდ მომხმარებელი, ეკონომიკური ოპერატორი;

გ) პროდუქტის ნიმუში − კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებთან პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად განსაზღვრული, ერთგვაროვანი პროდუქტების პარტიის, სერიის ან ერთობლიობის წარმომადგენლობითი ეგზემპლარი.

2.  ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც დადგენილია ამ რეგლამენტითა და კოდექსით.

მუხლი 4. ზოგადი დებულებები

1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით:

ა) პროაქტიულად − ბაზარზე ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად;

ბ) რეაქტიულად − არაგეგმურად, პროდუქტთან დაკავშირებული რისკის ან/და საფრთხის არსებობის შესახებ ინფორმაციის ან საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში.

2. ბაზარზე ზედამხედველობის მიზნებისთვის, სააგენტო მოქმედებს საფუძვლიან ეჭვსა და რისკის ანალიზზე დაყრდნობით, მათ შორის, იყენებს წარსულში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგებსა და ინფორმაციის წყაროების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას, რათა განსაზღვროს რისკის შემცველი და კოდექსისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტები და განახორციელოს ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები, მათ შორის, წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვში ჩართული სუბიექტების იდენტიფიცირება, ბაზარზე შესაბამისი პროდუქტის მოცულობის დადგენა და მოსახლეობაზე შესაძლო ზეგავლენის განსაზღვრა.

მუხლი 5. ბაზარზე პროაქტიული ზედამხედველობა

1. სააგენტო ბაზარზე პროაქტიულ ზედამხედველობას ახორციელებს ბაზარზე ზედამხედველობის გეგმის შესაბამისად, რომელიც მოიცავს ადამიანის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, საკუთრებასთან ან/და გარემოსთან დაკავშირებული რისკის შემცველ პროდუქტებს.

2. ბაზარზე ზედამხედველობის გეგმაში პროდუქტები შეიტანება რისკის ანალიზის საფუძველზე, შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

ა) ინფორმაციის წყაროებისგან მიღებულ პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაცია;

ბ) წარსულში პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის ან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ არსებული ინფორმაცია;

გ) ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მახასიათებლები, მოცულობა და მომხმარებლებზე მისი შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა;

დ) პროდუქტები, რომელთა დანიშნულებით გამოყენება გამიზნულია მომხმარებელთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მუხლი 6. ბაზარზე რეაქტიული ზედამხედველობა

ბაზარზე რეაქტიული ზედამხედველობა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც  სააგენტოს, ინფორმაციის წყაროებზე დაყრდნობით, გააჩნია შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ/შესაძლო საფრთხეს;

ბ) ავარიის ან/და უბედური შემთხვევის შესახებ, რომელსაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება ან ფატალური შედეგი.

მუხლი 7. ინფორმაციის წარდგენა

1. ამ დადგენილების  მე-5  მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, გარდა სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემებისგან მიღებული ინფორმაციისა, სააგენტოს წარედგინება წერილობითი ფორმით, მატერიალურად ან/და ელექტრონულად. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის განცხადების ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 8. ბაზარზე ზედამხედველობის დაგეგმვა

1. ბაზარზე ზედამხედველობის განსახორციელებლად, სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს უფროსს შესათანხმებლად წარუდგინოს ზედამხედველობის გეგმა.

2. ზედამხედველობის გეგმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ზედამხედველობის განხორციელებისას თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობებით, მათ შორის, სპეციალური სამსახურებრივი ფორმით, სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათით, ნიმუშის აღების სათავსებით, საკმარისი რაოდენობის დასალუქი ბეჭდებით, ნიმუშის აღების ფორმით, ტექნიკური შემოწმებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტებით, შემოწმების ოქმითა და ლაბორატორიაში ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტით.

მუხლი 9. ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები

1. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტის განთავსების ადგილზე შემოწმების დაწყებამდე, სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების ასლი და განუმარტოს სააგენტოს წარმომადგენლისა და ეკონომიკური ოპერატორისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები და ვალდებულებები. 

2. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის დოკუმენტური შემოწმებისას, სააგენტო უფლებამოსილია,  ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აუცილებელია და საკმარისია კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება რეალიზაციის, ხოლო, დადასტურებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში, წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში.

4. ბაზარზე ზედამხედველობისას სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ  მოთხოვნებთან.

5. სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს და ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, გადასცეს შესაბამისი პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, რომლის შესყიდვის ხარჯის ანაზღაურებას არეგულირებს კოდექსი.

6. ბაზარზე ზედამხედველობის ეფექტიანად განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს პროდუქტის ფარული შესყიდვა.

7. სააგენტოს წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია.

8. ბაზარზე ეფექტიანი ზედამხედველობის განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ბაზარზე განთავსების თარიღის, ასევე გაყიდული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტის რაოდენობის შესახებ.

9.  ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტის შემოწმებისას გამოვლენილი შეუსაბამობის დამატებით ვიზუალურ მტკიცებულებად სააგენტოს მიერ შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ფოტო ან/და ვიდეომასალა.

10. ბაზარზე ზედამხედველობის შედეგები აისახება შემოწმების ოქმში.

11. სააგენტო ვალდებულია, ბაზარზე პროდუქტის შემოწმების შედეგებისა და საფრთხეების აღმოსაფხვრელად გასატარებელი ზომების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, აუცილებლობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ − შემოსავლების სამსახურს.

მუხლი 10. შემოწმების ოქმი

1. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ადგილზე დგება შემოწმების ოქმი, რომელიც მოიცავს:

ა) ტექნიკური შემოწმების შედეგებსა და გამოვლენილ შეუსაბამობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ბ) დოკუმენტური შემოწმების შედეგებსა და გამოვლენილ შეუსაბამობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) შესაბამის შემთხვევებში, შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ კოდექსით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებსა და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს.

2. შემოწმების ოქმს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ეკონომიკური ოპერატორი ან მისი წარმომადგენელი. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან შემოწმების ოქმის ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, სხვა ორი პირის თანდასწრებითა და ხელმოწერით. ამასთან, მას შეიძლება დაერთოს ეკონომიკური ოპერატორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ოქმთან/პროდუქტთან დაკავშირებული წერილობითი განმარტება.

3. შემოწმების ოქმის ფორმა მოცემულია დანართის სახით.

4. ოქმები სააგენტოში ინახება ხუთი წლის განმავლობაში. ისინი შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ, დადგენილი წესით, აღირიცხება სააგენტოს აქტების აღრიცხვის რეესტრში. რეესტრის ფორმა განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შემოწმების ოქმის განხილვა უნდა შედგეს სააგენტოში და მას უნდა ესწრებოდეს სააგენტოს უფროსი, შემოწმების განმახორციელებელი სააგენტოს თანამშრომელი/თანამშრომლები და ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. სააგენტო ვალდებულია, სხდომის ჩატარებამდე ეკონომიკური ოპერატორის მიერ მიწოდებული, სხვადასხვა წყაროს საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული ფოსტით ან/და ტელეფონით, მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკურ ოპერატორს ან/და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს სხდომის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ.

6. ეკონომიკური ოპერატორისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაცნობილად/ჩაბარებულად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 11. ნიმუშის აღების წესი

1. სააგენტო უფლებამოსილია, აიღოს პროდუქტის ნიმუშები საბაჟო სასაზღვრო კონტროლის, რეალიზაციის, ხოლო, პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში, დასაწყობებისა და წარმოების ადგილებში.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ნიმუშის ტექნიკური შემოწმება განახორციელოს ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, გადააგზავნოს შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოსაცდელად.

3. ეკონომიკური ოპერატორი ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უფლებამოსილია, დაესწროს ნიმუშის აღების პროცესს და აღნიშნულის დასადასტურებლად ხელი მოაწეროს ნიმუშის აღების ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ოპერატორი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უარს აცხადებს ხელმოწერაზე, უფლებამოსილია, შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს ნიმუშის აღების ფორმაში.

4. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, ნიმუშის აღების პროცედურისთვის და ნიმუშების რაოდენობის განსასაზღვრად ასევე გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით  დადგენილი მოთხოვნები.

5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სტანდარტით არ განისაზღვრება გამოსაცდელი ნიმუშების რაოდენობა, გამოსაცდელი ნიმუშების რაოდენობა უნდა შეირჩეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სერიაში/პარტიაში არსებული პროდუქტების ადეკვატური წარმომადგენლობა და მათი გამოცდის შედეგად, სერიაში/პარტიაში არსებული კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

6. ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტის ნიმუშის აღებისას, ადგილზე ივსება პროდუქტის ნიმუშის აღების ფორმა, რომლის დედანი რჩება სააგენტოში, დედნის მე-2 გვერდის ასლი (ნიმუშის აღებაში მონაწილე პირები) გადაეცემა ეკონომიკურ ოპერატორს, ხოლო დედნის პირველი გვერდის ასლი (ნიმუში) − შესაბამისი აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის უფლებამოსილ წარმომადგენელს, პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის დაწყებამდე.

7. აღებული ნიმუშებიდან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ეკონომიკურ ოპერატორს და დანარჩენი ეგზავნება  შესაბამის აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას პროდუქტზე კვლევის განსახორციელებლად.

8. პროდუქტზე ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელებისას, გამოსაცდელი ნიმუში აღებული უნდა იქნეს თავისივე შეფუთვით. ნიმუში ლაბორატორიაში გადაგზავნამდე პროდუქტის შემოწმების ადგილზევე უნდა განთავსდეს შესაბამის სათავსში (კონტეინერში) და დაილუქოს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი გახსნა ლუქის ან/და სათავსის დაზიანების გარეშე.

9. ნიმუშის სათავსი უნდა გაიხსნას მხოლოდ შემოწმების მიზნით სააგენტოს ან/და ლაბორატორიის ტერიტორიაზე.

 10. ნიმუშის სათავსზე დატანილი უნდა იყო შემდეგი ინფორმაცია:

ა) სააგენტოს დასახელება;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლის სახელი, გვარი და ხელმოწერა;

გ) ნიმუშის აღების თარიღი და ადგილი;

დ) ნიმუშის საიდენტიფიკაციო მონაცემები − დასახელება, აღწერა და პროდუქტის მიკვლევადობისთვის საჭირო ნებისმიერი მონაცემი, მათ შორის, სერიის, პარტიის ან/და მოდელის მაჩვენებელი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტს თან არ ახლავს რაიმე სახის საიდენტიფიკაციო მონაცემი, მიკვლევადობის მიზნით, დატანილი უნდა იქნეს შესაბამისი პროდუქტის დამატებითი აღწერილობა;

ე) ნიმუშის სათავსის ნომერი.

11. აღებული ნიმუშების ტრანსპორტირება და შენახვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნიმუშის, სათავსის, შესაბამისი ლუქისა და სათავსზე დატანილი აღწერილობის დაზიანება.

12. სააგენტო ვალდებულია, პროდუქტის გამოსაცდელ ნიმუშს შესაბამის ლაბორატორიაში გაგზავნამდე თან დაურთოს ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტი. აკრედიტებული  ლაბორატორია ვალდებულია, შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია, ხელი მოაწეროს აღნიშნულ აქტს და სააგენტოს დაუბრუნოს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით.

 13. გამოსაცდელი ნიმუშის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. შესაბამისი ლაბორატორია ვალდებულია, პროდუქტის გამოსაცდელი ნიმუშის შემოწმების შემდეგ სააგენტოს გადასცეს შემოწმებული ნიმუში და წერილობით წარუდგინოს ნიმუშის შემოწმების შედეგები.

თავი II.

პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესი

მუხლი 12. შემზღუდველი ღონისძიებები

1. პროდუქტის დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების განხორციელების შემდგომ, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი სააგენტოს უფროსს წარუდგენს შემოწმების ოქმსა და მოხსენებით ბარათს დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმების შედეგების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობის რისკისა და საფრთხის კატეგორიების გათვალისწინებით გამოვლინდა შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიებების დაკისრების აუცილებლობა, მოხსენებით ბარათში უნდა აღიწეროს შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიების გატარების აუცილებლობა, შემდეგი გარემოებების აღწერის თანხლებით:

ა) დარღვევებით გამოწვეული საფრთხეები;

ბ) შესაბამისი ზიანი/ნეგატიური ზეგავლენა ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მიმართ;

გ) საფრთხეების გავრცელების მასშტაბი;

დ) ბაზარზე განთავსებული/რეალიზებული პროდუქტის რაოდენობა (ზუსტი მონაცემების არქონის შემთხვევაში, მიახლოებითი რაოდენობა);

ე) პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ეკონომიკური ოპერატორების შესახებ ინფორმაცია;

ვ) შემზღუდველი ღონისძიებ(ებ)ის გატარების გონივრული ვადა;

ზ) შემზღუდველი ღონისძიებ(ებ)ის შედეგების მონიტორინგის მეთოდი და პროცესის აღწერა;

თ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების აღწერა.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ეკონომიკური ოპერატორებისგან მიღებულ, ამ წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გეგმის შედგენას, რომელიც მოიცავს, პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა ეკონომიკური ოპერატორების მიერ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობას, ზედამხედველობის თანმიმდევრობასა და შესაბამის ვადებს. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი გეგმას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფრომაციასთან ერთად, წარუდგენს სააგენტოს უფროსს.

3. პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობისას, კოდექსისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო, „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ეკონომიკურ ოპერატორს განუსაზღვრავს შესაბამის შემზღუდველ ღონისძიებას, რომელიც მიიღება სააგენტოს უფროსის დადგენილების სახით.

4. სააგენტო აკონტროლებს შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შემზღუდველი ღონისძიებების განხორციელებას ან შემოწმების ოქმში მითითებული შეუსაბამობის აღმოფხვრას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება მიიღება შემოწმების ოქმის შედგენიდან არაუმეტეს 45 დღის ვადაში.

6. შემზღუდველი ღონისძიების შესახებ დადგენილება საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. სააგენტოს მიერ განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიების ეფექტიანი აღსრულებისა და საფრთხის შემცველი პროდუქტის მიკვლევადობისთვის, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია:

ა) შესაბამისი პროდუქტის/პროდუქტების პარტიის/სერიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეინახოს ბაზარზე განთავსებიდან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური რეგლამენტით არ დგინდება შესაბამისი ვადა − 10 წლის განმავლობაში;

ბ) ფლობდეს ინფორმაციას პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში ჩართულ იმ ეკონომიკურ ოპერატორებზე, რომლებისგანაც მიიღო და რომლებსაც გადასცა შესაბამისი პროდუქტი.

8. იმ შემთხვევაში, თუ შემზღუდველი ღონისძიება ხორციელდება ინფორმაციის წყაროებიდან მიღებული პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტოს წარმომადგენელი შემოწმების ადგილზე უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს პროდუქტის დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმება;

ბ) „ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიის განსასაზღვრად აიღოს ნიმუში ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით;

გ) გამოითხოვოს მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

დ) შეადგინოს შემოწმების ოქმი.

9. სააგენტოს წარმომადგენელი ვალდებულია, ეკონომიკური ოპერატორისა და პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ასევე შესაბამისი დადგენილების რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია ასახოს სააგენტოს აქტების აღრიცხვის რეესტრში.

10. სააგენტო ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში, პროდუქტისა და მასზე გამოვლენილი დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია განათავსოს სააგენტოს ვებგვერდზე, შესაბამისი შემზღუდველი ღონისძიების შესახებ დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 

11. იმ შემთხვევაში, თუ კოდექსით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგად გამოვლინდა დადგენილებაში მითითებულ გონივრულ ვადაში შემზღუდველი ღონისძიებების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა:

ა) პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის თაობაზეც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი;

ბ) დგება შესაბამისი ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ, რომელიც შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად იგზავნება სასამართლოში.

მუხლი 13. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება

1. რეალიზაციის შეჩერების შესახებ სააგენტოს დადგენილება უნდა შეიცავდეს პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, რაოდენობისა და გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოსწორებამდეც  ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს დადგენილების შესაბამისად, პროდუქტის რეალიზების შეჩერებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების  შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით მიაწოდოს სააგენტოს. 

3. სააგენტო ვალდებულია, გადაამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ რეალიზაციის შეჩერების ან გონივრულ ვადაში შეუსაბამობების აღმოფხვრის ფაქტი.

მუხლი 14. პროდუქტის ბაზრიდან ამოღება

1. სააგენტოს წარმომადგენლის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას, სააგენტოს მიერ განსაზღვრული შემზღუდველი ღონისძიების ეფექტიანი აღსრულებისა და საფრთხის შემცველი პროდუქტის მიკვლევადობისთვის,  ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, სააგენტოს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) პროდუქტის ბაზარზე მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა იმ ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომლისგანაც მიიღო ან/და რომელსაც გადასცა პროდუქტი, შესაბამისი თარიღის მითითებით;

ბ) იმ პროდუქტების ნებისმიერი საიდენტიფიკაციო მონაცემის, მათ შორის, მოდელის, სერიის, პარტიის შესახებ, რომელიც მიიღო ან/და გადასცა სხვა ეკონომიკურ ოპერატორს;

გ) მის მიერ მიღებული ან/და მის მიერ უკვე რეალიზებული, მათ შორის, სხვა ეკონომიკური ოპერატორისთვის გადაცემული და დარჩენილი პროდუქტების რაოდენობის შესახებ.

2. სააგენტოს დადგენილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის საჭირო გონივრული ვადისა და იმ პროდუქტების საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ, რომელთა ბაზრიდან ამოღებაც ეკისრება ეკონომიკურ ოპერატორს.

3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, დადასტურებული საფრთხის შემცველი ან/და რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ყველა იმ ეკონომიკურ ოპერატორს, რომლებისგანაც მიიღო და რომლებსაც გადასცა პროდუქტი.

4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, აღკვეთოს შეუსაბამო პროდუქტის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობა.

5. ეკონომიკური ოპერატორი ამ მუხლით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების შესრულების შესახებ ინფორმაციას წერილობითი ფორმით ატყობინებს სააგენტოს, დადგენილებით გათვალისწინებული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

მუხლი 15. პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვა

1. პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის მიზნით, ეკონომიკურ ოპერატორს ეკისრება ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ასევე სააგენტოს მიერ მისთვის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ინფორმაციის იმ მომხმარებლისთვის მიწოდება, რომლებსაც გადასცა პროდუქტი.  ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:

ა) შესაბამისი საფრთხის შემცველი პროდუქტის პარტიის/სერიის მაიდენტიფიცერებელ მონაცემებს;

ბ) პროდუქტთან დაკავშირებულ საფრთხეებს;

გ) გამოთხოვის პირობებსა და შესაბამის ვადებს.

2. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გაავრცელოს სააგენტოს უფროსის დადგენილებით გათვალისწინებული საკომუნიკაციო არხის საშუალებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელების ფორმა განისაზღვრება შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

ა) გამოვლენილი საფრთხის კატეგორია;

ბ) ბაზარზე განთავსებული და რეალიზებული პროდუქტების რაოდენობა;

გ) პროდუქტის დანიშნულებით გამოყენებისთვის გამიზნული ჯგუფი;

დ) პროდუქტისგან გამოწვეული დაზიანებების ფაქტობრივი გარემოებები.

4. სააგენტოს დადგენილება პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გონივრული ვადის, ინფორმაციის გავრცელების გზისა და პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემის შესახებ.

5. ეკონომიკური ოპერატორი, პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის შესრულებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას წერილობით წარუდგენს სააგენტოს დადგენილებით გათვალისწინებული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

მუხლი 16. პროდუქტის განადგურება

1. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, პროდუქტის განადგურება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობისა და მისთვის სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დაცვით, იმგვარად, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს.

2. პროდუქტის განადგურებას უნდა ესწრებოდეს სააგენტოს წარმომადგენელი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში − სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი.

3. პროდუქტის განადგურების შესახებ სააგენტოს დადგენილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემის, რაოდენობისა და განადგურების პირობების შესახებ.

4. გარდა ამ მუხლში გათვალისწინებული წესისა, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, განადგურების წესი დგინდება სხვა ნორმატიული აქტით.

5. განადგურების შემდეგ, სააგენტოს წარმომადგენელი ადგენს პროდუქტის განადგურების შესახებ ოქმს, რომელშიც აღნიშნული იქნება შემზღუდველი ღონისძიების განხორციელების შედეგები.

6. პროდუქტის განადგურების შესახებ ოქმის ფორმა მტკიცდება სააგენტოს უფროსის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.