ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.020856
540
14/11/2018
ვებგვერდი, 14/11/2018
240110000.10.003.020856
ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №540

2018 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის 31-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  დამტკიცდეს:

1. ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესი (დანართი №1).

2. ბაზარზე განთავსებული პროდუქტების რისკის შეფასების ფორმა თანდართული სახით (დანართი №2).

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ნოემბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



დანართი №1

ბაზარზე განთავსებული პროდუქტების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასების წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია რისკის ანალიზის,  საფუძვლიანი ეჭვის ან პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე ზედამხედველობის განხორციელდება, რომელსაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (შემდგომში − კოდექსი) შესაბამისად ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის  სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).

2. პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხის არსებობისას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე შემზღუდველი ღონისძიების ან ღონისძიებების ერთობლიობის (რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება, პროდუქტის გამოთხოვა ან/და განადგურება) გამოყენების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ღონისძიებების გამოყენება დამოკიდებულია პროდუქტის მიერ შექმნილი საფრთხის კატეგორიაზე.

4. საფრთხის კატეგორიის შეფასებისათვის სააგენტო ვალდებულია,  განახორციელოს რისკის შეფასება ამ წესის მიხედვით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინები განიმარტება ისე, როგორც ეს მოცემულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა.

2. ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ  ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) პროდუქტი − ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული არასასურსართო პროდუქტი;

ბ) რისკი − პროდუქტთან ან ობიექტთან დაკავშირებული ყველა ის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო ორგანოებისაგან გადაუდებელ ჩარევას, რომელიც გამოითვლება ზიანის დადგომის ალბათობისა და მისი სიმძიმის შეფასების შედეგად;   

გ) რისკის შეფასება − პროცესი, რომლის მიხედვითაც ფასდება იმ პროდუქტისგან გამოწვეული რისკის დონე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და უსაფრთხოებას ან/და საკუთრებას ან/და გარემოს და გამოიყენება საფრთხის კატეგორიის განსაზღვრისათვის (საფრთხე, სერიოზული საფრთხე) და ემსახურება კოდექსით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას;

დ) ზიანი − ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების ან გარემოსთვის მიყენებული დაზიანება;

ე) საფრთხე − ზიანის პოტენციური წყარო;

ვ) დაზიანების სცენარი − თეორიულად ჩამოყალიბებული და პროდუქტთან დაკავშირებული მოქმედება ან/და მოქმედებათა ერთობლიობა ან მათი განვითარება, რომელსაც შეუძლია ზიანის გამოწვევა;

ზ) დასაშვები რისკი − რისკი, რომელიც მოცემულ კონტექსტში დასაშვებია არსებულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებების საფუძველზე;

თ) დაზიანების სიმძიმე − დაზიანების სცენარით გათვალისწინებულ გარემოებაში, მომხმარებელზე საფრთხიდან გამომდინარე გამოწვეული შესაძლო ეფექტი.

მუხლი 3. რისკის შეფასების დაწყების საფუძვლები

1. რისკის შეფასების დაწყების საფუძველია პროდუქტის შესაბამის ტექნიკურ რეგლემენტთან შეუსაბამობის დადასტურებული ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები:

ა) უბედური შემთხვევა, ავარია;

ბ) ეკონომიკური ოპერატორისგან ან უშუალო მომხმარებლისგან მიღებული შეტყობინება პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობების შესახებ;

გ) სააგენტოს მიერ გეგმური შემოწმებებისა და დაგროვილი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, ასევე არაგეგმური შემოწმებების შედეგად კონკრეტულ პროდუქტზე მოპოვებული ინფორმაცია და აღებული ნიმუშების კვლევის შედეგები;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვა ქვეყნების ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისას უნდა განხორციელდეს პროდუქტთან დაკავშირებული მონაცემების გამოთხოვა ეკონომიკური ოპერატორებისგან ან/და სხვა შესაბამისი პირებისგან ყველა ჩატარებული გამოცდის, შემოწმებებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დადასტურდება პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. 

მუხლი 4. რისკის შეფასების ეტაპები

რისკის შეფასების ეტაპებია:

ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხისგან გამოწვეული დაზიანების სცენარისა და დაზიანების სიმძიმის განსაზღვრა;

ბ) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხისგან გამოწვეული დაზიანების ალბათობის განსაზღვრა;

გ) რისკის დონის განსაზღვრა პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხისგან გამოწვეული დაზიანების სიმძიმის დაკავშირებით მის ალბათობასთან.

მუხლი 5. საფრთხის კატეგორიის განსაზღვრის წესი

1. საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისათვის, სააგენტოს მიერ შეფასებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ა) პროდუქტი და მისგან გამოწვეული საფრთხე;

ბ) საფრთხე დაკავშირებულია მთლიანად პროდუქტთან, თუ პროდუქტის ცალკეულ ნაწილთან. აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებულია მხოლოდ ერთი თუ რამდენიმე საფრთხე;

გ) პროდუქტთან დაკავშირებული სტანდარტები და კანონმდებლობა;

დ) პოტენციური მომხმარებელი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს საფრთხის შემცველი პროდუქტის მიერ ზიანის სავარაუდო სცენარში;

ე) დაზიანების სცენარი, რომელშიც შერჩეული პროდუქტისგან წარმოქმნილი საფრთხე იწვევს შერჩეული მომხმარებლის ჯანმრთელობის ზიანს. დაზიანების სცენარის შედგენის დროს, არსებობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შესახებ, ასევე პროდუქტის გამოყენების შესახებ კვლევა ან სამეცნიერო ლიტერატურა. დაზიანების სცენარი განისაზღვრება ამ წესის №1 დანართის №7 ცხრილის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ცხრილში მოცემული არ არის შესაბამისი დაზიანების სცენარი, სააგენტოს შესაბამისი ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომელი თავად წერს აღნიშნულ სცენარს;

ვ) შესაბამის შემთხვევებში, ზიანის საფეხურები. იმ შემთხვევაში, თუ დაზიანების სცენარის მიხედვით არის რამდენიმე პარალელური ზიანი, ის გათვალისწინებული უნდა იქნეს  ერთ სცენარში;

ზ) პროდუქტის გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა, საფრთხის გაცნობიერების შესაძლებლობა მომხმარებლის მიერ, მომხმარებლის ჯგუფი (განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები), ასევე დამცავი აღჭურვილობა, მომხმარებლის ქცევა უბედური შემთხვევის შემთხვევაში, სამომხმარებლო ჩვევები. მომხმარებლის ჯგუფები განისაზღვრება ამ წესის №1 დანართის №6 ცხრილის მიხედვით;

თ) ზიანის სიმძიმე წესის №1 დანართის №1 და №2 ცხრილების შესაბამისად. თუ მომხმარებელს მიადგა რამდენიმე სახის ზიანი, ყველა ზიანის სიმძიმე უნდა იყოს ერთობლივად შეფასებული;

ი) დაზიანების სცენარის ალბათობა, ასევე დაზიანების სცენარის თითოეული საფეხურის ალბათობის დადგენა და მათი შეკრება, რათა დადგინდეს დაზიანების სცენარის მთლიანი ალბათობა წესის №1 დანართის №3 ცხრილის მიხედვით;

კ) რისკის დონე. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ზიანის სიმძიმისა და დაზიანების სცენარის მთლიანი ალბათობის კომბინირებით წესის №1 დანართის №4 ცხრილის მიხედვით.

2. რისკის დონის შეფასების შემდგომი ეტაპია საფრთხის კატეგორიის განსაზღვრა წესის №1 დანართის №5 ცხრილის მიხედვით და გადაწყვეტილების მიღება პროპორციული და ადეკვატური შემზღუდველი ღონისძიების შესახებ.

მუხლი 6. რისკის შეფასებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება

1. პროდუქტით გამოწვეული საფრთხის კატეგორიის განსაზღვრისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწარმოებლის მიერ პროდუქტისთვის ინსტრუქციით განსაზღვრული გამოყენების დანიშნულება;

ბ) პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მოწყვლადი ჯგუფების მიერ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, სააგენტო ვალდებულია, შეადგინოს დაზიანების სცენარი.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტმა შესაძლოა, გამოიწვიოს რამდენიმე ზიანი ან რამდენიმე დაზიანების სცენარი უკავშირდება ერთსა და იმავე ტიპის ზიანს, უნდა მოხდეს ყველა სცენარის გაანალიზება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალსახაა, რომ რომელიღაც სახის სცენარებს მივყავართ დასაშვები დონის რისკამდე.

4. პროდუქტთან დაკავშირებული შეუსაბამობით გამოწვეული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სააგენტო ვალდებულია, გაითვალისწინოს თითოეული დაზიანების სცენარის საბოლოო შედეგის შეფასება, რომელიც საბოლოოდ გამოიხატება ზიანის სიმძიმით.

5. ზიანის ალბათობის განსაზღვრისათვის სააგენტო ვალდებულია, გაითვალისწინოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) საფრთხის ან ხარვეზის გამოვლენის მოსალოდნელობა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;

ბ) საფრთხის მასშტაბი;

გ) მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პროდუქტის შეუსაბამობასა და შესაძლო ზიანს შორის, რაც გულისხმობს გამოკვლევას, რამდენად მოსალოდნელია, რომ ზიანი დადგება პროდუქტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის (ხარვეზის) შემთხვევაში.

მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღების წესი

1. პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიის განსაზღვრის თითოეული შემთხვევისათვის გადაწყვეტილება და რისკის შეფასების პროცესი უნდა ჩამოყალიბდეს დეტალური ანგარიშის სახით, რომელიც წარედგინება სააგენტოს უფროსს.

2. რისკის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოს შესაბამისი ზედამხედველობის სამმართველოს არანაკლებ ორი თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფის მიერ, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ანალიზში ჩართულმა თითოეულმა თანამშრომელმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს საფრთხის კატეგორია;

ბ) ინდივიდუალური შეფასების შემდეგ ჯგუფის წევრებმა ანალიზის შედეგების შეჯერების შედეგად უნდა მიიღონ საერთო შეფასება;

გ) შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის შემთხვევაში, ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია, წარადგინოს საკუთარი ანგარიში შენიშვნებით.

3. იმ პროდუქტების რისკის შეფასებისას, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა საფრთხის თავიდან ასაცილებლად (მაგ.: პერსონალური დაცვის აღჭურვილობა), გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე მათი დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების გამართულობა.

4. რისკის შეფასებისას შესაბამის შემთხვევებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბაზარზე განთავსებული და გაყიდული პროდუქტების მოცულობა.

5. რისკის კატეგორიის შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი დაზიანების სცენარი, რომლის შემთხვევაშიც დამდგარი ზიანი უშუალოდ და მეტწილად დაკავშირებულია პროდუქტთან.

6. რისკის შეფასების საბოლოო შედეგები გამოიხატება წესის №1 დანართის №4 ცხრილში მოცემული რისკის დონით.

7. საფრთხის კატეგორია განისაზღვრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ალბათობა, რომ ზიანი მიადგება საკუთრებას ან/და გარემოს. საფრთხის კატეგორიის განსაზღვრისას უნდა შეფასდეს საკუთრების ან/და გარემოს დაზიანების შედეგად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის წარმოქმნილი საფრთხეც.

8. იმ შემთხვევაში, როცა პროდუქტი შეიცავს გარემოსთან ან/და საკუთრებასთან დაკავშირებულ საფრთხეს, რომლის შეფასებაც შეუძლებელია ამ რეგლამენტით გათვალისწინებული წესის, მათ შორის, წესის №1 დანართის №1 − №7 ცხრილებში შესაბამისი სცენარის ან/და ზიანის სიმძიმის კრიტერიუმის არარსებობის გამო, სააგენტოს მიერ საფრთხის კატეგორია განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

მუხლი 8. რისკის შეფასების ფორმის შევსების წესი

1. ინფორმაცია პროდუქტის შესახებ უნდა შეივსოს საკვლევი პროდუქტის მონაცემების მიხედვით, მათ შორის, პროდუქტის დასახელება, პროდუქტის კატეგორია და პროდუქტის აღწერა (მაგალითისთვის იხილეთ შესაბამისი პროდუქტის დანართი №2-ის ნიმუში №1 − №6).

2. პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხე, საფრთხის ჯგუფი −  შესაბამის ველში იწერება პროდუქტისგან მომდინარე კონკრეტული საფრთხის ჯგუფის შინაარსი ისეთი, როგორიცაა: კინეტიკური საფრთხე, რადიაციული, პროდუქტის ფორმით გამოწვეული და ა.შ. იხ. წესის №1 დანართის №7 ცხრილის I სვეტი.

3. პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხე, საფრთხე − შესაბამის ველში იწერება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფრთხის ჯგუფის შესაბამისი, რომელიმე კონკრეტული საფრთხე, რომელსაც ირჩევს რისკის შეფასების ფორმის შემვსები პირი, განსახილველ პროდუქტთან დაკავშირებული საფრხის შინაარსიდან გამომდინარე. იხ. წესის №1 დანართის №7 ცხრილის II სვეტი.

4. მომხმარებლის ჯგუფი − შესაბამის ველში იწერება წესის №1 დანართის №6 ცხრილში არსებული მომხმარებლის ის ჯგუფი, რომელსაც შესაძლოა, ზიანი მიადგეს შეუსაბამო პროდუქტისგან.

5. როგორ იწვევს საფრთხე დაზიანებას, ტიპური დაზიანების სცენარი − შესაბამის ველში იწერება ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული საფრთხის შესაბამისი დაზიანების სცენარი, რომელიც მოცემულია წესის №1 დანართის №7 ცხრილის III სვეტში, ამავე ცხრილის II სვეტში მოცემული საფრთხის გასწვრივ.

6. როგორ იწვევს საფრთხე დაზიანებას, კონკრეტული დაზიანების სცენარი − შესაბამის ველში იწერება ტიპური დაზიანების სცენარი (იგივე შინაარსი, რაც დაიწერა ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) ან განსხვავებული სცენარი, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეადგენს რისკის შეფასების ფორმის შემვსები პირი.  

7. დაზიანების სიმძიმე, ტიპური დაზიანება − შესაბამის ველში იწერება ზიანის ტიპური სცენარის შესაბამისი საბოლოო შედეგი − ტიპური ზიანი, რომელიც მოცემულია წესის №1 დანართის №7 ცხრილის IV სვეტში, ამავე ცხრილის III სვეტში მოცემული ზიანის ტიპური სცენარის გასწვრივ.

8. დაზიანების სიმძიმე, კონკრეტული დაზიანება − შესაბამის ველში იწერება ზიანის ტიპის შესაბამისი კონკრეტული ზიანი, რომელიც აირჩევა წესის №1 დანართის №2  ცხრილში მოცემულ II, III, IV, V სვეტებში მოცემული დაზიანებების ჩამონათვალიდან, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შეარჩევს რისკის შეფასების ფორმის შემვსები პირი.

9. დაზიანების სიმძიმის ველში იწერება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შევსებული კონკრეტული დაზიანების შესაბამისი სიმძიმის აღმნიშვნელი ციფრი, რომელიც მოცემულია წესის №1 დანართის №2  ცხრილის II რიგში.

10. დაზიანების ალბათობა, საფეხურები დაზიანებამდე − ველში იწერება დაზიანების სცენარის შემადგენელი თითოეული საფეხური, რომლებიც უშუალოდ იწვევენ დაზიანებას. სცენარს შესაძლოა, გააჩნდეს რამდენიმე საფეხური, ასეთ შემთხვევაში ივსება რამდენიმე  „საფეხურები დაზიანებამდეს“ შესაბამისი ველი, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად ავსებს რისკის შეფასების ფორმის შემვსები პირი. 

11. დაზიანების ალბათობა, ალბათობა თითოეული საფეხურისათვის − შესაბამის ველში იწერება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შევსებული თითოეული საფეხურის მოხდენის ალბათობა, რომელიც გამოითვლება ფაქტობრივ გარემოებებზე, სტატისტიკურ მონაცემებზე, ინჟინერულ ცოდნასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრნობით.

12. ფორმის ბოლოში მოთავსებულ ველში − „დაზიანების სიმძიმე“ − იწერება კონკრეტული დაზიანების შესაბამისი სიმძიმის აღმნიშვნელი ციფრი, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით შევსებულ ველში.

13. ფორმის ბოლოში მოთავსებულ ველში − „გამოთვლილი ალბათობა“ იწერება ამ მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით შევსებული დაზიანების სცენარის თითოეული საფეხურის შესაბამისი ალბათობების ნამრავლი.

14. ფორმის ბოლოში მოთავსებულ ველში − „მთლიანი ალბათობა“ იწერება წესის №1 დანართის №3 ცხრილში მითითებული რისკის ალბათობის სტატისტიკური მნიშვნელობა, რომელსაც შეესაბამება „გამოთვლილი ალბათობა“.

15. ფორმის ბოლოში მოთავსებულ ველში − „რისკის დონე“ იწერება საბოლოო რისკი, რომელიც დგინდება წესის №1 დანართის №4 ცხრილის მიხედვით დაზიანების სიმძიმისა და დაზიანების ალბათობის (მთლიანი ალბათობა) კომბინაციით.

მუხლი 9. ბაზარზე განთავსებული ლიფტის, ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების, წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების, წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლებისა და თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარების) საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის გამოსაყენებელი ინფორმაცია

1. ბაზარზე განთავსებული ლიფტის საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის დამატებით გამოიყენება აღნიშნული პროდუქტისათვის განსაზღვრული წესის №2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობილობების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის დამატებით გამოიყენება აღნიშნული პროდუქტისათვის განსაზღვრული წესის №2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის დამატებით გამოიყენება აღნიშნული პროდუქტისათვის განსაზღვრული წესის №2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. წნევის ქვეშ მყოფი მარტივი ჭურჭლების საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის დამატებით გამოიყენება აღნიშნული პროდუქტისათვის განსაზღვრული წესის №2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები.

5. თხევად ან აირად საწვავზე მომუშავე წყლის ახალი გამაცხელებლების (საქვაბე დანადგარების) საფრთხის კატეგორიების განსაზღვრისა და რისკის შეფასებისათვის დამატებით გამოიყენება აღნიშნული პროდუქტისათვის განსაზღვრული წესის №2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები.

დანართი №1

ცხრილი №1

ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე (ზოგადი კრიტერიუმები)

ცხრილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პროდუქტისაგან გამოწვეული ზიანი არ არის გათვალისწინებული ამ დანართის №2 ცხრილში და ადგენს  ზოგად კრიტერიუმებს ადამიანისათვის მიყენებული დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის და გამოიყენება ამ დანართის №4 ცხრილში რისკის დონის დადგენის მიზნით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.