საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016427
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
52/2018
07/11/2018
ვებგვერდი, 08/11/2018
010190020.15.008.016427
საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (08/11/2018 - 14/11/2018)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია  –  

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №52/2018

2018 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ამომრჩეველთა ერთიანი, სპეციალური და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიები
1. მეორე ტურში ამომრჩევლები ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება მხოლოდ ამ პუნქტში აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში  სააგენტო) საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაცემებს, რომლებსაც 2018 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი, ცესკოს გადასცემს მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო დღეს;

ბ) სააგენტო 2018 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაციას ცესკოს გადასცემს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრისა;

გ) სააგენტო საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაცემებს, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, ცესკოს გადასცემს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;

დ) სააგენტო საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაცემებს, რომლებმაც შეიცვალეს რეგისტრაციის მისამართი, ცესკოს გადასცემს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;

ე) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანოები – იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ მონაცემებს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო – იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებებად ცნო და რომლებიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არიან მოთავსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური – იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემებს, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან, ცესკოს გადასცემენ არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით;

ვ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ პირთა სიას, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან, ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო დღეს;

ზ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა  სიას, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან, ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო დღეს;

თ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ  ცესკოს მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო დღეს;

ი) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან, ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

2. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დგება სპეციალური სია.

3. სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები მეორე ტურში ხმას აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სპეციალური სიების მიხედვით, რომელშიც ცვლილებები შეიტანება საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან ელექტრონულად (ონლაინ) დადგნენ საკონსულო აღირცხვაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდის (www.geoconsul.gov.ge) მეშვეობით. ამ პირთა სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არაუგვიანეს 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით გადასცემს ცესკოს.

4. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების (ერთიანი და სპეციალური) საბოლოო ვერსიის 2 (კომისიისათვის განკუთვნილი და საჯარო ვერსია) ეგზემპლარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების მიერ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

5. არჩევნების მეორე ტურის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დგება გადასატანი საარჩევნო ყუთის სია.


მუხლი 2. საარჩევნო კომისიები
1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლის არჩევა/დანიშვნა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებს ახორციელებენ პირველი ტურისთვის  შექმნილი  შესაბამისი  საუბნო  საარჩევნო  კომისიები, ასევე ცესკოს მიერ შექმნილი დროებითი ჯგუფები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა აითვლება მეორე ტურის დანიშვნის დღიდან, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის შედგენის დღის ჩათვლით.

5. უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ დანიშნონ/შეცვალონ/გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მეორე ტურის დანიშვნის დღიდან კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.

6. პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ კომისიის წევრები შეტყობინებიდან 2 დღის ვადაში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის პარტიას კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

7. თუ პარტიამ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ ვადაში არ გამოიყენა ამავე პუნქტებით მინიჭებული უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები, ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.

8. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობის 12-მდე შესავსებად შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ერთი დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, კონკურსის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში მიიღოს საბუთები და საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი/წევრები.

9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.


მუხლი 3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები

1. მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გაგრძელდეს მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ დანიშნონ ან/და შეცვალონ წარმომადგენლები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების გათვალისწინებით.

3. საარჩევნო სუბიექტისათვის წარმომადგენლის დაფინანსების ჩარიცხვის ვადად განისაზღვროს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღე.


მუხლი 4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები
მეორე ტურისთვის:

1. ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდეთ შესაბამის საარჩევნო ოლქში  მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე.

3. ცესკოში აკრედიტებულ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუგრძელდეთ მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუგრძელდეთ შესაბამის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის შედეგების გამოცხადების დღის ჩათვლით.

5. რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეგისტრაციაში გასატარებლად უფლება აქვთ, დამკვირვებელთა დამატებითი სიები წარუდგინონ შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.

6. რეგისტრირებულ მედიაორგანიზაციებს უფლება აქვთ, მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის დამატებითი სიები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მდივნებს წარუდგინონ  მეორე ტურის გამართვის დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.


მუხლი 5. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და მთვლელების წილისყრით გამოვლენა
1. მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და მეორე ტურში მონაწილე პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების შესრულების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 67-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არანაკლებ 3 მთვლელის გამოვლენისათვის და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნის შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობს იმ პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომლის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.

3. იმ შემთხვევაში, თუ წილისყრის შედეგად მთვლელების ფუნქცია მიენიჭება ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთზე მეტ წევრს, ისინი ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, რომელი მათგანი მიიღებს მონაწილეობას საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში, ხოლო დანარჩენი მთვლელების გამოსავლენად გრძელდება წილისყრა, ზემოაღნიშნული კომისიის წევრის/წევრების მონაწილეობის გარეშე.


მუხლი 6
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 7
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი