„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016278
23
26/10/2018
ვებგვერდი, 05/11/2018
300280020.16.009.016278
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №23

2018 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესებში“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ51-ჰ56 პუნქტები:

„ჰ51) ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი – ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელი (შემდგომში – ENTSO-e), რომელიც ოპერირებას უწევს გამჭვირვალობის პლატფორმას;

52) გამჭვირვალობის პლატფორმა – ინფორმაციის ცენტრალური პლატფორმა, რომელიც დეტალურად განმარტებულია 581 მუხლში;

53) სატენდერო ზონა – ელექტროენერგიით ვაჭრობის უდიდესი გეოგრაფიული არეალი, რომლის შიგნითაც ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ ენერგიის გაცვლა (ვაჭრობა) გამტარუნარიანობის განაწილების გარეშე (შემდგომში – სატენდერო ზონა);

54) საკონტროლო არეალი – ურთიერთდაკავშირებული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იმართება ერთი გადაცემის სისტემის ოპერატორის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) მიერ და მოიცავს ქსელზე მიერთებულ ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს (დატვირთვას);

55) ინფორმაციის მიმწოდებელი – გულისხმობს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია გააგზავნოს შესაბამისი ინფორმაცია გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოსაქვეყნებლად;

56) ინფორმაციის პირველადი მფლობელი – გულისხმობს ორგანიზაციას, რომელიც ქმნის ინფორმაციას.“.

2. 55-ე და 56-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. მიზანი

ამ თავის მიზანია:

ა) იმ მონაცემებისა და ინფორმაციის ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიწოდებაც მოეთხოვება მოსარგებლეებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის მასზე დაკისრებული გადამცემი ქსელის მართვის, დაგეგმვისა და მონაცემების გასაჯაროების მოვალეობის შესრულებისათვის;

ბ) ელექტროენერგიის გენერაციასთან, გადაცემასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის იმ მინიმალური დონის განსაზღვრა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბაზრის მონაწილე სუბიექტებისათვის;

გ) მონაცემების ცენტრალიზებულად შეგროვებისა და გამოქვეყნების საფუძვლების დადგენა;

დ) ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციის მოთხოვნებისა და პრინციპების დანერგვა.

მუხლი 56. ზოგადი ნორმები

1. მოსარგებლე ვალდებულია, აღრიცხოს და გადაცემის სისტემის ოპერატორს (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს) დადგენილი პერიოდულობითა და კომუნიკაციის სტანდარტული ფორმებით  მიაწოდოს:

ა) დაგეგმვის სტანდარტული მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ;

ბ) დაგეგმვის დეტალური მონაცემები ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ;

გ) ოპერატიული მონაცემები და ინფორმაცია ქსელთან მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შესახებ;

დ) დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მოთხოვნილი პერიოდულობით მიაწოდოს დაგეგმვის სტანდარტული და დეტალური მონაცემები, აგრეთვე  დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ გამჭვირვალობის პლატფორმაზე ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის გამოქვეყნება გულისხმობს ENTSO-e-სთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებასა და მის გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოქვეყნებას.

4. საქართველო გადამცემი ქსელი წარმოადგენს გადაცემის სისტემის ოპერატორის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი) მართვას დაქვემდებარებულ ერთ საკონტროლო არეალს და ამ წესებით გადაცემის სისტემის ოპერატორისთვის (დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი)  დადგენილი ვალდებულებები გულისხმობს და ვრცელდება მთლიან საკონტროლო არეალზე.“.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გულისხმობს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის გადაცემის სისტემის ოპერატორს.“.

​3. 58-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 – 583 მუხლები:

მუხლი 581. გამჭვირვალობის პლატფორმა

1. „გამჭვირვალობის პლატფორმა“ წარმოადგენს ინფორმაციის ცენტრალურ პლატფორმას, რომელიც დაარსებულია ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (შემდგომში – ENTSO-e) მიერ, “ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – https://transparency.entsoe.eu/.

2. გამჭვირვალობის პლატფორმაზე ინფორმაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ENTSO-e-ს მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს:

ა) ინფორმაციის მიწოდების დეტალებსა და ფორმატს;

ბ) ინფორმაციის კომუნიკაციისა და გაცვლის სტანდარტულ გზებსა და ფორმატს, ინფორმაციის პირვანდელ მფლობელს, ინფორმაციის მიმწოდებელს;

გ) ტექნიკურ და საოპერაციო კრიტერიუმებს, რომლებიც ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა შეასრულონ ინფორმაციის გამჭვირვალობის ცენტრალური პლატფორმისთვის გადაცემისას;

დ) ელექტროენერგიის წარმოების ტიპების შესახებ კლასიფიკაციას, რომელიც ეხება დანართი №13-ის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლების პირველ პუნქტებს.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია ENTSO-e-სთან თანამშრომლობაზე და დანართი №13-ით განსაზღვრული ინფორმაციის ENTSO-e-ს მიერ დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით დამუშავებასა და მიწოდებაზე, თუ ეს სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ცალკეულ შემთხვევებში, 582-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 582. ინფორმაციის გადაცემა და გამოქვეყნება

1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ვალდებულება, ინფორმაციის ENTSO-e-სთვის მიწოდებისა და ENTSO-e-სთან თანამშრომლობის შესახებ, შემოიფარგლება და მთლიანად მოიცავს მის კონტროლს დაქვემდებარებულ არეალს და ტრანსასაზღვრო ელექტროგადამცემ ხაზებს.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ამ წესებით დადგენილი ინფორმაციის შეგროვება როგორც საკუთარი ინფორმაციის წყაროებიდან, აგრეთვე მოსარგებლეებისგან და მათი დროული მიწოდება გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოქვეყნების მიზნით.

3. გადამცემ ქსელზე მიერთებული მოსარგებლეები ვალდებული არიან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს მიაწოდონ ამ წესებით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად საჭირო მათ ხელთ არსებული ინფორმაცია დანართი №13-ით დადგენილი ხარისხით, ფორმატითა და პერიოდულობით.

4. მოსარგებლე უფლებამოსილია თვითონ ან მესამე მხარის მეშვეობით განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება გამჭვირვალობის პლატფორმისთვის, ამ წესებით დადგენილი მიზნობრიობის, ხარისხის, ფორმატისა და პერიოდულობის გათვალისწინებით. მოსარგებლის მიერ თავად ან  მესამე მხარის მეშვეობით  გამჭვირვალობის პლატფორმისთვის ამ წესებით დადგენილი ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს გადაცემის სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით.

5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია შეაფასოს, თუ რამდენად ასრულებს მოსარგებლე ამ წესებით დადგენილ ვალდებულებას, რომელიც მას მიენიჭა ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მოსარგებლე სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს სათანადო რეაგირება და თვითონ მიაწოდოს იგი გამჭვირვალობის პლატფორმას.

6. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი წარმოადგენს დანართი №13-ით განსაზღვრული ინფორმაციის (მუხლები 3-14) პირველად მესაკუთრეს, თუ განსხვავებული პირობები არ არის დადგენილი ცალკეული შემთხვევებისათვის.

7. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და მოსარგებლე უფლებამოსილი არიან, ENTSO-e-სთვის გადაცემული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნონ საკუთარ ან მესამე პირის ვებგვერდებზე.

8. ინფორმაციის მესაკუთრე – დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ან მოსარგებლე (იქ, სადაც ეს განსაზღვრულია ასე ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად), ვალდებულია ინფორმაციის გამჭვირვალობის პლატფორმისთვის მიწოდებისას გაითვალისწინოს ENTSO-e-ს ვალდებულება ინფორმაციის დამუშავებისა და გამოქვეყნების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციით.

9. კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს ინფორმაციის მესაკუთრეებისა და ინფორმაციის მიმწოდებლების მიერ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ხარისხი.

მუხლი 583. პასუხისმგებლობა საჯარო ინფორმაციის გამოუქვეყნებლობაზე

მონაცემთა თავდაპირველი მესაკუთრის და მონაცემების მიმწოდებლის ამ წესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დგება უხეში გაუფრთხილებლობით ან/და განზრახ ჩადენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული ნებისმიერი მიუღებელი შემოსავლის, ბიზნესში არსებული ზარალის, ან ნებისმიერი არაპირდაპირი შემთხვევითი, ცალკეული  ან თანმდევი ზიანის გამო, მათ არ უნდა დაეკისროთ იმ პირებისათვის კომპენსაციის მიცემის ვალდებულება, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ მონაცემებს.“.

4.  108-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109-ე მუხლი:

„მუხლი 109.  ქსელის წესების ზოგიერთი დებულების ამოქმედება

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიწყოს დანართი №13-ის მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით, ასევე, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 და მე-5 პუნქტებითა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება 2019 წლის პირველი ივნისიდან.

2. იმ შემთხვევაში, თუ დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაცია ვერ ქვეყნდება გამჭვირვალობის პლატფორმაზე, უნდა გამოქვეყნდეს გადამცემი სისტემის ოპერატორის ოფიციალურ ვებგვერდზე.

3. დანართი №13-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამტარუნარიანობის, „კვირის“, „ერთი დღით ადრე“ და „დღიური“ განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

4. დანართი №13-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამტარუნარიანობის ნაკადგანაწილებაზე დაფუძნებული განაწილებიდან 3 თვის ვადაში.

5. დანართი №13-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ერთი დღით ადრე“ ბაზრის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

6. დანართი №13-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს არაცხადი განაწილების ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

7. დანართი №13-ის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არსებობიდან 3 თვის ვადაში.

8. დანართი №13-ის მე-10 და მე-14 მუხლები ამოქმედდეს საბალანსო ბაზრის (მექანიზმის) ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.

9. საბალანსო ბაზრის (მექანიზმის) სრულყოფილად ამოქმედებასთან დაკავშირებით შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარედგინება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

10. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს სახელმძღვანელო  დანართი №13-ით გათვალისწინებული „ინფორმაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“.

11. ინფორმაციის პირველადი მფლობელები, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ „ინფორმაციის წარდგენისა და გამოქვეყნების წესის შესახებ“ სახელმძღვანელოს დამტკიცებიდან 3 თვის ვადაში ვალდებულნი არიან მას ინფორმაცია მიაწოდონ რეგულარულად.

12. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს დანართი №13-ით გათვალისწინებული ინფორმაციის რეგულარული გამოქვეყნება გამჭვირვალობის პლატფორმაზე.“.

5. დანართი №12-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №13:

„დანართი №13: გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ამ ინსტრუქციის მიზანია:

ა) ამ წესებით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების დეტალებისა და ფორმატის განსაზღვრა;

ბ) ინფორმაციის კომუნიკაციისა და გაცვლის სტანდარტულ გზებისა და ფორმატის განსაზღვრა, ინფორმაციის პირვანდელ მფლობელსა და ინფორმაციის მიმწოდებელს, აგრეთვე ENTSO-e-ს შორის;

გ) ტექნიკური და საოპერაციო კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებიც ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა შეასრულონ ინფორმაციის გამჭვირვალობის ცენტრალურ პლატფორმაზე გადაცემისას;

დ) ინფორმაციის შესაბამისი ტიპების კლასიფიკაცია.

2. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესრულების მიზნით შეიმუშაოს გადამცემი ქსელის მოსარგებლეებისგან და ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეებისგან ინფორმაციის მიღების პროცედურა. აღნიშნული პროცედურა შესაბამისობაში უნდა იყოს ENTSO-e-ს მეთოდოლოგიურ მითითებებთან ინფორმაციის გამჭვირვალობის პლატფორმაზე გადაცემისა და გამოქყვეყნებასთან დაკავშირებით.

მუხლი 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) გამჭვირვალობის პლატფორმა – ინფორმაციის ცენტრალური პლატფორმა, რომელიც დაარსებულია ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (შემდგომში – ENTSO-e) მიერ, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს №543/2013 (EC) რეგულაციის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - https://transparency.entsoe.eu/;

ბ) საბალანსო რეზერვი – გულისხმობს ყველა რესურსს, რომელიც შესყიდულია წინასწარ ან რეალურ დროში, ან სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც გადაცემის სისტემის ოპერატორისთვის ხელმისაწვდომია ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების მიზნებისთვის;

გ) დაბალანსების დროის ინტერვალი – პერიოდი, რომლისთვისაც საბალანსო რეზერვების ფასის ფორმირება ხდება.

დ) სატენდერო ზონა – საფასო ბიჯების (განაცხადების) განთავსების უდიდესი გეოგრაფიული არეალი, რომლის შიგნითაც ბაზრის მონაწილეებს შეუძლიათ ენერგიის გაცვლა (ვაჭრობა) გამტარუნარიანობის განაწილების გარეშე;

ე) გამტარუნარიანობის განაწილება – გულისხმობს ზონათაშორისი (ტრანსსასაზღვრო) გამტარუნარიანობის განაწილებას;

ვ) მოხმარების ელემენტი – გულისხმობს დატვირთვას, რომელიც იღებს ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების გარდა;

ზ) საკონტროლო არეალი – ურთიერთდაკავშირებული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც იმართება ერთი გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ და მოიცავს ქსელზე მიერთებულ ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს (დატვირთვას);

თ) კოორდინირებული წმინდა გამტარუნარიანობა – გულისხმობს გამტარუნარიანობის გაანგარიშების მეთოდს, რომელიც ეფუძნება ურთიერთმოსაზღვრე სატენდერო ზონებს შორის ელექტროენერგიის წინარე მაქსიმალურ გადადინების გამოთვლას;

ი) ქსელის კრიტიკული ელემენტი – გულისხმობს ელემენტს, როგორც სატენდერო ზონის შიგნით, აგრეთვე სატენდერო ზონებს შორის, რომელიც მხედველობაში მიიღება გამტარუნარიანობის გაანგარიშებისას და რომელიც ზღუდავს სატენდერო ზონებს შორის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მაქსიმალურ გადადინებას;

კ) ჯვარედინ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიის დაბალანსება – გულისხმობს დაბალანსების სქემას, რომლის მიხედვითაც გადამცემი სისტემის ოპერატორს შეუძლია სხვა გადამცემი სისტემის ოპერატორის ტერიტორიიდან მიიღოს საბალანსო ენერგიის აქტივაციის საფასო განაცხადი. ის არ მოიცავს რედისპეტჩირებას ან ავარიულ სიტუაციებში ენერგიის მიწოდებას;

ლ) ზონათაშორისი გამტარუნარიანობა – გულისხმობს ურთიერთდაკავშირებული სისტემების შესაძლებლობას, უზრუნველყოს ენერგიის გადაცემა სატენდერო ზონებს შორის;

მ) დასრულების დრო – გულისხმობს იმ მომენტს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორებმა უნდა დაადასტურონ ბაზარზე არსებული ყველა შესაბამისი ნომინაცია (განაცხადი). დასრულების დრო გულისხმობს არამარტო დღიურ ბაზრებს, არამედ სხვა ტიპის ბაზრებსაც, რომლებიც მოიცავენ უბალანსობის კორექტირებასა და რეზერვების განაწილებას;

ნ) საპირისპირო ვაჭრობა – გულისხმობს ზონათა შორის ენერგიით ვაჭრობას (გაცვლას), რომელსაც სისტემის ოპერატორები ახორციელებენ ორ სატენდერო ზონას შორის, ფიზიკური გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით;

ო) ინფორმაციის მიმწოდებელი – გულისხმობს პირს, რომელიც აგზავნის ინფორმაციას გამჭვირვალობის პლატფორმაზე გამოსაქვეყნებლად;

პ) ცხადი განაწილება – გულისხმობს გამტარუნარიანობის, როგორც სიმძლავრის განაწილებას ენერგიის გადაცემის უფლების გარეშე;

ჟ) არაცხადი განაწილება – გულისხმობს გადატვირთვის მართვის მეთოდს, რომლის დროსაც ენერგიის გადაცემის უფლება მინიჭებულია გამტარუნარიანობის გამოყენების უფლებასთან ერთად;

რ) ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ინტერვალი – გულისხმობს პერიოდს, რომლისთვისაც ბაზარზე ხდება ფასის ფორმირება ან ორი სატენდერო ზონისათვის საერთო უმცირეს დროის ინტერვალს, როდესაც მათი ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ინტერვალები ერთმანეთისაგან განსხვავებულია;

ს) შეთავაზებული გამტარუნარიანობა – გულისხმობს გადასაცემი სიმძლავრის გამანაწილებლის მიერ ბაზარზე შეთავაზებულ ზონათაშორს გამტარუნარიანობას;

ტ) დაგეგმილი - გულისხმობს მოვლენას, რომელიც წინასწარ იცოდა ინფორმაციის პირველადმა მფლობელმა;

უ) ენერგიის გადადინების განაწილების ფაქტორი – გულისხმობს ქსელის კრიტიკულ ელემენტზე ფიზიკური ნაკადის არსებობას, რომელიც გამოწვეულია სატენდერო ზონის ნეტო პოზიციის ცვლილებით;

ფ) ინფორმაციის პირველადი მფლობელი – გულისხმობს პირს, რომელიც ქმნის ინფორმაციას;

ქ) პროფილი – გულისხმობს გეოგრაფიულ საზღვარს ერთ სატენდერო ზონასა და მეზობელ სატენდერო ზონებს შორის;

ღ) რედისპეტჩირება – გულისხმობს გენერაციის ან/და დატვირთვის გეგმის შესაცვლელად ერთი ან რამდენიმე სისტემის ოპერატორის მიერ მიღებულ ზომას, რომლის მიზანია გადამცემ სისტემაში ფიზიკური გადადინებების შეცვლა და ფიზიკური გადატვირთვის სრული ან ნაწილობრივი  აღმოფხვრა;

ყ) მთლიანი დატვირთვა – გულისხმობს დატვირთვას, რომელიც ტოლია გენერაციასა და იმპორტის ჯამს (ქსელში ენერგიის დანაკარგების ჩათვლით) გამოკლებული ექსპორტი და ენერგიის დამაგროვებლების მოხმარება;

შ) გამტარუნარიანობის გამანაწილებელი – გულისხმობს გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს ზონათა შორის გამტარუნარიანობის განაწილების მართვა;

ჩ) ვერტიკალური დატვირთვა – გულისხმობს სრულ სიმძლავრის ნაკადს, რომელიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება გამანაწილებელ ქსელს, გადამცემ ქსელზე პირდაპირ  მიერთებულ მომხმარებლებსა და ელექტროსადგურებს;

ც) წლით ადრე პროგნოზირების ზღვარი – გულისხმობს ხელმისაწვდომ წლიურ გენერაციის სიმძლავრესა და წლიურ პიკურ დატვირთვის სიმძლავრეს შორის სხვაობას, რომელიც ითვალისწინებს გენერაციის მთლიან სიმძლავრეს, ხელმისაწვდომი გენერაციის პროგნოზსა და დამატებითი/სასისტემო მომსახურებების სახით დაკონტრაქტებულ სარეზერვო სიმძლავრის პროგნოზს;

ძ) დრო გულისხმობს თბილისის ადგილობრივ დროს.

მუხლი 3. ინფორმაცია მთლიანი დატვირთვის შესახებ

1. გადაცემის სისტემის ოპერატორმა, თავის კონტროლს დაქვემდებარებული არეალისა და თითოეული სატენდერო ზონისათვის, უნდა გამოთვალოს და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) მთლიანი დატვირთვა ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

ბ) მთლიანი დატვირთვის ერთი დღით ადრე პროგნოზი ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

გ) მთლიანი დატვირთვის კვირით ადრე პროგნოზი მომდევნო კვირის თითოეული დღისათვის, რომელიც საპროგნოზო დღისთვის უნდა შეიცავდეს მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის შესახებ ინფორმაციას;

დ) მთლიანი დატვირთვის თვით ადრე პროგნოზი მომდევნო თვის თითოეული კვირისთვის, რომელიც საპროგნოზო კვირისთვის უნდა შეიცავდეს მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის შესახებ ინფორმაციას;

ე) მთლიანი დატვირთვის წლით ადრე პროგნოზი მომდევნო წლის თითოეული კვირისთვის, რომელიც საპროგნოზო კვირისთვის უნდა შეიცავდეს მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის შესახებ ინფორმაციას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს:

ა) „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია – არაუგვიანეს სისტემის ოპერირების პერიოდიდან (ფაქტის დადგომიდან) ერთ საათში;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია – არაუგვიანეს ერთი დღით ადრე ბაზარზე განაცხადების მიღების დასრულებამდე 2 საათით ადრე, შესაბამისი სატენდერო ზონისათვის და მისი განახლება უნდა ხდებოდეს, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებებს აქვს ადგილი;

გ) „გ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია – ყოველი კვირის პარასკევს, ერთი დღით ადრე ბაზარზე განაცხადების მიღების დასრულებამდე 2 საათით ადრე შესაბამისი სატენდერო ზონისათვის და მისი განახლება უნდა ხდებოდეს, როდესაც მნიშვნელოვან ცვლილებებს აქვს ადგილი;

დ) „დ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს საპროგნოზო თვისთვის არაუგვიანეს ამ თვის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე და მისი განახლება უნდა ხდებოდეს, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებებს აქვს ადგილი;

ე) „ე“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს იმ თვის 15 რიცხვამდე, რომლის შემდეგაც იწყება საპროგნოზო წელი.

3. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან გადაცემის სისტემის ოპერატორს მიაწოდონ  მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების გამოთვლისათვის. ელექტროენერგიის მწარმოებლები ითვლებიან იმ მონაცემების პირველად მფლობელებად, რომელსაც ისინი მიაწოდებენ გადაცემის სისტემის ოპერატორს.

4. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან გადაცემის სისტემის ოპერატორს მიაწოდონ  მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემების გამოთვლისათვის. განაწილების ლიცენიზიატები ითვლებიან იმ მონაცემების პირველად მფლობელებად, რომელსაც ისინი მიაწოდებენ გადაცემის სისტემის ოპერატორს.

მუხლი 4. ინფორმაცია მოხმარების ელემენტის გათიშვის შესახებ

1. გადაცემის სისტემის ოპერატორმა გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მომხმარებლის გეგმური გათიშვების/შეზღუდვის შესახებ, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ინტერვალი ან მეტი. იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა.ა) სატენდერო ზონა;

ა.ბ) ქსელიდან მოთხოვნილი სიმძლავრე;

ა.გ) გეგმური გათიშვის/შეზღუდვის მიზეზი;

ა.დ) გათიშვის დაწყების და დასრულების სავარაუდო დრო და თარიღი (რიცხვი, საათი);

ბ) 100 მგვტ და მეტი სიმძლავრის მომხმარებლის ქსელიდან მოთხოვნილი სიმძლავრის ფაქტობრივი (არაგეგმური) ცვლილების/შეზღუდვის შესახებ, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

ბ.ა) სატენდერო ზონა;

ბ.ბ) ქსელიდან მოთხოვნილი სიმძლავრე;

ბ.გ) გეგმური გათიშვის/შეზღუდვის მიზეზი;

ბ.დ) გათიშვის/შეზღუდვის დაწყების და დასრულების სავარაუდო დრო და თარიღი (რიცხვი, საათი).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს გათიშვის/შეზღუდვის მთლიან პერიოდზე აგრეგირებული სახით, მომხმარებლების ჯამური გათიშული სიმძლავრის მითითებით, ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ ასეთი მომხმარებლების გათიშვის/სიმძლავრის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს გათიშვის/შეზღუდვის მთლიან პერიოდზე აგრეგირებული სახით, მომხმარებლების ჯამური გათიშული სიმძლავრის მითითებით, ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის, შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ ასეთი მომხმარებლების ფაქტობრივი გათიშვიდან/სიმძლავრის შეზღუდვიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში.

4. მომხმარებლები ვალდებული არიან გამოიანგარიშონ და გადაცემის სისტემის ოპერატორს მიაწოდონ ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია, როდესაც ეს მოთხოვნილია გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ. შესაბამისი მომხმარებლები ითვლებიან იმ მონაცემების პირველად მფლობელებად, რომელსაც ისინი მიაწვდიან გადაცემის სისტემის ოპერატორს.

მუხლი 5.  წლით ადრე პროგნოზირების ზღვარი

1. გადაცემის სისტემის ოპერატორმა უნდა გამოიანგარიშოს და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს წლით ადრე პროგნოზირების ზღვარი, რომელიც გამოთვლილი იქნება ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს წლით ადრე ზონათაშორისი გამტარუნარიანობის განაწილებამდე ერთი კვირით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს იმ თვის 15 რიცხვისა, რომლის შემდეგაც იწყება წელი, რომელსაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.

2. ელექტროენერგიის მწარმოებლები და განაწილების ლიცენზიანტები ვალდებული არიან მიაწოდონ გადაცემის სისტემის ოპერატორს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მონაცემების გამოსათვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებლები და განაწილების ლიცენზიატები ითვლებიან იმ მონაცემების პირველად მფლობელებად, რომელსაც ისინი მიაწვდიან გადაცემის სისტემის ოპერატორს.

მუხლი 6. გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორმა გამჭვირვალობის პლატფორმას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადამცემი ქსელის ელემენტების მოსალოდნელი ცვლილებისა და ტრანსსასაზღვრო პროექტების შესახებ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ეხება ქსელის განვითარებას ან ქსელის ელემენტის ექსპლუატაციიდან გამოყვანას. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იქნეს მიწოდებული იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გადამცემ ქსელში დაგეგმილი ღონისძიებები გავლენას ახდენს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობაზე არანაკლებ 100 მეგავატით ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთ ან მეტი ინტერვალისთვის. მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მოცემული აქტივის (ელემენტის) იდენტიფიკაციას;

ბ) ადგილმდებარეობას;

გ) აქტივის ტიპს;

დ) სატენდერო ზონებს შორის ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობაზე ზეგავლენას თითოეული მიმართულების მიხედვით;

ე) პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღებს. ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს წლით ადრე გამტარუნარიანობის განაწილების თარიღამდე ერთი კვირით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს იმ თვის 15 რიცხვისა, რომლის შემდეგაც იწყება წელი, რომლისთვისაც ადგილი აქვს გამტარუნარიანობის განაწილება. მოცემული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს იმ წლის მარტის, ივნისის და სექტემბრის თვის ბოლომდე, რომლისთვისაც განხორციელდა გამტარუნარიანობის განაწილება.

2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეიძლება აირჩიოს, რომ არ მოახდინოს შესაბამისი აქტივის იდენტიფიცირება და არ დააკონკრეტოს მისი ადგილმდებარეობა, თუ ევროპის საბჭოს 2008/114/EC დირექტივის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ინფორმაციას ხელშემკვრელი მხარეები აძლევენ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებულ სენსიტიური ინფორმაციის კვალიფიკაციას. აღნიშნული არ ათავისუფლებს მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.

მუხლი 7. გადამცემი ქსელის გათიშვების შესახებ ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორმა უნდა გამოიანგარიშონ და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდონ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გეგმური გათიშვების/შეზღუდვების (მათ შორის გეგმური შეზღუდვებში ცვლილების) შესახებ ან იმ შიდა სასისტემო გადამცემი ხაზების გათიშვების/შეზღუდვების შესახებ, რომელსაც შეუძლია შეამციროს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობა არანაკლებ 100 მგვტ-ით ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ან მეტი ინტერვალისთვის. მოცემული ინფორმაცია უნდა განსაზღვრავდეს:

ა.ა) მოცემული აქტივის (ელემენტის) იდენტიფიკაციას;

ა.ბ) ადგილმდებარეობას;

ა.გ) აქტივის ტიპს;

ა.დ) ინფორმაციას სატენდერო ზონებს შორის ზონათაშორის გამტარუნარიანობაზე ზეგავლენას თითოეული მიმართულების მიხედვით;

ა.ე) გათიშვის/შეზღუდვის მიზეზს;

ა.ვ) გათიშვის დასრულების სავარაუდო თარიღებს (დღე, საათი).

ბ) ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების ან იმ შიდა სასისტემო გადამცემი ხაზების ფაქტიურ ხელმისაწვდომობაში (არაგეგმური გათიშვა/შეზღუდვა)  ცვლილებების შესახებ, რომელსაც შეუძლია შეამციროს ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობა არანაკლებ 100 მგვტ-ით ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ან მეტი ინტერვალისთვის. მოცემული ინფორმაცია უნდა განსაზღვრავდეს:

ბ.ა) მოცემული აქტივის (ელემენტის) იდენტიფიკაციას;

ბ.ბ) ადგილმდებარეობას;

ბ.გ) აქტივის ტიპს;

ბ.დ) ინფორმაციას სატენდერო ზონებს შორის ზონათაშორის გამტარუნარიანობაზე ზეგავლენას თითოეული მიმართულების მიხედვით;

ბ.ე) გათიშვის/შეზღუდვის მიზეზს;

ბ.ვ) გათიშვის/შეზღუდვის დასრულების სავარაუდო თარიღებს (დღე, საათი).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს გათიშვის/სიმძლავრის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი საათისა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ფაქტობრივი (არაგეგმური) ხელმისაწვდომობის ცვლილებიდან ერთი საათისა. 

4. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეიძლება აირჩიოს, რომ არ მოახდინოს შესაბამისი აქტივის იდენტიფიცირება და არ დააკონკრეტოს მისი ადგილმდებარეობა, თუ ევროპის საბჭოს 2008/114/EC დირექტივის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ ინფორმაციას ხელშემკვრელი მხარეები აძლევენ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებულ სენსიტიური ინფორმაციის კვალიფიკაციას. აღნიშნული არ ათავისუფლებს მათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისგან.

მუხლი 8. ზონათაშორისი გამტარუნარიანობის შეფასებასა და შეთავაზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ან გამტარუნარიანობის გამანაწილებელი ვალდებულია გამოთვალოს და მიაწოდოს გამჭვირვალობის პლატფორმას შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) სატენდერო ზონებს შორის გამტარუნარიანობის საპროგნოზო და შეთავაზებული მოცულობები (მგვტ) თითოეული მიმართულების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს კოორდინირებულ წმინდა გამტარუნარიანობის პრინციპზე დაფუძნებულ გამტარუნარიანობის განაწილებას ან

ბ) ნაკადგანაწილების პარამეტრები, იმ შემთხვევაში თუ ადგილი აქვს ნაკადგანაწილებაზე დაფუძნებულ გამტარუნარიანობის განაწილებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს ცხრილში განსაზღვრული პერიოდულობით:

 

გამტარუნარიანობის განაწილების პერიოდულობა

პროგნოზული ზონათაშორისი გამტარუნარიანობა უნდა განაწილდეს:

შეთავაზებული ზონათაშორისი გამტარუნარიანობა უნდა განაწილდეს:

წლის

გამტარუნარიანობის წლით ადრე განაწილების პროცესამდე ერთი კვირით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, მომდევნო წლის ყველა თვისთვის

გამტარუნარიანობის წლით ადრე განაწილების პროცესამდე ერთი კვირით ადრე, მაგრამ არაუგვიანეს 15 დეკემბრისა

თვის

გამტარუნარიანობის თვით ადრე განაწილების პროცესამდე ორი სამუშაო დღით ადრე, მომდევნო თვის ყველა დღისთვის

გამტარუნარიანობის თვით ადრე განაწილების პროცესამდე ორი სამუშაო დღით ადრე

კვირის

ყოველ პარასკევს, მავალი კვირის ყველა დღისთვის

გამტარუნარიანობის კვირით ადრე განაწილების პროცესამდე ერთი დღით ადრე,

ერთი დღით ადრე

 

საათობრივი ბაზარზე განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი საათით ადრე, ბაზარზე ანგარიშსწორების თითოეული ინტერვალისთვის

დღიური

 

დღის შიგნით პირველ განაწილებამდე (აუქციონამდე) ერთი საათით ადრე და შემდეგ რეალურ დროში,

ბაზარზე ანგარიშსწორების თითოეული ინტერვალისთვის

3. მუდმივი დენის ჩანართთან დაკავშირებით, გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია ზონათაშორისი გამტარუნარიანობის გამოყენების ნებისმიერი სახის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მათ შორის სიმძლავრის მომატება-მოკლების ან დღიური გამტარუნარიანობის გამოყენების შეზღუდვის შესახებ, არაუგვიანეს ერთ საათის განმავლობაში, როდესაც ასეთი სახის ინფორმაცია ცნობილი ხდება გადაცემის სისტემის ოპერატორისთვის. მუდმივი დენის ჩანართის ოპერატორი წარმოადგენს ამ ინფორმაციის პირველად მფლობელს.

4. გადაცემის სისტემის ოპერატორი ან გამტარუნარიანობის გამანაწილებელი, წარმოადგენს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის პირველად მფლობელს.

5. გადაცემის სისტემის ოპერატორი ან გამტარუნარიანობის გამანაწილებელი ვალდებულია გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს წლიური ანგარიში, შემდეგი ინფორმაციის მითითებით:

ა) ქსელის ძირითადი კრიტიკული ელემენტი, რომელიც ახდენს გავლენას შეთავაზებულ გამტარუნარიანობაზე;

ბ) კონტროლის არეალი, რომელსაც კრიტიკული ელემენტი მიეკუთვნება;

გ) ინფორმაცია, თუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს შეთავაზებული გამტარუნარიანობა კრიტიკული ელემენტზე შემამსუბუქებელი ღონისძიებები გატარების შედეგად;

დ) ყველა შესაძლო ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია გაზარდოს შეთავაზებული გამტარუნარიანობა, მათთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით.

6. ანგარიშის მომზადებისას გადამცემი სისტემის ოპერატორმა შეიძლება აირჩიოს, რომ არ მოახდინონ შესაბამისი აქტივის იდენტიფიცირება და არ დააკონკრეტოს მისი ადგილმდებარეობა, თუ ევროპის საბჭოს 2008/114/EC დირექტივის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნულ ინფორმაციას ხელშემკვრელი მხარეები აძლევენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებულ სენსიტიური ინფორმაციის კვალიფიკაციას.

7. გადაცემის სისტემის ოპერატორი ან გამტარუნარიანობის გამანაწილებელი  წარმოადგენს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ინფორმაციის პირველად მფლობელს.

მუხლი 9. ზონათაშორისი გამტარუნარიანობის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს გამჭვირვალობის პლატფორმას შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ცხადი განაწილების შემთხვევაში, ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის და სატენდერო ზონების შორის თითოეული მიმართულებისათვის:

ა.ა) ბაზრის მიერ მოთხოვნილი სიმძლავრე (მგვტ);

ა.ბ) ბაზარზე განაწილებული სიმძლავრე (მგვტ);

ა.გ) სიმძლავრის საფასური;

ა.დ) აუქციონიდან მიღებული შემოსავალი თითოეული სატენდერო ზონის საზღვრის მიხედვით;

ბ) ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის და სატენდერო ზონის თითოეული მიმართულებისათვის ნომინირებული მთლიანი გამტარუნარიანობა;

გ) გამტარუნარიანობის ყოველი განაწილების პროცესის წინ უკვე განაწილებული ჯამური გამტარუნარიანობა ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისა და სატენდერო ზონებისთვის;

დ) სატენდერო ზონის ერთი დღით ადრე ბაზრის ფასები, ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის (ვალუტა/მგვტ);

ე) არაცხადი განაწილება  შემთხვევაში, ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის, თითეოული სატენდერო ზონის ნეტო პოზიციები (მგვტ) და გადატვირთვის შემოსავალი (ვალუტა) სატენდერო ზონის თითოეული საზღვრისთვის;

ვ) ერთი დღით ადრე აგრეგირებული კომერციული გადადინებების გეგმები თითოეული სატენდერო ზონის მიმართულებისა და ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის;

ზ) სატენდერო ზონებს შორის ფიზიკური გადადინებები ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის;

თ) ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მესამე ქვეყნების სატენდერო ზონების მიმართულებით განაწილებული ზონათაშორისი გამტარუნარიანობის მოცულობები, თითოეული მიმართულების, განაწილებული პროდუქტისა და პერიოდულობის მითითებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული ინფორმაცია:

ა) „ა“ და „ე“ ქვეპუნქტისთვის უნდა გამოქვეყნდეს გამტარუნარიანობის განაწილებიდან არაუგვიანეს 1 საათში;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ნომინაციის თითოეული ეტაპიდან არაუგვიანეს 1 საათში;

გ)  პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილში განსაზღვრულ ვადებში; 

დ) „დ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 1 საათში;

ე) „ვ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ყოველ დღე დასრულების დროიდან არაუგვიანეს 1 საათში და, თუ შესაძლებელია, ინფორმაცია განახლდეს თითოეული დღის შიგნით ნომინაციის პროცესიდან არაუგვიანეს 2 საათში;

ვ) „ზ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისათვის, რეალურ დროსთან შეძლებისდაგვარად ახლოს, მაგრამ არაუგვიანეს ოპერირების პერიოდიდან 1 საათში;

ზ) „თ“ ქვეპუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს გამტარუნარიანობის განაწილებიდან არაუგვიანეს ერთ საათში.

3. გამტარუნარიანობის გამანაწილებელი და იქ, სადაც შესაძლებელია ბაზრის ოპერატორი ან ენერგეტიკული ბირჟა, ვალდებულია გადაცემის სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მონაცემების გამოსათვლელად. გამტარუნარიანობის გამანაწილებელი და იქ სადაც შესაძლებელია ბაზრის ოპერატორი ან ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს იმ ინფორმაციის პირველად მფლობელებს, რომელიც მათ მიაწოდეს გადაცემის სისტემის ოპერატორს.

მუხლი 10. გადატვირთვის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს გამჭვირვალობის პლატფორმას შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რედისპეტჩირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

ა.ა.) გატარებული ზომები (გენერაციის მომატება/მოკლება, დატვირთვის მომატება/მოკლება);

ა.ბ.) გატარებულ ზომებთან დაკავშირებული ქსელის ელემენტის იდენტიფიცირება, ადგილმდებარეობა და ელემენტის ტიპი;

ა.გ) გატარებული ზომების მიზნობრიობა;

ა.დ.) სიმძლავრის ცვლილება გატარებული ღონისძიების შედეგად (მგვტ).

ბ) ჯვარედინ ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

ბ.ა.) გატარებული ზომები (ზონათაშორისი გადადინების მომატება/მოკლება);

ბ.ბ) გატარებულ ზომებთან დაკავშირებული სატენდერო ზონები;

ბ.გ) გატარებული ზომების მიზნობრიობა;

ბ.დ) ზონათაშორისი გადადინების ცვლილება (მგვტ).

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ღონისძიებებთან ან სხვა შემარბილებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები.

2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შესაძლო მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საოპერაციო პერიოდიდან 1 საათში, გარდა იმ შემთხვევებში როდესაც განსაზღვრულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შესაძლო მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს საოპერაციო პერიოდიდან 1 დღის განმავლობაში.

მუხლი 11. ელექტროენერგიის წარმოების პროგნოზირება

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოთვალოს და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) 1 მგვტ და უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე, წარმოების ტექნოლოგიური ტიპების მიხედვით;

ბ) 100 მგვტ და უფრო მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურების (არსებული და დაგეგმილი) შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) ელექტროსადგურის დასახელებას;

ბ.ბ) დადგმულ სიმძლავრეს (მგვტ);

ბ.გ) ადგილმდებარეობა;

ბ.დ) ქსელზე მიერთების ძაბვა;

ბ.ე) სატენდერო ზონა;

ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგიური სახეობა.

გ) მომდევნო დღის საპროგნოზო გენერაცია (მგვტ) თითოეული სატენდერო ზონისა და ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

დ) მზის და ქარის ელექტროსადგურების მომდევნო დღის  გენერაციის პროგნოზი თითოეული სატენდერო ზონისა და ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებია:

ა) „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ყოველწლიურად არაუგვიანეს კალენდარული წლის დამთავრებამდე 1 კვირით ადრე;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ყოველწლიურად მომდევნო სამი წლისათვის არაუგვიანეს პირველი საპროგნოზო წლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე;

გ) „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მიწოდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე არაუგვიანეს 18:00 საათისა;

დ) „დ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მიწოდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე არაუგვიანეს 18:00 საათისა. ინფორმაცია რეგულარულად უნდა განახლდეს და გამოქვეყნდეს დღიური ვაჭრობისას ერთხელ ან მეტჯერ დღიური ვაჭრობის მიმდინარე დღის 8:00 საათზე და შემდგომ. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელი მხარის ყველა სატენდერო ზონის შესახებ, რომლის ქარის ან მზის ენერგიის გენერაცია წელიწადში აღემატება მთლიანი გენერაციის 1%-ს.

3. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან მიაწოდონ გადაცემის სისტემის ოპერატორს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა პირველ პუნქტში განსაზღვრული მონაცემების გამოსათვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებლები წარმოადგენენ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის პირველად მფლობელებს.

მუხლი 12. ელექტროსადგურებისა და  ენერგობლოკის/აგრეგატების მზადყოფნის შესახებ ინფორმაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოთვალოს და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ენერგობლოკის/აგრეგატის გეგმური გათიშვების შესახებ, მათ შორის 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ენერგობლოკის/აგრეგატის მზადყოფნის შესახებ ინფორმაციაში ცვლილების შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს  ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ინტერვალიდან სამ წლამდე, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

ა.ა) ელექტროსადგურის დასახელება;

ა.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება;

ა.გ) ადგილმდებარეობა;

ა.დ) სატენდერო ზონა;

ა.ე) დადგმულ სიმძლავრე (მგვტ);

ა.ვ) წარმოების ტექნოლოგიის ტიპი;

ა.ზ) გათიშვის (შეზღუდვის) პერიოდში ნარჩენი ხელმისაწვდომი სიმძლავრე;

ა.თ) გათიშვის (შეზღუდვის) მიზეზი;

ა.ი) მზადყოფნის ცვლილების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების დრო (დღე, საათი).

ბ) 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ენერგობლოკის/აგრეგატის არაგეგმური გათიშვების შესახებ, როლებიც შეიძლება გაგრძელდეს ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ან მეტი ინტერვალი, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

ბ.ა) ელექტროსადგურის დასახელება;

ბ.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება;

ბ.გ) ადგილმდებარეობა;

ბ.დ) სატენდერო ზონა;

ბ.ე) დადგმულ სიმძლავრეს (მგვტ);

ბ.ვ) წარმოების ტექნოლოგიის ტიპი;

ბ.ზ) გათიშვის (შეზღუდვის) დროს ნარჩენი ხელმისაწვდომი სიმძლავრე;

ბ.თ) გათიშვის მიზეზი;

ბ.ი) მზადყოფნის ცვლილების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების დრო (დღე, საათი).

გ) 200 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურების გეგმური გათიშვების შესახებ, მათ შორის ამ ელექტროსადგურის მზადყოფნის 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრით ცვლილების შესახებ, რომელიც არ არის გამოქვეყნებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და რომელიც შეიძლება გაგრძელდეს  ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ინტერვალიდან სამ წლამდე, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

გ.ა) ელექტროსადგურის დასახელება;

გ.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება;

გ.გ) ადგილმდებარეობა;

გ.დ) სატენდერო ზონა;

გ.ე) დადგმულ სიმძლავრე (მგვტ);

გ.ვ) წარმოების ტექნოლოგიის ტიპი;

გ.ზ) გათიშვის (შეზღუდვის) დროს ნარჩენი ხელმისაწვდომი სიმძლავრე;

გ.თ) გათიშვის მიზეზი;

გ.ი) მზადყოფნის ცვლილების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების დრო (დღე, საათი).

დ) ელექტროსადგურების ფაქტობრივი ხელმისაწვდომი სიმძლავრის 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ცვლილებისას, რომელთა დადგმული სიმძლავრე ტოლია ან აღემატება 200 მგვტ-ს, რომელიც არ არის გამოქვეყნებული ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და რომელიც შეიძლება გაგრძელდეს  ბაზარზე ანგარიშსწორების დროის ერთი ინტერვალიდან სამ წლამდე, შემდეგი ინფორმაციის დაზუსტებით:

დ.ა) ელექტროსადგურის დასახელება;

დ.ბ) ენერგობლოკის/აგრეგატის დასახელება;

დ.გ) ადგილმდებარეობა;

დ.დ) სატენდერო ზონა;

დ.ე) დადგმულ სიმძლავრე (მგვტ);

დ.ვ) წარმოების ტექნოლოგიის ტიპი;

დ.ზ) გათიშვის (შეზღუდვის) დროს ნარჩენი ხელმისაწვდომი სიმძლავრე;

დ.თ) გათიშვის მიზეზი;

დ.ი) მზადყოფნის ცვლილების დაწყებისა და სავარაუდო დასრულების დრო (დღე, საათი).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს გათიშვის/სიმძლავრის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი საათისა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ფაქტობრივი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციის ცვლილებიდან (არაგეგმური გათიშვა/შეზღუდვა) ერთი საათისა.

4. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან მიაწოდონ გადაცემის სისტემის ოპერატორს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა პირველ პუნქტში განსაზღვრული მონაცემების გამოსათვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებლები წარმოადგენენ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის პირველად მფლობელებს.

მუხლი 13. ფაქტობრივი გენერაცია

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამოთვალოს და გამჭვირვალობის პლატფორმას მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) 100 მგვტ და უფრო მეტი სიმძლავრის ენერგობლოკის/აგრეგატის ფაქტობრივი დატვირთვა (მგვტ) ბაზარზე ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

ბ) აგრეგირებული გამომუშავება წარმოების ტექნოლოგიების ტიპების მიხედვით ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

გ) მზის და ქარის ელექტროსადგურების ფაქტობრივი და საპროგნოზო გამომუშავება (მგვტ) სატენდერო ზონების მიხედვით ანგარიშსწორების დროის თითოეული ინტერვალისთვის;

დ) წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურებისა და ჰიდრომააკუმულირებელი ელექტროსადგურების რეზერვუარების წყლით შევსების აგრეგირებული ყოველკვირეული განაკვეთი (მგვტ.სთ), აგრეთვე განვლილი წლის იმავე კვირის ანალოგიური მაჩვენებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა ქვეყნდებოდეს შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) „ა“ ქვეპუნქტი – ოპერირების პერიოდიდან 5 დღეში;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი – ოპერირების პერიოდიდან არაუგვიანეს 1 საათში;

გ) „გ“ ქვეპუნქტი – ოპერირების პერიოდიდან არაუგვიანეს 1 საათში და მისი განახლება უნდა მოხდეს ფაქტობრივი გაზომვების შედეგების მიხედვით, როგორც კი ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ყველა სატენდერო ზონის შესახებ, რომლის ქარის ან მზის ენერგიის გენერაცია წელიწადში აღემატება ჯამური გენერაციის;

დ) „დ“ ქვეპუნქტი – იმ კვირის მომდევნო კვირის მესამე სამუშაო დღეს, რომელ კვირასაც აღნიშნული ინფორმაცია ეხება. ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ყველა სატენდერო ზონის შესახებ, რომლის ამ ტიპის ენერგიის გენერაცია წელიწადში აღემატება ჯამური გენერაციის 10%-ს.

3. ელექტროენერგიის მწარმოებლები ვალდებული არიან მიაწოდონ გადაცემის სისტემის ოპერატორს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მონაცემების გამოსათვლელად. ელექტროენერგიის მწარმოებლები  წარმოადგენენ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის პირველად მფლობელებს.

მუხლი 14. დაბალანსება

1. გადაცემის სისტემის ოპერატორი ან საბალანსო ბაზრის ოპერატორი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია მიაწოდოს გამჭვირვალობის პლატფორმას შემდეგი ინფორმაცია:

ა) დაბალანსების წესების შესახებ, რომელიც მოიცავს:

ა.ა) საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ენერგიის შესყიდვის წესებს და პროცესებს;

ა.ბ) საბალანსო სიმძლავრისა და გააქტიურებული საბალანსო ენერგიის ანაზღაურების მეთოდოლოგიას;

ა.გ) უბალანსობის საფასურის გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ა.დ) თუ შესაძლებელია, ორ ან მეტ საკონტროლო არეალს შორის ტრანსსასაზღვრო დაბალანსების აღწერილობას, აგრეთვე ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების (დატვირთვის) ტრანსასაზღვრო დბალანსებაში  მონაწილეობის პირობებს.

ბ) გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით შესყიდული საბალანსო სიმძლავრის რეზერვების (მგვტ) შესახებ, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სიმძლავრის წყარო (გენერატორი ან დატვირთვა);

ბ.ბ) სარეზერვო სიმძლავრის სახეობა (სიხშირის შენარჩუნების, სიხშირის აღდგენისა და სიხშირის ჩანაცვლების რეზერვები);

ბ.გ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სარეზერვო სიმძლავრე არის შესყიდული (საათი, დღე, კვირა, თვე, წელი და ა.შ.);

გ) გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ თითოეული სარეზერვო სიმძლავრის სახეობისთვის და შესყიდვის პერიოდისათვის გადახდილი ფასი (ვალუტა/მგვტ/პერიოდი);

დ) დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალში მიღებული აგრეგირებული შეთავაზებები, საბალანსო სიმძლავრის თითოეული სახეობისთვის;

ე) აქტივირებული საბალანსო ენერგიის  მოცულობა (მგვტ) დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალისა და სარეზერვო სიმძლავრის სახეობისთვის;

ვ) გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ აქტივირებულ საბალანსო ენერგიაზე გადახდილი ფასი  სარეზერვო სიმძლავრის დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალისა და სარეზერვო სიმძლავრის სახეობისათვის. საფასო ინფორმაცია უნდა იყოფოდეს ცალ-ცალკე სიმძლავრის მომატებისა და მოკლებისთვის;

ზ) უბალანსობის ფასები დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალისათვის;

თ) უბალანსობის მოცულობა დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალისათვის;

ი) საკონტროლო არეალის თვის ფინანსური ბალანსი, რომელიც მოიცავს:

ი.ა) გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯებს სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვასა და საბალანსო ენერგიის აქტივიზაციაზე;

ა.ბ) გადაცემის სისტემის ოპერატორის ნეტო შემოსავალს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ მხარეებთან უბალანსობის ანგარიშსწორების შემდეგ.

კ) თუ შესაძლებელია, ინფორმაცია ჯვარედინ კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიის დაბალანსების შესახებ, დაბალანსების დროის თითოეული ინტერვალისათვის:

კ.ა) ურთიერთგაცვლილი განაცხადების (შეთავაზებების) მოცულობის შესახებ შესყიდვის დროის თითოეული ინტერვალისთვის;

კ.ბ) ურთიერთგაცვლილი განაცხადების (შეთავაზებების) მინიმალური და მაქსიმალური ფასები შესყიდვის დროის თითოეული ინტერვალისთვის;

კ.გ) საკონტროლო არეალებში გააქტიურებული საბალანსო ენერგიის მოცულობა. საბალანსო ბაზრის ოპერატორი წარმოადგენს მიწოდებული ინფორმაციის პირველად მფლობელს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს შემდეგი პერიოდულობით:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს შემდეგი შესყიდვის პროცესის დაწყებამდე 2 საათით ადრე;

ბ) „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს შესყიდვის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში;

გ) „დ“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ოპერირების პერიოდიდან 1 საათში;

დ) „ე“ და „თ.ზ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ოპერირების პერიოდიდან 30 წუთში. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არის წინასწარი, განახლება უნდა მოხდეს მათი დაზუსტებისთანავე;

ე) „ზ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია შეძლებისდაგვარად სწრაფად;

ვ) „ი“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია არაუგვიანეს ოპერირების თვიდან 3 კალენდარულ თვეში. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების მონაცემები არის წინასწარი, განახლება უნდა მოხდეს საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი